დღეს, რუსთაველის გამზირზე, კინოს სახლთან პატიმრების მხარდასაჭერი მორიგი აქციაა დაგეგმილი. ის, რომ საქართველოში პატიმრების უფლებები ირღვევა, რომ ისინი გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს. საქართველოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 490 პატიმარია, რაც სამჯერ აღემატება
საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.
“ციხეებში გაუსაძლისი პირობებია. გასულ წელს პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 33%-თაა გაზრდილი, საავადმყოფოებში ფაქტობრივად გარდაცვლილი პატიმრები გადაჰყავთ, რაც “სიკვდილის ექსპორტს” ნიშნავს”, - განაცხადა პარლამენტის წინაშე თავის ყოველწლიურ მოხსენებაში სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა.
მაშინ, როცა სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საპატიმროებში არსებულ სიტუაციასა და პატიმრების არაადამიანურ მოპყრობაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე იყო.
შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა უმეტესობა დაესწრო. კონფერენციაზე იმყოფებოდნენ საფრანგეთის, ჩეხეთის, ნორვეგიის, ევროკავშირის ელჩები, სიტყვით გამოვიდნენ და ციხეებში არსებულ მძიმე პირობებზე ისაუბრეს: უფლებადამცველებმა: ნანა კაკაბაძემ, გელა ნიკოლაიშვილმა, ზაზა ხატიაშვილმა, ეკა ბესელიამ, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა, ყოფილმა მოსამართლემ, ნინო გვენეტაძემ, ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა: დიმიტრი ლორთქიფანიძემ და გია ცაგარეიშვილმა, ადვოკატებმა: ქეთი ბექაურმა და მანანა კობახიძემ. ვრცელი მოხსენება წარმოადგინა პარტია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა, რომელიც 10 წელი მუშაობდა ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენლად.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართველ ჟურნალისტთა მოთხოვნას ციხეთა სისტემის ერთდღიანი მონიტორინგის შესახებ, რომელიც ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა გაახმოვანა, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წარმომადგენელი საბრინა ბიუჰლერი დაეთანხმა და დაჰპირდა ქართველ ჟურნალისტებს, რომ ამ თხოვნას სტრასბურგში ევროსაბჭოს ცენტრალურ ოფისს სიამოვნებით გადასცემს და მათ პასუხს წერილობით აცნობებს.
ჩვენ კი გთავაზობთ სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ მრგვალი მაგიდის წევრების გამომსვლელთა საინტერესო გამოსვლების მცირე ნაწილს.
თეა წულუკიანი: “რაც შეეხება პატიმრების სიკვდილიანობას ციხეში, მე მინდა, ამის საჯაროდ გაცხადებისათვის საჯაროდ დიდი მადლობა ვუთხრა სახალხო დამცველს, რომელის ძალიან დიდ შრომას ეწევა ამ მხრივ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვიშვებს სახელისუფლებო გუნდი საპატიმრო დაწესებულებებში, ჩვენ გვქონია შემთხვევა, როდესაც მომაკვდავ პატიმართან სახალხო დამცველის წამომადგენელი მისულა, რომ თუნდაც პატიმრის ოჯახისათვის ამბავი გამოეტანა. ასეთი რამ მოხდა სულ რამდენიმე დღის წინათ, როდესაც ბოლო მომენტში, მომაკვდავი პატიმარი, 32 წლის მერაბ გიგაური მოათავსეს საავადმყოფოში გლდანში. ის ციხეში დაავადდა ჰეპატიტით და ტუბერკულიოზით. “თავისუფალ დემოკრატებს” მოგვმართა პატიმრის ოჯახმა. სახალხო დამცველმა დიდი დახმარება გაგვიწია იმ მხრივ, რომ თავისი ჯგუფი მიავლინა, რათა შეეტყოთ აღნიშნული პატიმრის მდგომარეობა. პატიმარი გიგაური მალევე გარდაიცვალა, მას ციხიდან გამოსვლამდე დარჩენილი ჰქონდა სამი თვე და დგებოდა რეალურად საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამებოდა ამგვარი პატიმრის ციხეში ყოფნა მის ჯანმრთელობას.
ეს არის ის საკითხი, რასაც ევროპული სასამართლო თავის პრეცედენტებში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ამ საკითხს იხილავს ევროკონვენციის მე-3 მუხლით. სამწუხაროდ, დღეს ქართულ ციხეებში არიან ისეთი მძიმე პატიმრები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება პატიმრობას, როგორც სასჯელს. ამიტომ ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ ელემენტარულად იმის საშუალება, ან გარეთ გავიდნენ და იმკურნალონ, ან როდესაც უკანასკნელ დღეში არიან, ელემენტარულად ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, იურისპრუდენცისაც რომ თავი დავანებოთ, მიეცეთ იმის საშუალება, რომ ახლობლების ხელში დალიონ სული.სახალხო დამცველის მოხსენება ადასტურებს, რომ ქალბატონი ციხეების მინისტრის გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ციხეებში ადამიანები კვდებიან ზუსტად ისე, როგორც გარეთ და რომ სიკვდილის მიზეზი არის ხანდაზმულობა, არის სიცრუე. 1979 წელს დაბადებული ადამიანი არ არის ხანდაზმული. ეს ადამიანი ჯერ კიდევ არ არის დაკრძალული და მისი სახელის და გვარის ხსენებით ვცდილობ, მის ადამიანურ ღირსებასაც მივაგი პატივი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ის დამნაშავე.
რაც შეეხება თვითონ მართლმსაჯულებას საქართველოში, ძალიან ბევრი ითქვა, ითქმის და, ალბათ, ითქმება კიდევ ამ პრობლემის შესახებ. მე მხოლოდ მოგახსენებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც 10 წლის ევროპულ სასამართლოში საქმიანობის დროს ჩემს ყურამდე მოსულა, ვინაიდან ჩემს ხელში გადიოდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საჩივრები. რეალურად გამოკვეთილია რამდენიმე კონკრეტული პრობლემა ევროკონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევის თვალსაზრისით. აქვე განვმარტავ, რომ ევროკონვენციისმე-5 მუხლი უზრუნველყოფს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას. მთავარი პრობლემა, რაც ქართულ მართლმსაჯულებას აქვს ამ მუხლთან დაკავშირებით, ეხება ამ მუხლის მე-3 პუნქტს. კერძოდ, იმას, რომ აღკვეთის ღონისძიების განხილვისას მოსამართლე 97% შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით იზიარებს პროკურორის შუამდგომლობაში მოყვანილ არგუმენტებს და შეიძლება თამამად ითქვას იმ ტექნოლოგიური მეთოდით, რომელსაც მარტივ ენაზე ეწოდება ÷ÕÖõ Ö°ÝÞ• ეწოდება, გადააქვს პროკურორის შუამდგომლობაში წარმოდგენილი არგუმენტები მოსამართლეს თავის გადაწყვეტილებაში.
ეს თავისთავად არის ევროკონვენციის კუთხით პრობლემა, მაგრამ ამას აქვს ტრაგიკული შედეგი ჩვენი რეალობისთვის. კერძოდ ის, რომ ასეთი ავტომატური გადაწყვეტილებებით ციხეში ადამიანების გაგზავნა იწვევს იმ კატასტროფულ რიცხვს პატიმრებისას, რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში. საქართველო პატიმართა რიცხვით არის დაწინაურებული ქვეყანა. საქართველო პატიმართა რაოდენობის მიხედვით სამჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ეს არის კატასტროფულად დიდი რიცხვი და სწორედ ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს ქართული სასამართლო, როდესაც იხილავს პატიმრობის საკითხს წინასწარი გამოძიების დროს.
ევროპული სასამართლო ძალიან აქტიურად უყიჟინებს ქართულ მართლმსაჯულებას, რომ თავისუფლება არის წესი, პატიმრობა კი - გამონაკლისი, მით უმეტეს წინასწარი გამოძიების დროს, როდესაც მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ქართველ მოსამართლეებს დღეს არ ესმით, რომ როდესაც ადამიანი თუნდაც ეჭვმიტანილია, აუცილებელია ისეთი ძლიერი არგუმენტების მოყვანა პატიმრობის სასარგებლოდ, რომლებიც გადაწონის უდანაშაულობის პრეზუმფციას და ობიექტურ შემფასებელს დაარწმუნებს, რომ მოცემული პირის გამომძიებლის ხელში ყოფნა არის საჭირო იმისთვის, რომ დადგინდეს საქმეზე ჭეშმარიტება.
დემოკრატიულ ქვეყნებში ბრალდებული თავის განაჩენს ელოდება შინ. თავისუფლება იქ მართლაც არის წესი და პატიმრობა - გამონაკლისი. ამიტომ თამამად შეიძლება, ითქვას, რომ სწორედ ქართული სასამართლო სისტემაა პასუხისმგებელი პატიმრების იმ დიდ რიცხვზე, რაც დღეს გვყავს. 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში გამართლებული ადამიანების რიცხვი იყო მხოლოდ 18, მაშინ, როდესაც განსასჯელთა საერთო რიცხვი იყო 19 000-მდე.
ის, რომ დღეს საქართველოში მართლმსაჯულება არ ხორციელდება, იწვევს სწორედ იმ პრობლემას, რის გამოც დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ. მოსამართლე რომ იდგეს თავის სიმაღლეზე, დღეს საქართველოს ამდენი პატიმარი არ ეყოლებოდა”.
ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა იმ საშიშროებაზე გაამახვილა კონფერენციაზე დამსწრე დიპლომატებისა და საზოგადოების ყურადღება, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო დასავლელი მეგობრების და მათი ინსტიტუტების მიმართ ნდობა სწრაფად ეცემა.
ნანა დევდარიანი: “დღევანდელი რეჟიმი ახდენს დასავლური იდეების ფორმალურ დეკლარირებას, მაგრამ ქართველი ხალხი ამის შედეგს თავის თავზე ვერ გრძნობს. სამაგიეროდ ხედავს, რომ კონიუქტურის გამო, მშვენივრად ხუჭავენ თვალს ჩვენი ევროპელიდა ამერიკელი მეგობრები იმ უბედურებაზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორი წნეხის ქვეშ იყო მაშინდელი ხელისუფლება “ვარდების რევოლუციამდე”, უმნიშვნელო დარღვევების გამოც კი. ახლაც მშვენივრად ვხედავ, რომ ბოლო 7 წელი, 4 თვე და 4 დღე რაც ხდება, ამას კატეგორიულად ვერ ხედავს ჩვენი დასავლელი მეგობრების მთელი წყება. მე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, არის სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების შედეგი. მინდა, მიიტანოთ ეს ჩემი ნათქვამი საელჩოებში თუ ორგანიზაციებში, თუნდაც თქვენს ხალხებთან, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, ჰგონიათ, რომ აქ თქვენ იცავთ ევროპულ ფასეულობებს და ადამიანის უფლებებს. აქ მსგავსი არაფერი არ ხდება.
რაც შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, მის მიმართ ჩემი გულგატეხილობა არ დამიმალავს არც ადრე, როცა სახალხო დამცველი ვიყავი. არ შეიძლება, ადამიანები სამართლიანობის აღდგენას ელოდნენ წლების განმავლობაში. სრულიად არაეფექტური გახდა ეს სისტემა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა იზრუნონ არა იმაზე, რომ აქედან სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელების განხილვა დაჩქარდეს, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ იმაზე, რომ საქართველოში რეალურად სასამართლო არსებობდეს. ძირითადი ჩემი სატკივარი არის ის, რომ თუ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ გადახედავენ თავიანთ დამოკიდებულებას დღევანდელი რეჟიმის და საქართველოს მიმართ, ნუ გაუკვირდებათ, რომ ის განწყობილებები, რომელიც ალაგ-ალაგ გაჩნდა, მიიღებს საყოველთაო ხასიათს. კი არ გემუქრებით. უბრალოდ, მინდა, რომ ჩვენი ხმა ჩვენს დასავლელ მეგობრებს მისწვდეთ, თორემ ჩვენ არც ტერორისტების ქვეყანა ვართ და არც კრიმინალების ერი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება, ასეთი ილუზია შექმნას”.
კონფერენციის მონაწილეებმა დახურვამდე რეზოლუცია მიიღეს და ევროპული ქვეყნის ლიდერებს მიმართეს, დაეხმარონ ქართულ სასამართლო სისტემასა და საპატიმროებში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებაში.