"გავყიდოთ 3 700 წლის უნიკალური თრიალეთის ვერცხლის თასი, ვანის ოქრო, ახალგორის განძი, ხატები ოქროს საცავიდან, ვჭამოთ და ვსვათ წინაპრებისგან შემონახული ისტორია!”

საყდრისის ოქროს მაღარო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 2006 წელს შეიტანეს და ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიანიჭეს, თუმცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის, გურამ ოდიშარიას 2013 წლის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გაუუქმდა. ამავე წელს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, საყდრისში სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონაც გაუქმდა... 2004-2011 წლებში, სამეცნიერო და აკადემიური საკითხების სწავლების გერმანიის ერთ-ერთი ძირითადი კერძო საფონდო ინსტიტუტი - “ფოლკსვაგენის ფონდიმხარს უჭერდა და აფინანსებდა საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებულ საერთაშორისო და ინტერდისციპლინარულ კვლევით პროექტს, რაშიც, გრანტის სახით, 500 ათას ევროზე მეტი დაიხარჯა. პროექტში, გერმანიის სამთო მუზეუმთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმიც იყო ჩართული... ასე დამტკიცდა, რომ საყდრისი მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომელსაც მხოლოდ დაცვა კი არა, გამოკვლევაც სჭირდება. „გაოგნებული ვარ იმ ახალი ამბით, რომ განზრახულია პრეისტორიული ხანის სამთო წარმოების ძეგლის განადგურება... გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ ნებისმიერი სამთო წარმოება ძეგლზე და დააფუძნოთ დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც ქართველი, ასევე, საერთაშორისო ექსპერტებით”, - ესაა ამონარიდიფოლკსვაგენის ფონდისგენერალური მდივნის, პროფესორ ვილჰელმ კრულის 2013 წლის 13 სექტემბრის ოფიციალური წერილიდან, რომელიც საქართველოს მაშინდელ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს გამოუგზავნა... 2014 წლის 7 იანვარს, კომპანიაRMG Gold“-მა საყდრისის ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე სამუშაოები უნებართვოდ დაიწყო. 2014 წლის აპრილში კი, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „საყდრისის თემაზე სპეკულირება დაასრულოს ყველამ. არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს საბადო თუ ოქროს მაღარო. იმ ადამიანებმა, თითქოს რაღაც ძეგლის გადარჩენას რომ ცდილობენ, კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრებათ, თუ რამე შეფერხება შეექმნება აღნიშნულ კომპანიას”. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საყდრისზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია და თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას მოუაროს... საყდრისის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზექართული სიტყვახელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას ესაუბრა.

- ბატონო გოგი, საყდრისი-ყაჩაღიანის გარშემო ატეხილი ვნებათღელვა არ ცხრება - უკვე მაღაროს აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობს. რა არის საყდრისი?

- ერთი ვერსიით, საყდრისი-ყაჩაღიანი უბრალო მაღაროა, მეორე ვერსიით კი, მსოფლიოში ერთ-ერთი ან, სულაც, ოქროს მოპოვების ყველაზე ძველი ადგილია. თუკი ერთი პროცენტი მაინც არსებობს შანსი, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უძველესი მნიშვნელოვანი ნიმუშია, ეს ვანდალიზმი უნდა შეწყდეს. საქართველო პატარა ტერიტორიაზე განლაგებული ქვეყანაა, მაგრამ კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპი, უძველესი დროიდან დაწყებული, უხვი მასალითაა წარმოდგენილი. ქვემო ქართლი საბარათიანოს ნაწილი იყო და მდიდარი არქეოლოგიური ძეგლებითაა გამორჩეული. გასაკვირი არაა, თუკი საყდრისი ოქროს მოპოვების უძველეს კერად ჩაითვლება.

- დმანისში აღმოჩენილია პირველი ადამიანების - ზეზვასა და მზიას ჩონჩხები, რომლებმაც აფრიკის კონტინენტი დატოვეს და ევროპაში გადასახლდნენ.

- დიახ, ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაც სწორედ ამ სანახებში მოხდა. საყდრისთან დაკავშირებით ინფორმაციული სივრცე, სამწუხაროდ, დახურულია. ბევრი ტყუილ-მართალი გამოქვეყნდა, თუნდაც ის, რომ ისტორიული მუზეუმი მხარს უჭერს ძეგლის აფეთქებას. მთავარ დანაშაულად კი ის მიმაჩნია, რომ არქეოლოგიურ სპეციალისტებს საშუალება არ მისცეს, ტერიტორია მთლიანად დაეთვალიერებინათ და მიზეზად ის დაასახელეს, რომ ეს, გეოლოგის დასკვნით, უსაფრთხო არ იქნებოდა. რაღა აფეთქებამდე ორი კვირით ადრე გახდა საშიში შიგნით შესვლა?! თეთრი ძაფით შეკერილი ამბავია. ვინ არის ის გეოლოგი, რამდენად კომპეტენტურია? რითი ასაბუთებს ან თუ ერთი მესამედია დათვალიერებული, იმ ორი მესამედის დათვალიერებას წინ რაღა ედგა?  ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჭკვიანი კაცია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ,,არემჯი გოლდის” ინტერესებს საქართველოს ინტერესებზე მაღლა აყენებს!

- მთავრობის ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ საყდრისის მაღაროებში სამი ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

- ეს მოტივი მისაღები არაა. თუკი ისე გაძვალტყავებული ხარ, რომ სამი ათასი ადამიანისთვის სამუშაო ვერ გიშოვნია, მაშინ რა მთავრობა ხარ?! საყდრისში, ოქროს მოპოვების მიზნით, გათხრები, რამდენადაც ვიცი, დიდი ხანი არაა, რაც დაიწყო და ვიდრე თხრას დაიწყებდნენ, ეს ხალხი რას აკეთებდა? - არ ჭამდა, არ სვამდა? საქონელს არ აძოვებდა თუ რაშია საქმე? სახელმწიფო ხარ, ააშენე ერთი ქარხანა, თუ არადა, თქვი, რომ ბანკროტი ხარ და ხალხი კაპიკ-კაპიკ მოაგროვებს ფულს ადგილობრივების დასახმარებლად თუ დასასაქმებლად.

“გვიჭირს და ვერ ვაკეთებთ!” - მაშინ, ამ ლოგიკით, გავყიდოთ შუა ბრინჯაოს ხანის, 3 700 წლის უნიკალური თრიალეთის ვერცხლის თასი; გავყიდოთ ვანის ოქრო, ახალგორის განძი, ხატები ოქროს საცავიდან; ქართული უნიკალური ოქრომჭედლობა და ბიუჯეტს ხუთჯერ შევავსებთ. ჯვარიც შეგვიძლია გავყიდოთ - აშშ იყიდის და რომელიმე პარკში დადგამს. ევროპიდან აგურ-აგურ მიაქვს ციხე-სიმაგრეები და უვლის, ალავერდიც გავყიდოთ, ვჭამოთ და ვსვათ წინაპრებისგან შემონახული ისტორია!

- ბატონო გოგი, საყდრისი, როგორც კულტურული ძეგლი, რომელიმე ისტორიულ წყაროში მოხსენიებულია?

- არა, რადგან საყდრისი ანჩისხატი, ან მსგავსი კულტურული მემკვიდრეობა არაა. ერის კულტურა განა, მხოლოდ სულიერება, ხელოვნება, მწერლობა და არქიტექტურაა? ამ შემთხვევაში, ეს ჩვენი მეურნეობის კულტურული მემკვიდრეობაა. მაგალითისთვის, მსოფლიოში არსებული ხორბლის ოცდაექვსი ჯიშიდან ცამეტი საქართველოში, კერძოდ, შულავერშია აღმოჩენილი. მსოფლიომ ღვინის დაყენების ჩვენებური კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვრად აღიარა. ასევე, საქართველო ცნობილია, როგორც მეტალურგიის მწარმოებელი უძველესი კერა. თუკი დამტკიცდება, რომ საყდრისი ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღაროა, მსოფლიოში საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გაჟღერდება. ისე, გასაკვირი არაფერია, რადგან ქვემო ქართლში, როგორც წეღან გითხარით, უამრავი არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი, იქვეა დმანისი, სამშვილდე, ბოლნისი...

როგორც ამბობენ, ამ აფეთქებებით მთელი რაიონი ზანზარებს და აფეთქების ეს ბარბაროსული ფორმა გარშემო ყველაფერს დააზიანებს. არადა, სასამართლოს საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს.

- ბატონო გოგი, უცხოელი ექსპერტების კომისიაზე რას იტყვით?

- ყველა ერი საკუთარ იდენტობას იცავს და ცდილობს, საკუთარი კულტურა, ისტორია წარმოაჩინოს. როცა რომელიმე ერის წარმომადგენელი, მაგალითად, გერმანელი ხელოვნების ისტორიას წერს, აქ გერმანული ძეგლები მეტია. თუ საბჭოთა კულტურაზეა ლაპარაკი, მაშინ რუსული ჭარბობს. ჰოდა, თუკი გერმანელი მოვიდა და გითხრა, ეს უძველესი კულტურული ძეგლიაო, არ უნდა გაითვალისწინო? ჰაერიდან ხომ არ მოიტანდა? საყდრისის თემაზე სიტყვა, პირველ რიგში, მეცნიერებს, არქეოლოგებს უნდა მისცემოდათ, ჩაეტარებინათ სპეციალური კონფერენცია, სიმპოზიუმი, კონგრესი და დასკვნა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ. არ დააცალეს სპეციალიტებს, რომლებიც რისკის ფასად მზად იყვნენ, სიმართლე დაედგინათ და მაღარო დაეთვალიერებინათ. აფეთქებას აშკარად ჩქარობენ. ამით საქართველო არ დაიქცევა, მაგრამ თუკი იქ ფასეული და ღირებული რამეა, რა პასუხს გასცემ მომავალს? სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორია სავსეა როგორც გმირობებით, ასევე, ნაძირლობებით. ახსნა-განმარტება არ სჭირდება, რომ ოქრო ხალხს ჭკუას აკარგვინებს. ოქროს ციებ-ცხელება ბევრმა ერმა გადაიტანა, ბევრმა გაყიდა ერის საუნჯე, სიძველეები, სამშობლოც. სამწუხაროა, მაგრამ ოქროსა და ფულზე გამყიდველებს რა დალევთ?!

- “ნაციონალებსბაგრატის ტაძრის იერსახის შეცვლის გამო ვაკრიტიკებდით. გამოდის, რომ ახალი ხელისუფლებაც ამ გზას ადგას?

- დიახ, გამოდის, რომ ამ მხრივ მაინცდამაინც არაფერი შეცვლილა. კი ბატონო, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ როცა საქმე ძეგლებზე მიდგა, სასწორზე ორი რამ დაიდო - ოქრო თუ ძეგლი?! იუნესკომ ბაგრატი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღო, რაც სამწუხარო დანაკარგია - აღდგენის მერე, ის უკვე მკვდარი ძეგლია. შესაძლებელი იყო, საყდრისი მსოფლიო მემკვიდრეობაში სხვა მხრივ შესულიყო... ყველა ქვეყანა უფრთხილდება ძეგლებს. მაგალითად, ფრანგებისთვის დიდ დანაკარგად ითვლება, რომ სტიქიამ ის ადგილი დაანგრია, სადაც უძველესი პირველყოფილი ადამიანის მიერ დანთებული ცეცხლის ნაკვალევი იყო აღმოჩენილი.

- ეტყობა, საყდრისში დიდძალი ოქროა...

- ალბათ... საკითხავია, ეს ოქრო ფშორებში წავა თუ ქვეყანას მოხმარდება. ამაზე არავინ არაფერს ამბობს... ამტკიცებენ, ეს კერძო საკუთრებაა და ხელის ხლება არ შეიძლებაო. ვთქვათ, წავედით დათმობაზე და ძეგლი საბოლოოდ დავანგრიეთ, ამით სახელმწიფო რას მოიგებს? აშკარად ჩანს, რომ საყდრისთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროსა თუ ძეგლთა დაცვის უწყებების კომპეტენციაში არ შედის, ბრძანება ზედა ეშელონებიდან მოდის. რამდენიმე წლის წინ, ფართოდ მსჯელობდნენ კაზრეთის ოქროს საბადოებზე მიმდინარე სამუშაოების მიერ გამოწვეულ ეკოლოგიურ კატასტროფაზე. ახლა კი, ესეც აღარავის ახსოვს. ბუნება ნადგურდება, ერთეულები მდიდრდებიან. მე, როგორც მოქალაქეს კი, გულში ხინჯად მრჩება, რომ დიდი ალბათობით, ძალიან მაღალი კულტურული ღირებულების ძველი ძეგლი მომისპეს.