შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა სოფო სალუქვაძემ „მარტინი“-ს საერთაშორისო კონკურსზე „პორშე 911“ მოიგო. გამარჯვება მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ მიულოცა.
საერთაშორისო ბრენდმა „მარტინი“-მ განახორციელა გლობალური კამპანია: „Race To Desire“, რომლის ფარგლებში, გაათამაშა „პორშე 911“, საგზური ამავე კონკურსის სუპერ ფინალზე მილანში და სხვა პრიზები.
საქართველოდან გათამაშებაში ჩაერთო 4 000-მდე კონკურსანტი. პირველი ტურის პირობები გულისხმობდა დასმულ კითხვებზე ორიგინალურ პასუხს, ხოლო მეორე ტურის ფარგლებში, კონკურსნატებს „მარტინი“-ს ვებ-გვერდზე უნდა აეტვირთათ ფოტოსურათი კოქტეილ „მარტინ როიალთან“ ერთად. საბოლოოდ, „მარტინი“-სა და „პორშე“-ს გლობალურმა წარმომადგენლებმა ყველაზე ორიგინალურ მონაწილედ სოფო სალუქვაძე შეაფასეს, რომელიც მილანში კონკურსის სუპერ ფინალზე გაემგზავრა, სადაც თამაშდებოდა მთავარი პრიზი - „პორშე 911“.
სუპერ ფინალში მონაწილეობდნენ 15 ქვეყნის გამარჯვებული ფინალისტები. სუპერ ფინალის მთავარი კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაემტკიცებინათ, თუ რატომ იმსახურებდნენ „პორშე 911“-ის მოგებას. სოფომ ჟიურის აღფრთოვანება შეძლო - მან არაჩვეულბრივი სიმღერით დაამტკიცა, რომ სწორედ ის იმსახურებდა გამარჯვებას.
გამარჯვებული ქართველი კონკურსანტისთვის სპეციალურად დამზადდა „პორშე“-ს ახალი მოდელი, რომელიც მას ოფიციალურად და საზეიმოდ გადაეცა.