ხალხი სამართალს ითხოვს! - ეს ფრაზა ისეთივე ძველია, როგორც - ბიბლია. ხალხს სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება უნდა, უნდა, ვიდრე ცოცხალია, მაგრამ... როგორც ჩანს, სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას ვერ მოვესწრებით, მერე კი, უფლის ნებას ვიქნებით მინდობილი, - აი, ასეთ გუნებაზე დავდექი ადვოკატთან საუბრის შემდეგ. “ქართული სიტყვის” სტუმარია ცნობილი ადვოკატი ელზა ჯმუხაძე, რომელიც უახლოეს წარსულში არანაკლებ ცნობილი ჟურნალისტი გახლდათ და აქტიურად იყო ჩაბმული ჟურნალისტურ გამოძიებაში. დღეს კი, ელზა ქართული მართლმსაჯულების გამოსაფხიზლებლად იბრძვის.
- ელზა, რა დაემართა სამართალს - რატომ არ ზეიმობს? ასეთი რა უბედურება გვჭირს, რომ ვერა და ვერ აღვადგინეთ სამართალი, რომელსაც “ქართული ოცნება” გვპირდებოდა?
- საქართველოს ბედის თუ უბედობის მიზეზი ერთადერთია - თავისი მდებარეობით ისეთ შარაგზაზეა, რომელიც ყველა დროის პოლიტიკური რეალობის მუდმივი ინტერესის საგანია. ხომ ვიცით, რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები - მუდმივი მხოლოდ ინტერესებია და ამიტომაც, საქართველოს ტერიტორია ყოველთვის იყო პოლიტიკური ინტერესის საგანი და ჩვენი ბედისა თუ უბედობის მთავარი მიზეზიც. სწორედ ამ მუდმივი ინტერესის საფუძველზე გვმტრობდნენ, გვმოყვრობდნენ და წარმატებულები მხოლოდ მაშინ ვიყავით, როცა ხელისუფლებაში მოსული ძალა მხოლოდ ქვეყნის ინტერესს ითვალისწინებდა და შეძლებისდაგვარად მშვიდობიანი განვითარების უკეთეს პერსპექტივას ისახავდა.
იმისთვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, მტრები და მეგობრები სწორად აირჩიო, საკმარისი არაა, მხოლოდ ხელისუფალი იყო. აუცილებელია, თავს ამ ქვეყნის გულწრფელ ჭირისუფლადაც თვლიდე. ჭირისუფალს კი მოეთხოვება, იცოდეს, თუ რა არის აუცილებელი ჭირის მოსაშორებლად და ვის ანდოს ამ საქმის კეთება.
- ამბობ, პოლიტიკაში მუდმივი მხოლოდ ინტერესებიაო და ფაქტიც სახეზეა: “ნაციონალები”, “ქართული ოცნების” კადრებთან ერთად, თბილად არიან მოკალათებულნი ძალოვან სტრუქტურებში. ესე იგი, ყოფილი მტრები მეგობრები გახდნენ და მანკიერი წრეც შეიკრა?
- ცოტა შორიდან დავიწყებ: ტერიტორიებდაკარგულმა, უმუშევარმა და სოციალურად დაუცველმა ქვეყანამ, 2012 წელს ყველაზე მეტად უსამართლობა და ადამიანის დაუცველი უფლებები გააპროტესტა. ხალხმა ,,ცოცხებზე გადამჯდარი კუდიანები” სწორედ იმ იმედით განდევნა, რომ პირველ რიგში, კანონიერება აღდგებოდა, იმხილებოდა სისტემური დანაშაული და ყველა, ვინც ამ მანკიერ წრეში იყო და ვინც ამ მახინჯ სისტემას ქმნიდა, პასუხს აგებდა.
ხალხის მთავარი დაკვეთა მშიერი კუჭის ამოვსება, სამუშაო ადგილები და სოციალური დაცვა, ან, გნებავთ, ქვეყნის გამთლიანება კი არა, სამართლიანობის აღდგენა იყო! მესამე წელია, ახალი ხელისუფლება გვყავს და სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით სიოც არ იძვრის. სამიოდე ცნობილი ადამიანის ან გახმაურებული საქმეების ხელახალი გამოძიება, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, მაგრამ სამართალს ითხოვენ ის ადამიანებიც, რომლებიც ცნობადები არ არიან. პირადად მე და ჩემს კოლეგა ადვოკატებს უამრავი ასეთი საქმე გვაქვს, მაგრამ ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ ვერაფერს ვახერხებთ, აბსოლუტურად იგნორირებულები ვართ.
- თავის დროზე “ნაციონალებიც” სამართლიანობის აღდგენას გვპირდებოდნენ...
- სხვათა შორის, “ნაციონალების” ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ ძველი თუ ახალი მიზეზითა და საბაბით დაჭერილ ,,ბობოლას” ნამდვილად ერჩივნა, გადაეხადა და შინ მშვიდობით იმ პირობით წასულიყო, რომ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ჩუმად იქნებოდა, თუ არადა, ახალ ბრალდებებს და მის უკვე ბოლომდე განადგურებას წინ არაფერი დაუდგებოდა! საიმისოდ, რომ ყველა ყურებით ყოფილიყო დაჭერილი, შეიქმნა ერთი მარტივი სქემა: ბრალდებად გამოსადეგი იყო ნებისმიერი გამოგონილი ფაქტი, რის შემდეგაც წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებულთან შედიოდა ,,კეთილისმსურველი” გამომძიებელი, რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა - გაეხმოვანებინა პროკურატურის ,,კეთილი ნება” აბსურდული ბრალის აღიარების სანაცვლოდ, მოსალოდნელ საპროცესო შეღავათებთან დაკავშირებით. თუ ბრალდებული დროულად მოიფიქრებდა, ეღიარებინა, რომ გათხარა გვირაბი ,,ბომბეიდან ლონდონამდე” და ,,კენედის მკვლელობაც” დაგეგმა, ან თუ ბრალდებული მოულოდნელად გახდებოდა ისეთი ხელგაშლილი, რომ საკუთარი სურვილით სახელმწიფოს გადასცემდა წილებს, უძრავ-მოძრავ ქონებას და ჯარიმის სახით, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობის მაქსიმუმსაც გადაიხდიდა, პროკურატურის ნოტარიუსადქცეული მოსამართლის ერთი ჩაქუჩის დარტყმით, პრობაციონერი ხდებოდა, რომელსაც მხრებზე აწვა მრავალწლიანი პირობითი მსჯავრი და იცოდა, რომ ახალი, თუნდაც კვლავაც გამოგონილი ბრალდების შემთხვევაში, ძველს ახალ მსჯავრს დაუმატებდა და სამუდამო პატიმარი გახდებოდა.
ჯიუტი ბრალდებულებისთვის კი არსებობდა ,,გლდანის სანატორიუმი”, სადაც ელოდათ ე.წ. კარანტინის დაშლის ისეთი კოშმარი, რომლის ყველაზე მსუბუქი ფორმაც ,,ციხის კადრებში” ვიხილეთ და ეს მთელმა საქართველომ იცოდა. საქართველო, მეწველი ძროხასავით, “ნაციონალების” სრულ მორჩილებაში იყო.
- ტოტალური მოსმენები და ფარული ჩანაწერების რეალითი ტელეშოუებიც არსებობდა...
- ,,ყვარყვარეს ციხის” კედლები პატიმრებს ვეღარ იტევდა, მაგრამ მთელ ქვეყანას ციხეში ნამდვილად ვერ ჩასვამდნენ და “ნაციონალებმა” ხალხის მანიპულირებისთვის კიდევ ერთი მარტივი საშუალება - ტოტალური თვალთვალი და მიყურადება გამოიყენეს, რისი მსხვერპლიც მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა კი არა, საქართველოსთან ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული უცხოელებიც, ტურისტების ჩათვლით, გახდნენ, რომელთაც, როგორც შემდეგ გამჟღავნდა, ტუალეტებშიც კი უთვალთვალებდნენ.
ყველამ იცოდა, რომ მიმდინარეობდა ტოტალური მოსმენები, რადგან სისხლის სამართლის საქმეები სწორედ ასეთი მტკიცებულებებით, ე.წ. კრეფსებით ,,იხსნებოდა” პირდაპირ ეთერში და განაჩენებიც, პრაქტიკულად, იქვე ცხადდებოდა და ყველაფერ ამას, კანონიერების დაცვის ეგიდით, ,,პროცესუალურად ამაგრებდა” სასამართლო.
მართალია, ახალმა ხელისუფლებამ ეს ფარული ჩანაწერები აღმოაჩინა და, როგორც თავად ამბობს, გაანადგურა, მაგრამ არ ვიცით, არსებობს თუ არა განადგურებული ჩანაწერების დედნები. იქნებ, ვინმემ ისეთი პირების პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები წაიღო, რომელთაც საჭირო დროს გამოიყენებს და ინტერნეტში ატვირთავს?!
ვფიქრობ, ამიტომაც დუმს “ნაციონალებთან” დაკავშირებით ბევრი ისეთი ადგილობრივი თუ მსოფლიო მნიშვნელობის პერსონა, რომლის ლაპარაკითაც ადრე ქვეყანას ყურები ჰქონდა გამოჭედილი!
- ამიტომაც მოითხოვა დასავლეთმა კოჰაბიტაცია?
- როგორც ჩანს, ალბათ, ამიტომაც. ეს ყბადაღებული, ცნობილი კოჰაბიტაცია დღემდე ძალაშია იმ თვალსაზრისით, რომ ნატო-ს კარსმიმდგარ ქვეყანაში არ გაჩაღებულიყო სამოქალაქო დაპირისპირება. შესაძლოა, კოჰაბიტაცია გამართლებულ ნაბიჯად მივიჩნიოთ, მაგრამ თუ ეს ვიღაც-ვიღაცების პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების მოლოდინის შედეგად იძულებით გადადგმული ნაბიჯია, მაშინ სამართლიანობის რეალურად აღდგენას ვერასოდეს შევძლებთ.
დასავლეთი, რომელიც მუდმივად შფოთავს, ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სამართლიანობის აღდგენას კი არა, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ცდილობთო, ივიწყებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ხელშეუხებლობის ინდულგენცია არაა. კლინტონი-ბელინსკას, ბერლუსკონეს თუ სხვა ცნობილი პოლიტიკოსების მიმართ წარმატებით წარმოებულ საქმეებში კანონმა და დემოკრატიულმა ღირებულებებმა იმიტომ თქვეს თავიანთი სიტყვა, რომ ამ საქმეების მწარმოებელი ადამიანები დამარხულ ,,კასრებში” უხერხული ან თავისმომჭრელი კომპრომატების გამოქვეყნებას არ ელოდნენ.
- თუ კარგად მახსოვს, არჩილ კბილაშვილმა, როცა პროკურატურას ჩაუდგა სათავეში, ძველ, “ნაციონალებისდროინდელ” პროკურორებს ნდობა გამოუცხადა. რატომ?
- დიახ, სწორედ კბილაშვილის მიერ გახმოვანდა პოზიცია, რომ ძველ პროკურორებს, რომლებიც, უნდოდათ თუ არა, ათასი მიზეზით, ადეიშვილის მარიონეტებად იქცნენ, უნდა გამოცხადებოდათ ნდობა და მისცემოდათ ახლებურად მუშაობის საშუალება. სწორედ ამიტომაც, ახალი ხელისუფლების ხმამაღალმა დაპირებამ სამართლიანობის აღდგენის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ დალია ,,ჩაილურის წყალი”. მაშინ ქვეყნის მბრალმდებელ უწყებას - პროკურატურას სათავეში, მართალია, განათლებული, მაგრამ აშკარად ზედმეტად ზომიერი არჩილ კბილაშვილი ჩაუყენეს.
- მაშინ ისიც ითქვა, რომ თუ დათხოვნის გზით წავიდოდა პროკურატურა, ძალიან ბევრი გამოცდილი კადრი დატოვებდა უწყებას, რაც ბევრ სირთულეს გამოიწვევდა...
- ეს გადაწყვეტილება იმით აგვიხსნეს, რომ პროკურატურაში, სადაც უწყვეტი რიგები იდგა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ათეულ ათასობით საჩივარი შედიოდა, შეიქმნებოდა კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ამაში სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროფესიონალიზმი საკუთარი პროფესიისა და მუნდირის ღირსებისადმი ერთგულებას ნიშნავს და არა - ამა თუ იმ ხელისუფლებისადმი უსიტყვო მორჩილებას.
დიდის ამბით დაპირებული სამართლებრივი ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა ჩანასახშივე მოკვდა, ძალოვან უწყებებში და განსაკუთრებით, პროკურატურაში, რეალური საკადრო ცვლილებები არ განხორციელდა. მოსამართლეთა კორპუსიც, პრაქტიკულად, იგივე დარჩა. სამართლიანობის აღდგენა იმ კონკრეტულ ადამიანებს დაევალათ, ვისი ხელითაც “ნაციონალების” დროს უსამართლობები ხდებოდა და კანონდებოდა.
- ეს შეგნებულად ხდება თუ ხელისუფლება, უბრალოდ, ინერტულია?
- კანონშემოქმედთა ის საოცარი ინერტულობა, რასაც დღეს თვალნათლივ ვხედავთ, მსჯელობის საგანია, მაგრამ ფაქტია: ის ადამიანები, რომლებიც “ნაციონალებთან” ოპოზიციაში ყოფნის დროს, ამა თუ იმ საფუძვლით, სრულიად სამართლიანად აკრიტიკებდნენ ძველ კანონმდებლობას, დღეს ისეთი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერით გამოირჩევიან, რაც ჩვენს ისედაც ხარვეზიან საკანონმდებლო ბაზას კიდევ უფრო მოუქნელს ხდის, ადამიანის უფლებებს კი, - დაუცველს.
დღევანდელ რეალობაში სისხლის სამართლის იმ საქმეების წარმოება, რომლებიც “ნაციონალურ” წარსულში მომხდარ დანაშაულობებთანაა დაკავშირებული, იმავე პროკურორებს ევალებათ, რომლებიც დანაშაულობებს თავად სჩადიოდნენ - ფარავდნენ დამნაშავეებს, თხზავდნენ ბრალდებებს, აყალბებდნენ მტკიცებულებებს და უდანაშაულო ადამიანებს ,,გლდანის საგზურებს” უწერდნენ.
- უფრო კონკრეტულად?
- ის, რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება, ძალიან ხმამაღალ განცხადებად ჩამითვალონ, მაგრამ ფაქტია: 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგი პერიოდის რეალობა ასეთია - ძველი პროკურორები ყველანაირად აფერხებდნენ და კვლავაც შეაფერხებენ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით შეტანილი საჩივრების საფუძველზე დამნაშავეთა გამოვლენისა და დასჯის პროცესს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დამნაშავეები თავად არიან!
გარდა ამისა, ისიც უმნიშვნელოვანესია, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან ნდობაგამოცხადებულ პროკურორებს ადვილად შეუძლიათ, გაუთავებელი ვადით გაწელონ საჩივრების განხილვა - ამის საშუალებას თანამდებობა და “ნაციონალების” ინტერესებზე მორგებული კანონი აძლევთ, რომლის შეცვლაც აზრად არავის მოსდის!
პროკურატურაში წლობით დევს საჩივრები, რომლებზეც რეაგირებას არ ახდენენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ საჩივრებში მოქმედ პროკურორებს უჩივიან, არამედ, იმიტომაც, რომ ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს, თუ როგორ და რა გზით უნდა დავუბრუნოთ ადამიანებს წართმეული ქონება, რა საშუალებით უნდა გადავსინჯოთ “ნაციონალების” დროს დამდგარი განაჩენების კანონიერება, რაც პირის გამართლების შემთხვევაში, ამ პირის მიერ გადახდილი კოლოსალური ოდენობის ჯარიმებისა და განაჩენებით ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი ქონების დაბრუნებას ითვალისწინებს.
- ე.ი. საქმე ეხება სოლიდურ თანხებს, ბიუჯეტგარღვეულ ქვეყანას კი, იმის საშუალება არ აქვს, რომ “ნაციონალებისაგან” დაზარალებული ადამიანები დააკმაყოფილოს?
- ჩვენ კანონიერების აღდგენაზე ვმსჯელობთ და ამ თვალსაზრისით არა მხოლოდ უკანონოდ გასამართლებულთა სამართლებრივ რეაბილიტაციას ვგულისხმობთ, არამედ, მათთვის წართმეულის დაბრუნებასაც. თუ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, მაშინ წართმეული ქონება უნდა შეფასდეს ვალუტის იმდროინდელი კურსით, როცა ქონება ჩამოერთვათ.
ჩვენი მომაკვდავი ეკონომიკის, დაცემული ლარის კურსისა და გარღვეული ბიუჯეტის შემხედვარე, სამართლიანობის სრულად აღდგენას ვერასოდეს ვეღირსებით ისევე, როგორც ვერ ვეღირსეთ ე.წ. ანაბრების დაბრუნებას. შესაბამისად, ,,სამართლიანობის აღდგენა” უახლოეს მომავალში ისეთივე მომგებიანი საარჩევნო სლოგანი იქნება, როგორიც იყო და დღემდე რჩება ანაბრების თემა და სხვა სოციალური საკითხები!
- ელზა, ძალიან რუხ ფერებში დამისურათხატე მომავალი. სულ ტყუილად ელოდება ხალხი, რომ ნაოცნებარი სამართალი დაისადგურებს?
- “ქართულ ოცნებას” უნდა ემხილა წინა ხელისუფლებაში ნაშობი სისტემური დანაშაული, გაესამართლებინა სისტემა და არა - ამ სისტემის შემოქმედი ცალკეული პირები უსუსური ბრალდებებით. მაშინ ამ სისტემური დანაშაულის ჩამდენთა მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას ვეღარ დაერქმეოდა პოლიტიკური დევნა და შედეგი გაცილებით ეფექტური იქნებოდა.
21-ე საუკუნეში ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლის მხოლოდ ცივილური მეთოდებია მისაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივალთ ,,ცოცხებამდე” და რაც უფრო გაუთავებელი იქნება ეს პროცესი, მით მეტად დავშორდებით ევროპულ ოჯახს, სადაც არავის სჭირდება ველური სახელმწიფო, სადაც, საშუალოდ, ათ წელიწადში ერთხელ, უსამართლობით შეწუხებული მშიერი ხალხი ქუჩაში გამოდის!
ასე უნდა ფიქრობდეს ხელისუფალი, რომელსაც ამავდროულად, აქვს პრეტენზია, რომ ქვეყნის ჭირისუფალიცაა.
- და მაინც: მინდა, ჩვენი საუბრის პირველი ნაწილი მაჟორულ ნოტაზე დავამთავროთ...
- ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რაც უნდა პატარა იყოს ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკოსის მანტია ვერ უნდა მოისხას მაფიოზურმა კლანმა, რომელიც ოპოზიციაში ყოფნისას ფარულად, შემდეგ კი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მხოლოდ თავისი კლანის გავლენის სფეროების გაფართოებისთვის იღწვის.
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ვერასოდეს დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, თუ საქართველო იარაღისა და ნარკოტიკების მოძრაობის ტრასად გადაიქცევა, როცა აუცილებელიც კია, არსებობდეს უკონტროლო ტერიტორიები და ამგვარ რეალობას, როგორც საქართველოში, ასევე, სხვა ქვეყნებშიც, მსოფლიო პოლიტიკაში ჩანერგილი მაფიოზური კლანები ქმნიან და ინარჩუნებენ.
ხელისუფლების არც ერთ შტოში არ უნდა მოვიდეს ძალა, რომელსაც სადღაც ჩამარხული ფარული ჩანაწერებისა ეშინია.
ხელისუფლების არც ერთ შტოში არ უნდა მოვიდეს ძალა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის კადრია.
ხელისუფლებამ, მოსვლისთანავე, უნდა მიიღოს ლუსტრაციის კანონი და თუ ხელისუფლებას ასეთი კანონის მიღება არ სურს, ეს ნიშნავს, რომ თუკი ვინმე ჭკუამოსაკითხი გვყავს, ყველა რომელიღაც უცხო ქვეყნის ნომრიანი აგენტია, რომლის ლუსტრირებაც იმ ქვეყნების ინტერესებში არ შედის!
P.S. ელზა ჯმუხაძის სამუშაო მაგიდაზე დასტებად დევს სარჩელები, საჩივრები. ყველა ამ სარჩელისა თუ საჩივრის უკან კონკრეტული ადამიანი, მისი ოჯახი და მომავალი დგას. საჩივართა დიდი ნაწილი “ნაცმთავრობის” დროს დაზარალებულების და გაკოტრებულებისაა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც “ქართულ ოცნებას” ნდობა გამოუცხადეს და ახალი მთავრობის დიდი იმედი ჰქონდათ. დღეს კი, ისინი ელზას იმედზე არიან. ელზას კი, მეოთხე ხელისუფლებისა და ხალხის იმედი აქვს და ამბობს, ვიბრძოლოთ ერთად სამართლიანობის აღსადგენადო.
ასე რომ, “ქართული სიტყვა” იწყებს ახალ რუბრიკას - “ხალხი სამართალს ითხოვს!” გაგაცნობთ იმ ადამიანთა საქმეებს, რომლებიც უსამართლოდ იხდიდნენ და იხდიან სასჯელს. მთავრობა კი, მათ მიმართ გულგრილია!