ამერიკამ სააკაშვილზე ხელი ჩაიქნია

ამერიკამ სააკაშვილზე ხელი ჩაიქნია

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფაქტობრივად გამორიცხავს ისრაელის მიერ აფხაზეთის აღიარებას, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა  და ოსეთის ტერიტორიები სხვა ქვეყნებს საჯიჯგნად დაუტოვა.

 

საქართველოს ხელისუფლება უდიდეს შეცდომებს უშვებს, რომელიც უკვე დანაშაულზე მძიმეა. რა შუაშია ისრაელი და აფხაზეთი, როდესაც ჩვენ თვითონ არ გვაქვს სწორი პოლიტიკა აფხაზებთან მიმართებით და ბოლომდე მივყარეთ ჩვენი წინდაუხედავი სტრატეგიითა და პრემიერ-მინისტრის 2010 წლის 15  ოქტომბრის დადგენილებით, საერთოდ იზოლაციაში მოვაქციეთ ეს მხარეები და რუსეთს ბოლომდე მივეცით საჯიჯგნად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

 

რატომ წავიდა სააკაშვილი და მისი გუნდი ებრაელ ბიზნესმენებთან ასეთ მასშტაბურ პროვოკაციაზე, რატომ ჩაიქნია ამერიკამ ხელი საქართველოზე და რატომ ფიქრობს ექსპერტი, რომ საქართველო ტყემალზე ზის იმ საკითხთან მიმართებით, რომელსაც რუსეთის მსო-ში გაწევრიანება ჰქვია? - ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილთან.

 

ბატონო პაატა, რა ვითარებაში აღმოჩნდა საქართველო ისრაელთან მიმართებით ებრაელი ბიზნესმენების დაპატიმრების შემდგომ და რამდენად წინდაუხედავ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს სააკაშვილის ხელისუფლება?

- რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია საქართველო ამ მდგომარეობაშია. ისრაელთან ურთიერთობებშიც და სხვა ურთიერთობებშიც, იგივე ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით, ყველგან ჩანს, რომ საქართველო ძალიან უცნაურად, არაკომპეტენტურად, არაკვალიფიციურად და ხშირად გამომწვევად იქცევა. ისრაელის ბიზნესმენებთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მხრიდან ეს უფრო რაღაც პროვოკაციას ჰგავდა. რა თქმა უნდა, არც ებრაელი ბიზნესმენები იყვნენ ანგელოზები და აშკარად პროვოკაციას წამოეგნენ, მაგრამ პროვოკაცია საქართველოს მხრიდან მოდიოდა. საქმე დაახლოებით ჰგავს იმას, რაც თავის დროზე პროვოკაციაზე წამოაგეს შალვა რამიშვილი. შეიძლება, შალვა რამიშვილი სწორად არ მოიქცა, მაგრამ ხელისუფლება იყო მის წინაშე უფრო დამნაშავე და საზოგადოების წინაშე მან პროვოცირება მოაწყო დანაშაულის ჩადენისა. ასეთივე განწყობაა მსოფლიოში ისრაელის ბიზნესმენებთან დაკავშირებით, რომ ეს არის პროვოცირებული. შესაბამისად, შეიძლება, ბიზნესმენები არ არიან ანგელოზები და არავინ მოითხოვოს, რომ ისინი აღიარებულ იქნენ უდანაშაულო ადამიანებად, მაგრამ საქართველოს მხრიდან მათი პროვოკაციასა და დანაშაულში ჩათრევა, რა თქმა უნდა, თვალშისაცემია და კიდევ ერთხელ არღვევს იმიჯს საქართველოსას, როგორც თითქოსდა სანდოს საინვესტიციო გარემოს მქონე სახელმწიფოს  მიმართ.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ებრაელ ბიზნესმენებთან მიმართებით პრემიერ-მინისტრი ანუ ხელისუფლებაა ჩარეული, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ ვერ გათვალა ამ პროვოკაციის შედეგები თუ ეს ყველაფერი აწყობდა? ფაქტია, პრეზიდენტი დაინტერესებულია, ქვეყნის გარეთ კარგი იმიჯი ჰქონდეს და სერიოზულ პიარს იკეთებს.

- ის, ვალი რომლის გადახდაც საქართველოს უწევდა, თუ არ ვცდები, 200 მლნ დოლარზეა ლაპარაკი, ეს იმდენად დიდი ვალი იყო, რომ თვალები დაუბნელდათ ამათ და ჩათვალეს, რომ ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა. ინვესტიციები საქართველოში მაინც არ შემოდის. ეს ფაქტია. ეს მხოლოდ შიდა მოხმარებისა და ამომრჩევლისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად სჭირდება, თითქოსდა საქართველოში რაღაცები ხდება. სინამდვილეში არაფერიც არ ხდება. არანაირი ინვესტიციები არ შემოდის. ამ ფონზე, როცა ინვესტიციები არ შემოდის, ბიუჯეტიდან 200 მლნ დოლარი გადინებულიყო, ეს იყო საკმაოდ სერიოზული თანხა და ამიტომ ხელისუფლება ვაბანკზე წავიდა. ესენი წავიდნენ ასეთ გამომწვევ ნაბიჯზე და ებრაელი ბიზნესმენები პროვოკაციაშიჩაითრიეს.

 

როგორ ფიქრობთ, ეს პროვოკაცია ხელისუფლებას შერჩება? არსებობს აზრი, რომ ამით ამერიკასთანაც გაუფუჭდება საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობა.

- ამერიკას სააკაშვილზე უკვე დიდი ხანია ხელი ჩაქნეული აქვს. შერჩება-არშერჩება, რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არავინ არა ვართ. რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო მსოფლიოსთვის კიდევ რაღაცას წარმოადგენს. რუსეთის გარდა, საქართველო არავისთვის არაფერს არ წარმოადგენს. ერთადერთი რუსეთი კიდევ ახსენებს ხოლმე საქართველოს, ოღონდ - უკუღმართ ფორმებში. კიდევ კარგი, ამით მაინც ახსენებს, თორემ ისე საქართველოს არავინ აღარ ახსენებს. გუშინ გამოვიდა მედვედევი, ილაპარაკა საქართველოს აგრესიაზე სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და ამით კიდევ შეახსენა მსოფლიოს საქართველო. სხვა არავინ ახსენებს არანაირ კონტექსტში საქართველოს. ამიტომ ნუ გვგონია, რომ ჩვენზე ფიქრობენ, ჩვენზე ზრუნავენ და ძალიან აინტერესებთ გაიგონ, საქართველოში რა ხდება. არა, ბატონო, ანუ ისრაელის საქმეს რაც ეხება, ისრაელის გარდა, ამას არავინ გაიგებს. ყველამ იცის, რომ საქართველო მათთვის ჩამოწერილი სახელმწიფოა. აქ არავითარი ინვესტიციები არ შემოდის. ფოთის პორტი ავიღოთ. ფოთის პორტი ვერ მოასწრო ხელისუფლებამ გაეყიდა 2008 წელს, დღეს ისევ გაიყიდა. რამდენჯერ უნდა გაიყიდოს ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი? ანუ არავის არ უნდა. რა თქვეს "რაკიინის" ინვესტორებმა? - რომ ჩვენთვის ფოთის პორტი აღმოჩნდა არასტრატეგიული მნიშვნელობის, ანუ არაფერი საინტერესო არ ხდება. ამიტომ ყველა ინვესტორი გადის.

 

ეს გასაგებია, მაგრამ, როცა საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებს ეხება, აქ ხელისუფლება ხომ უფრო მეტად დაფიქრებულად უნდა მოქმედებდეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა შესაძლოა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

- არა მგონია, ისრაელმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. თუ ისრაელი აღიარებს, ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ იქნება, მაგრამ იმაზე მძიმე შედეგი არ ექნება, რაც უკვე მოხდა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარებით. ეს უფრო საშინელებაა. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, კარგი არაა. მაგრამ მე, პირადად, ეჭვი მეპარება, რომ ისრაელმა აფხაზეთი აღიაროს. საქართველოს ხელისუფლება უდიდეს შეცდომებს უშვებს, რომელიც უკვე დანაშაულზე მძიმეა, იმიტომ რომ, რა შუაშია ისრაელი და აფხაზეთი, როდესაც ჩვენ თვითონ არ გვაქვს სწორი პოლიტიკა აფხაზებთან მიმართებით და ბოლომდე მივყარეთ ჩვენი წინდაუხედავი სტრატეგიითა და პრემიერ-მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით, საერთოდ იზოლაციაში მოვაქციეთ ეს მხარეები და რუსეთს ბოლომდე მივეცით საჯიჯგნად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რომელ ისრაელის აღიარებაზეა ლაპარაკი, როდესაც ჩვენ თვითონ პრაქტიკულად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს ტერიტორიები სხვებმა აღიარონ, ანუ საქართველო ყველა მიმართულებით იქცევა აბსოლუტურად უგუნურად, როგორც უგუნურად ექცევა თავის ხალხს და 7 ნოემბერი გაიხსენეთ, აქედან მოყოლებული, ასევე ხდება დღემდე. როგორც უგუნურად მოქმედებს ოპოზიციურ რვიანთან მოლაპარაკებებში, როგორც არ უნდა ხელისუფლებას, დათმოს და ნაწილიც არ უნდა დატოვოს ხელისუფლების, ასევე უგუნურად იქცევა ყველგან და ყველაფერში. თუ ორგანიზმი ავადმყოფია, ის ყველაფერში ავადმყოფურად იქცევა, ავადმყოფური გამოვლინებები აქვს.

 

მხოლოდ პიარისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ დეოკუპაციის მოთხოვნა?

- მთელ მსოფლიოს სჭირდება რუსეთი, იყოს მსო-ს წევრი. სააკაშვილი გამოდის და უტიფრად ამბობს, რომ თუ რუსეთს უნდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ტერიტორიები საქართველოს დაუთმოს და ყველამ იცის, რომ წევრობა რუსეთს არ უნდა. უფრო სწორად, რუსეთს კი უნდა, მაგრამ მსოფლიოს უფრო უნდა რუსეთის მსო-ს წევრობა. ამიტომ სააკაშვილი როცა ამბობს, რუსეთს თუ უნდაო, რუსეთი ეუბნება, სულ ფეხზე არ მკიდია თქვენი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია?! არ მიმიღებთ და ნუ მიმიღებთ. ჩემია ტერიტორია, რასაც მინდა, იმას გავყიდი. რასაც მინდა, იმ პროდუქციას შემოვუშვებ და რა ფასსაც მინდა, იმას დავადებ. გინდათ ვიყო მსო-ს წევრი? მიხედეთ საქართველოს. საქართველო კიდევ გამოდის და თითქოს ტყემალზე ზის, ამბობს, თუ რუსეთს უნდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ამ დროს მთელი მსოფლიო ყვირის, არა, ჩვენ გვინდა რუსეთის მსო-ს წევრობაო. მაგრამ ეს სააკაშვილს არ ესმის. აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანი ამით უკვე პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდა.

 

შეიძლება, ეს იმის საწინდარიც გახდეს, რომ სააკაშვილი მსოფლიოს

ლიდერების მხრიდან გარიყული აღმოჩნდეს?

- სააკაშვილი უკვე დიდი ხანია გარიყულია. ობამა სააკაშვილს შემთხვევით შეხვდა დერეფანში. მას ობამასთან ჯერ კიდევ არ ჰქონია შეხვედრა, როგორც პრეზიდენტს პრეზიდენტთან. საქართველოს დროშასთან და ამერიკის დროშასთან არ დამდგარა არც ერთი პრეზიდენტი. ეს ყველა შეხვედრა იყო შემთხვევითი, რა თქმა უნდა, ჩაწყობილი, ანუ ვიღაცებმა მოაწყვეს შესაბამისად, მაგრამ ეს იყო ობამას შეხვედრა სააკაშვილთან და არა ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. ამიტომ ვამბობ, რომ დიდი ხანია გარიყულები ვართ. სარკოზი შეხვდა იმიტომ, რომ მეორე დღეს პუტინი ჩამოდიოდა, ანუ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოდიოდა. რანგით უფრო დაბალი დონის იყო და რანგის უფრო მაღალი დონის ადამიანი დაიბარეს - სააკაშვილი, რომელიც თვეების განმავლობაში ეხვეწებოდა სარკოზის შეხვედრაზე, რათა პუტინის შეხვედრის წინ სააკაშვილს არ გაეფუჭებინა ამინდი და “მისტრალზე" ცუდი არ ელაპარაკა, ვინაიდან “მისტრალზე" მოლაპარაკებები პუტინთან მიმდინარეობდა. გამოვიდა სააკაშვილი სარკოზისგან. ბედნიერი იყო, რადგან, როგორც იქნა, სარკოზიმ დათმო, მიიღო და განუცხადა, რომ საქართველოს პრეტენზიები არ აქვს 'მისტრალთან" დაკავშირებით. მორჩა. არანაირი სხვა ფორმით საქართველოსთან არავის კონტაქტი არ აქვს, თუ არა რუსეთთან კონტექსტში, რათა რუსეთი არ გააღიზიანოს. გააღიზიანოს, თავში ქვა უხლია, ეს განწყობაა. მთავარია, რუსეთთან ჩვენ ურთიერთობა არ შეგვიშალოს, ანუ ჩვენ ევროკავშირს ურთიერთობა არ შეგვიშალოს. ჩვენ - შტატებს, რუსეთთან ურთიერთობა არ შეგვიშალოს. ამიტომ რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში ხვდებიან ხოლმე სააკაშვილს. სააკაშვილი ამას იფორმებს არჩევნების კონტექსტში, რათა საზოგადოებას თავი მოაწონოს, თითქოსდა ვიღაცები ხვდებიან. სინამდვილეში სააკაშვილს იმიტომ ხვდებიან, რომ რუსული ანეკდოტების სერიები რომ იყო, “ვოვოჩკას" სერიები. ეს არის აბეზარი ბიჭი, რომელიც, თუ კონტაქტი არ გექნება, საქმეს გაგიფუჭებს. სააკაშვილი მსოფლიოსთვის "ვოვოჩკად" იქცა. ახალგაზრდებმა არ იციან, მთელი სერიალები იყო რუსულ ანეკდოტურ სივრცეში 'ვოვოჩკაზე". აი, სააკაშვილი გახდა “ვოვოჩკა".

 

ბატონო პაატა, რამდენად არის რეალობასთან ახლოს ინფორმაციები, რომლებიც სომხური მედიით ვრცელდება და რომლებიც საქართველოში ახალი კონფლიქტური კერების გაჩენაზე მიანიშნებს? მართლა მძიმე ვითარებაა ჯავახეთში და ცხელი კერების ნიადაგი მართლაც არსებობს?

- არა, არანაირად არ არის ამის ნიადაგი. პრესაში ჩვენთანაც ჩნდება ათასგვარი ინფორმაცია. ამან არ უნდა დაგვაფრთხოს. მე კარგად ვიცნობ სომხურ კონტრაქტს. სომხურ საზოგადოებაში, ელიტაში, ხელისუფლებაში - არ არის. მარგინალების დონეზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენც გვყავს მარგინალები და ჩვენც ათას რაღაცას გავიძახით. ჩვენთან ზოგიერთი მარგინალი ფიქრობს იმას, რომ ტაო-კლარჯეთი დაიბრუნოს. რა, ასეთი რაღაც არ არის?! ასეთი მარგინალები სომხეთშიც არიან და  ყველგანაც.