“გულნატკენი, გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული” ეკა ბესელია არც “რვიანს” წყალობს, არც სახალხო კრებას და არც მშობლიურ პარტიას. პოლიტიკური თამაშებიდან დროებით პოლიტიკური პატიმრების სადარაჯოზე გადანაცვლებულმა ჯერ არც ის იცის, მომავალ კონფიგურაციაში რა პოზიციას დაიჭერს. როგორ აფასებს მიმდინარე პროცესებს, რას ურჩევს “რვიანსა” და სახალხო კრებას და ვისთან ერთად აპირებს უახლოეს მომავალში სუპერაქტიურობას - “ვერსიას” ეკა ბესელია ესაუბრება:
თვეების წინ პოლიტიკურად ყველაზე აქტიური ეკა ბესელია, დღეს მხოლოდ პატიმრების უფლებებზე საუბრობს და შიგადაშიგ სხვების აქციებზეც ჩნდება. რა ხდება?
- სუპერაქტიურობისთვის ვემზადები! პროცესში საშუალო დოზით ყოფნა არ შემიძლია. 25 ნოემბერს საკუთარ თავს ვუთხარი, შეცდომის დაშვების უფლება აღარ მაქვს-მეთქი. დროა, პოლიტიკური რომანტიზმიდან რეალურ სივრცეში გადავიდე, რომელიც იმ ტიპის ილუზიებსა და მოლოდინებს გამორიცხავს, რაც 25 ნოემბერს მქონდა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ბოლო ცივი შხაპი იყო, რომელმაც ბესელია კარგად შეაჯანჯღარა. ამიტომ მთელი ეს პერიოდი ძალების აღდგენისთვის დამჭირდა. მე და თქვენ ამ თემას აუცილებად მივუბრუნდებით და საზოგადოება ჩემგან სიმართლეს გაიგებს, ამ დრომდე კი ბევრი არაა დარჩენილი. დღევანდელ დღეს რაც შეეხება,
ქვეყანაში ისეთ ბრძოლას ვერ ვხედავ, სადაც საკუთარ თავს დავინახავდი. ყველაფერი დროის გაყვანაა. მე არ ვივლი პოლიტსაბჭოს სხდომებზე და ისეთი ტიპის შეკრებებზე, რომელიც ამ რეჟიმის სწრაფად შეცვლას არ ემსახურება. მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლე გავიღო სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ აქტიურია ის, ვინც 4 და 5 საათი საბჭოს სხომაზე ზის.
მაშინ, რას ნიშნავს ის უძრავი პოზიცია, რაც ახლა გაქვთ კრებაში? არც ტოვებთ, არც წევრის უფლებამოსილებას იყენებთ, ეგ არის აქტიურობა?
- მოდით, ასე ვთქვათ - ჩემთვის კრება ორგანიზაცია და დაწესებულება არაა, სადაც ადამიანები თავიანთ აზრს გამოხატავენ. კრება იდეაა. კრების მანდატზე, რომელიც ხალხმა 25-ში მომცა, უარის თქმის უფლება არ მაქვს, ამიტომ ამ უფლებამოსილებას არ ვიხსნი, მაგრამ, ისიც ზუსტად ვიცი, რომ ხალხს კრებაზე საბჭოს სხდომებზე თვეობით სასიარულოდ არ ავურჩევივარ.
ვიღაცები კი ფიქრობენ, რომ ხალხს ზურგი შეაქციეთ.
- ის ან თავხედი და ტუტუცია, ან, უბრალოდ, ბოროტი ადამიანი. თუ დახურულ სხდომას არ ვესწრები, ეს იმას ნიშნავს, რომ მე რაღაცას არ ვაკეთებ და იქ რომ ვიყო, სხვა შედეგი დადგებოდა? მე მოქმედებების ადამიანი ვარ და არა ის ქალი, ვინც გაუთავებელ თათბირებს ესწრება. სახალხო კრებასთან ერთი რჩევა მექნება - 2 მაისს მაინც ნუღარ გადააცილებენ. ეს კომიტეტებიც კარგია და ყველაფერიც, მაგრამ რატომ შეიძლება 2 მაისს გამოცხადდეს კონკრეტული თარიღი და გეგმები და ეს 25 ნოემბერს რატომ არ შეიძლებოდა?
გეტყვიან, მზაობა არ იყოო.
- იცით რა, თუ გამოგვიცხადეს, რომ კრების გადაწყვეტილებას მხარს 700 000-ზე მეტი ადამიანი უჭერდა, ე.ი. მზაობა იყო. არ მესმის, რა საჭირო იყო პროცესის გაწელვა. პროცესი, რომელიც მართლა ამდენი ადამიანისგან მოდის, ბუნებრივად ხდება, თორემ ასე, შეიძლება, საზოგადოება მზად არასდროს არაფრისთვის აღმოჩნდეს და ეს კომიტეტების გახსნაც აღარასდროს დასრულდეს.
ვარ გულნატკენი, გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული იმის გამო, რაც თუნდაც 25 მარტს ვნახე, როცა გია ბურჯანაძე დააკავეს. მაშინ, ჩემს იურისტებს მისი დაცვა ვთხოვე და გვიანობამდე სასამართლოში ვიყავით, მაგრამ იქ ბევრი ის ადამიანი არ მინახავს, ვინც უნდა ყოფილიყო. არავის მადლიერება არ მჭირდება, მაგრამ ლაშა ამირეჯიბისა და რეზო ესაძის მეტს ჩემთან არავის დაურეკავს. არც არავის დაძახება მინდა, არც შეძახილი, არც მოტივაციის შექმნა. თვითონ ვარ მოტივირებული, უბრალოდ, ამ სხდომებზე ჯდომის აზრს ვერ ვხედავ.
სამაგიეროდ, იჯექით “რვიანისა” და საზოგადოების შეხვედრაზე, რომელიც ასევე არაფრით დასრულდა. განსაკუთრებით არც ამ მიმართულებით აქტიურობთ.
- ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა შეხვედრაზე ვიყავი და არაფრის თქმის სურვილი არ გამიჩნდა. მოდით, ახლა თქვენი მეშვეობით, საჯაროდ ვეტყვი - იმას დიდი ფიქრი არ სჭირდება, რომ იმ განცხადების შემდეგ, რაც მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების თაობაზე გააკეთეს, შემდეგი ნაბიჯი მათი აქტივისტების მობილიზება და საჯარო აქტიურობის კამპანიის დაწყება, ანუ, მარტივად, გარეთ გასვლა უნდა იყოს. თუ მათ ეს მხარდაჭერა ქუჩაში არ აქვთ, ე.ი. ამ პროცესს მხარდაჭერა საერთოდ არ ჰქონია. “რვიანს” მასშტაბური აქციების არ უნდა შეეშინდეს, საზოგადოება კი ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური უფლებისთვის ბრძოლას უნდა მივაჩვიოთ და არა მხოლოდ საკრალურ თარიღზე გამოსვლას.
და თქვენ სად ხართ ამასობაში, თავად რატომ არ მოქმედებთ?
- ჯერჯერობით, მზად არ ვარ, რაღაც პროცესის ორგანიზატორი ვიყო. გარწმუნებთ, საქართველოში პოლიტიკა არ არის. მე კი მას მარტო ვერ გავაკეთებ, ამიტომ ახლა თანამოაზრეებს ვეძებ. თუმცა მაინც იდეალისტად ვრჩები - არც ვინმეს პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლებ და არც ვინმესთვის ძალაუფლების დასაბრუნებლად. მინდა, რისთვისაც პოლიტიკაში მოვედი, იმას იმ ხალხთან ერთად მივაღწიო, ვისთანაც საერთოს ვიპოვი.
და ვისთან ეძებთ საერთოს? იმათთან ხომ არა, ვისთანაც საერთოდ მოხვედით პოლიტიკაში?
- საუბარი ყველასთან შემიძლია. ჯერჯერობით, არც იმის თქმა შემიძლია, რომ ვინმესთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზად ვარ. რაც შეეხება ოქრუაშვილის პარტიას, იქ არასდროს შევალ, რადგან ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ არ შევდივარ. რისთვის წამოვედი, თუ ისევ იქ უნდა მივსულიყავი? ასე რომ, ეს გამორიცხულია.
მაგრამ რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ საქართველოში პოლიტიკა არ კეთდება, პროცესი მაინც იცვლება. შესაძლოა, “ფორუმმა” “რვიანი” და რევოლუციონერები დააკავშიროს, თქვენ კი კავშირი ყველასთან ისევე გამორიცხეთ, როგორც კრებაში დაბრუნება. ამ ახალ გადათამაშებაშიც პასიური უნდა იყოთ?
სად უნდა დავბრუნდე და სად რა პოზიცია უნდა დავიჭირო, მართლა მაინტერესებს?! ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ხალხმა უნდობლობა გამოაცხადა? სადაა ეს უნდობლობა, სადაა ულტიმატუმის ვადა?
სად დავბრუნდე, მითხარით და დავბრუნდები. ბრძოლაში მინდა ვიყო და არა იქ, სადაც აქტიურობისკენ გადადმულ ნაბიჯს პროვოკაციად აფასებენ, არც ხელში ვარდების დასაკავებლად ავურჩევივარ ვინმეს. არ მინდა, ამდენჯერ ვიყო მოტყუებული. არც მაშინ ვახლდი არავის და არც ახლა ვიქნები ვინმეს ხელში ბრმა იარაღი. მე მხოლოდ ჩემს თავს ვახლავარ. პროცესში ტივტივი და ეკრანზე ხშირად გამოჩენა, ჩემი ცხოვრების ამოაცანა არაა. მინდა, სააკაშვილის რეჟიმი ძალიან მოკლე დროში შეიცვალოს და ვფიქრობ, ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. არ ვიქნები თამასადქცეული პოლიტიკის ნაწილი და არც პაუზა, თუ ტაიმ-აუტი მაქვს აღებული, როგორც ამას ზოგიერთები აცხადებენ. ეს იმათ აიღეს პაუზა, ვინც პროცესი 2011 წლამდე გაწელა.
დასაწყისში მითხარით, სუპერაქტიური ვხდებიო, ამ შეფასებების მერე კი, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ეს როგორ და ვისთან ერთად უნდა გააკეთოთ?
- პროცესის ინიციატორი მხოლოდ თანამოაზრეებთან ერთად შეიძლება გავხდე. დაგეგმო პროცესი თანამოაზრეებთან ერთად და შედეგზე პასუხისმგებლობა აიღო - აი, ესაა სუპერაქტიურობა. სამწუხაროდ, თანამოაზრეებშიც არ არის დიდი არჩევანი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: არც გავჩერდები და არც ის ადამიანი ვარ, ვინც გაიბუტება და ბრძოლაზე ხელს ჩაიქნევს.