არავინ იცის, გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანი რაზეა წამსვლელი. როცა ზურგსუკან ციხის კარი ხმაურით იხურება და ხვდები, შენს მეტი პატრონი და მშველელი არავინ გყავს, იმაზე იწყებ ფიქრს, როგორ გადარჩე. გადასარჩენად კი ხშირად პატიმრები რადიკალურ ნაბიჯებზეც მიდიან. ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი ციხის ექიმების მოტყუება, თავის მოგიჟიანება და ფსიქიატრიულში წასვლაა. იქ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს - რეჟიმი მკაცრი არაა, ახლობლები თუნდაც ყოველ დღე რომ მოვიდნენ სანახავად. ერთი ეგაა, ფსიქიატრიულში მართლა ავადმყოფებიც არიან და ფსიქოლოგიურად ამის გაძლება ძნელია.
სანდრო ე. მამამისის გამო დაიჭირეს. მამას, ცნობილ ბიზნესმენს, დიდი ფული ჰქონდა. წინა ხელისუფლებამ რამდენჯერმე გაწეწა და ბოლოს, როცა არარეალური თანხა მოითხოვეს, უარი თქვა. შედეგად დაჭერით დაემუქრნენ, მაგრამ გაასწრო. სამაგიეროდ, შვილმა ვერ გაასწრო და იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი ბანკის წარმატებული მენეჯერი იყო, დააპატიმრეს. სტანდარტული ბრალდება წაუყენეს - დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა. ვერც მოხმარება დაუმტკიცდა, ვერც გასაღება და ბოლოს, შეძენა-შენახვაზე მისცეს 13 წელი.
,,დედა მთელი ცხოვრება ფსიქიატრიულში მუშაობდა, უამრავი მეგობარი ჰყავს. იქ უნდა წავიდე, ჯანმრთელობის პრობლემების გამო უკეთ მომივლიან. ამათი ცემის მერე ნაწლავები მაქვს დაბზარული და ერთმანეთზე ხორცდება. იქ მიშველიან და გადავრჩები. თავი უნდა მოვიგიჟიანო. საქმის კურსში გაყენებთ, რომ არ გაგიკვირდეთ, სანდრო რამ გააგიჟაო', - უთხრა სანდრომ ზონის მაყურებლებს და მათაც ღიმილით თავი დაუქნიეს.
,,მეტიც, შეგიძლია მაყურებლებს აგინო, მაგით მიხვდებიან, რომ მართლა გარეკე, ისე ვინ გაბედავს ამათ გინებას', - უთხრა პატიმარმა #0578-მა თქვა და სანდროს თვალი ჩაუკრა.
,,არა, ამას ნუ დაუჯერებ, ჩვენი გინება არ გინდა, დანარჩენი, რაც გინდა, ის გააკეთე, ჩვენგან მწვანე გაქვს', - მაყურებლებმა #0578-ს თავისქნევით გახედეს.
მეორე დღეს სანდროს საკანის ,,პრავერკაზე' ხმაური ატყდა. პატიმარი ბადრაგს დედას აგინებდა და თან ხარხარებდა. ბადრაგმა სანდრო კარცერში გააქანა და 5 დღით ჩასვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში კარცერიდან არაადამიანური ღრიალი ისმოდა.
,,მართლა არ გარეკოს ამან', - სიცილით თქვა მესამე დღეს მაყურებელმა. სხვები არ დაეთანხმნენ, სანდრომ როგორ უნდა გარეკოსო.
კარცერიდან ამოყვანილი პატიმარი ხან ზონის ეზოში დარბოდა, ხან შიშვლდებოდა, ხან ლეიბებს გამოყრიდა გარეთ, თუმცა ზონის ხელმძღვანელობას არაფრის გაგონება არ სურდა და ელემენტარულად ფსიქიატრიც კი არ მოჰყავდა.
,,ხვალ ვენები უნდა გადავიჭრა კამერის წინ, სხვა გზა არ არის', - სანდრო ისევ მაყურებლებთან იჯდა.
,,შენი საქმის შენ იცი, მაგრამ ჩეჩენასთან გაიარე კონსულტაცია. ეგ კვირაში ერთხელ იჭრის ვენებს, მაგრამ არაფერი სჭირს. ზუსტად იცის, ბრიტვა სად დაისვას. შემთხვევით მართლა ვენა არ გადაიჭრა და არ შემოგვაკვდე', - ურჩია მაყურებელმა.
მეორე დღეს სანდრო ზონაზე დამონტაჟებულ ერთ-ერთ კამერასთან დადგა, მკლავი გაიშიშვლა და ვენებზე რამდენჯერმე დაისვა ბრიტვა. სისხლმა იფეთქა და იატაკი წითლად შეიღება. ბადრაგმა ექიმები გადმოიყვანა, თუმცა სანდრო ექიმების დანახვაზე სულ გაგიჟდა, ახლოს არ მიუშვა, ხელის გაკერვის ნება არ მისცა. საბოლოოდ ის მაინც გააკავეს და გადასერილ ვენებზე ნაკერები დაადეს.
,,საშიში არაფერია, ვენები არ არის დაზიანებული, იცოდა, რასაც აკეთებდა', - ექიმებმა საკუთარი აზრი ზონის უფროსს, ლაშა ბრეგვაძეს მოახსენეს. თავის მხრივ ბრეგვაძე ზონაზე გადმოვიდა და სანდროს სახალხოდ დასცინა, შენი ტყუილებით შორს ვერ წახვალო და...
მეორე დღეს სანდრო ისევ იმავე კამერის წინ დადგა, არეული თვალებით გახედა მაყურებლებს და ვენებზე მჭრელი საგანი ისევ დაისვა.
,,აღარ ხუმრობს, გააჩერეთ', - იყვირა 0578-მა და სანდროს ეცა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თითქმის ძვლამდე ჩაჭრილი ხორციდან სისხლი რამდენიმე მეტრზე ასხამდა. ბადრაგმა ექიმების გადმოყვანა დააგვიანა, ბიჭებს ვენაზე ხელი ედოთ, მაგრამ სისხლს ვერ აჩერებდნენ და როცა ექიმებმა ჭრილობა ნახეს, სახეზე შეეტყოთ, შეეშინდათ.
,,სასწრაფოდ გასაკერია და გადასაყვანია საავადმყოფოში, ბევრი სისხლი დაკარგა და თუ გადასხმებს არ გაიკეთებს, მოკვდება', - ასეთი იყო ექიმების ვერდიქტი. სანდრო წაიყვანეს და ზონაზე მეხუთე დღეს დააბრუნეს. ქაღალდივით თეთრი იყო, ხელზე უამრავი ნაკერი ედო და მკლავი კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული.
,,ამათ თუ მართლა სისხლი არ ანახე, ისე არაფერი გამოვა. კინაღამ წერილი წავიღე. ერთი ასეთი კიდევ და წამიყვანენ ფსიქიატრიულში, აბა, რა იქნება', - ნაღვლიანი ღიმილით თქვა სანდრომ.
,,ერთი ასეთი კიდევ და შეიძლება კუკიაზე წაგიყვანონ', - უთხრა 0578-მა.
,,ჰო, ვიცი, მაგრამ სხვანაირად არაფერი გამოვა. რა მნიშვნელობა აქვს რით მოვკვდები, თუ არ ვიმკურნალებ, ისედაც ,,ტრუპი' ვარ', - ჩუმად თქვა სანდრომ.
რამდენიმე დღის შემდეგ იგივე განმეორდა - სანდრო კამერასთან მივიდა და ახლა მეორე მკლავი გადაიხსნა. გზაც იგივე გაიარა, ჯერ ციხის ,,ბალნიჩკა', მერე გლდანის საავადმყოფო, მერე ისევ უკან ზონა, მაგრამ ფსიქიატრიულში მის გაშვებას არავინ აპირებდა.
,,დამიჯერე, გარეთ ვიღაცას გადაუხადეთ და ისე წადი ფსიქიატრიულში. ხდება ასე, არ არის რთული, აკეთებენ ამას. ახლა კი ამბობენ, კორუფცია მოვსპეთო, მაგრამ მინიმუმ სამ კაცს ჩამოგითვლი, რომლებმაც გადაიხადეს და სროკს ახლა ფსიქიატრიულში იხდიან', - უთხრა სანდროს მაყურებელმა.
,,რაა?! შენ ხარ გიჟი, ნამდვილი გიჟი. ეგ თუ იცოდი, ამ კაცს სხეული რას დააჩეხინე, ორჯერ კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა', - თითქმის ყვიროდა 0578.
,,ჰო, რა ვიცი, აღარ გამახსენდა. იმასაც გავიგებ, მაყუთს ვინ იღებს ამ საქმეში და გეტყვი', - დარცხვენით თქვა მაყურებელმა და ერთი თვის შემდეგ, 12 ათასი დოლარის სანაცვლოდ, სანდრო ფსიქიატრიულის გზას გაუყენეს. ბოლომდე იბრძოდა ლაშა ბრეგვაძე, არ არის ეს კაცი გიჟიო, მაგრამ არავინ ,,დაუჯერა'.
ორი თვის შემდეგ, სანდრო ისევ ზონაზე დააბრუნეს. მისი დანახვა ყველას გაუკვირდა, მაგრამ თავად ახლადმოსული აშკარად ბედნიერი იყო.
,,დავიბრიდები ასე. კი, ყურადღებას მაქცევდნენ, თან მყვებოდნენ, მაგრამ არა რა, იქაურ საგიჟეთს აქაური მირჩევნია. იცი, რა დღეში არიან ბიჭები? ვერ ვუყურებ რა ყოველ დღე იმათ. ცალკე ოთახშიც კი გადავედი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა, ყვირილის ხმა მაღვიძებდა ღამე. თან პატრონი არავის ჰყავს, ვის რა აცვია, ვინ რას ჭამს... სიგარეტზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, ერთ ღერს მოვუკიდებდი და ათი კაცი გიყურებდა, ნაფაზი დამარტყმევინეო. ვუყიდე, ერთი ყუთი ,,ასტრა' მოვატანინე, ოთხასი კოლოფი ჩემებს, მაგრამ რად გინდა, ერთ დღეში აღარ იყო, მოწევდნენ, კიდევ უკიდებდნენ და ასე დაუსრულებლად. ფსიქოლოგიურად ვერ გავძელი რა, თქვენი სიფათების ყურება ჯობია, მე მოვკვდე', - დაასრულა მონოლოგი სანდრომ.
,,და ის 12 ათასი?!' - ჰკითხა მაყურებელმა.
,,რომელი 12 ათასი?!' - გაიოცა სანდრომ.
,,აი ის, შენი წაყვანის სანაცვლოდ რომ გადაიხადე, უკან არ ართმევ? პრაქტიკულად ხომ არ გაამართლა ამ ყველაფერმა?!' - დაასაბუთა მაყურებელმა.
,,ეს მართლა გიჟია, ნამდვილი გიჟი', - გაეღიმა 0578-ს.
პატიმარი 0578