22 თებერვალს კიევს ესტუმრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც უკრაინელმა კოლეგამ ოფიციალურად მიიწვია „ღირსების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად. მარში ეძღვნება მაიდნის მოვლენების წლისთავს: ზუსტად ერთი წლის წინ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დასრულდა უკრაინის ყოფილი ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩის, გადადგომითა და ახალი ხელისუფლების არჩევით, თუმცა ხელისუფლების შეცვლას 100 დემონსტრანტისა და 20 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ მიიღო უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, მიწვევა და კიევს „ღირსების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად, მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, 22 თებერვალს ეწვევა:
„დღეს უკრაინას უჭირს და, ბუნებრივია, ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო დგას უკრაინელების გვერდით. დელეგაციაშიც ამ აქცენტით ვიქნებით გაერთიანებული. არ უნდა გვეგონოს ჩვენი თავი ისეთი ფიგურები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ და დაანგრიონ ერთა შორის მეგობრობა. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას არ ემუქრება საფრთხე და ამის დასადასტურებლად მივდივართ ყველა, ვინც კი თვითმფრინავში ჩავეტევით“.
გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის უკრაინის რევოლუციის წლისთავზე ჩასვლას, სიმბოლურთან ერთად, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ:
„დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც იმის გამო, რა ვითარებაც შექმნილია უკრაინაში, სადაც საომარი მოქმედებები, ფაქტობრივად, არც ერთი დღით არ წყდება და, ბუნებრივია, ამ ვითარებაში გვერდში დგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო დელეგაციის ყოფნა კიევში კი ამ მხარდაჭერის თვალსაჩინო გამოხატულებაა“.
საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას, რომლის შესახებაც თენგიზ ფხალაძე საუბრობდა, როგორც ჩანს, ჯეროვნად აფასებენ უკრაინაშიც. 16 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეულმა უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე ელიან კიევში მიმდინარე წლის აპრილში - დონორთა კონფერენციაზე:
„საქართველოს ხელისუფლებას გადავეცი ოფიციალური მიპატიჟება კიევში, 20-22 თებერვალს გასამართ ღონისძიებებზე დასასწრებად, რომლებიც ზეციური ასეულის ხსოვნას ეძღვნება. გარდა ამისა, აპრილში კიევში გაიმართება დონორთა კონფერენცია, ჩვენთვის კი საქართველოს გამოცდილება არსებული ურთულესი პრობლემების გადასაჭრელი სახსრების მოზიდვის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს, რადგან ჩემი ქვეყნისთვის ამ მძიმე დროს მხარს გვიჭერენ და გვეხმარებიან. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ. დიდი მადლობა“.
თუმცა პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობა მართებს უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით არ სწვევია უკრაინას, სწორედ ამგვარი მხარდაჭერის სისუსტეზე მეტყველებს. კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთის გაღიზიანების შიშით უკრანისგან დისტანცირება საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს:
„ჩვენ თუ არ დავრჩით ერთგული ჩვენი პრინციპების მიმართ და თუ მკაფიოდ არ გამოვკვეთეთ საზღვარი, რომლის იქითაც რუსეთის გავლენა ჩვენზე არ ვრცელდება, მაშინ, რა თქმა უნდა, რუსეთი შემოვა სულ უფრო ღრმად და ღრმად, ისევე როგორც შემოვიდა ტანკებით, ამჯერად ის შემოვა გავლენით და დაჯდება პირდაპირ მთავრობაში და დაგიწყებს კარნახს, ეს გააკეთე და იმას ნუ გააკეთებ. რუსეთს არ აქვს ეს შეზღუდვები. შენ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, უნდა დაუწესო ასეთი შეზღუდვები, თუმცა ჩვენი მხრიდან ეს არ კეთდება. ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა ძლიერ გაეღიზიანებინა რუსეთი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკრაინაში ვიზიტი უნდა განეხორციელებინა დიდი ხნის წინ და სრულიად შესაძლებელია, რომ ის საკადრო დანიშვნებიც არ მოჰყოლოდა, რომელიც ასე აღიზიანებს საქართველოს მთავრობას“.
საქართველოს მთავრობას კი, მართლაც, ძალიან აღიზიანებს მისი ოპონენტების დასაქმება უკრაინის ხელისუფლებაში, თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ამბობს, ვერც უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა და ვერც საქართველოს ხელისუფლების საპასუხო რეაქცია ვერ გადაწონის ორი ქვეყნის მრავალსაკუნოვან მეგობრობას:
„ეს არის უკრაინის საშინაო საქმე. საქართველოსა და უკრაინის, ჩვენი ორი ხალხის ურთიერთობა ითვლის საუკუნეებს და ეს ძალიან ძვირფასი ურთიერთობაა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უნდა გაუფრთხილედს“.
თენგიზ ფხალაძის მსგავსად, უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკოც მიიჩნევს, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას არაფერი ემუქრება, მით უფრო, რომ, მისი თქმით, იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი მომზადების პროცესშია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან. ცოტა ხნის წინ კიევში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერები, რომლებმაც არაერთი შეხვედრა გამართეს. ვიცი, რომ ახლა მზადდება ფინანსთა მინისტრის ვიზიტი... ასე რომ, იმათ გასაგონად, ვისაც ეგონა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის რაღაც ცუდი ხდება, ვიტყვი, რომ ვერ მოესწრებიან“.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ კიევში ყოფნისას გიორგი მარგველაშვილი შეხვდება როგორც უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებას, ასევე კიევში სტუმრად მყოფ სხვა ქვეყნების ლიდერებსაც.