“15 აპრილიდან “ძებნის” აქციებით დავიწყებთ, ქართული პარტია კი დაამთავრებს”!

“15 აპრილიდან “ძებნის” აქციებით დავიწყებთ, ქართული პარტია კი დაამთავრებს”!

ახალგაზრდული მოძრაობა “სამოქალაქო ფრონტი” ცდილობს დაამტკიცოს, რომ კვლავ ფორმაშია და ხალხს ჩვეულ რადიკალიზმს ჰპირდება. ცნობილი “დევნის” აქციების შემდეგ, როგორი იქნება ამჯერად “ძებნის” აქციების სერია, როგორ დაისჯებიან “მორალური პროტესტით” მომღერლები, სპორტსმენები და მსახიობები, რომლებიც რეჟიმისადმი კეთილგანწყობას არ მალავენ, რას აპირებს 2 და 8 მაისს, ვაზაგაშვილი-გამცემლიძის მკვლელობების წლისთავზე, ახალგაზრდა რადიკალთა გაერთიანება და აქვთ თუ არა “სამოქალაქო ფრონტსა” და “ქართულ პარტიას” ერთობლივი სამოქმედო გეგმა - “ვერსიას” მომავალი აქციების ექსკლუზიურ დეტალებს ჯაბა ჯიშკარიანი უმხელს, რომელიც საუბარს “რვიანის” მოქმედებათა შეფასებით იწყებს და ირწმუნება, რომ მალე, რამდენიმე პარტიას ქუჩაში მასთან და რევოლუციის მომხრე სხვა ძალებთან ერთად ვიხილავთ: 

 

დიდი ხანია, რვიანი შეფასებული მყავს - ეს ის პოლიტიკური საკენკია, რომელსაც ხელისუფლება ქათმებს უყრის. თითქოს, ოპოზიცია ძალით ჰყავთ დასმული თუ “დაჩმორებული” მოლაპარაკების მაგიდასთან და ამ რვა პარტიას როგორც უნდათ, ისე აწვალებენ და ატრიალებენ აქეთ-იქით. დარწმუნებული ვარ, მალე “ეროვნული ფორუმი” და კიდევ რამდენიმე პარტია ჩვენთან ერთად ქუჩაში იქნება. “რვიანი” კი აუცილებლად, ძალიან მალე დაიშლება და მათგან ბევრი ქუჩაში, მიტინგზე აღმოჩნდება. 

 

“ფორუმისა” და “ქართული პარტიის” მოლაპარაკებებზე გაქვს კონკრეტული ინფორმაციაა, ამას რის საფუძველზე ამბობ?

- ისინი გარკვეულ კოორდინაციაში იქნებიან და ძალიან მალე, ყველანი ერთად, მიტინგებზე ვიდგებით. მხოლოდ ამის შესახებ მაქვს ინფორმაცია. ამას, პირველ რიგში, საზოგადოების აქტიურობა განაპირობებს. პირდაპირ ვიტყვი, ხალხს რევოლუცია, რადიკალური გზით მიღებული ცვლილებები სურს. “რვიანში” კი “ფორუმი” და სხვები გამუდმებით გზავნიან შესაბამის მესიჯებს და უკან დასახევ გზას იტოვებენ, რათა მანიფესტაციებზე მოსასვლელი პირი ჰქონდეთ 10 000-ობით ადამიანის წინაშე.      

 

თქვენც ბევრგან იტოვებთ მისასვლელ პირს, მაგალითად, წინააღმდეგობის  მოძრაობასთან. რა გაკავშირებთ ერთმანეთთან და ორივეს ერთად, რა როლი გაქვთ გაჩეჩილაძე-ოქრუაშვილის გრძელვადიან ჩანაფიქრში? ამ ბოლო დროს, ხშირად აღნიშნავენ, ჯერ ჯიშკარიანი და რამდენიმე ახალგაზრდა გააქტიურდებიან და ქართული პარტია, თავისი არმიით, ამის მერე გამოჩნდებაო. 

- ჩვენ დავიწყებთ, ქართული პარტია დაამთავრებს! რაც შეეხება წინააღმდეგობის მოძრაობას, იქ უამრავი მეგობარი მყავს და მათთან მეგობრული და ახლობლური ურთიერთობების გარდა, ის თემა მაკავშირებს, რომელიც ორივე ძალას გვაღელვებს. საქმე ეხება პატიმრების მდგომარეობასა და მათ წამებას საპატიმროებში. რაც შეეხება სიუჟეტს, რომელიც ჩვენზე გაკეთდა - როცა ჩვენსა და 2006 წელს იგორგ გიორგაძის მომხრეების დაკავებას შორის პარალელს ავლებენ, ამით ალიბის წინასწარ იქმნიან. ეს იმისთვის კეთდება, რათა ხალხს აჩვენონ, თითქოს სახელმწიფო ამბოხს ვაპირებთ და ჩვენი დაკავება სწორი იქნება. მინდა, “ვერსიის” ფურცლებიდან ვანო მერაბიშვილს ვუპასუხო - ციხე შიგნიდან ტყდება საერთოდ, მე კი პატიმრობების არ მეშინია, რაც საზოგადოებას არაერთხელ დავანახე.

 

ანუ, “გამაფრთხილებელი” სიუჟეტის მიუხედავად, რადიკალურ გეგმებს არ ცვლით. მაინც, როგორია ეს გეგმები?  

- ამის შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, ორშაბათს, 4 აპრილს გავაკეთებთ, სადაც დავაანონსებთ, რომ გვექნება აქციები 4-დან 15 აპრილამდე. ეს აქციები იქნება ე.წ. წერტილოვანი დარტყმები შსს-სთან და სხვა ძალოვანი უწყებების შენობებთან, აგრეთვე, კონკრეტულ ციხეებთან, სასამართლოებთან. 15 აპრილის შემდეგ კი შინაარსობრივად განსხვავებულ აქციებს დავიწყებთ და ხელისუფლებას ერთგვარ სურპრიზს მოვუწყობთ. ამ აქციებს “მორალური ტერორი” შეიძლება დაერქვას.

 

კერძოდ, მივალთ ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ცდილობს, სისხლიან რეჯიმს ზურგი გაუმყაროს, იქნება ეს მსახიობი, მოჭიდავე, მომღერალი თუ სხვა ვინმე. მივალთ და პირში ვეტყვით, რომ ისინი  “ჩანგლისტები” და რეჯიმის ბრძანებების დაბეჩავებული შემსრულებლები არიან. ეს ყველაფერი კი “პლაკატებით”, საყვირებით, შეძახილებით მოხდება. მათ პირისპირ შევხვდებით და საკუთარი ქმედებების შესახებ ქართულად შევახსენებთ, დაახლოებით ისე, როგორც მიშასთან დავდიოდით ხოლმე ბარებსა და რესტორნებში. თუმცა ამჯერად, ეს “ძებნის” აქციები იქნება.

 

რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზე მითხარით, ვის უპირებთ “მოძებნას”?

- თუნდაც, დუტა სხირტლაძე, რომელმაც 2007 წელს 7 ნოემბრის აქციებს ჯერ მხარი დაუჭირა და შემდეგ ჩვენი ქმედებები დაგმო, ასევე, მივალთ, მაგალითად, ნინა წკრიალაშვილთან...

 

მოკლედ, დუტა სხირტლაძისა და ნინა წკრიალაშვილის გარდა, სიაში კიდევ 20 ადამიანი გვყავს. წინასწარ დაგისახელებთ მომავალი აქციების რამდენიმე

 

განსაკუთრებულ თარიღს: 2 მაისს, “დინამოს” კორტებთან, სადაც ზურაბ ვაზაგაშვილი მოკლეს, საპროტესტო აქციის ჩატარებას ვგეგმავთ და ხალხს დავანახებთ, რომ კარგად გვახსოვს ის ტირანია, რაც 2006 წლის 2 მაისს მოხდა. 8 მაისს კი გიორგი გამცემლიძის გარდაცვალების თარიღია. “მაკდონალდსთან”, ზანდუკელის ქუჩაზე, ზუსტად გამცემლიძის მკვლელობის ადგილას გაიმართება ამ ახალგაზრდა ბიჭის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია. მოდით, პირდაპირ განვაცხადებ, ეს იქნება რადიკალური აქცია, რადგან ზანდუკელიდან ჩამოსვლა, გზის გადაკეტვა და კიდევ 1000 რაღაცის მოფიქრება შეიძლება.