“ჟვანიას საქმეზე ერთი წინადადებაც რომ ვთქვა, ამაფეთქებენ!”

“ჟვანიას საქმეზე ერთი წინადადებაც რომ ვთქვა, ამაფეთქებენ!”

2004 წელს, სვანეთში, კერძოდ, სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გამომძიებელი, აფხაზეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი ბათუ (ბათალბი) საღინაძე ისევ ავჭალაში, .. სპეცდანიშნულების რაზმის კოტეჯების მეზობლად ცხოვრობს. “სამეზობლო ღობესმავთულხლართი ,,ამშვენებს”. ,,ამ მავთულების გამო ხეივანს ვეღარ ვუვლი. ისე, საქართველოში ასეთი დაცვა არავის ეყოლება, რაც მე მყავს - კოტეჯის ეზოში დღე და ღამე დაცვა ტრიალებს”, - შემომჩივლა ბათუ საღინაძემ და საუბარი ფარული მოსმენებით დაიწყო:

 

- ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბევრი ხმაური იყო. ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, მეც კი მისმენენო. როგორც ჩანს, ასეა.

- ამას რატომ ამბობთ?

-Gგარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილმა ბატონ ბიძინას იმ პირთა სია მიაწოდა, ვინც, მისი აზრით, შვილის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო. მითხრეს, ყოფილი პრემიერი ისე აღელდა, იური იქით აწყნარებდაო. ივანიშვილის რეზიდენციიდან გამოსული ვაზაგაშვილისთვის ხელისუფლებას დაცვა უნდა დაენიშნა და ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა.

- ბატონო ბათუ, რა ამის პასუხია და, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე ვერსია გაქვთ?

- ყველაფერი, რასაც ჟვანიას გარდაცვალებაზე აცხადებენ, სისულელეა! ზურაბ ჟვანიას საქმე, პრაქტიკულად, გახსნილი მაქვს, მაგრამ საკმარისია, ერთი წინადადება ვთქვა და, ალბათ, მეც ამაფეთქებენ!

- ვის გულისხმობთ?

- “უფლებადამცველთა ლიგის” წევრებს...

- ,,უფლებადამცველთა ლიგასჟვანიას საქმესთან რა კავშირი აქვს?

- გითხარით, რომ ჟვანიას საქმეზე ვერ ვილაპარაკებ-მეთქი... პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან კავშირი ,,ლიგას” კი არა, სულ სხვა ჯგუფებს აქვთ...

,,ლიგის” წევრებთან ცუდი მოგონებები მაკავშირებს. იმათაც დიდი ხანია, გულზე არ ვეხატები. აფრასიძეების საქმე რომ ჩამაბარეს, იმ დროს ვიხსენებ: გვაზავა და ფირცხალავა უშიშროების თანამშრომლები იყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ოქრუაშვილმა გადაიყვანა და ჩემს წინააღმდეგ აამხედრა - აფრასიძეების საქმის ძიების დროს მისმენდნენ, აგროვებდნენ ინფორმაციებს, თუ როგორ ვმუშაობდი, ვისთან ვკონტაქტობდი.

- ბატონო ბათუ, აფრასიძეების საქმის გამოძიებაში დაშვებული გადაცდომების გამო დაგაპატიმრეს და ციხეში შვიდი წელი გაატარეთ. თქვენს საქმეში სამართალი, რომელსაც ევროსასამართლოს განაჩენიც ამყარებს, აღდგა?

- სამართალი? სად არის სამართალი?! ნათია, თუ გახსოვთ, ერთი წლის წინ, ჩვენი ინტერვიუ ასე დავასრულეთ, ვერც ურემს ვხედავ და ვერც სამართალს-მეთქი. ახლა კი გეტყვით: საქართველოში არც ურემია და არც - სამართლის გზა!

2004 წელს, ჩვენმა მაშინდელმა მთავრობამ, სახელმწიფოს მიერ ჩემთვის გადმოცემული ქონება მიიტაცა, ოჯახი დამინაწევრა და გამინადგურა: მე ციხეში ჩამაგდო, უკრაინაში გადახვეწილმა ჩემმა შვილმა და მეუღლემ კი იქიდან, ომის დაწყების მერე, ძლივს გამოასწრეს. ლუგანსკში, ჩემი შვილიშვილის გვერდით, ნაღმი აფეთქდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. იმას, რაც ჩემს ოჯახს ჩემი მიზეზით შეემთხვა, ღმერთი, ალბათ, არ მაპატიებს!

- გამოდის, რომ სამართალი ,,ოცნებისხელისუფლების პირობებშიც ვერ ნახეთ, ბატონო ბათუ?

- ჩემს საქმეზე ევროსასამართლოში რეფერენტი თეა წულუკიანი იყო - ის მპასუხობდა წერილებზე, რომლითაც ვითხოვდი, რომ საქმე ვადაზე ადრე განეხილათ. ,,ოცნების” წინასაარჩევნო პერიოდში, თეა წულუკიანი კოლონიაში ტელევიზიით ვნახე... აცხადებდა, ახლა ბათუ საღინაძის საქმეზე გამოვდივარო. ევროსასამართლოს ამ საქმის განხილვა არ უნდოდა და მან კბილებით დაიცვა... ისიც გავიგე, რომ წულუკიანი სტრასბურგიდან თავის დროზე დაზვერვაზე გამოუგზავნიათ, უნდა გაერკვია, ვინ იყო ბათუ საღინაძე. წულუკიანს დადებითი დახასიათება წაუღია და ამის შემდეგ, სტრასბურგმა ჩემი საქმე ქურდულად განიხილა.

- “ქურდულად განხილვარას ნიშნავს?

- არც მე შემატყობინეს, არც - დაცვას. მიმაჩნია, რომ ეს წულუკიანისა და ნონა წოწორიას ოინებია.

- ნონა წოწორია ვინ არის?

- საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც მინდია უგრეხელიძე ჩაანაცვლა. თავის დროზე საქართველოს პროკურატურაში ოქრუაშვილის თანაშემწე გახლდათ. უკრაინაში მითხრეს, ევროსასამართლო ქართველებმა გაათახსირეს, ყველა საქმეში ცხვირს ყოფენო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში თეა კენჭს ნაძალადევის რაიონში იყრიდა. ამომრჩევლის გულისმოსაგებად სჭირდებოდა და საქვეყნოდ აცხადებდა, თუ როგორ დაანგრიეს ბათუ საღინაძის ოჯახი, როგორ გამოაგდო სამსახურიდან ირაკლი ოქრუაშვილმა ჩემი ფეხმძიმე რძალი. ჩანდა, რომ გულშემატკივარი იყო. პირველ ხანებში მეხმიანებოდა კიდეც, მერე დაიკარგა. საბოლოოდ გამოვიდა, რომ თეა წულუკიანმა ,,გადამაგდო”.

- ასე რატომ ფიქრობთ? იქნებ, ვერ დაგეხმარათ?

- არა... ჩემი დევნა ისევ გაგრძელდა. სპეცრაზმის კოტეჯის კომენდანტად ხნიერი კაცი მუშაობდა და მან მითხრა, 2013 წელს აქედან გაგვიყვანენო, მაგრამ ასე არ მოხდა. შვიდი წელი მჯიჯგნეს ციხეში, ბევრჯერ სცადეს ჩემი მოწამვლა, მკვლელებიც მომიგზავნეს, მაგრამ ღმერთი შემეწია და გადავრჩი. ჩემმა სიფხიზლემ, ადამიანებთან კონტაქტის და ურთიერთობის უნარმა გადამარჩინა. მოვიგე ევროსასამართლოც, მაგრამ განაჩენი არ აღასრულეს.

- არც ევროსასამართლოს მიერ აღიარებული ზარალი აგინაზღაურეს?

- ვინც ჩემს მიმართ უკანონო გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღო, ყველა - გამომძიებელი, მოსამართლე, პროკურორი უნდა დაისაჯოს. იმ ხუთეულს კი - სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ოქრუაშვილსა და ბარამიძეს პასუხი უნდა მოეთხოვოს და ამით ჩემს ტანჯვას წერტილი დაესვას!

ჩემს საქმეზე ევროსასამართლომ სახელმწიფოს საცხოვრებლის დაბრუნება, ან დაზარალებულის თანხმობით შერჩეული საპირწონე ფართი და 15 ათასი ევრო დააკისრა. სახლიდან 700 დასახელების ნივთი წაიღეს, მათ შორის, - ოჯახის წევრთა პირადი ნივთები...

- ევროსასამართლოს განჩინების შეუსრულებლობისთვის სადამსჯელო მექანიზმები არ აქვს?

- სამი თვის შემდეგ, სათანადო ორგანოებს წერილი ისევ მივწერე. ევროსასამართლომ ისევ გააფრთხილა სახელმწიფო, საცხოვრებელი დაუბრუნეთო.

- რა შემოგთავაზეს?

- მათდა გასაოცრად, კოტეჯი მილიონ დოლარად იქნა შეფასებული, ამას არ ელოდნენ. ევროსასამართლოს განჩინების საპასუხოდ, ჯერ ხობის რაიონში მიტოვებული ტექნიკუმის შენობა შემომთავაზეს, ბარემ ეთქვათ, გადადი აფხაზეთშიო და ეგაა. როცა მიხვდნენ, რომ არ გავჩერდებოდი, თემქაზე, მიტოვებულ სკოლის შენობაში კედლები გადაღებეს, სველი წერტილები მოაწყვეს და ორი საკლასო ოთახის ფართი შემომთავაზეს. ეს ევროსასამართლოსაც შეატყობინეს. მთელმა საქართველომ იცის, ღირსების გამო სიკვდილზე მივდიოდი, თავი ასეთ უბედურებაში ჩავყავი - ნიღბიანებმა ოჯახი სახლიდან კინსწისკვრით გამომიყარეს და თემქაზე, მიტოვებული სკოლის შენობაში დავსახლდებოდი?!

თეა წულუკიანმა ჩემი საქმე წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა და მერე დაივიწყა. გამოვიდა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ ჩემი საჩივრის განხილვისას თვითნებობა გამოიჩინა და მართლმსაჯულებაზე უარი თქვა. თურმე, ქონებას იმიტომ ვერ მიბრუნებენ, რომ სპეცრაზმისთვის სახელმწიფომ იქ რემონტი გააკეთა, რაშიც 100 000 ლარი დაიხარჯა. ეს პასუხი გამცა თეა წულუკიანმა. კოტეჯი კი, ჩემს მფლობელობაში 1993 წლის იანვრიდანაა. სხვა გზა არ მქონდა და თეა წულუკიანის მამასთან მივედი.

- მამა რა შუაშია?

- ის წარსულში კვალიფიციური იურისტი, მოსამართლე გახლდათ - ოცი კაცის დახვრეტის განაჩენზე ჰქონდა ხელი მოწერილი. წინ დავუდე თეას მოწერილი პასუხი. წაიკითხა, გაფითრდა, რადგან იურისტის დაწერილს არ ჰგავდა. მერე, ხელწერას დახედა და მითხრა, ეს ჩემი შვილის ნაწერი არ იქნება, ალბათ, გუნდური წესითაა დაწერილიო. ამასობაში, სამკურნალოდ უკრაინაში უნდა წავსულიყავი, ჩემს შვილს ვთხოვე, ჩემს არყოფნაში იუსტიციის მინისტრთან მისულიყო. ჩემი ვაჟი ოთხჯერ მივიდა, მაგრამ თეამ ყურადღება არ მიაქცია. უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარესაც მივმართე, აღმასრულებელი ხელისუფლება მოვალეობას არ ასრულებს-მეთქი, მაგრამ ჩემი წერილები ხელიდან ხელში გადადის, სამართალი კი, არც ურმით დადის და არც - ფეხით. ყველანი გადაიბირეს.

- ბატონო ბათუ, თქვენი დაპატიმრების მიზეზი ის გახდა, რომ გამოძიებაში არასწორი გზით მიდიოდით, არა?

- ციხეში, ზევიდან დავალებული ერთ-ერთი თავდასხმისას, მოვახერხე და ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად, მკვლელები შევაჩერე. მათ მითხრეს, კალაძის საქმეში თქვენ სწორი გზით მიდიოდითო.

- კალაძის საქმეში სწორი გზა რა იყო?

- საქართველოში ყველა გატაცებას ტარიელ ონიანს უკვეთავდნენ. მას კი, საქართველოში თენგიზ გურჩიანი ჰყავდა ,,მაყურებლად”, რომელიც დავალების შესრულებასა და ფულის საკითხს აკონტროლებდა. გატაცებულებს ხან სვანეთში მალავდნენ, ხან - სხვაგან.

- ამბობენ, რომ გოგინაშვილი და კალაძე სვანეთში არ ყოფილან.

- ვინ ამბობს?

- დღევანდელი გამოძიება და აფრასიძეების ადვოკატები.

- არ ვამტკიცებ, რომ გატაცებულები აფრასიძეებთან ჰყავდათ. შემოსული იყო ოპერატიული ინფორმაცია, მაგრამ ინფორმაცია შესაძლოა, განგებ შემოგდებულიც იყოს. ამიტომაც, მანამ უნდა გადამოწმდეს, სანამ რამე მოქმედებას დააპირებ. ვაწარმოებდი შემოსული კვალიფიციური ინფორმაციის გადამოწმებას.

- ამბობენ, აფრასიძეებს სახლების ქვეშ გვირაბები ჰქონდათ გათხრილიო. მართალია?

- ტყუილია! სავარაუდოდ, ევგენის ტყეში დიდი ხნის წინ გაკეთებულ სამალავზე იყო საუბარი.

- ამის შესახებ საიდან იცოდით?

- ბევრი ინფორმაცია კონფიდენციალური იყო. წყაროზე საუბარი არ შეიძლება.

- ეგ ვიცი, მაგრამ წყარო კომპეტენტური იყო, ბატონო ბათუ?

- თუკი წყაროს სახელი გაჟღერდება, მის უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ შეიძლება იყო.

სერიოზულ პირთა დახმარებით, აფრასიძეები დავარწმუნეთ, ჩაბარებულიყვნენ, რათა სისხლი არ დაღვრილიყო.  

- ჩაბარების მერე, აფრასიძეები რა დანაშაულის აღიარებას აპირებდნენ?

- ამას გამოძიება დაადგენდა... ბევრ რამეს ფარდა რომ არ ახდოდა, აფრასიძეები მიზანმიმართულად გაანადგურეს, ჩემგან ფარულად.

- ყველა მათგანს კრიმინალური წარსული ჰქონდა?

- რა თქმა უნდა, არა. მაგალითად, შმაგი მძღოლი იყო, არაფერში ერეოდა. ისე, ვიცოდი, რომ ოჯახის ბურჯი, დოდო სიდიანი ოჯახის ბედს განიცდიდა.

 - ანუ?

- ეტყობა გრძნობდა, რომ მისი ოჯახის წევრებს ან ამოწყვეტდნენ, ან დაიჭერდნენ. ომეხი ყველას შიშის ზარს სცემდა და ყველაფერზე ხელს აწერდა.

- იმასაც ამბობენ, რომ სოფელს აწიოკებდნენ და აყაჩაღებდნენო. მართალია?

- აფრასიძეებს თავიანთი სიმართლე ჰქონდათ, მაგალითად, თუ ვინმე ხელს შეუშლიდათ, არ პატიობდნენ. ერთი ოჯახი გადასახლდა კიდეც სვანეთიდან, რადგან ვერ მორიგდნენ, მაგრამ ეს მათი ბედი იყო. დამნაშავე უნდა დაიჭირო, სულში ჩახედო, პირად მტრად კი არ უნდა გაიხადო, არამედ, უნდა დაეხმარო, რომ სწორ პოზიციაზე დადგეს.

- ადრე მითხარით, კალაძის საქმის გამოძიება პირადად მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი ბარამიძემ დაგავალათ, ძიებისას სრული უფლებამოსილებაც გადმოგეცათ, თუმცა აფრასიძეების ასაყვანად ეცერის ცნობილი სპეცოპერაცია გახდა საჭირო, რომელიც მსხვერპლით დასრულდა...

- შევეცადე, რომ 2004 წლის მარტში, დამნაშავენი უომრად ამეყვანა. უამრავი ხალხი ჩავრთე, აუარებელი ინფორმაცია მოვაგროვე. ციხეში ლოთი ქობალიასაც დავურეკე და დახმარება ვთხოვე. ისიც დამპირდა, ორ კვირაში გამოვდივარ და მთელ ოჯახს მოგიყვანო.

- თუნდაც ომეხი რატომ ბარდებოდა?

- მაგას ჩაბარება, ალბათ, აწყობდა - დაიღალა მძიმე ცხოვრებით, ჩემი ერთ-ერთი კონფიდენციალური წყარო მასთან ნდობაში იყო და არწმუნებდა, სიმართლე არ დაიკარგებაო. მანაც დაიჯერა და თანახმა იყო ჩაბარებაზე.

- კონფიდენციალურ წყაროს ენდობოდით?

- თუ საჭირო ინფორმაციებს ვერ მოიპოვებ, საქმეს ვერასოდეს გახსნი.

- აფრასიძეებმა სპეცოპერაციის დროს იარაღი გამოიყენეს?

- არა.

- რატომ?

- ეს კითხვა ოპერაციის ჩამტარებლებს დაუსვით... აფრასიძეები ბარდებოდნენ და იარაღი სახლში რაღად უნდოდათ?!

- მაშინდელმა გამოძიებამ ევგენი მურავიოვის დახმარებით, თითქოს კალაძის საფლავს მიაგნო. ეს ინფორმაცია სწორი იყო?

- რა თქმა უნდა, არა. მურავიოვის მიერ მითითებული საფლავი არაა ლევან კალაძის სამარხი. რეალურად, საფლავი სხვაგანაა.

- მარიამ გოგინაშვილზე რას ჰყვებოდა ვოვა მურავიოვი?

- მურავიოვი ამბობდა, რომ მარიამ გოგინაშვილი ათი დღის განმავლობაში აფრასიძეებთან იმყოფებოდა. ათი ღამე გოგონას წივილ-კივილი ესმოდა, როცა მასთან ომეხი შედიოდა. იმასაც ამბობდა, რამდენჯერმე ვიფიქრე, ავდგები და მოვკლავ მოძალადეს, მაგრამ თავს ვიკავებდი და არ ვერეოდიო. ათი დღის მერე, გოგონა სადღაც წაიყვანეს, მას მერე ომეხი ყოველკვირეულად სადღაც მიდიოდა, ალბათ, გატაცებულ გოგონასთან და ტალახში ამოსვრილი მანქანით ბრუნდებოდაო. ციხეში ყოფნისას, ერთმა ადვოკატმა მითხრა, ომეხს ბიჭი შეეძინა მარიამ გოგინაშვილთან, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ჰყავს გადამალული. მარიამი იმდენად გადააგვარეს, მეხსიერებიდან წარსული ამოურეცხეს და უკან დაბრუნების სურვილი არ აქვსო. ამ ინფორმაციას გადამოწმება უნდა, გამოძიებაც დაინტერესდება, იმედია.

- არავის უცდია გოგონას მოძებნა?

- ეს საკითხი არ მაინტერესებს, ისე კი, ვერც მოძებნიან - ასეთ საქმეებში მაღალკვალიფიციური კადრებია საჭირო და არა ისეთები, ლევან გვაზავა და მისი ბანდა რომაა.  

- როგორც ამბობდნენ, გოგინაშვილი ფულიანი კაცი იყო, შვილიც ამის გამო მოსტაცეს...

- კი, მამამისმა ერთ-ერთი გამტაცებელი გაანაწყენა და ამიტომ დასაჯეს.

- მურავიოვმა აფრასიძეების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თუმცა დღეს ისევ მათთან ცხოვრობს. ამას როგორ ხსნით?

- მერე, რა?! არის რაღაცები, რასაც ზოგჯერ ვერ ახსნი. აფრასიძეების ოპერაცია რომ ჩატარდა, ჩემთან დოდო მოვიდა, ხელები გაშალა და მითხრა: რამდენი ოპერაცია ჩაგიტარებია კოდორში და არავინ დაშავებულა, ხომ გბარდებოდა ჩემი შვილი, რისთვის მომიკალი, რატომ ამომიწყვიტე ოჯახიო? როცა ახსნას შევეცადე, არ დამიჯერა, უშენოდ ვინ გაბედავდა ამ ოპერაციის ჩატარებასო?! საბოლოოდ, დარწმუნდა ჩემს სიმართლეში, მაგრამ...

- უთქვენოდ ოპერაციის ჩატარება ვინ გაბედა?

- ვერ დავასახელებ იმ კაცის გვარს, ვინც ეს სპეცოპერაცია ჩაატარა. როცა ჩემი დაკითხვის დრო დადგება, გამოძიებას მეც და ჩემი კონფიდენციალური წყაროებიც სათქმელს ვეტყვით!

- ოპერაცია მშვიდობიანად მაინც, რატომ არ უნდა დამთავრებულიყო?

- თუ აფრასიძეები ჩაბარდებოდნენ, სიმართლეს იტყოდნენ და ფარდა აეხდებოდა ყველა დანაშაულს, გატაცებებს, რაშიც კრიმინალებთან ერთად, ძალოვანი გენერალიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, დავით კეკუა ციხეში მითვლიდა, თუ გაგიჭირდება, სიმართლეს ვიტყვიო, მაგრამ სასამართლოზე არ მოიყვანეს - მოკლეს.

- კეკუამ რა იცოდა?

- ყველაფერი, რასაც აკეთებინებდნენ დამნაშავეებთან შეკრული ძალოვანები. აფრასიძეების საქმეში დამნაშავენი ღმერთმა ალაგმა. სააკაშვილმა ქვეყნის გასაგონად, რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ თავად გასცა ლიკვიდაციის ბრძანება. ოპერაციას კი, თავიდან ბოლომდე, ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა.  რატომ არ უყენებენ ბრალს სააკაშვილს, ოქრუაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ბარამიძეს?

- კი, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილი იქ არ ყოფილა.

- მერე, რა?! ოქრუაშვილი ქვეყანაში სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის გამტარებელი იყო!

- სპეცოპერაციას ხომ გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა!

- ამ თემაზე ყოფილ მინისტრს ბევრჯერ მოუწია პასუხის გაცემა, გასულ წელს ასე თქვა, როცა ჩავფრინდი, ყველაფერი დამთავრებული იყოო. იგი, სხვათა  შორის, ამ ოპერაციაში უბრალო მონაწილეა, რაც დამტკიცდება სასამართლოში. ციხიდან გათავისუფლების მერე, მასაც მივწერე, ვთხოვე, იქნება, ახლა მაინც გაირკვეს სიმართლე-მეთქი. გავახსენე, როცა მითხრა, მონად დაგიდგები, ოღონდ მაპატიეო. შევხვდი კიდეც, ასე მითხრა, ვის დავეჭიდოო? როცა საჭირო იქნება, გამოძიებას, ალბათ, ჩვენებას მისცემს.

- კუბდარზე რა თქვა?

- აღიარა, ნამდვილად მოვითხოვე, ,,მარიაჟობა” გამომივიდა, ძალიან დავიბენიო.

- საზოგადოების მთელი აგრესია დღემდე ბარამიძის წინააღმდეგაა მიმართული. რომელიც იმეორებს, სამართალი აღვადგინე და დრო უკან რომ დაბრუნდეს, ისევ ისე მოვიქცეოდიო. თუკი ყველაფერი მის გარეშე დამთავრდა, კამერების წინ რატომ  ,,პოზიორობდა”?

- ეს მაგას შევეკითხოთ, როცა დაიკითხება. დღეს მეტი გზა არ აქვს, ალბათ, ასე უნდა თქვას. ფირცხალავაც ამბობს, იგივეს გავაკეთებდიო. ხომ ვერ იტყვის, შევცდიო. სააკაშვილსა და მის ბანდას ბრალს არ უყენებენ და საერთოდ, რა გამოძიება სჭირდება აფრასიძეების საქმეს, მხოლოდ შეფასებაა საჭირო: დამკვეთი, შემსრულებლები, დაზარალებულები სახეზეა. ათას ორასი კაცით, თორმეტი ვერტმფრენით რამდენიმე კრიმინალის ალაგმვა კაცობრიობის წინაშე  ჩადენილი დანაშაულია. დამხვდურებს იარაღით წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, სპეცოპერაციისას, ბოროტმოქმედების აყვანის დროს, უკუაგდეს სისხლის სამართლის კანონი. ყველა სამართალდამცავმა იცის, თუ როგორ ხდება დამნაშავის აყვანა.

- როგორ?

- ჯერ ალყა უნდა შემოარტყა ადგილს, სადაც ბოროტმოქმედი იმყოფება, მერე, მეგაფონით გააფრთხილო, მაღლა, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთო, თუ საპასუხო სროლა მოხდა, გააფრთხილო, ნუ ისვრიო. ამას გარდა, ძებნილის დაკავების დროს, რეკომენდებული არაა, იარაღი ყველას ჰქონდეს, რათა ხელი არ გაექცეს.

- რეალურად, აფრასიძეები დამნაშავეები არიან თუ არა?

- იურიდიულად, აფრასიძეები აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან - კაცის ბრალეულობას სასამართლო განაჩენი ადგენს. მათ ბრალეულობაზე კი არ უმსჯელია გამოძიებას, პროკურატურას, დაკითხულებიც არ ყოფილან, თვალითაც არავის უნახავს. როცა გატაცებული კაცი მოგყავს და ვაჭრობ, დამნაშავე ხარ, აბა, რა, მაგრამ მათი დანაშაული ხელისუფლების წარმომადგენელთა დანაშაულთან შედარებით, ძალიან მცირეა. მეტიც, ვიმეორებ, აფრასიძეები გაანადგურეს, რადგან ცოცხლები საშიშნი იყვნენ კრიმინალებთან შეკრული გენერალიტეტისა და პირადად, ოქრუაშვილისთვის, რომლის ბრალეულობა აქ საშიში და უპატიებელია!

- ციხიდან გამოსვლის მერე, დაიკითხეთ?

- კი, დამკითხა ერთმა გამომძიებელმა, ჭკვიანი ახალგაზრდა იყო, მაგრამ  პროცესი შეჩერდა. ჩვენებაში საქმის ათი პროცენტი მივეცი, რადგან პროცესში გადაბირებული სამართალდამცავები და ჟურნალისტები ჩაერივნენ. ჩემი ჩვენება კი, აფრასიძეების საქმის ღერძია, რომლითაც ხუთ ყოფილ სახელმწიფო მოხელეს უვადო პატიმრობა ემუქრება. თუკი გამოძიება სწორი გზით წავა, ჩვენებას მეც მივცემ, თანამშრომლებიც, დოდო სიდიანიც, ყველა.

ისინი ყველანაირად შეეცადნენ კვალის დაფარვას. იცით, ვინ მოკლა ომეხ აფრასიძე?

- ალბათ, რომელიმე სპეცრაზმელმა, არა?

- მაქვს ინფორმაცია, რომ ეს თენგიზ გურჩიანმა ჩაიდინა. მას ნარკოტიკებისთვის ოცდარვა წლით თავისუფლება აღუკვეთეს. სააკაშვილმა მერე შეიწყალა და უკრაინაში გაუშვეს. ვაითუ, საღინაძემ აალაპარაკოსო, ალბათ, ამას შიშობდნენ. წაუყენონ ბრალი აფრასიძეების საქმეში გვაზავა-ფირცხალავას ბანდას და შემდეგი სვლა კალაძის საქმე იქნება.

- კალაძეებთან თუ გქონდათ შეხვედრა?

- ადრეც გითხარით, რომ კარლო და კახა დადიოდნენ და მთხოვდნენ, ჩავბმულიყავი ლევანის გატაცების საქმეში. კარლო მარწმუნებდა, ერთი ოჯახივით ვიქნებითო. შემდეგ, კახი კალაძემ ,,სკოტლანდ იარდიც” კი ჩარია გამოძიებაში, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს... ძალიან ვწუხვარ, რომ კალაძის ცხედარი მეორედ, მესამედ შეაჩეჩეს ოჯახს. კალაძის საქმე გაუხსნელია. ჩემი ინფორმაციით, მისი მოკვლა არავის უნდოდა, ოპერაციის მერე მას ინფექცია შეეჭრა და ამით გარდაიცვალა. ბოლოს კი, როცა გამიჭირდა, კალაძეებსაც მივმართე, მაშინ ლევანის ბედს ვიცავდი და ახლა ჩემი ოჯახისას ვიცავ-მეთქი, მაგრამ მისი უმოქმედობით, იმედგაცრუებული დავრჩი. დედა დარდით მომიკვდა, ოჯახს ვერ ვარჩენ, ნამდვილი პოლიტპატიმარი ახლა ვარ, მაგრამ ვიდრე პირში სული მიდგას, წინ დიდი საქმე მელოდება.

- რას გულისხმობთ?

- ჩემი ყველაზე დიდი საქმე აფხაზეთია.

- ფიქრობთ, რომ აფხაზეთის დაბრუნება შესაძლებელია?

- აფხაზეთის დაბრუნების გასაღები ხელში მაქვს. 2004 წელს, სერგეი შამბას ძმა, ტარას შამბა მოსკოვში, ქართველებთან შეხვედრას მართავდა. მათ ჩემი ჩასვლა მოითხოვეს. ირაკლი ალასანიამ დამიძახა, საბუთები გამზადებული დამახვედრა და მითხრა, უშენოდ საუბარში არავისთან შედიანო, მაგრამ წასვლაზე უარი ვთქვი.

- რატომ, ბატონო ბათუ, თუკი ქვეყანას წაადგებოდა თქვენი საუბარი?

- იმ პერიოდში, ,,მხედრიონელი” მადლენა ბერძენიშვილის გამო გარკვეული დაპირისპირება მქონდა ხელისუფლებასთან. სათანადო კომპეტენცია არ მქონდა და ეს დისკომფორტი აუცილებლად აისახებოდა შეხვედრაზე. მოსკოვში საუბარი არ შედგა, სამაგიეროდ, აფხაზების წარმომადგენელი შევახვედრე ირაკლი ალასანიას. ამ შეხვედრის მერე, ირაკლი აფხაზეთში მიიწვიეს. უკან დაბრუნებულმა აღელვებული ხმით მიამბო იმ შეხვედრების შესახებ, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მთელი აფხაზეთის რეგიონები იყვნენ თავმოყრილნი, რომელთა წარმომადგენლები სათითაოდ შესჩიოდნენ, ვიღუპებითო. აფხაზეთის პოლიტიკური ელიტა მზად იყო ქართველებთან მოლაპარაკებებზე. ირაკლიმ მითხრა, რომ პრეზიდენტი მზად იყო, ჩემთვის    აფხაზეთთან ურთიერთობის საკოორდინაციო საბჭო ჩაებარებინა. მეორე დღეს, პრეზიდენტის კაბინეტში ასეთი სცენა გაიმართა: სააკაშვილი მასთან შესულ ირაკლი ოქრუაშვილს ეუბნება:

- აფხაზეთი ბრუნდება!

- როგორ? - კითხულობს ოქრუაშვილი.

- ალასანია იყო აფხაზეთში და აგვარებს.

ოქრუაშვილმა სააკაშვილს უთხრა:

- აირჩიე: ან ალასანია, ან მე!

- ოქრუაშვილი ასეთი კატეგორიული რატომ იყო?

- თუკი ალასანია აფხაზეთს დააბრუნებდა, იგი პირველი კაცი გახდებოდა, ეს ოქრუაშვილს არ აწყობდა, ამიტომაც ალასანია აფხაზეთის საქმეს ჩამოაშორეს და გაერო-ში გაამწესეს.

- აფხაზებთან შეხვედრა აღარ შედგა?

- ერთ კვირაში, საქართველოში აფხაზების დელეგაცია ჩამოვიდა, ორგანიზატორებთან წინასწარ კავშირი მქონდა და დელეგაციაში კაციჭამია, ქართველების მტერი კუტარბას ჩასმა ვთხოვე.

- ქართველების მტერი საქართველოში რატომ უნდა ჩამოსულიყო?

- ქართველებსა და აფხაზებს გვევალება, მტრობა დავივიწყოთ. მტრობა, რომელიც ჩვენ შორის ზესახელმწიფოების პოლიტიკამ დათესა. სხვა გზა არაა. აფხაზები კონკრეტული გეგმით იყვნენ ჩამოსულები. ირაკლი ოქრუაშვილს უთქვამს, ვიცი, ვინც აბრუნებს აფხაზეთს, - ეს საღინაძეაო. ამის მერე ალასანია გაერო-ში გაუშვეს, მე კი, - ციხეში. ვიდრე ცოცხალი ვარ, ვერ მოვისვენებ,   ციხიდან გამოსვლის მერე, ალექსანდრე ანქვაბს დავუკავშირდი, მითხრა, ჩამოდი, არანაირი სტატუსი არ გჭირდებაო. ჩემი მხრიდან, ვურჩიე არჩევნების პერიოდში, სისხლი რომ არ დაღვრილიყო, პენსიაზე გასულიყო, დამიჯერა და გადადგა. აქედან ვერსად წავალ, ოჯახს ვერ დავტოვებ, აქ უნდა ვიბრძოლო აფხაზეთისთვის. ჟიული შარტავას მიერ შექმნილ კომისიაში მუშაობას ვაგრძელებ, თუ ამას ლეგიტიმურად სცნობენ.

- ჟიული შარტავა აღარაა ცოცხალი. ეს კომისია მუდმივმოქმედია?

- დიახ, ასეა. შარტავა იმისთვის ჩატოვეს აფხაზეთში, რომ ბევრი ინფორმაცია ჰქონდა. დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთთან არაფერი აკავშირებს, აფხაზეთის დე იურე ხელისუფლება კი, ძალიან პასიურია, მასში აფხაზეთის ტკივილიც გაქრა!