271 წართმეული საჩუქარი

271 წართმეული საჩუქარი

დღეს არასამთვრობოთა კოალიცია საკურორტო ზონაში - აჭარასა და სვანეთში - საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოებას კვლევის შედეგებს გააცნობენ. სხვა ექსპროპრიაციებს შორის, ანგარიშში საუბარია გონიოში 271 მოქალაქისათვის 2007-2010 წლებში საჩუქრად გადაცემული და დაკანონებული მიწების უკან ჩამორთმევის შემთხვევაზე.

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სვანეთის, ანაკლიის, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიები ტურისტულ ზონებად გამოაცხადა და ინფრასტრუქტურული განვითარების ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება დაიწყო, გაიზარდა პოტენციურ ინვესტორთა დაინტერესებაც, რაც ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას ქმნის. თუმცა, ანგარიშის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ტერიტორიების ტურისტულ ზონებად გადაქცევას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები შეეწირა. სახელმწიფომ მათ საკუთრების უფლება გაუუქმა.

 

საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებზე არასამთავრობოთა კოალიციამ - ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველო”, საია, ”მწავნე ალტერნატივა” და “საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია” პროექტის “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა” ფარგლებში კვლევა ჩაატარა. შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო” თბილისი - მარიოტში” გაიმართება.

 

მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები შეისწავლეს.

 

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გონიოში 271 მოქალაქისათვის 2007-2010 წლებში საჩუქრად გადაცემული და დაკანონებული მიწების უკან ჩამორთმევის შემთხვევაზე. ანგარიში ამ შემთხვევის სამართლებრივ შეფასებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან კავშირის ანალიზს გვთავაზობს.

 

შესწავლის პროცესშია სვანეთის შემთხვევები, სადაც მოსახლეობა უძრავ ქონებას საუკუნეების განმავლობაში ე.წ. ”ტრადიციულ საკუთრებაში” ფლობდა და, როგორც წესი, ეს ქონება რეგისტრირებული არ არის.

 

“ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩეს საკუთრების შელახვის ფაქტები, რომ მოვახდინოთ ამგვარი შემთხვევების პრევენცია და აღმოფხვრა. გვინდა რეკომენდაციები შევთავაზოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა სისტემურად მოხდეს,” - ამბობს თინათინ ბოლქვაძე, ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” წარმომადგენელი.

 

მისივე თქმით, გონიოში მიწის საკუთრების უფლების ჩამორთმევის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. საკუთრების უფლების აღდგენის კომისიამ ამ ადამიანებს აღნიშნული მიწები ჯერ საკუთრებაში გადასცა, შემდეგ კი ჩამოართვა.

 

“კომისიამ უკანონოდ იმოქმედა, როგორც მოწმობების გაცემის,  ასევე გაუქმების დროს,” - ამბობს ბოლქვაძე. “ - საქმე არაერთ კანონდარღვევასთან გვაქვს. ამას ემატება ისიც, რომ სანაცვლოდ ამ ადამიანებს კომპენსაცია არ მიუღიათ. ზოგიერთის სახლი უკვე დაანგრიეს, ნაწილის დემონტაჟი ალბათ ერთ-ორ თვეში მოხდება.”

 

ბოლქვაძის თქმით, მათთვის უცნობია, სახელწმიფო აღნიშნულ ტერიტორიას რისთვის გამოიყენებს.

 

“ზუსტად არ ვიცით რის გაკეთებას აპირებენ. თუმცა, ფიგურირებენ შეიხები. ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ გვიამბო. თუმცა, დანამდვილებით არავინ იცის ეს ტერიტორია შეიხებმა შეისყიდეს თუ არა. თუმცა, საკუთრების უფლების აღდგენის კომისიის საოქმო გადაწყვეტილებაში ეს ტერიტორია მოხსენიებულია, როგორც შეიხების ტერიტორია. დოკუმენტში წერია, რომ მიმდინარე პერიოდისთვის მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დაუმუშავებელ ტერიტორიას და მდებარეობს სოფელ გონიოს მაღლივ ფერდობზე. ე.წ. შეიხების მიერ შეძენილი ტერიტორიების მიმდებარედ.”

მისივე თქმით, განსახვავებული სიტუაციაა მესტიაში.

 

“მესტიაში ადგილობრივების დაახლოებით 90%-ს მიწა დაკანონებული არ აქვს. თუმცა, ეს არის მათ ტრადიციულ მფლობელობაში გადაცემული მიწები. საუკუნეების განმავლობაში ერთიდაიმავე ოჯახის შთამომავლობისთვის ხდებოდა ამ მიწის გადაცემა. მართალია, მათ პირდაპირ არ ართმევენ, თუმცა არც უკანონებენ. ზოგიერთ შემთხვევაში გაცემულია კომპენსაცია, მაგრამეს სასაცილო თანხაა - 3 ლარი ერთ კვადრატულზე. შემთხვევები იყო, როდესაც ძალიან ბევრი აწვალეს საბუთების მოწესრიგებაში და როცა დასაკანონებლად მივიდნენ, უარი უთხრეს.

 

ასევე , გასათვალსიწინებელია სვანების კულტურა და ტრადიციები. როგორც წესი, სვანისთვის მიწის გაყიდვა მიუღებელია. საუკუნეების მანძილზე მიწის გაყიდვა სირცხვილადაც ითვლებოდა. ამიტომ ამ საკითხს ცოტა ფრთხილად უდგებიან და შიშიც კი აქვთ. ბევრს ურჩევნია, რომ ის პატარა მიწა ჰქონდეს და დაამუშაოს, იმით ირჩინოს თავი, ვიდრე სამლარიანი კომპენსაცია აიღოს.”

 

კახა კოჟორიძე, საიას იურისტი: “სოფელ გონიოში მცხოვრებ 271 ადამიანს საკუთრების უფლება გაუუქმდა. ამის მიზეზად განუცხადეს, რომ ეს ტერიტორიები კულტურულ-მემკვიდრეობითი დაცვის ზონაში მოექცა. კვლევისას კოალიციამ მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა. არავითარი გეგმა არ არსებობს, სამომავლოდ ამ ტერიტორიაზე რა უნდა გაკეთდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვერავითარი დოკუმენტი ვერ მოვიპოვეთ. ამ ადამიანების ნაწილმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა. თუმცა, დიდი ალბათობით, ქართული სასამართლო არ განიხილავს ამ საქმეს ისე, როგორც საჭიროა. სავარაუდოდ, საქმე სტრასბურგში წავა.”

 

სამომავლოდ, კოალიცია მსგავსი კვლევის ჩატარებას ანაკლია-ზუგდიდის ტურისტულ ზონაში აპირებს. ამასთან, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საკუთრების უფლებაჩამორთმეულების სასამართლო პროცესებზე მონიტორინგს განახორციელებს.