შს მინისტრის მოადგილემ თბილისის საერთაშორისო ფორუმი გახსნა

შს მინისტრის მოადგილემ თბილისის საერთაშორისო ფორუმი გახსნა

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გახსნა თბილისის საერთაშორისო ორდღიანი ფორუმი „რეგიონული სტაბილურობისათვის: „ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის გამოწვევები და პასუხები“. ფორუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს ორგანიზებით, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ოფიციალურმა პირებმა, ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, ასევე ოფიციალურმა პირებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ეგვიპტედან, იორდანიიდან, ისრაელიდან. აღნიშნული ქვეყნები ჩართული არიან „ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ ყოველწლიური მიმოხილვის პროცესში.

თბილისის საერთაშორისო ფორუმის შედეგების წარდგენა მოხდება „ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციაზე“, რომელიც 2015 წლის მაისში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ჩატარდება.

აღნიშნული ფორუმის წარმატებით ჩატარება ხელს შეუწყობს ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის გაძლიერებას და როგორც გლობალური, ისე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას.

ფორუმზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება - გლობალური და რეგიონული ასპექტები; ბირთვულ და რადიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ეროვნული ზომები: პოლიტიკა, კანონმდებლობა და ინსტიტუტები; ორმხრივი თანამშრომლობა: რისი მიღწევა მოხერხდა ორმხრივ ურთიერთობებში („დონორებთან“ და „მეზობლებთან“ ურთიერთობები); ინფრასტრუქტურა და სოლიდარობა, როგორც თანამშრომლობის საფუძველი; საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობა: ინსტიტუციებისა და ინიციატივების განვითარება და გაძლიერება.