იური ვაზაგაშვილის ტერაქტის შემდეგ, "ალიას" დაუკავშირდა გავლენიანი ადამიანი, რომელმაც საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა, კერძოდ, მეგის ქარდავა იმუქრება, იური ვაზაგაშვილი მოგონება იქნება, ისეთ დღეში ჩავყრით ყოფილ პოლიტპატიმრებს, ვნახოთ ერთი, როგორი პოლიტპატიმრები იყვნენ, ტელევიზიებში რიგს დავაყენებთ და დაიწყებენ იმის მტკიცებას, არ ვართ პოლიტპატიმრებიო. წყარო აცხადებს, რომ ეს საუბარი უნგრეთში, ან ჩეხეთში შედგა, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ეს მეგის ქარდავას ხელწერააო. ფაქტი ერთია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობით საქმე არ დასრულდება და საქართველოში დაანონსებული აპოკალიფსი, სავარაუდოდ, სისრულეში მოვა, თუკი ხელისუფლება ახლა პრინციპულ ნაბიჯებს არ გადადგამს და უმოკლეს დროში არ გაიხსნება ეს საზარელი მკვლელობა.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე გია სალუქვაძე ევროპარლამენტში ევროკომისარსა და ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდება. სალუქვაძე ყოფილი პოლიტპატიმარია. ის პრესკონფერენციას გამართავს და სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის ამსახველ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებს ჟურნალისტებს, ასევე, მოაწყობს ფოტოგამოფენას.
კონკრეტულად რა ფილმს აჩვენებენ ბრიუსელში? რაზე დაელაპარაკება გია სალუქვაძე ევროპარლამენტარებს? ვის გადააწყდა ქართველი ბიზნესმენი კიევის სასტუმრო "შერატონში"?
"ალია" გია სალუქვაძეს ბრიუსელში დაუკავშირდა და, სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა.
- ბრიუსელში ჩვენი ჩამოსვლის მიზანია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ვაჩვენოთ ევროპელებს, ფილმის რეჟისორია მიშა ჩერქეზია, რომელსაც ჩვენ დავუკვეთეთ ეს 18-წუთიანი ფილმი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზეა საუბარი. მაგალითად, 2004 წლიდან დაწყებული ქრონოლოგიურად ყველაფერია ნაჩვენები, ასევე, ნაჩვენებია, რა შეფასებებს იძლეოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და "ჰუმან რაითს ვოჩი", ჰამერბერგი, კეტრინ ეშტონი და ა.შ. თუ როგორ გადაიზარდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება ავტორიტარულ რეჟიმში, როცა საქართველოში განვითარდა ისეთი მოვლენები, რამაც მოსახლეობა შეზარა. ჩვენი მიზანია, რომ ევროპულმა საზოგადოებამ ნახოს, ვისთან გვქონდა საქმე. ჩამოტანილი გვაქვს ბანერების სახით 80 სურათი, სხვათა შორის, ჩვენ წამოვიღეთ გოგა ხაინდრავას ფილმი "დემოკრატიის შუქურა", ორივე ფილმს გადავცემთ ჟურნალისტებს, დიპლომატებს, 2 საათზე ჩანიშნულია ჩვენი პრესკონფერეცია, ასევე ბანერების დემონსტრირება, შეხვედრები გვექნება მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ვხვდებით ევროკომისარს, ადამიანთა უფლებების დაცვის თავმჯდომარეს.
- ვისი მოწვევით იმყოფებით ბრიუსელში?
- ამ დონის შეხვედრა ასე მარტივად არ იგეგმება, შეხვედრა დაგეგმა ფრანგულმა მხარემ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" და კიდევ სხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა...
- ვინ გაფინანსებთ?
- ჩვენ აქ ვრჩებით ორი დღით, ეს არ წარმოადგენს დიდ ხარჯებს, ფინანსები არის ჩვენი, რაც შეეხება ამ ფილმს, მასალა არის ბევრი, ჩვენ უბრალოდ ეს მასალა შევკარით, ამას არ სჭირდებოდა განსაკუთრებული ხარჯები, თბილისში დაბრუნების შემდეგ ვაპირებთ, საზოგადოებას ვაჩვენოთ ქართული ვერსია. გვინდა მოვიწვიოთ დიპლომატები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და ყველა დაინტერესებული პირი, როგორც ვცხოვრობდით, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.
ჩვენ ვაჩვენებთ ევროპელებს, სად ხარჯავდა სააკაშვილი ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილ მილიარდებს. სააკაშვილის დანაშაულებზე საუბარი შეიძლება გაუთავებლად, საბოლოოდ მივიღეთ რა, უკრაინაში ინიშნებიან სისხლიანი რეჟიმის უშუალო მონაწილეები, სტრასბურგში ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტია "ევროპის სახალხო პარტია" შერჩევით სამართალზე საუბრობს, მოჰკითხონ პასუხი იმ კომისიის თავმჯდომარეებს და იმ ევროდეპუტატებს, რომლებიც შეფასებებს იძლეოდნენ ყოფილ ხელისუფლებაზე.
- ამ ფილმის ჩვენებით თქვენ ელოდებით, რომ ისინი პოზიციებს შეიცვლიან?
- ჩვენს მეგობრებს უნდა შევახსენოთ მათივე შეფასებები, ჯერ ბრიუსელში, შემდეგ სტრასბურგში და ამ ფილმით რეალობა დავანახოთ. ჩვენ ამ ფილმს კიევშიც ჩავიტანთ, ეს უნდა ნახოს უკრაინის მოსახლეობამ, ვის უნიშნავს დღევანდელი ხელისუფლება მათ თანამდებობებზე. რევანშისთვის ემზადებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ მსოფლიო თანამეგობრობას თავი მოაჩვენონ, თითქოს ესენი უკრაინის ინტერესებს იცავენ, ფაქტობრივად, ისინი იცავენ საკუთარ ინტერესებს.
- თქვენ რა მოტივით დაგაპატიმრეს?
- მე მოვდიოდი ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე და თითქოს, პოლიციელს ჯიბე ჩამოვახიე. მე გახლავართ სამართლის დოქტორი, სხვათა შორის ჰამერბერგს აქვს მოხსენებაში, რომ ცხრა კაცი ვიყავით გასამართლებული ერთი და იგივე დანაშაულისთვის, ოღონდ სხვადასხვა ადგილას.
- ბატონო გია, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მეგის ქარდავა ყოფილ პოლიტპატიმრებს ემუქრება, ისეთ დღეში ჩავყრი, რომ ტელევიზიებთან მათ რიგებს დავაყენებთ და ვათქმევინებთ, რომ ისინი ყოფილი პოლიტპატიმრები არ არიან. მაგათ ვაზაგაშვილის ბედს მოვანატრებთო.
- მე უფრო მაგარ ამბავს გეტყვით... რამდენიმე დღის წინ კიევის "შერატონში" იჯდა ადეიშვილი, დათო საყვარელიძე და ძმანი მათნი, სულ იყო 12 ადამიანი, მათთან მივიდა ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი და პირადად ადეიშვილს ჰკითხა, შენ აქ რა გინდაო და ა.შ. იცით, რა დაემუქრა? წელიწად-ნახევარში მთელ საქართველოს დედას გიტირებთ, ამოგალპობთ ციხეებში, მაშინ გაგიხსენებ, მე რა მინდოდა აქო. ამ ამბავს არ ვიგონებ, ეს არის რეალობა, თბილისში როგორც კი ჩამოვალ, ჩემი მეგობრისგან ავიღებ უფლებას. თუ აქვს სურვილი, მის გვარს დავასახელებ, ან იქნებ მან თავად მოგცეთ ინტერვიუ და ამ საკითხზე ღიად ისაუბროს. მთელი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი ნელ-ნელა გადაჰყავთ უკრაინაში, ფული მაგათ აქვთ, კავშირები მაგათ აქვთ, მათ შორის კრიმინალებთანაც. გივი თარგამაძე რომ ჭკუას გვარიგებს, ეგ იყო მაგათი "პაპაშა" და მფარველი. ყველაფერს ეგ უგვარებდა კანონიერ ქურდებს. მოკლედ, ძალიან ცუდი საქმისთვის ემზადებიან "ნაციონალები", ჩემო ძვირფასებო, სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია, ორი წელიწადი უდანაშაულო ადამიანი, ოთხი შვილის მამა უკანონოდ ციხეში მამყოფეს და ახლა რომ ვუყურებ. კიდევ რა დღეში არიან, მე სულაც არ მაინტერესებს. დღევანდელი ხელისუფლება რას ფიქრობს ამაზე. მე მინდა ვიყო ჰიპერაქტიური, იმისთვის, რომ სანამ პირში სული მიდგას, საზოგადოებას დავანახო, რას აკეთებდნენ ესენი და რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცის ხალხმა. ხელისუფლებას კი მოვუწოდებ, რაც შეიძლება დროულად მოაგვაროს სიტუაცია ყოველგვარი ანგარიშის გაწევის გარეშე, გააკეთოს თავისი საქმე, დასავლეთში ამ ხალხს რასაც ველაპარაკები, ძალიან კარგად გვიგებენ, მათი მხრიდან პრობლემა არ არის. ქართული მხარის პოლიტიკური ნება უნდა იყოს, რომ გაასამართლოს რეჟიმი, ხელისუფლებას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა და კეთილი ინებოს პროკურატურამ, ხელისუფლებამ, გააკეთონ ის, რასაც ბატონი ბიძინა გვპირდებოდა და ბოლომდე მიიყვანონ ეს საქმე.