ამას წინათ, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა ყაზბეგის გამზირზე ხმაურიანი აქცია გამართა და, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის სავარაუდო დაწყება გაპროტესტა. აქციის მეორე დღეს კი, სიტუაცია მის სასარგებლოდ შეიცვალა და ე.წ. ზონალურმა ჯგუფმა ყაზბეგის სკვერს რეკრეაციული სტატუსი დაუბრუნა. მაინც, როგორ მიაღწია გამარჯვებას და როგორ ჩაიშალა კორუფციული გარიგება? - “ქართული სიტყვა” ალეკო ელისაშვილს ესაუბრა:
- უკვე რამდენი ხანია, გავიძახი, რომ თბილისში, განსაკუთრებით, ცენტრალურ უბნებში, ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსი შენდება - ტევა აღარ არის, ქალაქი ისედაც გადატვირთულია და იმის მაგივრად, რომ მერიამ განტვირთვაზე იზრუნოს, უარესს შვრება. ახლახან, ყაზბეგის გამზირზე მდებარე 52-ე საჯარო სკოლასთან ვიყავი - გავიგე, რომ იქვე მდებარე სკვერის გაჩეხვას და საცხოვრებელი კორპუსების აშენებას აპირებდნენ. ამ სკვერთან დაკავშირებით ადგილი კორუფციულ შეთქმულებას ჰქონდა.
- რას გულისხმობთ?
- ამ კორუფციულ შეთქმულებაში ჩართულები იყვნენ საკრებულოსა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, უშიშროების ხალხი ზეწოლას დავით ნარმანიაზე ახდენდა. ამან გამაბრაზა. ჯერ კიდევ 1 ოქტომბერს ვითხოვდი, რომ სკვერისთვის სტატუსი დაუბრუნებინათ, 9 ოქტომბერს დააფუძნეს კომპანია, 10 ოქტომბერს კი, 2 მილიონი გადაიხადეს. არ ვიცი, ასეთი რა ხალხია, რომ ერთ დღეში 2 მილიონს შოულობს...
- ალეკო, აქციამ, როგორც ჩანს, ნაყოფი გამოიღო და ზონალურმა ჯგუფმა ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს რეკრეაციული სტატუსი აღუდგინა. მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა კი, ბოდიშის მოხდა მოგთხოვათ...
- დიახ, საბურთალოელებთან ერთად, მართლაც, გავიმარჯვე, ვენაცვალე მათ! ახლა კი, ჯერი საკრებულოზეა, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. სკვერის გაჩეხვის მოსურნეებს კი, ვინც კორუფციაშია ჩართული, გეგმა ჩავუშალეთ. ვაჟა ფშაველას 26 ნომერში მცხოვრებლებმა ფიცი დადეს, რომ ბოლომდე იომებენ და სკვერში მრავალსართულიან კორპუსებს არ ჩაადგმევინებენ!
რაც შეეხება ბოდიშს, ზონალური საბჭოს სხდომაზე, დავით ნარმანიას პირობა მივეცი, რომ თუ გადაწყვეტილებას შეცვლიდა, ჩემს შეურაცხმყოფელ გამონათქვამს ჩირგვებში ჯდომასთან დაკავშირებით, უკან წავიღებდი. სიტყვა შევასრულე და ბოდიში საჯაროდ მოვუხადე. ვისურვებ, რომ ქალაქის მერმა თბილისელების ინტერესები უფრო მაღლა დააყენოს და ვიღაც „ცეხავიკი“ ტიპების სურვილები არ შეასრულოს!
საერთოდ, ქალაქში უკანონო და უხარისხო მშენებლობებს საშველი აღარ დაადგა.
- ონიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს გულისხმობთ?
- ნეტავ, ონიაშვილის ქუჩა იყოს გამონაკლისი, სადაც კედელი ჩამოინგრა, მაგრამ საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყვა. ონიაშვილის 14 ნომერში კედლის ჩამონგრევა იმის ბრალია, რომ თავის დროზე გიგი უგულავამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მშენებლობების დასაწყებად საშინელი ნებართვები გასცეს, რაც ქალაქისთვის ნაღმის ტოლფასი იყო. პირველი დღიდანვე ვეუბნებოდი ნარმანიას, რომ გაჩერებულიყო მშენებლობები და ვაკეში, ვერასა და საბურთალოზე მორატორიუმი გამოცხადებულიყო, ნებართვებისთვის გადაგვეხედა, მაგრამ ჩემი სიტყვა ყურად არ იღო. ამას 2015 წლის ბიუჯეტიც დაემატა, რომელიც ჩინოვნიკების კეთილდღეობას გულისხმობს და მეტს არაფერს.
- ანუ?
- ეს ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებებზე კი არაა მორგებული, არამედ, ალეკო მარსაგიშვილის კომფორტის გამომხატველია - 2015 წლის ბიუჯეტის პროექტიდან, 90 მილიონი ჩინოვნიკებს უნდა მოხმარდეთ და თუ გროშები დარჩება, იმით შეკეთდება ავარიული სახლები და ქუჩები. წარმოიდგინეთ, 800-მილიონიანი ბიუჯეტიდან 90 მილიონი საკრებულოს და მერიის ჩინოვნიკებს უნდა მოხმარდეს. ამის შემდეგ, ისტორიული ქალაქის განვითარებაზე ვინღა იზრუნებს?
- კი, მაგრამ “პანორამა თბილისის” პროექტი სწორედ ამას არ ითვალისწინებს?
- “პანორამა თბილისი” გენგეგმაში ვერ ჯდება. გასაგებია, რომ გენგეგმა ცოტა გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ დროებითი რეგულაციების შემუშავება შეიძლებოდა, მით უფრო, ისტორიული არეალისთვის უნდა გაკეთებულიყო და დანარჩენი პროექტებიც მას მორგებოდა, თუმცა პირიქით ხდება - მთლიანი ქალაქის განვითარება ერთ პროექტს ერგება. დასანანია, რომ ყველაფერი ასე ნაჩქარევად გადაწყდა - 25 დეკემბერს შემოსული პროექტი 30-ში მიიღეს. საკრებულოს ასე ოპერატიულად არაფერზე უმუშავია. მაგალითად, “სითი პარკის” წარმომადგენელი საკრებულოში, ექვსი თვის განმავლობაში, ერთხელ არ მოგვიყვანია... საზოგადოება “თბილისის პანორამის” გეოლოგიურ დასკვნას არ იცნობს. არადა, აუცილებლად უნდა მომხდარიყო საზოგადოებრივი განხილვა პროფესიონალთა მონაწილეობით და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიეღოთ.
- თქვენი აზრით, საკრებულომ რატომ იჩქარა?
- იმიტომ იჩქარა, რომ ამ საინვესტიციო პროექტის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და დეპუტატებს უნდოდათ, მისთვის ესიამოვნებინათ. ზოგადად კი, თბილისს კანონებს ფულიანი ხალხი უწესებს. ალბათ, გახსოვთ, რა ამბავი მქონდა ატეხილი ე.წ. იმელის შენობაზე, მაშინ გოკა გაბაშვილს უნდოდა და მოუხსნა კიდეც შენობას ძეგლის სტატუსი. მირზა შაფზეც უნდოდათ ლანდშაფტური ძეგლის სტატუსის მოხსნა და მოუხსნეს. კლდის მოჭრა უნდოდათ? - მოჭრეს. ეს განუკითხაობა ახლაც გრძელდება. ქალაქს იმიტომ უნდა ჰყავდეს მერია და საკრებულო, რომ წესი და კანონი შეიმუშაოს და ნებისმიერი პროექტი ქალაქის ინტერესებს მოარგოს. “პანორამა თბილისი”, მართლაც, კარგი პროექტია, მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება, ოღონდ ის სოლოლაკში არ უნდა აშენდეს.
- რატომ? ძველი თბილისის იერსახეს დაამახინჯებს?
- მარტივი მოცემულობაა: მტკვარი ქალაქს ორ ნაწილად ყოფს. ყოველთვის მარჯვენა ნაწილი უფრო ვითარდებოდა, ვიდრე - მარცხენა, ამის გამო მარჯვენა ნაწილი, ინფრასტრუქტურულად, ზედმეტად გადატვირთულია, საცობებიც ამიტომ წარმოიშვა, მარცხენა სანაპირო კი, განვითარებას ითხოვს. საამისოდ საკმარისი პირობებიც არსებობს და ტერიტორიაც. ძველი თბილისი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია. მართალია, თბილისის უნიკალურობა აღიარებული იყო, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, ისტორიული უბნების მართვისათვის მენეჯმენტი არ გაქვთო. თუ თბილისი იუნესკოს სიაში აღარ იქნება, ამით, იცით, რამხელა შემოსავალს დავკარგავთ? - ქალაქებში, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაში არიან, არანორმალურად იზრდება ტურისტების რაოდენობა... საკითხი ძალიან მარტივად იდგა: ხომ შეიძლება, “პანორამა თბილისი” გადაგვეტანა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ამ პროექტის განხორციელება მაშინ გამართლებული იქნებოდა, მარჯვენა სანაპიროზე კი, ისტორიულ მემკვიდრეობას ძალიან ცუდად დააწვება. სააკაშვილი რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, ახლაც ასე გრძელდება, იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული საკითხის ირგვლივ ფიქტიური განხილვა მოვაწყვეთ, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა!
- ვიდრე ასეთი პროექტი დაიწყება, უპირველესად, რა სახის კვლევები უნდა ჩატარდეს?
- კვლევები ჩატარებულია, მაგრამ აქამდე ხელმიუწვდომელი და გასაიდუმლოებული იყო, ნაწილი ეკონომიკის სამინისტროშია და პასუხს არ იძლეოდა. არც ის ვიცით, ეს კვლევები საფუძვლიანია თუ არა... ნაჩქარევი გადაწყვეტილების შედეგია რიყის უშნო მილები, კაზინო “შანგრი ლა”, სატივე, რომელიც “ცენტრ პოინტის” აშენებულია და ა.შ. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები უკუღმა გვიბრუნდება...