ფულის ,,რეცხვის' მექანიზმი ელექტრონულ ტენდერებში

ფულის ,,რეცხვის' მექანიზმი ელექტრონულ ტენდერებში

რა მიზეზით ჩაშალა მთავრობამ სახელმწიფო ტენდერები და რა დეტალებს უმხელს ,,ვერსიას' შესყიდვების შესახებ კანონის ერთ-ერთი ავტორი    

შესყიდვების შესახებ კანონს, რომელიც ტენდერისა და აუქციონის ონლაინ-რეჟიმში ჩატარებას გულისხმობს, სერიოზული ხარვეზები ახლავს. შარშან თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებაში ჩაიშალა ელექტრონული ტენდერი, რის გამოც 2014 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე, სამინისტროებმა საბიუჯეტო თანხები ვერ დახარჯეს. წელს ფაქტობრივად ყველა დონის ბიუჯეტი დროულად მიიღეს. შესაბამისად, 2015 წელი, სახელმწიფო შესყიდვებისთვის სატესტო წელი უნდა იყოს. ,,ვერსია' დაინტერესდა, რა მიზეზით ჩაიშალა სახელმწიფო ტენდერები და რა ,,გასაძრომები' არსებობს შესყიდვების შესახებ კანონში, რაც ელექტრონულ ტენდერებს ხელს უშლის.     

ონლაინ- აუქციონის ანუ ელექტრონული ტენდერის შემოღების მთავარი მოტივაცია საეჭვო გარიგებების თავიდან აცილება იყო. თუმცა კანონს უამრავი პრობლემა და ხარვეზი ახლავს, რაც ბიზნესს ხელს უშლის. შესყიდვების შესახებ კანონში უგულებელყოფილია მომსახურების ხარისხი, აქცენტი მხოლოდ დაბალ ფასზე კეთდება, რაც ნიშნავს, რომ თუ კომპანია ელექტრონულ ტენდერში დაბალ ფასს წარადგენს, პრიორიტეტი მას ენიჭება. შესყიდვების შესახებ კანონში გაპარულია ტექნიკური ხარვეზი, რაც აუქციონის პრინციპს უგულებელყოფს _ შეთავაზების ფასის კლების ბიჯი, რომელსაც ბოლო შეთავაზებული ფასიდან ითვლიან და არა საწყისიდან. დავუშვათ, ამა თუ იმ მომსახურების საწყისი ფასია 19 500, ხოლო კლების ბიჯი _ 200. თავდაპირველად, კომპანიას შეუძლია ისევ 19 500 ან 19 300 წარადგინოს ტენდერში, მაგრამ, როგორც კი რაუნდებში შევა, ამ ბიჯს უკვე მის მიერ შეთავაზებული ფასიდან დათვლიან. ვთქვათ, კომპანიამ 19 300-იანი შეთავაზება გააკეთა, მეორედ 19 100-ზე მეტს ვეღარ წარადგენს, მაგრამ, თუ მისი მოწინააღმდეგე 19 299-იან შეთავაზებას დააფიქსირებს, ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადებენ. არადა, აუქციონის პრინციპია, კლების ბიჯი საწყისი ფასიდან დაითვალოს. შესაბამისად, ეკონომიკის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ელექტრონულ ტენდერებში სწორედ ეს პრინციპი უნდა გაითვალისწინონ. ,,ვერსია' ქალაქის განვითარების ფონდის თავმჯდომარეს, ეკონომიკის ექსპერტს შესყიდვებისა და კონკურენციის საკითხებში, თემურ ხომერიკს დაუკავშირდა, რომელიც წლების წინ, შესყიდვების შესახებ კანონის ერთ-ერთი ავტორი იყო. ,,ვერსიასთან' საუბრისას თემურ ხომერიკმა აღნიშნა, რომ შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა ფრაგმენტულია, ანუ კანონში მხოლოდ ელექტრონული ტენდერის ჩატარების პროცედურაა გამართული. მისი თქმით, ამ ხარვეზის გამოსწორება კანონქვემდებარე აქტითაც შესაძლებელია და ამისთვის კანონის შეცვლა აუცილებელი არ არის: ,,რაც მთავარია, დასავლეთის წამყვან ქვეყნებში, ელექტრონული ტენდერების ამ პროცედურებს სტანდარტული საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე იყენებენ. ელექტრონული ტენდერითა და ფასის კომპონენტის მიხედვით, არავინ ყიდულობს ინტელექტუალურ მომსახურებას. ეს ცალსახაა და მთავრობაც თანახმაა, რომ ეს პრინციპი შესაცვლელია. ელექტრონული აუქციონი 2011 წლიდან ამოქმედდა, მაგრამ წლების განმავლობაში ცალკეულმა კომპანიებმა ამ ტენდერებში დაუსაბუთებელი ფასები წარადგინეს.

სამწუხაროდ, ხარისხის კომპონენტი უკანა პლანზეა და ამიტომაცაა, რომ რეალურად, ბაზარზე მოქმედებენ არა პირდაპირ მიმწოდებლები, არამედ _ თითქოს სპეციალურად ელექტრონული ტენდერებისთვის შექმნილი, საშუამავლო კომპანიები, რომლებსაც სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად, სათანადო ტექნიკაც კი არ გააჩნიათ. ანუ, ტენდერებს შუამავალი კომპანიები იგებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ეძებენ ნამდვილ შემსრულებლებს. არადა, მომსახურების შემსრულებელი კომპანიები რომ მონაწილეობდნენ, სახელმწიფო მნიშვნელოვან თანხას დაზოგავდა. ამიტომ სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი ერთ ადგილზე ტრიალებს'. თემურ ხომერიკმა ,,ვერსიას' განუცხადა, რომ შესყიდვების ბაზარზე სახელმწიფო სახსრების თითქმის 2/3, დაახლოებით 3 მილიარდი ლარი, ყოველწლიურად, უწესრიგოდ ბრუნავს, კანონის ქვეშ სახელმწიფო ფულის მხოლოდ 1/3-ია მოქცეული. შესაბამისად, შესყიდვების შესახებ კანონის დახვეწა აუცილებელია. მან ექსკლუზიურად გაგვიმხილა ყველა მიზეზი, რის გამოც შარშან სახელმწიფო ტენდერები ჩაიშალა: ,,სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. კოჰაბიტაციის პოლიტიკამ დააზარალა ეკონომიკაც და საზოგადოებაც, რადგან ძველი სტრუქტურები არც შანტაჟს ერიდებოდნენ და არც გარკვეული საკითხების ბლოკირებას. მათ ძველი ხელისუფლების პირობებში დაგეგმილი თამაშის წესების შენარჩუნება სურდათ. საბოტაჟის შემთხვევებიც გვქონდა _ შესყიდვების ბაზრის ძველი მოთამაშეები ცალკეულ შესყიდვებს სპეციალურად აგდებდნენ, რათა ბაზარზე ფუნქციონირების საშუალება კვლავ ჰქონოდათ. ახლა თბილისის განვითარების ფონდს ვხელმძღვანელობ. ეს ბაზარი დახურული იყო და დაახლოებით 15 კომპანიას ჰქონდა გადანაწილებული. საინტერესოა, რომ ამ კომპანიებს იურისტები და ბუღალტრებიც კი საერთო ჰყავთ! ეს ერთი ხელიდან მართული ბაზარია, ამიტომ კონკურენციის კანონის ამოქმედებისთანავე, აუცილებელია, კონკრეტული შემთხვევები კომპლექსურად განვიხილოთ და კვაზისტრუქტურებს, რომლებიც კომპანიები კი არა, ფულის ,,მრეცხავები' არიან, სახელმწიფო ფულის არაეფექტურად ხარჯვის საშუალება არ მივცეთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს კომპანიები ასოცირებულები არიან ნაციონალებთან _ ესაა მეწარმეთა კლასი ან ფენა, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ცდილობს ჩინოვნიკებს შორის ლობისტები მოიპოვოს, რათა ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა შეინარჩუნონ. ნაციონალური მოძრაობა შესანიშნავად იყენებდა მათ და ბაზარზე მონოპოლიურად მაღალ ფასსაც იჭერდნენ. ძველი ტენდერები ისე ტარდებოდა, თუნდაც ხელშეკრულებები ისე იყო შედგენილი, არ გაგვეჩერებინა და ახალი არ გამოგვეცხადებინა, ავტომატურად, ძველი სისტემის მკვებავებად ვიქცეოდით. გარკვეულმა ფენამ ხელი ასე მოითბო: ელექტრონული ტენდერების აწყობილი სისტემა მიდიოდა ადეიშვილამდე, მერაბიშვილამდე, უგულავამდე, ან სააკაშვილამდე, ბოლო ნაკადი კი პარტიის საერთო ყულაბაში გროვდებოდა

. მართალია, ეს გვარები ,,ბაზარს' ჩამოშორდნენ, მაგრამ ტენდერებში მონაწილე კომპანიებმა, გარკვეული ინერციითა და პირადი კავშირების, ანუ ,,გრუზინული პადხოდის' საშუალებით, ფულის ეს ნაკადი საკუთარ ჯიბეში მიმართეს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ფული ბიზნესში ჩააბრუნეს. რა თქმა უნდა, მთავრობა ვალდებული იყო ხელახლა გამოეცხადებინა ნამდვილი ტენდერები, მაგრამ ამისთვის არც კონკურენტი კომპანიები იყვნენ მზად და არც ისინი, რომლებიც სახელმწიფო ჩინოვნიკებს შორის მუდმივად ლობისტებს ეძებენ. ამიტომაც ვამბობ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამართვა პოლიტიკური ნებაა და არა მხოლოდ ეკონომიკური აქცია'. თემურ ხომერიკი ,,ვერსიასთან' საუბრისას იმასაც აცხადებს, რომ 2015 წელს, 2004 წელზე უარესი კანონი არ უნდა გვქონდეს. არ შეიძლება, შესყიდვების სააგენტო, რომელსაც საკმაოდ სერიოზული შემოსავალი აქვს, ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიას, თუნდაც რეგისტრაციის ღირებულებას ახდევინებდეს. ხომერიკის თქმით, განვლილი 9 წლის განმავლობაში, შესყიდვების სააგენტო პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. არადა, სახელმწიფო შესყიდვებისა და დაკვეთების ბაზარზე, ამ სააგენტოს ეფექტური რეჟიმი უნდა დაეცვა, მაგრამ რეალურად, ეს სტრუქტურა თვითონ იქცა მსხვილ მონოპოლისტად, რომელმაც საკმაოდ მაღალი ფასები დააწესა. ბიზნესის მთავარი პრობლემა ელექტრონულ აუქციონზე დაბალი ფასის შეთავაზებაა, რაც მომსახურების ხარისხს აგდებს. ტენდერში გასამარჯვებლად, კომპანია იძულებულია, საწყის ფასზე ნაკლები შესთავაზოს. ხშირად, შესრულებული სამუშაო, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, არც ისე ხარისხიანია, როგორიც უნდა იყოს: ,,მხოლოდ ფასის კომპონენტის გამო რომ ცხადდება კომპანია ტენდერში გამარჯვებულად, არასწორია. თუმცა ვერ დავეთანხმები იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც ელექტრონულ ტენდერებში სხვადასხვა მაჩვენებლების შემოღება სურთ. ხანდახან ორეტაპიანი აუქციონიც უნდა ჩაატაროთ, პირველ ეტაპზე კონცეფცია უნდა შეჯერდეს და კომპანია შეთავაზებული ხარისხის გამო შეირჩეს, მეორე ეტაპზე კი _ ფასის მიხედვით. მთელ მსოფლიოში, ელექტრონული ტენდერები აგებულია იმაზე, რომ ბიუჯეტს ეკონომია მოუტანოს, ბიზნესისთვის კი სახელმწიფო შესყიდვები იმიტომაა საინტერესო, რომ რაც უნდა მოხდეს ქვეყანაში, მთავრობა ფულს გარანტირებულად იხდის. უბედურება დაბალი კი არა, დაუსაბუთებელი, ანუ ირეალური ფასია, რაც არასრულფასოვნად შესრულებულ სამუშაოს უკავშირდება. კორუფცია, გაუმჭვირვალობა და არაეფექტურობა იწყება შესყიდვის ან ტენდერის გამოცხადებიდან კი არა, ბიუჯეტისა და ტენდერის დაგეგმვიდან. თავიდანვე არ უნდა ჩაიდოს მექანიზმი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიას მანიპულირების საშუალებას მისცემს. სამწუხაროდ, დღევანდელი კანონი შესყიდვების შესახებ, თავისუფლად იძლევა ამ ტიპის მანიპულირების საშუალებებს. შესყიდვების კანონის გაუმართაობის მიზეზი ის არის, რომ მასში ცვლილებები ფრაგმენტულად შედის და არა კომპლექსურად. თუმცა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა კანონი კი არა, ისაა, რომ ნამდვილი მეწარმე, ინიციატორ- ბიზნესმენი არ გვყავს. ამის გამო შემრისხავენ და არ მოეწონებათ ასეთი განცხადება, მაგრამ თითოეულმა ჩახედოს თავის ბიოგრაფიას! ახლა ყველა ბიზნესმენი ითხოვს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. ამბობენ, რომ ქონება წაართვეს, მაგრამ როგორც კი ჰკითხავთ, თავიდან როგორ მოგცეს ეს ქონებაო, გარბიან. ვიღაცის ლობირების გამო, ან იმიტომ, რომ კონკრეტული ჩინოვნიკი წილში ჩაისვეს, მიიღეს ქონება, რომელიც მოგვიანებით, დაკარგეს და ახლა იმავე მექანიზმით სურთ მისი დაბრუნება'. თემურ ხომერიკის განცხადებით, თუნდაც ამ კანონმდებლობის ფარგლებში, დღეს არცერთ ორგანიზაციას არ აქვს იმის პრობლემა, კარგად დაგეგმოს თავისი შესყიდვები. მისი თქით, მართალია, შესყიდვების შესახებ კანონი ცალკეულ სტრუქტურებს ,,გასაძრომის' საშუალებას აძლევს, მაგრამ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ვერცერთი სტრუქტურა, თუ ბიზნესი მთავრობისკენ ხელს ვეღარ გაიშვერს. თემურ ხომერიკი ამბობს, რომ დღეს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი თავისუფალია, ზემდგომ ეშელონებში სქემები აღარ მოქმედებს, რაც ბიზნესს პოლიტიკური ფულის ,,რეცხვის' საშუალებას აძლევდა. თუ ბიზნესი შეეცდება, ისევ ძველი მეთოდებით ეძებოს კანონში ,,გასაძრომი', მთავრობის ჩინოვნიკებს ნურაფერს დააბრალებენ. თემურ ხომერიკის განცხადებით, თავისი შინაგანი ბუნებით, ჩინოვნიკები არ იცვლებიან, სისტემა იცვლება, ხელისუფლებამ კი ელექტრონულ ტენდერებში დამკვიდრებული მახინჯი სისტემა უკვე შეცვალა.