“ჯანელიძემ და მისმა თანამოაზრეებმა პრემიერი შეცდომაში შეიყვანეს!”

“ჯანელიძემ და მისმა თანამოაზრეებმა პრემიერი შეცდომაში შეიყვანეს!”

ეს არის თავდაცვის სამინისტროს მიმართ განხორციელებული ბინძური კამპანია”, - ასე შეაფასა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესები. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი თვლის, რომჩეკისტმამინდია ჯანელიძემ და იმ ადამიანებმა, რომლებიც მასთან არიან დაკავშირებულნი, ღარიბაშვილი შეცდომაში შეიყვანეს. ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი, მაისაიას თქმითვე, ვალერი ზუმბაძეა, რომელზეც მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ითქვა ისიც, ზუმბაძე, კონტრდაზვერვის სამსახურში მუშაობისას, ყველა იმ გამოძიებას ხელმძღვანელობდა, რომელიც გახმაურებულ .. ჯაშუშურ საქმეებს ეხება. ამ დღეებში, ვალერი ზუმბაძეც ალაპარაკდა დააიპრესისთვისმიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი ღირსების დასაცავად სასამართლოში მიმართავს და პასუხს ყველა იმ ადამიანს მოსთხოვს, რომელიც მისი მისამართით აგორებულ სკანდალშია ჩართული. ზუმბაძე, რომელიც მინდია ჯანელიძის გამინისტრების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს გენერალური უფროსის მოადგილედ დაინიშნა და აღნიშნული თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, განსაკუთრებით ვახტანგ მაისაიას ედავება. ეს უკანასკნელი კი, “ქართულ სიტყვასთანკიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ზუმბაძე ტყუის.

 

- ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოხვედით, იმ ადამიანებზე ლაპარაკობთ, რომლებიც თქვენს დაკავებასთან არიან დაკავშირებულნი. მათ შორისაა ვალერი ზუმბაძეც, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, თავისი სიმართლის დაცვა მხოლოდ ახლა გადაწყვიტა.. თქვენი აზრით, ვალერი ზუმბაძე ამდენი ხანი რატომ დუმდა?

- ვალერი ზუმბაძემ სამი გვარი გააჟღერა - ჩემი, საიხან მუზაევისა და სოსო ცისკარიშვილის. ბუნებრივია, მის უკან გარკვეული ძალები დგანან და მისი ინტერვიუც, მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ მისი ნაბიჯი არ არის. ეს დაგეგმილი სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მისმა პოლიტიკურმა მფარველმა დაგეგმა და მფარველმა ლუსტრაცია თავის თავს გაუკეთა.

- ზუმბაძის მფარველი ვინაა?

- თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და მისი მოადგილე ღირსიაშვილი, რომლებმაც განცხადებები ოფიციალურად გააკეთეს და ზუმბაძეს ამბრაზურასავით გადაეფარნენ.

2012-2014 წლებში, როცა მინდია ჯანელიძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, ვალერი ზუმბაძე დააწინაურეს - საგამოძიებო სამსახურის უფროსი გახდა და ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება ჩააბარეს. არადა, რა გაუკეთა მან ფოტორეპორტიორების საქმეს, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ.
- ზუმბაძე ამბობს, რომ ამ საქმეში არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ ერთ, კონკრეტულ მიმართულებას ხელმძღვანელობდა..

- შეეკითხეთ მაშინ გია აბდალაძეს და მის ადვოკატს, ვინ ესაუბრებოდა მათ, როგორც მთავარი გამომძიებელი, ვინ აჩვენებდა საქმეს?! ზუმბაძე ბევრ რაღაცას ამბობს, მაგრამ მხოლოდ მე სამ ტყუილში დავიჭირე.

- კონკრეტულად?

- ამბობს, რომ ადვოკატმა, რომელიც ჩემს საქმეს გაეცნო, მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, ჩემს დაცვაზე უარი თქვა, რაც სიცრუეა და ამის დამტკიცება დოკუმენტურად შემიძლია. საქმე ეხება 2009 წლის 26 ივნისს, როცა სასამართლო სხდომაზე გამომიძახეს. მაშინ, სწორედ ვალერი ზუმბაძის ბრძანებით, კარცერში ვიყავი ჩაგდებული.

- რატომ გგონიათ, რომ თქვენი კარცერში ჩაგდების ბრძანება მაინცდამაინც ვალერი ზუმბაძემ გასცა?

- მელაძე და სხვა გამომძიებლები ამას ვერ გაბედავდნენ. მანამდე, ორი დღით ადრე, 24 ივნისს, ჩემი ხელით დავწერე განმარტება ნათია კორკოტაძის სახელზე. რომ წინა ჩვენებები, რომლებიც მიღებული იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ტყუილი იყო. სხვათა შორის, არც ერთი ის ჩვენება ჩემი ხელით არ ყოფილა დაწერილი. ამას თვითონ ზუმბაძე აკეთებდა და ხელს ძალის გამოყენებით მაწერინებდა. ამის მერე, სასამართლოში დამიძახეს, სადაც ჩემი ოჯახის წევრებმა ადვოკატზე, რომელიც, ვიცოდით, ვალერი ზუმბაძესთან თანამშრომლობდა, უარი ოფიციალურად განაცხადეს. ზუმბაძე მას მანქანით დაატარებდა და იმედი აქვს, რომ ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებებს ამ ადვოკატის სახით წარმოადგენს.

- ეს ადვოკატი ვინაა?

- რა მნიშვნელობა აქვს? - თუ საჭირო გახდება, მერე ვიტყვი. ასე რომ, ამ ადვოკატზე ჩვენ ვთქვით უარი და თვითონ გავარდა აცრემლებული სასამართლო დარბაზიდან. E

- მეორე ტყუილი რომელია?

- კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი იყო ის სისტემა: ჰიპოტეტურად ვთქვათ, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლე და თუ მართლაც ასე იყო, შედეგი არ უნდა დამდგარიყო? - ოცი წელი ტყუილად “ავიკიდე”? როგორ გგონიათ, თანამშრომლობის შედეგად საპროცესო გარიგება არ შედგებოდა? მე, რა, მონტე კრისტო ვიყავი და მეხალისებოდა საპყრობილეში წასვლა? თუ ეს გავაკეთე, მაშინ საგიჟეთში ჩემი ფეხით უნდა წავიდე და გავარკვიო, მენტალური პრობლემა ხომ არ მაქვს.

- ზუმბაძე იმასაც ამბობს, რომ მფარველები გყავთ და მათი დავალებით მოქმედებთ...

- ეს მესამე ტყუილია. ჩემს ე.წ. მფარველებზე ამბობს, მეგობრებიო. ეს ადამიანი ჩემს საქმეში მთავარი გამომძიებელი იყო და ამას არც უარყოფს. ჩემს გამო უკრაინაში, სლოვაკეთში ჩავიდა და იქ აწარმოა “გამოძიება”. რას ნიშნავს “მეგობრები” - თუ რუსეთის ჯაშუში ვარ, მაშინ თქვას, რომ ასე იყო. რატომ ლაპარაკობს ზოგადი სიტყვებით? არადა, როგორც კი ციხიდან გამოვედი, მაშინვე “პარტნიორობა მშვიდობისთვის” ტერორისტთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრი გავხდი. 2013 წლის მარტში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისგან მადლობა მივიღე. რამდენჯერმე ვიმყოფებოდი ბრიუსელში, ნატო-ს შეხვედრებზე. ასეთ შემთხვევაში, ვინ არიან ჩემი “მეგობრები”? ზუმბაძემ, პრაქტიკულად, თავისი პირით დაადასტურა, რომ მათი გამოძიებით წაყენებული მქონდა ნატო-ს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდება.

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ ითხოვთ, თქვენს საქმეს საიდუმლო გრიფი მოეხსნას. ამას უკვე ზუმბაძეც ითხოვს. რა მოხდება?

- ეს კიდევ ერთი ტყუილია. როგორ ფიქრობთ, ცხვრის ტყავში გახვეული მგელი თავის საზიანო რამეს გააკეთებს? ეს პიარსვლაა - იცის, ვიდრე მისი მფარველები ხელისუფლებაში არიან, საქმეს საიდუმლო გრიფი არ მოეხსნება.

ზუმბაძემ ისიც იცის, რომ ამ შემთხვევაში რეალურად გამოჩნდება, თუ რას წარმოადგენს ეს საქმე და ამით თავს სამარეს გაუთხრის.

- თუ საქმეს საიდუმლო გრიფი არ მოეხსნა და ზუმბაძემ გიჩივლათ, თავს როგორ დაიცავთ?

- დასაცავი არაფერი მჭირს! არც ამ ჯალათთან ვაპირებ სასამართლოზე მისვლას. სასამართლოზე მხოლოდ მაშინ მივალ, როცა ის ბრალდებულის სკამზე იჯდება. ამ საქმეში მხოლოდ მე არ ვარ, ამასვე აპირებენ ისინიც, ვინც ზუმბაძემ დააზარალა. ისიც უნდა გითხრათ, რომ ზუმბაძე სარჩელს არ შეიტანს, რადგან იცის, რომ ამით ტალახს ვერ ჩამოირეცხს. ეს სასამართლო პროცესი მისი ლუსტრაცია იქნება!

ახლა იმიტომ გააქტიურდა, რომ ამუშავდა თავდაცვის ინსტიქტი - მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ საბოლოოდ შეიტყო სიმართლე, შეეშინდა. ისე, კუბლაშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები არაფერ შუაშია, ჩვენ მყარი არგუმენტები გვაქვს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენიც.

- რა განაჩენი?

- მე, ხმალაძემ, ლაშა ტუღუშმა და სანდრო ბარამიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, რომელიც 2014 წლის 14 მაისს დაკმაყოფილდა და დადასტურდა, რომ ის მუხლი, რომლითაც ჩვენ გაგვასამართლეს, არაკონსტიტუციურია. ჰიპოტეტურად, ფოტორეპორტიორები და მე, მართლაც, ჯაშუშები რომ ვყოფილიყავით, მაინც არაკონსტიტუციური მუხლით გვასამართლებდნენ. რა, ეს ზუმბაძემ არ იცოდა? საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვენ, პრაქტიკულად, რეაბილიტირებულნი ვართ.

- ამის შესახებ ვალერი ზუმბაძემ, მინდია ჯანელიძემ, ან პრემიერმა არაფერი იცოდა, რომელიც ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართული ბინძური კამპანია ხორციელდება?

- ვფიქრობ, ჯანელიძემ და მისმა თანამოაზრეებმა პრემიერი ღარიბაშვილი შეცდომაში შეიყვანეს, რაც კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია. თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ თემით მანიპულირება, რასაც ისიც მიაბეს, თითქოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ხელს უშლის. თქვე დალოცვილებო, უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ, მაგრამ ჯალათებს და სავარაუდო კაცისმკვლელებს ხელს აფარებთ და აქ ნატო რა შუაშია?

- ვინმეს კაცისმკვლელად მონათვლა გადამეტებული ხომ არაა?

- არა და გეტყვით, რატომაც: მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ზუმბაძე თეთრაძის მკვლელობაშიც მონაწილეობდა. ჯაშუშების საქმეებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იმ დროს იკვლევდა და ამ დეპარტამენტის შემადგენლობაში ვინ იყო? - ეს ე.წ. სამეული: ზუმბაძე, ოთარ ორჯონიკიძე და ლადო დათაშვილი. ასევე, გიორგი მაზმიშვილი, რომელსაც სასამართლომ განაჩენი სამი ახალგაზრდის მკვლელობისთვის გამოუტანა. ასეთი კაციჭამიები იყვნენ ამ დეპარტამენტში.

რაც შეეხება ჯანელიძეს, ის ჩეკისტია. ცალკე საუბრის თემაა, თუ რამდენადაა გამართლებული მისი მოსვლა თავდაცვის სამინისტროში. რა იცის ჩეკისტმა თავდაცვის პოლიტიკის შესახებ? მისი არაკომპეტენტურობა ყველა მიმართულებით გამოჩნდა. თავდაცვის სამინისტროში ბევრი რეფორმაა ჩასატარებელი და ასეთი ადამიანები ამის გამკეთებლები არ არიან.

- ისე, უცნაურად არ გეჩვენებათ, რომნაციონალებიზუმბაძეზე არაფერს ამბობენ?

- “ნაცმოძრაობა” ზუმბაძეზე ხმას, მართლაც, არ იღებს. ესეც ლუსტრაციაა - ამით “ნაცმოძრაობამ” დაადასტურა, რომ ზუმბაძე მისი კაცი იყო, ანუ გამოდის, რომ თავდაცვის სამინისტროში გამოვავლინეთ “მეხუთე კოლონა”, დღეს მისი გაშიფვრა და გაძევება მიმდინარეობს. ეს იყო პირველი ანტინაცისტური კამპანიის რეალური შედეგი, ანუ ფაქტების ერთობლიობით, ახლა ის მტკიცდება, რაც აქამდე ზედაპირზე არ ჩანდა.

- რას აპირებთ, როგორი იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯები?

- შევიტანეთ განცხადება და მივმართეთ პრემიერ-მინისტრს - ყველა ის ადამიანი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებითაა გასამართლებული, მასთან შეხვედრას ვითხოვთ. პახუხს ველოდებით და ამის შემდეგ გვეცოდინება, თუ რას გავაკეთებთ. ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით.