რის გასაჯაროებას ითხოვს ზაალ კასრელიშვილი თავდაცვის მინისტრისგან და როგორ ისარგებლებს რუსეთი კავკასიაში ტერაქტებით
ახალი ტერაქტები, ახალი მძევლები, ,,შარლი ებდოს' შემდეგი ნომერი და ახალი მსხვერპლი, 7 ქრისტიანული ტაძრის დაწვა და მორწმუნეთა შიგნით გამოწვა _ ვითარება მსოფლიოში კვლავ დაძაბულია და ეს კავკასიის რეგიონზეც აისახება. როგორც კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, ტერორისტებმა შავ სიაში უკვე თურქეთი და აზერბაიჯანიც შეიტანეს. რა როლს შეასრულებს რუსეთი ამ ვითარებაში, როგორ უნდა მოიქცეს მსოფლიო კონფლიქტში მხარედ ჩართული საქართველო, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი წილი მუსულმანია და რის გასაჯაროებას მოითხოვს ორგანიზაცია თავდაცვის მინისტრისგან _ ,,ვერსია' ზაალ კასრელიშვილს ესაუბრება.
- ,,შარლი ებდოს' მეორე ნომერს ახალი ტერაქტები მოჰყვა, ეს პროცესი როდემდე შეიძლება გაგრძელდეს?
- ორივე მხარე გონს თუ არ მოუხმობს, ამ ამბის დასასრული ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის სახელმწიფოების დონეზე ოფიციალური დაპირისპირება იქნება. ჯერჯერობით, ევროპაში ისევ ჯვაროსნული განწყობაა. არადა, არ შეიძლება ტერორიზმს, როგორც შედეგს, ისე ვებრძოდეთ. ტერორიზმს პრევენციულად უნდა ებრძოლო და აღმოფხვრა გამომწვევი მიზეზები - სოციალური პრობლემები, არასწორი პოლიტიკა და არასწორი ინფორმირება. ტერორისტი, რომელიც თავს რწმენის სახელით იკლავს, ფიქრობთ, კარგად იცნობს ყურანს ან სუნას? თანაც, არც დამნაშავე ისჯება - დავალებისმიმცემი ხომ ისევ ცოცხალია, რეალურად, მხოლოდ შემსრულებელი დასაჯეს. ეფექტური პრევენცია ის იქნება, ცივილიზებული სამყაროს თავკაცები დასხდნენ, კონცეფცია შეიმუშაონ და მერე ყველაფერი შიიტ და სუნიტ მორალურ ლიდერებთან ერთად გაიარონ. ახლა მსოფლიო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ამ ტერაქტებს ისლამი აწყობს, არადა ამას მხოლოდ სალაფიტები აკეთებენ და არა შიიტები ან სუნიტები, რასაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ეს ხალხი ტერაქტებს ემიჯნება.
- იქნებ, ასეთი მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში უკვე მიდის?
- რაიმე მსგავსი რომ ხდებოდეს, ჩვენს ორგანიზაციას ეცოდინებოდა. არ მინდა, ტრაბახში ჩამომართვათ, მაგრამ სხვადასხვა კონფესიის მორალური ლიდერები აქტიურად გვეკონტაქტებიან, ჩვენთან კონსულტაციებსაც გადიან და ამ საკითხებზე შეხვედრაც გვთხოვეს. ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში ერთი მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, დანარჩენი შიიტები და სუნიტები არიან, გვყავს ვაჰაბიტებიც. ბელგიაში 13 კაცი დაიჭირეს, ტერორიზმის ბრალდებით, გერმანიაში - 7, საფრანგეთშიც დასდევენ ვიღაცებს და არ მესმის, ეს მოქმედებები რისი მომტანია! აქამდე ამ ხალხს რატომ არ იჭერდნენ, მანამდეც ხომ ცხოვრობდნენ იმ ქვეყანაში და იგივე საქმეს აკეთებდნენ?! არც იმაზე საუბრობს ვინმე, რა ხდებოდა ამ ტერორისტული აქტების დროს მეორე მხარეს - ე.წ. თავისუფლების მარშის საპირწონედ, ეს ტერორისტები გმირ წამებულებად შერაცხეს და ათეულ ათასობით ადამიანი გამოჩნდა ისლამურ სახელმწიფოში, ვინც განაცხადა, რომ ასეთივე მოწამეობრივი სიკვდილისთვის მზადაა. დედამიწაზე, არ ვიცი, რომელ კონტინენტზე და ქვეყანაში, მაგრამ არის რაღაც ძალა, ვისაც ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირება ძალიან უნდა.
- ასეთ დროს, რა უნდა ქნას საქართველომ, როცა საკუთარი თანამემამულე მუსულმანი დაჩოქებით გვემუქრება, ხოლო ჩვენი ხალხი კოდორიდან, აჭარიდან და ქვემო ქართლიდან ერაყსა და სირიაში იბრძვის და სხვადასხვა ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს?
- საქართველოში სულ 600 000 მუსლიმი ცხოვრობს. პარადოქსულია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ანტიტერორისტულ ოპერაციებშიც მონაწილეობენ და ტერორისტულშიც. ეს საქმე ასე მარტივად არ დამთავრდება - პირიქით, ამ მიმართულებით, კავკასიაში პროცესები მხოლოდ ახლა იწყება, რაც დღემდე არ მომხდარა. ეს, პირველ რიგში, უწმინდესისა და მისი მორალური ავტორიტეტის დამსახურებაა, თუმცა მოვლენები ნელ-ნელა ისეთი უკონტროლო ხდება, ეს ავტორიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას არ ეყოფა. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით პრევენცია უნდა გაააქტიუროს და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, ვისაც ამის სურვილი აქვს, მოლაპარაკებები აწარმოოს. რაც შეეხება ახალგაზრდა აჭარელ კაცს, რომელიც დაჩოქებით იმუქრება, ის წინა ხაზის მებრძოლად არ მიმაჩნია. ჩვენი აზრით, იგი მოჯაჰედი საერთოდ არ არის, უფრო ე.წ. გადამბირებელია, დაახლოებით ისე მოქმედებს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს პარტკომი. მისი განცხადებები, წინა ხაზზე მებრძოლი ღირსეული კაცის განცხადებებს არ ჰგავს და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ ჭკუით არ იქნება, სადაც არის, იქ ჩავალთ და თავის ადგილს მივუჩენთ! ასეთები უფრო საშიშები არიან, რადგან შეიძლება ზურგიდან მოგეპარონ. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ოდესმე ვინმე დაგვაჩოქებს - ეს ოსმალეთის, სპარსეთის იმპერიებმა და საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო და ეჭვი მეპარება, ამ ,,ნიუდაჩნიკმა' აჭარელმა შეძლოს! ბოლო დროს, ჩვენი აზრით, საეჭვოდ, ხელოვნურად გააქტიურდნენ ქართველ მუსლიმთა თემში და ჩრდილოკავკასიაში, კადიროვთან დაახლოებული სასულიერო პირები, რაც შემთხვევით არ ხდება.
- აბა, რა მიზანს ემსახურება ეს გააქტიურება, რისთვის დაიწყო მზადება?
- კავკასიაში, ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტები, ჩემი აზრით, აღარ იქნება. ყველა კონფლიქტი, რაც აქამდე მოხდა, ინსპირირებული იყო და ახლა დაკონსერვებულია, ამიტომ მათი განახლება, ან ახალი კერების შექმნა მსოფლიო რეზონანსს ვერ გამოიწვევს. ახლა ყველაზე სენსიტიური თემები ტერორიზმი და რელიგიური მოტივებით დაწყებული კონფლიქტებია. ვფიქრობ, კავკასიაში ახალი კონფლიქტი სწორედ რელიგიურ ნიადაგზე მწიფდება და ესეც კავკასიის ფარგლებსგარეთ იგეგმება. ზოგადად, ნებისმიერი პროცესი შეიძლება როგორც ჩვენს საწინააღმდეგოდ, ისე სასარგებლოდ გამოვიყენოთ. გააჩნია, რა მიზანი გვაქვს. თუ ჩვენი მიზანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის თავისმოწონებაა, ცხადია, ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა უნდა გავაგრძელოთ. თუ ჩვენი მიზანი ეს არაა, მაშინ ასე არ უნდა ვაქტიურობდეთ. თქვენი გაზეთის საშუალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს მივმართავ - სასწრაფოდ გამოაქვეყნე საქართველოს უსაფრთხოების დოქტრინა და ქართული ჯარის მშენებლობის კონცეფცია, რათა ვიცოდეთ, საით მივდივართ და რა არის ჩვენი მიზანი. როცა ეს ყველაფერი არ იცი, პროგნოზი შეუძლებელია. ჩვენ, 21 ქვეყანაში ავტორიტეტულ ორგანიზაციას გვაინტერესებს, რას გვიმალავს და რა აქვს ასეთი. მისმა წინამორბედმა, ალასანიამ 2 წელი მაგრად ,,აბოლა' ხალხიცა და ქვეყანაც, მაგრამ ახლა იქ არის, სადაც უნდა იყოს და მეტის პერსპექტივა არც აქვს. ეს ახალი მინისტრი კი რას აკეთებს, ვერავინ გაიგო - ერთი სამარცხვინო განცხადება გააკეთა და მას მერე საერთოდ აღარ გამოჩენილა. სწორედ ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, ყველა ოპერაციაში მონაწილეობა საჭირო და სასიკეთოა თუ დამღუპველი. გვაქვს კონცეფცია, როგორ დაიცვას თავი საქართველომ დამოუკიდებლად ისე, რომ ამაში მთელი კავკასიელი ხალხი ნებაყოფლობით ჩაერთოს. ეს ინიციატივა, თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ დაამახინჯა, გააფუჭა და გაამაიმუნა - 1999 წლიდან დღემდე ვაცხადებთ, რომ კავკასიის სამშვიდობო ლეგიონი უნდა შეიქმნას.
- ეს იდეა, სამშვიდობოზე მეტად, საომარი და პროვოკაციული რომ აღმოჩნდეს?
- ლეგიონს სამშვიდობო ფუნქცია ექნება კავკასიის რეგიონში, სადაც კონფლიქტის არაერთი კერაა. ჩვენ არავის, მათ შორის, არც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების იმედი გვაქვს. თუმცა საქართველო ქვეყნის შიგნითაც არავის აინტერესებს: ხელისუფლების ერთი შტო ამერიკისაა, მეორე ევროპის, მესამე რუსეთის, მეოთხე თურქეთის და ა.შ.
- რუსეთის გვერდისავლა, ამ ვითარებაში, არც ჩვენ და არც დანარჩენ მსოფლიოს გამოუვა. ბოლობოლო, რუსეთის ინტერესებში არ შედის ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების გააქტიურება და ვთქვათ, ისლამურ სახელმწიფოსთან შერწყმა. ასე არაა?
- რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ამ ისლამოფობიურ გარემოში, რუსეთისთვის ხონჩით მირთმეული საჩუქარია. ეს მოვლენები წყალს რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ასხამს - ამ ვითარებაში მას კოზირი აქვს. რაც შეეხება ტერორიზმის გეოგრაფიას, ის უკვე საგანგაშოდ გაიზარდა. ჩვენი ინფორმაციით, ტერორისტებმა შავ სიაში თურქეთი და აზერბაიჯანიც შეიყვანეს - ტერორისტები საზღვრებთან მოგვადგნენ!
- შეიძლება დავუშვათ, რომ ტერორიზმთან მიმართებაში ჩვენ და რუსეთი საერთო ენას გამოვნახავთ?
- ალბათ, რუსეთს თავისი აგენტურა ხალიფატშიც ჰყავს. პირდაპირ ვიტყვი, რუსეთს კავკასიისკენ ცეცხლის გადმოგორების მცდელობა აქვს, რადგან მისთვის იდეალური ვარიანტი იქნება, კავკასიაში ტერორისტების შემოსვლა და აქ ტერაქტების მოწყობა. მაშინ ის საქართველოში პირდაპირ შემოვა!
- და ამას იმით გაამართლებს, მეშინია, საზღვრებთან არ მომადგნენ და პრევენციულ ზომებს საქართველოს ტერიტორიაზე მივმართავო?
- რა თქმა უნდა და იმაშიც გარწმუნებთ, რომ ევროპაშიც გამოჩნდებიან გავლენიანი პოლიტიკოსები, ვინც ამ ამბავს მიესალმება და ტაშს დაუკრავს. ასე რომ, ჩვენ მაინც იმაზე უნდა ვიფიქროთ, საფრთხეები საკუთარი ძალებით როგორ გავანეიტრალოთ. საამისოდ კავშირებიც გვაქვს და გავლენაც, ვისაც ამის გამოყენება უნდა, დავეხმარებით; თუ არადა, როცა ეს ხელისუფლებაც წაიქცევა და მასაც დააჩოქებენ, ოპოზიციასთან ერთად, ჩვენს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებთ.
- ვინ დააჩოქებს?
- თავად მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანას ნელ-ნელა უახლოვდება!