ტელეკომპანია ,,მაესტროში' განვითარებული მოვლენები რუსული გაზის საქართველოში იმპორტსა და ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელის, კოტე გოგელიას ბიზნესინტერესებს დაუკავშირეს. მედიაში გავრცელებული ვერსიით, თუ საქართველოში რუსული გაზი შემოვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ,,მაესტრო' კოტე გოგელიას ამ ბიზნესს შეეწირა. ,,ვერსიამ' ეს მოარული ხმები გაზის ექსპორტსა და რუსეთიდან ბუნებრივი აირის ტრანზიტის სქემაში კარგად ჩახედულ ექსპერტებთან გადაამოწმა.
,,გაზის ომის' სკანდალური ვერსია
მედიაში გავრცელებული ვერსიით, რუსეთის ერთ-ერთმა სპეცსამსახურმა ,,ფეესბემ' საქართველოში საკუთარი საყრდენი ,,მაესტროს' ერთ-ერთი მფლობელის, კოტე გოგელიას სახით მოძებნა. ამავე ვერსიით, ,,ფეესბეს' კოტე გოგელია რუსული ფულის გასათეთრებლად და საკუთარი იდეოლოგიის გასატარებლად დასჭირდა. ამ მიზნით, კოტე გოგელია რუსული გაზის საქართველოში ტრანზიტის სქემაში ჩასვეს. ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, კონკრეტულად, ენერგეტიკის სამინისტრომ ყაზახებთან ურთიერთობა დაალაგა და შედეგად, ,,ყაზტრანსგაზთბილისის' მენეჯმენტში ისევ ყაზახები დაბრუნდნენ. გავრცელებული ვერსიით, ახალი წლიდან ყაზახები რუსული გაზის იმპორტს დაიწყებენ, რომელსაც ,,ყაზტრანსგაზთბილისის' საშუალებით, დედაქალაქის მოსახლეობას მიაწვდიან. გაზის განაწილების ამ სქემაში კი კოტე გოგელია აღმოჩნდა, რომელიც ,,ფეესბეს' თხოვნით, რუსულმა ,,გაზპრომმა' ჩასვა. ამ ვერსიით, ,,მაესტროს' ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თავისი კომპანიის საშუალებით, რუსული გაზი, რუსეთიდან საქართველოს საზღვრამდე უნდა შემოიტანოს, რომელსაც ,,ყაზტრანსგაზთბილისს' მიაწვდის. ერთი შეხედვით, სქემა მარტივია _ კოტე გოგელია რუსულ გაზს შემოიტანს, მისი კომპანია რუსული ფულის გამტარი და გამთეთრებელი იქნება. რუსეთის სახელმწიფოს იდეოლოგიას კი ტელეკომპანია ,,მაესტროს' საშუალებით გაატარებს და ,,ფეესბეს' ძირითადი საყრდენი გახდება. ამ ვერსიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანია ,,მაესტრო' სწორედ ამ მიზეზის გამო დატოვეს თანამშრომლებმა, რომლებმაც რუსეთის ინტერესების გატარებაზე უარი თქვეს. რაში დასჭირდა რუსეთს და, ამ შემთხვევაში, ,,ფეესბეს' კოტე გოგელია? გაზის განაწილების სქემაში ,,მაესტროს' ერთ-ერთი დამფუძნებლის ჩასმით, რუსეთმა ხელში სერიოზული ბერკეტი ჩაიგდო, _ ამბობენ ამ ვერსიის ავტორები და საქართველოში ,,გაზის ომისა' და უკრაინული სცენარის გათამაშებაზე მიანიშნებენ. უკრაინის კრიზისი სწორედ ,,გაზპრომის' დავალიანების არგადავადების გამო დაიწყო. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობას იგრძნობს, თავისუფლად შეძლებს ქვეყანას გაზი გადაუკეტოს და მეტიც, საკუთარი იდეოლოგიის გამტარებელი ტელეკომპანია ,,მაესტროს' საშუალებით, არეულობა დაიწყოს. მოკლედ, საქართველოში უკრაინული სცენარი გათამაშდება და ქვეყანა ,,ცისფერი ალის' კი არა, ნამდვილ ცეცხლში გაეხვევა. ამ სცენარით, საქართველოს მთავრობა რუსეთმა ჩიხში მოაქცია, რადგან გავრცელებული ინფორმაციის ავტორების მოსაზრებით, ,,ყაზტრანსგაზთბილისის' გამო ატეხილი დავა იმიტომ გადაწყდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსული გაზის ტრანზიტის სქემაში დამატებითი კომპანიის შემოყვანა არ დაებლოკა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში წარადგენს გაზსაცავის მშენებლობის გეგმას, რაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში შედის. საქართველოში მოვლენების უკრაინული სცენარის გათამაშების ავტორები კახა კალაძის ამ განცხადებას დამატებით არგუმენტად მიიჩნევენ, რათა საკუთარი პოზიცია კიდევ უფრო მეტად გაამყარონ. ისინი თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ბერკეტი დარჩა და ეს გაზსაცავის მშენებლობაა, რასაც კრიზისის დროს ანუ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი რუსეთი გაზს გადაგვიკეტავს. დაუშვებს თუ არა აშშ და ევროკავშირი საქართველოში უკრაინის სცენარს? საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, თავდაცვის ექსმინისტრს, ირაკლი ალასანიასა და მის პარტიას გამოიყენებენ, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ალასანიას ,,თავისუფალ დემოკრატებს', რუსეთის წინააღმდეგ რესპუბლიკელები და რებრენდირებული ნაციონალებიც შეუერთდნენ. სწორედ ეს სამი პოლიტიკური სუბიექტი იქნება ის რეალური ძალა, რომელზე ფსონსაც აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დადებენ.
საქართველოში უკრაინული სცენარი გამორიცხულია!
,,ვერსიამ' ეს ვერსიები, როგორც ზემოთ ვთქვით, კარგად ინფორმირებულ და რუსეთიდან საქართველოში გაზის ტრანზიტის სქემაში გათვითცნობიერებულ ექსპერტებთან გადაამოწმა. ,,ვერსიის' წყაროების ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის სცენარი არ გათამაშდება და ამას რამდენიმე, საკმაოდ მყარი არგუმენტი აქვს:
არგუმენტი #1: რუსული ,,გაზპრომი' კატეგორიულად არ დაუშვებს, რომ გაზის ტრანზიტის სქემაში სხვა, თუნდაც ,,ფეესბეს' მიერ ლობირებული კომპანია ჩასვას. საამისოდ ,,გაზრომს' შვილობილი კომპანიები, განსაკუთრებით კი, ,,გაზექსპორტი' ჰყავს. შესაბამისად, თუ ,,ყაზტრანსგაზთბილისმა' თბილისში მაინც და მაინც რუსული გაზი უნდა გაანაწილოს, ამას ,,გაზპრომი' საკუთარი შვილობილის, ,,გაზექსპორტის' საშუალებით განახორციელებს და რუსეთიდან საქართველოს საზღვრამდე ბუნებრივ აირსაც ,,გაზექსპორტი' შემოიტანს.
არგუმენტი #2: რუსული გაზის ტრანზიტში კოტე გოგელიას ბიზნესინტერესის გათვალისწინება, ,,ვერსიის' წყაროების ინფორმაციით, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა რეალური, თუკი საქართველოს ხელისუფლება რუსულ ,,გაზპრომს' დაარწმუნებდა და შუამავალ კომპანიას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე დაუშვებდა. მარტივად რომ ავხსნათ, საქართველოს საზღვრამდე ბუნებრივ აირს ,,გაზექსპორტი' მოიტანდა, ქვეყნის ტერიტორიაზე, ანუ საქართველოს საზღვრიდან გაზის ტრანზიტში კი კოტე გოგელიას კომპანია ჩაჯდებოდა, რომელიც ბუნებრივ აირს საზღვრიდან ,,ყაზტრანსგაზთბილისს' მიაწვდიდა. ეს უკანასკნელი კი თბილისის მოსახლეობას გაუნაწილებდა, თუმცა ,,ვერსიის' წყაროები ამ ერთადერთ შესაძლებლობასაც კატეგორიულად გამორიცხავენ, რადგან 2001 წლიდან, გაზის ტრანზიტის სქემიდან ამ ტიპის შუამავალი რგოლი ამოვარდნილია და მაშინდელი ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნით, ამ ფუნქციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ითავსებს, რომელიც სახელმწიფოს მიერაა შექმნილი და შესაბამისად, ბუნებრივი აირის ტრანზიტის სქემაში ყოველგვარი შუამავალი რგოლის არსებობა დაუშვებელია!
არგუმენტი #3: ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბუნებრივი აირი საქართველოს საზღვრამდე მოაქვს, აზერბაიჯანული ,,სოკარია'. ოღონდ, ამ კომპანიას საქართველოში რუსული კი არა, აზერბაიჯანული გაზი შემოაქვს და რაც მთავარია, არა _ რუსეთ- საქართველოს, არამედ აზერბაიჯანი- საქართველოს საზღვრამდე! ,,ვერსიის' წყაროების ინფორმაციით, ,,სოკარი' არ დაუშვებს, რომ ,,გაზპრომისა' და ,,გაზექსპორტის' გარდა, თუნდაც ,,ფეესბეს' პროტექციით, თანაც სავარაუდოდ გოგელიას მიერ სახელდახელოდ შექმნილი კომპანია, რუსული გაზის საქართველოს საზღვრამდე ტრანზიტის სქემაში ჩასვას!
არგუმენტი #4: რაში სჭირდება ,,ფეესბეს' საქართველოში კოტე გოგელიას კომპანია რუსული ფულის გასათეთრებლად, როდესაც თბილისის შუაგულში, ,,თელასის' მფლობელი ,,ინტერრაო' ჰყავს? გარდა ამისა, გაზის ტრაზიტის სქემაში სახელდახელოდ შექმნილი შუამავალი კომპანიის მონაწილეობა იმიტომაცაა გამორიცხული, რომ რუსეთს საქართველოში ბუნებრივი აირის განაწილების სერიოზული, მასშტაბური და კომერციული ინტერესი არ აქვს. ფაქტობრივად, თბილისის გარდა, საქართველოს რეგიონებს ბუნებრივი აირით აზერბაიჯანული ,,სოკარი' ამარაგებს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, საერთაშორისო კომპანია ,,იტერა' შეიძინა. მართალია, ,,იტერა' ტრანსნაციონალური კომპანიაა, მაგრამ ისიც ,,გაზპრომის' ერთ-ერთ შვილობილ კომპანიად ითვლება. მოკლედ, თბილისს გაზს ,,ყაზტრანგაზთბილისი', ხოლო დანარჩენ საქართველოს ანუ შედარებით დიდ ნაწილს ,,სოკარი' აწვდის. აქედან გამომდინარე, რუსული გაზის მოცულობა, რომელიც თბილისელებმა უნდა მოიხმარონ, ისეთი მასშტაბური არ არის, რუსეთს რაიმე ტიპის კომერციული ინტერესი ჰქონდეს.
არგუმენტი #5: ,,ვერსიის' წყაროების ინფორმაციით, უკრაინული სცენარი საქართველოში თუნდაც იმიტომ არ განმეორდება, რომ ეს ეტაპი ჩვენმა ქვეყანამ 20 წლის წინ უკვე გაიარა და ტერიტორიებიც დაკარგა. რაც მთავარია, უკრაინაში ,,გაზის ომი' იმიტომ დაიწყო, რომ ,,გაზპრომის' საშუალებით, რუსული გაზი ევროპაში სწორედ უკრაინიდან გადიოდა. რაც მთავარია, რუსეთს ყირიმის შეერთება უნდოდა და მთავარი მიზეზი ეს იყო. საქართველოში მსგავს სცენარს კი აშშ და ინგლისი არ დაუშვებს, რადგან ,,ბაქო- თბილისი- ჯეიჰანის' ნავთობსადენისა და ,,შაჰდენიზი- თბილისი- ერზერუმის' გაზის პროექტები ის რეალური ფარია, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უკრაინის მსგავსი კრიზისისგან დაიცავს! ,,ვერსიის' წყაროები გვიამბობენ, რომ აზერბაიჯანულ ,,სოკარს' საქართველოში ,,ბაქო- თბილისი- ჯეიჰანის' ნავთობსადენის მმართველი, ბრიტანული ,,ბი პი' არ მიატოვებს, ხოლო თურქეთი, რომელიც რუსეთთან ღია კონფრონტაციას ერიდება, რეალურად, რუსეთისვე ოპონენტად ითვლება. შესაბამისად, საქართველოში უფრო მეტია დასავლური და თუნდაც თურქული კომპანიების ინტერესები, ვიდრე უკრაინაში იყო _ უკრაინული ბიზნესი კი, ძირითადად, რუსეთზეა მიბმული.
არგუმენტი #6: რაც შეეხება საქართველოში გაზსაცავის მშენებლობას, ,,ვერსიის' წყაროების ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ეს თემა იმიტომ წამოსწია, რომ ევროკავშირთან ხელმოწერილი და რატიფიცირებული ხელშეკრულებით, მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაა. მოკლედ, ენერგოუსაფრთხოების მიზნით, ევროკავშირი საქართველოსგან გაზასაცავის მშენებლობას ითხოვს. 2009 წელს, ,,მილენიუმის' პროექტის მიხედვით, საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის შესახებ, ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადების პროცესი დაიწყო. ამ გაზსაცავის ტევადობა 450-500 მილიონი კუბური მეტრი უნდა ყოფილიყო და მისი მშენებლობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი 2011 წელს მომზადდა კიდეც, თუმცა იმ პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის სამთავრობო კულუარებიდან ინფორმაციამ გამოჟონა, რომ გაზის ტრანზიტის, მიწოდებისა და განაწილების, მათ შორის, გაზსაცავის ფუნქციასაც, 2014 წლამდე, აზერბაიჯანული ,,სოკარი' შეასრულებდა. ამიტომ, გაზსაცავის მშენებლობის იდეა ჩაიშალა. ,,ვერსიის' წყაროების ინფორმაციით, გაზსაცავი, რომლის მშენებლობაზეც კახა კალაძე საუბრობდა, სამგორის საბადო ანუ ,,სამხრეთის თაღი' იქნება, რომლის ტევადობა 200-300 მილიონი კუბური მეტრია. შესაბამისად, ასეთი მცირე მოცულობის გაზსაცავს კომერციული ინტერესი არ აქვს, გარდა იმისა, რომ კრიზისის შემთხვევაში, ამ გაზსაცავის მარაგი ქვეყანას დაახლოებით, ერთი თვე ეყოფა.
არგუმენტი #7: რა პროცესები ვითარდება ტელეკომპანია ,,მაესტროს' ირგვლივ, რა შუაშია კოტე გოგელიას ბიზნესინტერესი გაზის ტრანზიტში' და ვის დასჭირდა უკრაინული სცენარის სკანდალის აგორება საქართველოში? ,,ვერსიის' წყაროების ინფორმაციით, ტელეკომპანია ,,მაესტროს' სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, რადგან თანამშრომელთა დიდ ნაწილს ოქტომბერ- ნოემბრის ხელფასებიც კი არ აუღიათ. ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, კოტე გოგელიას ,,მაესტრო' არაფერში სჭირდება და მის მოცილებას ცდილობს. ამიტომაც ვრცელდება სხვადასხვა სკანდალური ვერსია, რომ რეალური მიზეზები გადაიფაროს. მაგალითად, ერთ-ერთი ვერსიით, გაზის ტრანზიტის სქემაში დავით კეზერაშვილი გაჩნდება, რომელიც ,,მაესტროსაც' იყიდის, რასაც ,,ვერსიის' წყაროები კატეგორიულად უარყოფენ. კეზერაშვილის ინტერესის საპირისპიროდ, მისი მომხრეების ნაწილი, კოტე გოგელიას რუსულ ბიზნესინტერესებსა და უკრაინულ სცენარზე აკეთებენ აქცენტს, რაც ასევე, კატეგორიულად გამორიცხულია. სინამდვილეში, ეს ვერსიებიცა და ამხელა აურზაურიც კოტე გოგელიას აძლევს ხელს, ამ ქაოსში ის რეალური მყიდველი დამალოს, რომელსაც ტელეკომპანიას მიჰყიდის. ,,ვერსიის' წყაროების ინფორმაციით, შესაძლოა, ,,მაესტრო' რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღებმა, მაგალითად, მიხეილ ხუბუტიას მსგავსმა პირმა იყიდოს.
ვინ არის კოტე გოგელია
კოტე გოგელია, კაპიტალი რუსეთში დააგროვა და რუსული ,,ფორბსის' ვერსით, ქართველ ბიზნესმენთა რეიტინგში 55-ე ადგილზეა _ მისი ქონება 50 000 000 აშშ დოლარადაა შეფასებული. 2010 წელს, ავსტრიის პოლიციამ ,,ქართული მაფიაზე' სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა, რასაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაცია უძღოდა. იმ პერიოდში, სქელტანიანი ანგარიშის მცირე ფრაგმენტები ერთ-ერთმა გერმანულმა გაზეთმა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 2009 წელს, საქართველოს ხელისუფლების დასამხობად, ,,ქართული მაფია' ფინანსურ რესურსს აგროვებდა. ავსტრიის პოლიციის დასკვნაში სამი პირი – რუდიკო გოგუაძე, ლაშა შუშანაშვილი და იგორ გიორგაძე დასახელდნენ. დაკავებულთა შორის, 1990-იან წლებში, საქართველოდან გაქცეული რუდიკო გოგუაძეც აღმოჩნდა, თუმცა მასთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი, სხვადასხვა გზით სასჯელს გადაურჩა. გადარჩენილთა შორის, სწორედ კოტე გოგელიას ასახელებდნენ, რომელმაც რუდიკო გოგუაძესთან საქმიანი ურთიერთობა 90-იან წლებში დაიწყო. კოტე გოგელია ასპარეზზე 1991 წლის შემოდგომიდან გამოჩნდა _ ამბობენ, რომ „მხედრიონის“, კონკრეტულად, „ვერის საძმოს“ წევრი იყო. ამ პერიოდში წამოიწყო გოგელიამ ნავთობის ბიზნესი და კომპანია „ჯორჯიან ტრანზოილი“ დააფუძნა, რომლის პრეზიდენტად რუდიკო გოგუაძე დანიშნა. დასავლური პრესაში კოტე გოგელიასა და ,,კანონიერი ქურდის', შაქრო კალაშოვის ფინანსურ კავშირებზეც წერდნენ. ისინი მაშინ დამეგობრდნენ, როდესაც გოგელია მოსკოვში ჩავიდა. „ქურდული ლობის' საშუალებით, გოგელიამ მოახერხა, საკუთარი კაპიტალი 50 000 000 აშშ დოლარამდე გაეზარდა, შემდეგ კი საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. ამჟამად, კოტე გოგელია ფლობს კომპანია „პროგერტას“, რომლის ტერმინალები ნოვოროსიისკში მდებარეობს, მის საკუთრებაშია კომპანია „კომანდიტსერვისი“, რომელიც ქვანახშირს აწარმოებს. გოგელიასა და მისი სიძის, ზურაბ ფოცხვერიას (დის, ხათუნა გოგელიას მეუღლე) საკუთრებაშია რამდენიმე კაზინო რუსეთში. გოგელიას სიძე, ზურაბ ფოცხვერია ,,კანონიერი ქურდის', ტარიელ ფოცხვერიას ახლო ნათესავია.