ბოლო პერიოდია, არ წყდება საუბრები “ნაციონალების" შიგნით მიმდინარე პროცესებზე და ამაზე დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. უამრავი ვერსიაც არსებობს.ერთ-ერთი ვერსიით, “ნაციონალებში" განხეთქილებაა და “ნაციონალური მოძრაობის"წევრებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაც კი მიმდინარეობს. მეორე ვერსიით,მმართველი გუნდის წევრები ხვდებიან, რომ გემი იძირება და ზოგ-ზოგიერთები უკვე გასაქცევად ემზადებიან. მესამე ვერსიით კი “ნაციონალებში" არანაირი დაპირისპირება არ არის, ისინი, როგორც ყოველთვის, შეხმატკბილებულები არიან და ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვთ - მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა. ამაზე ზრუნვა კი აქედანვე დაიწყეს და ხელისუფლების თავისივე გუნდიდან ჩანაცვლების გეგმაზე მუშაობენ. მოკლედ, “ნაციონალების" შიგნით არსებულ პროცესებზე უამრავი ვერსია და ვარაუდი გამოითქვა. საინტერესოა, რა ხდება რეალურად “ნაციონალებში"?
“ახალი თაობა" ამ საკითხით დაინტერესდა და აი, რა გაარკვია.
“ახალი თაობის" კომპეტენტური წყაროს თქმით, “ნაციონალებში" ამ ეტაპზე განხეთქილება და რაიმე სახის სერიოზული დაპირისპირება, ნამდვილად, არ არსებობს, თუმცა, რამდენიმე დაჯგუფება, რომლებიც ერთმანეთს ძალაუფლების ქონაში კარგა ხანია ეჯიბრებიან და რომეთაც ერთმანეთზე მზე და მთვარე არ ამოსდით, რადგან კონკურენტები არიან, ასე ვთქვათ, “ლაითად" ნამდვილად ებრძვიან ერთმანეთს. დიახ, “ლაითად", ამ ეტაპზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მათ შორის ნამდვილად არ მიმდინარეობს.
აი, რას გვიყვება წყარო: “ნაციონალებში" რეალურად ორი დაჯგუფება არსებობს: ადეიშვილი-ბოკერია-უგულავასი, რომელიც საკმაოდ ძლიერი ჯგუფია და მერაბიშვილი-ტყეშელაშვილის, რომელიც არანაკლებ ძლიერია და საკვანძო ფიგურებიც სწორედაც რომ ესენი არიან. თუმცა, საკვანძო ფიგურების მიუხედავად ამ ჯგუფებს შორის ბალანსი დღემდე არსებობს. დღეს ამ ორ ჯგუფს შორის ფრონტალური პოზიციების დაკავების და გამაგრების პროცესი მიდის. მათ შორის როგორც გითხარით, შეტევას და გამიშვი-დამიჭირეს, ჯერჯერობით, ადგილი არ აქვს. სწორედაც რომ ამ ორი ჯგუფის გავლენის ქვეშაა მედია-საშუალებები. ტყეშელაშვილ-მერაბიშვილს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა სატელევიზიო საშუალებების უმეტესობაზე, თუმცა, ეს გავლენები საბოლო ჯამში მაინც საზიაროა ადეიშვილი-ბოკერია-უგულავას ჯგუფთან, რადგან მათ უდიდესი გავლენა აქვთ უშუალოდ ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებზე.
ამ ადამიანებს კი ჯერ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება, რომელი ჯგუფის მხარე დაიჭირონ, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, იმ ჯგუფის მხარეს დადგებიან, რომელიც მეტად გაძლიერდება. ბიზნესი და ფინანსური ნაკადები მთლიანად ადეიშვილის გავლენის ქვეშ არის. კეზერაშვილის შემოსავლების სამსახურიდან ხალხი გაყრილი და ადეიშვილის პროკურორებით ჩანაცვლებული იქნა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერაბიშვილს არაფერი. იგივე ამ შემოსავლების სამსახურის და მანდ მომუშავე ადამიანების მუშაობაზე დიდ გავლენას მოახდენს კომპრომატების დაგროვება და რეალიზაცია, რომელსაც მერაბიშვილის უწყება, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს. სწორედ მერაბიშვილია ის ადამიანი, რომელიც შსს-ს ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადამწყვეტ გავლენებს ფლობს რეგიონის გუბერნატორებზე და რაიონების გამგებლების მუშაობაზე.
მოკლედ, დღეს, აი, ამ ორ ძლიერ ჯგუფს შორის მიდის ძალაუფლების გადანაწილება, ხელთპყრობაზე ბრძოლა. ჩვენს კონფიდენციალურ წყაროს უჭირს იმის გადაჭრით თქმა, თუ რომელი ჯგუფისკენ უფრო მეტად იხრება სააკაშვილის სიმპათიები, თუმცა, ის მაინც თვლის, რომ სააკაშვილის ფავორიტები მერაბიშვილ-ტყეშელაშვილი არიან. საუბრები იმის შესახებ, რომ სააკშვილს მისი გუნდი მართავს ბლეფია. სააკაშვილი თავად იღებს გადაწყვეტილებებს და არავის მძევალი არ არის. წყაროს მტკიცებით, სააკაშვილი პოლიტიკიდან არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს წასვლას და სავარაუდოდ, არც წავა. წყარო ვერ გვიკონკრეტებს პრემიერ-მინისტრობას, თუ პარლამენტის თავმჯდომარეობას უმიზნებს სააკაშვილი, თუმცა, პოლიტიკიდან რომ არ მიდის, ეს ზუსტად იცის.
პრეზიდენტად ამ ეტაპზე დავით ბაქრაძე რომ მოიაზრება, ესეც დანამდვილებით იცის. სააკაშვილი ჯერჯერობით თავისივე გუნდს არ უმხელს თუ რა თანამდებობაზე უდგას თვალი და არგამხელის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ არ დაარღვიოს ამ ორ ჯგუფს შორის არსებული ე.წ. სიმშვიდე, რადგან თუკი მან თქვა თუ რას აპირებს, მაშინ ეს ორი ჯგუფი ფრონტალური პოზიციების დაკავების პოზიდან დღესვე მოქმედების აქტიურ ფაზაში გადავა. თუმცა, ეს პროცესი ამ ჯგუფებს შორის ადრე თუ გვიან მაინც დაიწყება. საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის დასაწყისი შემდგომ ამ პროცესის დინამიკას ბიძგს მისცემს, - ამბობს, წყარო.
მომავალი პარლამენტი რეალურად განსაზღვრავს, როგორ განლაგდება ხელისუფლება და ეს ორი ჯგუფი უკვე ზრუნავს იმაზე, რომ მათი გავლენა მომავალ პარლამენტში ძალიან ძლიერი იყოს. ამ რესურსებზე როცა ვლაპარაკობთ, აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ ოპოზიციასთან და უცხოელებთან ურთიერთობა არის. ადეიშვილი-ბოკერია-უგულავას ჯგუფის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათ მერაბიშვილ-ტყეშელაშვილისგან განსხვავებით თანამდებობების გამო მეტი კონტაქტი აქვთ უცხოელების ირგვლივ, მაგრამ ამის სამაგიეროდ მეორე მხარის ძალას ამყარებს ის, რომ მათ მეტი საყრდენი აქვთ საქართველოში ადგილობრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. რაც შეეხება ამ ჯგუფების ოპოზიციასთან ურთიერთობას.
ოპოზიციის კუთხით გარკვეული ტენდენცია იკვეთება და უკვე გამოიკვეთა კიდეც. რადიკალურ ოპოზიციასთან რა ხდება, არ ვიცით, თუმცა, წყაროს თქმით, ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიციის ერთ-ერთ ძალასთან ადეიშვილ-ბოკერია-უგულავას დაჯგუფებას უკვე აწყობილი ჰქონია საქმე. წყაროს მტკიცებით, ბოკერიას ჯგუფს “ქრისტიან-დემოკრატებთან" საერთო ენა ვერ გამოუნახავს, აი, “თავისუფალ-დემოკრატ" ალასანიასთან კი საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია და ალასანიას სახით საყრდენიც კი უპოვია. ისე, ბოკერია-ალასანიას ფარული გარიგების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა და საზოგადოებაც მათი შეხვედრების მომსწრე არაერთხელ გამხდარა. თუმცა, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, ამას ჩვენი კონფიდენციალური წყარო გვიმტკიცებს, რომელიც ამ სიტუაციებში ჩვენზე კარგადაა ჩახედული.
წყაროს მტკიცებით, “ნაცმოძრაობის" ეს ორი ჯგუფი ეცდება, რომ თითოეულს ჰყავდეს თავისი დეპუტატი პარლამენტში და ამიტომაც პარტნიორებს ოპოზიციაში ეძებს.
როგორც გითხარით, ადეიშვილი-უგულავა-ბოკერიას ჯგუფმა პარტნიორი უკვე გამონახა ალასანიას სახით. ბუნებრივია, იკითხავთ, რაში აწყობს ალასანიას ბოკერიას ჯგუფთან პარტნიორობაო? თავის მხრივ, ალასანიაც ეძებს საყრდენს იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდეს, ხელისუფლების დახმარების გარეშე კი პარლამენტში ვერ მოხვდება, აი, ამიტომ აწყობს მას ბოკერიასთან პარტნიორობა. რატომ ვერ მოხვდება ხელისუფლების დახმარების გარეშე პარლამენტში? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იმიტომ, რომ დაბალი რეიტინგი აქვს და მას იმის შანსიც კი არ აქვს, რომ არჩევნებზე ბარიერი გადალახოს და პარლამენტში მოხვდეს. შესაბამისად, ბოკერიასთან პარტნიორობა მას პარლამენტში მოხვედრის გამო სჭირდება. ადგილობრივი არჩევნების დროს ალასანიას “რესპუბლიკელების" და “ახალი მემარჯვენეების" მხარდამჭერებმაც დაუჭირეს მხარი და ასე თუ ისე, ნორმალური რაოდენობის ხმები დააგროვა. ახლა კი ის მარტოა და ცალკე მოთამაშედ არჩევნებში ბარიერის გადალახვასაც კი ვერ შეძლებს, - ირწმუნება წყარო. ბოკერიას კი, როგორც გითხარით, უნდა, რომ პარლამენტში თავისი დეპუტატი ჰყავდეს. “ხელი ხელს ბანსო" - აი, ამ პრინციპით მოქმედებს ალასანია-ბოკერიას დუეტი და ისინი ამაზე უკვე შეთანხმდნენ, - გვიმტკიცებს წყარო. ერთი სიტყვით, ბოკერიამ ალასანიასთან საერთო ენა გამონახა, “ქრისტიან-დემოკრატებთან" კი ვერა. რატომ? მათ შორის, სხვა თუ არაფერი, იდეოლოგიური სხვაობა მაინც არის.
“ქრისტიან-დემოკრატებიც" არ არიან ანგელოზები, თუმცა, ბოკერიასა და მისმომავალ პარტნიორ ალასანიასგან მენტალობით, ღირებულებებით და თუნდაც, წარსულით განსხვავდებიან ხომ, ამიტომ მათ შორის რაიმე ტიპის თანამშრომლობა ვერ შედგებოდა, - ირწმუნება წყარო. ერთი ხვრელიდან ამომძვრალი ორი სხვა გველი კი არ ილაპარაკებს ერთი სპარსულად და ერთი თურქულად ხომ? ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ალასანია ხომ კარგა ხანი ამ ხელისუფლების ნაწილი იყო? ასე რომ, ნურავის გაუკვირდება, ალასანია რომ ბოკერიას შეეკვრა, - გვიმტკიცებს წყარო.
“ახალი თაობა" ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “ჩვენი საქართველო-თავისუფალი-დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას დაუკავშირდა.
ირაკლი ალასანია: “ეგ თემა საერთოდ კომენტარსაც არ იმსახურებს".
ზყთყ ჩვენი კონფიდენციალური წყარო ე.წ. რადიკალურ ოპოზიციასაც გადასწვდა და აი, რა გვითხრა: - არეულობა და საპროტესტო გამოსვლები დღეს ყველაზე მეტადსააკაშვილს აწყობს და იცით რატომ? ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი რეალურად არაფერს აპირებს და აქციაზე გამოსულ ადამიანებს კვლავ სახლებში გაუშვებენ. რითაც საზოგადოებაში ამჯერადაც უდიდეს ნიჰილიზმს დათესავენ და ეს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.
იკითხავთ, რატომ იქცევიან რადიკალები ასეო. რატომ და რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას ჰყავს მოსყიდული, ნაწილი კი ტრანშის გამო გაჰყვირის და აანონსებს რევოლუციებს. ანუ ვინც მეტს იყვირებს, მეტ ფულს მიიღებს თავისი პატრონისგან, პატრონში რუსეთს ვგულისხმობ. როგორც ჩანს, მათ ფული შემოელიათ და დაიწყეს კიდევაც რევოლუციების დაანონსება, ირწმუნება წყარო.
არსებობს რამდენიმე რადიკალური ოპოზიციონერი, რომელსაც გულწრფელად უნდა ხელისუფლების შეცვლა, თუმცა, სამწუხაროდ, ამის ძალა არ შესწევს. წყაროს თქმით, გაზაფხულზე არაფერიც არ მოხდება და საუბრები იმის შესახებ, რომ წელსვე დაასრულებენ ხელისუფლებას, “ბლეფია" და მეტი არაფერი. რეალურად რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი არა რევოლუციისთვის, არამედ არჩევნებისთვის ემზადება და რევოლუციების და ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლის დაანონსებით ხალხს თვალში ნაცარს აყრის.