კორუფციული რვაფეხა – „კალაძე და კომპანია ენერგეტიკაში“, ასე ჰქვია „ქართული დასის“ კვლევას,რომლის შედეგები, ჯონდი ბაღათურიამ, როგორც წინა ნომერში დავაანონსეთ, ჩვენს მედიაგამოცემას მიაწოდა.
ჯონდი ბაღათურია: მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს. ნახეთ, რას გვეუბნება საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ. მუხლი 3.1. „კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალულიქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე, მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა. 2. „ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფოსამსახურის ინტერესებთან. 3. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არ აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულიმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 4. თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრსუფლება არ აქვს, ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. მოპოვებული მასალები, ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს კლასიკურ კორუფციულ ქმედებებთან. – ამიხსენით, რა ტიპის კორუფციული სქემაა და ვინ არიან ჩართული ამ კორუფციულ ქმედებებში? – წლების წინათ კალაძემ და ნოღაიდელმა შექმნეს შპს „კალა კაპიტალი“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ზურაბ ნოღაიდელი. შპს „კალა კაპიტალში“ კალაძე ფლობდა თავის წილს არა პიროვნულად, არამედ „კალა ლიმიტედის“ სახით, რომელიც იყო გახსნილი ოფშორულ ზონაში, რომელსაც დღემდე ფლობს კალაძე და ეს მის მიერ შევსებულ დეკლარაციაშიც ჩანს. ანუ „კალა კაპიტალი“ და „კალა ლიმიტედი“, ორი სხვადასხვა კომპანიაა. „კალა ლიმიტედი“ ოფშორულ ზონაში გახსნილი კომპანიაა და მფლობელია „კალა კაპიტალის“. ამ კალა კაპიტალის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მაშინ დაინიშნა გია ბენაშვილი, რომელიც ადრე ხაბურძანიას მოადგილე იყო. „კალა ენერჯის“ ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა მარიამ ვალიშვილი. ეს ადამიანი, პარალელურად „კალა კაპიტალის“ ხელმძღვანელი და ამავდროულად ალეკო ხეთაგურის პირველი მოადგილე იყო. ენერგეტიკა ვანოს თემა იყო და ვანოს კაცი იყო ხეთაგური. ალეკოს პირველი მოადგილე რომ ვალიშვილი იყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა კავშირი ექნებოდა ამ ქალბატონს ვანო მერაბიშვილთან? ახლა შეხედეთ – ვალიშვილი არის კალაძის ამჟამინდელი მოადგილე ენერგეტიკის სამინისტროში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა კავშირია კალაძესა და მერაბიშვილს შორის?! ხელთ მაქვს კახა კალაძის მიერ 2015 წელს, იანვარში შევსებული დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია – „კალა კაპიტალ ლიმიტედი“, კვიპროსი, ანუ ოფშორული ზონა და ეს ადამიანი არის პარტნიორი დღემდე. ნოღაიდელის დეკლარაციაში მითითებულია, რომ „კალა კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა და ფლობს წილს. რაც შეეხება მარიამ ვალიშვილს, მის 2009 წლის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ერთდროულად მუშაობს ენერგეტიკის სამინისტროში პირველ მოადგილედ და ამ დროს არის „კალა ენერჯის“ ჯგუფის ხელმძღვანელიც. ეს მაშინაც კორუფციული კანონდარღვევა იყო, მაგრამ მე ამ კანონდარღვევაზე არ ვამახვილებ იმხელა ყურადღებას, რამხელასაც კალაძესა და ვანო მერაბიშვილის კავშირებზე. „კალა კაპიტალ ლიმიტედი“, 18 ჰიდროელექტრო და სამი თბოელექტრო სადგურის მფლობელია. ამ ფონზე, „ხუდონჰესის“ მშენებლობაზე გულმოდგინება, ალბათ, არავის გაუკვირდება. 18 რომ აქვს, როგორც ჩანს, მე-19-ც უნდა. საინტერესოა, ასევე, ქავთარაძის ბიოგრაფია. ქავთარაძე „კალა კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. გია ქავთარაძე _ 2005 წლის 22 დეკემბრიდან 2007 წლის აგვისტომდე გახლდათ საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის ბაჩო ახალაიას პირადი ხელმძღვანელი. 2006 წლის „ციხის ბუნტის“ ჩახშობის ბრძანება პირადად გასცა მინისტრმა გია ქავთარაძემ. მან წერილობით დაავალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს ბაჩო ახალაიას ბუნტის ჩახშობა. სასჯელაღსრულების სპეცრაზმის იმ წევრებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „ციხის ბუნტის“ ჩახშობაში, მადლობა გადაუხადა და პრემიებითაც დაასაჩუქრა. ქავთარაძის დეკლარაციაშივეა აღნიშნული ანა ნაკაშიძე, მისი მეუღლე, რომელიც დღეს მუშაობს კომპანია „სილქნეტში“. მას ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა უკავია. ეს ადამიანი დღეს კახი კალაძის ლობირებით, გადაცემულია მარეგულირებელი კომისიის წევრთა სიაში. საყურადღებოა ის, რომ „სილქნეტის“ ხელმძღვანელი პირები, მოდიან მარეგულირებელ კომისიაში, ეს არის უკვე არა, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, არამედ ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. გამოდის, რომ კახი კალაძე ლობირებს „სილქნეტის“ მაღალჩინოსნის ანა ნაკაშიძის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის წევრად გახდომას, რაც უხეში დარღვევაა. ჩვენ მიერ მოკვლეულ მასალებში ასევე, ჩანს, რომ 2008 წელს „კალა კაპიტალის“ მფლობელი კახი კალაძე აწარმოებდა მოლაპარაკებებს „ყაზმუნაიგაზის“ ხელმძღვანელობასთან, „ყაზტრანსგაზთბილისის“ შესყიდვასთან დაკავშირებით. მაშინ კალაძე ამბობდა ასეთ რამეს, ჩვენი გუნდის ინტერესი იყო ამ კომპანიის ყიდვა, როდესაც „კალა კაპიტალი“ შეიქმნა, ჩემს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტე „თბილგაზის“ შესყიდვა. სურვილი მქონდა, ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე მნიშვნელოვანი გამეკეთებინა. კახი კალაძესა და „ყაზმუნაიგაზის“ ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეს გაგრძელდა. მაშინ ჩაიშალა ეს მოლაპარაკება, მაგრამ, როცა ენერგეტიკის მინისტრი გახდა, ნახეთ, „თბილგაზს“ მართავს სახელმწიფო მენეჯმენტი და დანიშნული ჰყავს საკუთარი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გია ბენაშვილი, რომელმაც თქვა, უახლოეს წარსულში გაზს ნამეტანი იაფად ვყიდით და 20%-ით გავაძვიროთო. შედეგად, 2015 წლიდან იურიდიულ პირებისთვის „ყაზტრანსგაზთბილისის“ მიერ გაზის მიწოდების ტარიფი: 1კუბ/მ 90 თეთრი 2014 წელთან შედარებით იზრდება 20 თეთრით. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მივწერე ოფიციალური წერილი და მიპასუხეს, რომ გაზის ფასი, სახელმწიფოში რამდენად შემოდის, საიდუმლოაო. მე მივწერე, რა სისულელეა, არ შეიძლება სახელმწიფო რამდენად ყიდულობს გაზს, გასაიდუმლოებული იყოს-მეთქი. კომერციული საიდუმლოებააო... ესეც მორიგი სისულელეა, ბევრი რამ შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული, გარდა გაზის ტარიფისა. მთელი ამ ამბის მუღამი იცით, რა არის? ერთგვარი კლანია ჩამოყალიბებული დღეს, ბუდეა, ასე ვთქვათ, ენერგეტიკის სამინისტროში და თითოეული მათგანი არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს. კახი კალაძე, რომელიც ენერგეტიკაში ბიზნესებს ფლობს, არის ენერგეტიკის მინისტრი. ამ კახი კალაძემ მთელი თავისი გუნდი თავის შპს-დან გადმოიყვანა სამინისტროში, ერთი მოადგილეა, მეორე – „თბილგაზის“ მმართველი, მესამეს, ქავთარაძის ცოლს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უშვებს. აქ ჩანს, რომ კალაძე ლობირებს კომპანია „სილქნეტს“, თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს, რომ გააბას თავისი ქსელი. კომპანია „სილქნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გამო აკრიტიკებს დღემდე ივანიშვილი ალასანიას. აგერ, აღმოჩნდა, რომ კალაძე „სილქნეტის“ მაღალჩინოსნებს ნიშნავს კომუნიკაციებში, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ირღვევაკანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ. – ამ დოკუმენტს რას უპირებთ? – ეს მასალები გადაეგზავნება როგორც პროკურატურას, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც. აშკარაა ისეთი დარღვევები, რომლებითაც, ერთი მხრივ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაიხედოს და მეორე მხრივ, პროკურატურამ უნდა მისცეს შესაბამისი მსვლელობა. პირველ რიგში, პროკურატურის დაინტერესების საგანი გახდება კახი კალაძე.
|