პოროშენკოს სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა დასავლეთმა აიძულა?!

პოროშენკოს სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა დასავლეთმა აიძულა?!

მამუკა არეშიძე: ,,პუტინმა უკან ან მართლა დაიხია, ან როგორც ყოველთვის, თამაშობს!'

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ექსმინისტრის, ინტერპოლით ძებნილ ზურაბ ადეიშვილის კიევში, ევროპის ბიზნესასოციაციის ფორუმზე გამოჩენა საკადრო დანიშვნით დაგვირგვინდა _ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმირების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარედ სურდა, რასაც მიშას საქართველოს მოქალაქეობა და მისი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების პერსპექტივა ეწირებოდა. მეგობარი ქვეყნის ზემოხსენებული საკადრო დანიშვნა ,,ქართულმა ოცნებამ' საქართველოს მიმართ არამეგობრულ დამოკიდებულებად შეაფასა. ზოგმა იხუმრა კიდეც, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი რამე თანამდებობაზე ჩვენთან ხომ არ მოგვიწვევიაო. ყოფილი პრემიერის თქმით კი, ეს ფაქტი სახიფათოა. ,,ადეიშვილმა და სააკაშვილმა აქედან გაასწრეს და შეიძლება, უკრაინიდან ვერ გამოასწრონ, ძველი ხელწერით თუ გააგრძელეს მოღვაწეობა', - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი... როგორ განვითარდება პროცესები? - ,,ვერსია' არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელს მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

- ეს კაცი ამ ფუნქციას არაფორმალურად ასრულებდა, ახლა კი, ეტყობა, სამართლებრივი ფორმა მიეცა და უსაფრთხოების გარანტიებიც მიიღო. ამხელა ქვეყნის მრჩევლის თანამდებობა უბრალო მდგომარეობა არაა. საერთოდ, პოროშენკო ძალიანაა დამოკიდებული დასავლური წრეების პოლიტიკასა და მათ ნებასურვილზე. ამ კონკრეტულ წრეებს წარმოადგენს, მაგალითად, სააკაშვილი. 

- ანუ პოროშენკო იძულებული გახდა? 
- ერთის მხრივ, იძულებულია, მაგრამ საქმე მთლად ისეც არაა, რომ პოროშენკოს სააკაშვილი არაფერში სჭირდებოდეს. სააკაშვილი ერთგვარი ,,მოტორია' და თუ რამე მოინდომა, ამის გაკეთებას აუცილებლად შეეცდება. ამჯერად, პოროშენკოს სჭირდება სააკაშვილისნაირი ფიგურა ამერიკულ სამხედრო წრეებთან კომუნიკაციისთვის - დღეს უკრაინის იარაღით მომარაგება მხოლოდ აშშ-ს შეუძლია, სააკაშვილი ამ საქმეში ივარგებს. 

- უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ ეს ვარიანტი არც გამოირიცხება... 
- პოლიტიკოსების სიტყვებს, განსაკუთრებით იმას, რასაც ოფიციალურად ამბობენ, ყოველთვის არ უნდა ვენდოთ. მსოფლიო ისტორიაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ერთი ითქმება და მეორე სრულდება. აშშ-მ უკრაინას შესაძლოა, მთლიანად არ მიაწოდოს შეიარაღება, მაგრამ მიაწოდოს თემატური შეიარაღება, მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო. ისეც შეიძლება, რომ აშშ-მ კი არა, კანადამ მიაწოდოს. 

- ამიტომ გაემგზავრა მერკელი ვაშინგტონიდან კანადაში? 
- არ გამოვრიცხავ... მერკელი ყველანაირად ცდილობს, ეს ომი ევროპასა და მსოფლიოს აარიდოს. 

- თუმცა, ობამა ვერ გადაარწმუნა... 
- ამიტომ უკრაინაში ომის დაწყებას არ გამოვრიცხავ, დღეს ვითარება 50/50-ზეა, რაც ჩვენთვისაც არაა სასურველი და არა მხოლოდ რუსეთიდან საფრთხის გამო. წარმოვიდგინოთ, რომ იქ დაიწყო სერიოზული მასშტაბური ომი, აქ მაშინვე დაიწყება ყარაბაღის ომი... რა შეაჩერებს ისლამისტურ შემოტევას? მასშტაბური ომის შემთხვევაში, ეს შემაკავებელი ფაქტორები მოისპობა. ერევანიც და ბაქოც უყურებს მოსკოვს, აბა, რას იტყვისო. 

- ყარაბაღს რუსეთი აჩერებს? 
- საერთაშორისო ძალების დაბალანსება ხდება. ყარაბაღის შემთხვევაში, ერთის მხრივ, ესაა აშშ, რომელსაც წინა პლანზე ჰყავს საფრანგეთი, მეორე მხარეს რუსეთია. ესენი სხვა მასშტაბური პრობლემით არიან დაკავებულნი და ვის ეცლება ყარაბაღისთვის? 

- საუბარია უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე. მაინც, რა სახის იარაღია?
- არალეტალური იარაღია, მაგალითად, ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი. ლეტალური შეიარაღება კი, მხოლოდ ცეცხლსასროლი კი არა, სხვადასხვა ტიპის იარაღიცაა, მათ შორის, საარტილერიო დანადგარები ან მსუბუქი არტილერია - ნაღმმტყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. ლეტალურს ასევე ეძახიან თავდაცვით იარაღს, რომელიც შემაკავებელ- გამანადგურებელია, მაგალითად, სარაკეტო კომპლექსები, ,,სმერჩი', ,,ურაგანი'. 

- ისე, ბატონო მამუკა, ,,ოცნებას' საყვედურობენ, უკრაინის დახმარება დააგვიანეო... 
- არ დაუგვიანია. საქართველოს ხელისუფლება ძალიან დელიკატურად და სწორად იქცევა და ასე, ნეტავ, სხვა რამეში მოქცეულიყო, მაგალითად, საშინაო პოლიტიკაში. ძალიან კარგად ჩანდა პირველივე დღეებიდან, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის ბევრად ახლობელი იყო საქართველოს წინა ხელისუფლება, ვიდრე დღევანდელი. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც არც თქმულა. რომ არა სანდრო კვიტაშვილი, რომელიც იქ მინისტრად დაინიშნა და თქვა, ყველაზე მეტი რაოდენობის სამედიცინო დახმარება უკრაინამ საქართველოდან მიიღოო. ჩვენ ხელისუფლებას რა სჭირს, ვერ გავიგე: რასაც ცუდს აკეთებს, იმაზე ხომ არ ლაპარაკობს და რასაც კარგს აკეთებს, იმაზეც ხმას ვერ იღებს. უბედურება ისაა, ქართველი ბიჭები რომ იხოცებიან უკრაინაში, ფრონტის ორივე მხარეს... საქართველოს უკრაინის მიმართ გარკვეული ვალდებულებაც აქვს და ურთიერთობის გამოცდილებაც. 

- აშშ- კონგრესმენი მაიკლ ტერნერი, რომელიც ნატო- საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიცაა, ინტერპოლს მოუწოდებს, არ დააკმაყოფილოს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით... 
- ჩემთვის ეს მოსალოდნელი იყო. რატომ გვგონია, რომ აუცილებლად მხარს დაგვიჭერდა მსოფლიოს ყველა პოლიტიკური მოღვაწე და ძებნას სააკაშვილს დაუწყებდა? სააკაშვილი დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ძალების პროდუქტია. აშშ-ში ასეთებს ნეოკონსერვატორებს ეძახიან. არიან კიდევ სხვებიც, რომლებთანაც გარკვეული ურთიერთობა სააკაშვილს თავისი პიარჯგუფების მეშვეობით აქვს, თუნდაც ბილდტის სკანდალი გავიხსენოთ. აქედან გამომდინარე სულ არ მიკვირს ასეთი ტიპის განცხადებები. ნაცმოძრაობის მხარდამჭერი მედიასაშუალებები ამბობენ, დასავლეთმა ასე შეაფასა სააკაშვილის დევნაო. დასავლეთმა კი არა, ერთმა კაცმა შეაფასა - ტერნერი კონგრესმენია, პლუს, ნატო- ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია, მაგრამ მის წერილში არ წერია, სააკაშვილის დევნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო... მთავარია, ეს ადამიანი, ძებნის ფორმატით, უკვე დისკრედიტირებულია, რაც უკრაინელებისთვისაც დისკომფორტს ქმნის. 

- ზურაბ ადეიშვილის დანიშვნასაც უნდა ველოდეთ? 
- ის ინტერპოლის ძებნილია და არ მგონია, რამე თანამდებობაზე დაინიშნოს, თუმცა საერთაშორისო ბიზნესფორუმზე ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო. ამაზე ჩვენ ნაკლებად უნდა ვინერვიულოთ. რეალობა უნდა ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას - საქართველოს ხვალინდელი დღისა და სტაბილურობისთვის ფრონტის ხაზი დღეს ნამდვილად უკრაინაში გადის, მაგრამ ხალხს არც ის უნდა დავუმალოთ, რომ პოროშენკოს კუთვნილი ტკბილეულის ქარხნის ,,როშეს' პროდუქცია რუსეთში თავისუფლად იყიდება. პარადოქსია, არა? 

- ბატონო მამუკა, წინა კვირას მსოფლიოს ყურადღება მინსკისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ,,ნორმანდიულმა ოთხეულმა' მოლაპარაკებები გამართა. რუსული პრესის თქმით, პუტინმა უკან დაიხია... 
- პუტინს სხვა გზა არ აქვს. საქმე ეკონომიკურ სანქციებში კი არა, რესურსის ამოწურვაშია. თავისთავად, რაც ეკონომიკურ სანქციებზე გვესმის, მედლის მხოლოდ ერთი მხარეა, თან ნაკლებად მნიშვნელოვანი. განა, რუსებმა არ იციან მთელ ამ საფრთხეზე? - მთელი თავიანთი ეკონომიკის გადამისამართება აღმოსავლეთისაკენ ანუ ჩინეთისკენ დაიწყეს, რაც 10 წლის შემდეგ ჩინეთის სერიოზულ კაბალაში ჩავარდნას ნიშნავს. ეს რუს მოაზროვნეებს ესმით, მაგრამ ამის გაგება კრემლში არ უნდათ, თუმცა, როგორც იქნა, ეს პუტინის თავშიც შევიდა და ამიტომ, უკან ან მართლა დაიხია, ან, როგორც ყოველთვის, თამაშობს. 

- ნაცმოძრაობა თავდაცვის მინისტრს ნატო- საწვრთნელი ბაზის მშენებლობის ხელშეშლაში ადანაშაულებს. იმასაც ამბობენ, ირაკლი ალასანია სწორედ ამ ცენტრს შეეწირაო. ხელისუფლებას რუსეთის აგრესიის გააქტიურება ხომ არ აფრთხობს? 
- ალასანია შიდაკოალიციურ დაპირისპირებას შეეწირა, მაგრამ ნაწილობრივ, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მისი ზედმეტად პროდასავლურობა ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შემქმნელი იყო, ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნია ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. ამაში ისეთი ნიუანსებია, რომ შეიძლება ვერ მოვახერხოთ სიმართლის დადგენა. რაც შეეხება ნატო- ს საწვრთნელ ცენტრებს, რასაკვირველია, გარკვეული ხიფათისა და გამოწვევის შემცველია. დარწმუნებული რომ ვიყო, რუსეთი საქართველოს მიმართულებით რამეს არ ჩაიდენს, ვიტყოდი, ეს ცენტრი საჭირო არაა-მეთქი, მაგრამ როცა რუსეთი დასაბმელია და ვხედავ, რომ დასავლეთი მის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებით ეფექტიანი ვერ არის, ამ თემის განხილვა ნამდვილად ღირს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქართულ- რუსული ურთიერთობების ახალი ფორმატის შექმნა დაიწყო. რუსებმა ერთგვარი გამოცდა ჩაუტარეს საქართველოს ხელისუფლებას და როგორც კი აქ საზოგადოება აყვირდა, იმწუთას კარასინმა (ვინ ეკითხება, მაგრამ მაინც), პირადი ბრძანებით, გააჩერა ბორდერიზაცია ანუ მიგვანიშნეს, რომ ეს არის პროცესი, სადაც გადაწყვეტილების მიღება შეიძლება. ვგულისხმობ კარასინი- აბაშიძის მოლაპარაკების ჟენევის ფორმატს. როცა ხელი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ, დაიწყო რუსეთ- აფხაზური ხელშეკრულების მომზადება. როგორც კი ნატო- ს საწვრთნელი ცენტრის განლაგებაზე საუბარი აქტიურად დავიწყეთ, მათ ეს პროცესი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაააქტიურეს. გალში სამხედრო მზადება და ის, რაც მოხდა გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში, რასაკვირველია, ერთმანეთთანაა დაკავშირებული და უნდა ვიცოდეთ, რომ რუსები თავისას არ მოეშვებიან, რაც უნდა ჩაბმულები იყვნენ უკრაინასთან კონფლიქტში, თუ არ დაიწყო მართლა მასშტაბური ომი დასავლეთთან. ან ამას უნდა შევეგუოთ, ან პოლიტიკა შევცვალოთ. ერთი და იგივე ფოცხს ვაბიჯებთ განუწყვეტლივ და მერე შუბლში ამ ფოცხის ტარი გვხვდება. ახლა უმჯობესია, ყველაფერი შეაჩერონ, ვიდრე არ გაირკვევა ვითარება. ან შეაჩერონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების გააქტიურებაზე გადავიდნენ. მესმის, რომ დასავლეთის წინაშე საქართველოს სერიოზული ვალდებულება აქვს და ამ ვალდებულებების ფორმატიდან გამოსვლა ძალიან რთულია, მაგრამ გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანები გამოსავალს ყოველთვის პოულობენ და მსოფლიო ისტორიას ამის მაგალითები აქვს.