,,ივანიშვილი ბევრ საკითხში რესპუბლიკური პარტიის პოზიციაზეა!'

,,ივანიშვილი ბევრ საკითხში რესპუბლიკური პარტიის პოზიციაზეა!'

ლევან ბერძენიშვილი: ,,ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეთქმულება ჩვენ ამოცანაში არ შედის!'     

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელები კოალიციაში ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებენ, თუმცა ,,ვერსიასთან' საუბრისას რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი საპირისპიროზე ანუ კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაზე მიანიშნებს. ვინ ცდილობს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას და ებრძვიან თუ არა რესპუბლიკელები ქართულ ტრადიციებსა და ეროვნულობას? _ ,,ვერსიასთან' საუბრისას ლევან ბერძენიშვილი ყველა ბრალდებას პასუხობს.  

- ბატონო ლევან, საუბარი ბოლო დღეების მოვლენებით დავიწყოთ - თქვენი აზრით, რუსული ძალები რატომ გააქტიურდნენ და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება? 
- ბატონი ხუბუტიას საქართველოში ჩამოსვლა და ,,მაესტროში' განვითარებული მოვლენები მიგვანიშნებს, რომ რუსული ინტერესები მართლაც გააქტიურდა, თუმცა ეს ინტერესი საქართველოში მივიწყებული არასოდეს ყოფილა - რუსეთი, როგორც წესი, მეხუთე კოლონას მაშინ ააქტიურებს, როცა უჭირს, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ქართველ ხალხს ყოველთვის ადეკვატური პასუხი აქვს. კოალიციაშიც რუსული ინტერესების დამცველი არავინ მეგულება. 

- არც პარლამენტში? სხვათა შორის, კოალიციის წევრია გოგი თოფაძეც, რომელიც საქართველოს ნატო- ში გაწევრიანებას დღემდე არ ემხრობა. 
- უმრავლესობაში ასეთი, შესაძლოა, ერთი- ორი ყოფილი ნაციონალია, მაგრამ ისინი კოალიციას არ წარმოადგენენ. გოგი თოფაძეს კი ხელი ყველა დოკუმენტზე აქვს მოწერილი, სადაც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზეა საუბარი... ბატონი ხუბუტიასა და ,,მაესტროს' ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ინტერესები კი ნათელია, მაგრამ არც ქართველი ხალხის გონებაა ბნელი. 

- რამდენიმე წლის წინ, მიხეილ ხუბუტია და მისი თანამოაზრეები საქართველოში ვერ ჩამოდიოდნენ. ახლა კი, ნაციონალები ამბობენ, მათ მწვანე შუქი ხელისუფლებამ აუნთო... 
- არა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში მეტი თავისუფლებაა. ყველას შეუძლია, საკუთარი აზრი ღიად გამოხატოს. ადამიანს უფლება აქვს, პრორუსიც იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამშობლოს ღალატობს. ეს ხალხი პოლიტიკურად არ მომწონს, მაგრამ ფიქრს ვერავის დავუშლი. ძველ საბერძნეთში საზოგადოების ნაწილი მაკედონიის მომხრე იყო, მეორე ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა. ამ დაპირისპირებაში არისტოტელეც გახლდათ ჩართული, მაგრამ მის დიდ ადამიანობაში ეჭვი არავის შეუტანია. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ბატონ ხუბუტიას არისტოტელეს არ ვადარებ, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში ლაპარაკი შეიძლება. შესაძლოა, ხელისუფლებამ ბევრს ვერაფერს მიაღწია, მაგრამ ის შედეგი მაინც გვაქვს, რომ ერეკლე მეორის საზოგადოება უშიშრად ლაპარაკობს. - თქვენი მიზანი ეს იყო? - თავისუფლების ხარისხზე ვსაუბრობ... ასევე ვიღაც სადღობელაშვილი რესპუბლიკურ პარტიას ლანძღავს. ვერ დავადგინეთ, ვინაა ეს კაცი და რა კავშირი აქვს კოალიციასთან. 

- ეჭვი გაქვთ, სადღობელაშვილს თქვენ ლანძღვას კოალიცია ავალებს? 
- ეს ადამიანი ვისი მხარდამჭერიც უნდა იყოს, ცუდად იქცევა, მაგრამ ქვეყანას ნამდვილად არ აქცევს. ამის გამო არც კოალიციაში შევქმნით პრობლემებს. წერა- კითხვის უცოდინარი სადღობელაშვილი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ქართველი ხალხის მისწრაფება მარტივი გამოსაცვლელი არ არის. თუ ვინმეს ჰგონია, პროპაგანდით ადამიანს გიტარას შეაძულებ და ბალალაიკას შეაყვარებ, ამ ადამიანების ტვინში ჩახედვაც მეზარება. ზედმეტი წარმოდგენა ნურავის ექნება. რაც თავი მახსოვს, გვლანძღავენ, მაგრამ რესპუბლიკელები სოლიდური ძალა ვხდებით. ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ დავით უსუფაშვილი საკუთარ თანამდებობას ყველაზე უკეთ შეესაბამება. 
- რა არის რესპუბლიკური პარტიის მიზანი, მართლა პრემიერის წინააღმდეგ შეთქმულებისთვის ემზადებით? 
- ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შეთქმულება ჩვენ ამოცანაში არ შედის, მაგრამ ყველა შეცდომაზე ღიად ვისაუბრებთ. ჩვენ მიგვითითეს კიდეც, იქნებ კოალიციიდან წახვიდეთო, მაგრამ კოალიციის დასატოვებლად სხვისი მითითება არ გვჭირდება. თავად წავიდნენ! 

- კოალიციის დატოვება ვინ ,,გირჩიათ'? 
- კონკრეტულ ადამიანზე მითითება რომ მინდოდეს, დიდი ხნის წინ დავასახელებდი. ბავშვი არ ვარ და ისედაც ყველას ესმის, რომ ვიღაცებისთვის კოალიციიდან რესპუბლიკური პარტიის გასვლა დიდი სიკეთეა. მაგალითად, ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი გათავისუფლდება, რომელზეც შესაძლოა, ვიღაც ოცნებობს. 

- არც პარლამენტის თავმჯდომარეობაზე მეოცნებეს დაასახელებთ? 
- არა, მაგრამ შესაძლოა, ეს თანამდებობა ვიღაცას კოალიციაში ესიზმრება. ეს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტის გამოვლინებაა. ამ შემთხვევაში ჩვენ პარტნიორებს არ ვგულისხმობ და ამაზე კოალიციაში სერიოზული მსჯელობაც არ ყოფილა. ზოგადად, გუნდურობა ბრბოს ნაწილად ყოფნას არ ნიშნავს. განვაცხადეთ, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადება მცდარი იყო, მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილმაც იგივე განაცხადა. ეს პრემიერის წინააღმდეგ მიმართული განცხადება არ ყოფილა, პირიქით, თავად თავდაცვის სამინისტრომ იმოქმედა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ეს უნებლიეთ მოხდა და არა განზრახ, რადგან თავდაცვის მინისტრი უშიშროებიდან პირდარპი საჯარო სამსახურში აღმოჩნდა და აზრზე არ არის, რას ნიშნავს სტატუსი - საჯარო მოხელე. ასეთ ვითარებაში რა უნდა გვეთქვა, დაღუპული გმირი არ არის და საერთოდ, გმირები გვეზიზღება- თქო?! ვინც ეს ტექსტი დაწერა, საერთოდ, ნორმალურია? მეც მყავს სტუდენტები, რომლებიც რაღაცას წერენ, მაგრამ შინაარსის აზრზე არ არიან... ასეთი ლათინური გამონათქვამი არსებობს: შეცდომა ადამიანურია, შეცდომაში გაჯიუტება - სიბრიყვე. მინდა, ეს გამოთქმა თავდაცვის მინისტრმა კარგად გაიგოს, ნუ გაჯიუტდება! შეცდომას ვაპატიებთ, სიბრიყვეს - არა! 

- ამ განცხადების გამო თავდაცვის მინისტრი, როგორც ითქვა, უხერხულობასაც არ გრძნობს. მის გადადგომას თქვენც ითხოვთ? 
- ადამიანმა შეცდომა უნდა გამოასწოროს. საქართველოში შეუმცდარი მინისტრი არავინაა და გამოდის, ყველა უნდა გადადგეს. კონტრაბანდული ტელეფონების ჩუქება კარგია? ხადურიც არ მოიქცა სწორად, მასაც აქვს ბოდიში მოსახდელი, მაგრამ ამ საქმეს ბოდიშისმოხდაც არ შველის. ტელეფონები სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს! შეცდომაზე მითითება კარგია. არ მახსოვს შეცდომა, რომელიც რესპუბლიკელებს ვინმემ გვაპატია. მეტიც, როცა არ ვცდებით, მაშინაც გვეუბნებიან, ცდებითო. 

- ბატონო ლევან, დიდი ხანია, ეროვნულობისა და ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლი პარტიის იარლიყი გაქვთ; მეტიც - გარკვეულ ჯგუფს თქვენი პროდასავლური იმიჯის არ სჯერა და ამტკიცებს, რომ წლების წინ ,,კაგებემ დაგავერბოვკათ'. 
- რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის შენობაში შესვლისას, იპოთეკარებმა მომაძახეს, რა უნდა ელაპარაკო ამას, ეს ქართველობას ებრძვისო... როცა ადამიანი სახელმწიფოსგან ან ვიღაც კონკრეტული ადამიანისგან ნასესხები ფულის პატიებას ითხოვს, ეს საქართველოს აშენებასთან ან დაქცევასთან რა კავშირშია, თუმცა საკუთარი შეცდომის რესპუბლიკური პარტიისთვის დაბრალება, ადვილია. სიმართლე გითხრათ, მათი სიტყვები მეწყინა, მაგრამ იმასაც შეგუებული ვარ, რომ ასეთი თანამდებობა გვაქვს და ზოგჯერ ლანძღვის მოსმენაც მომიწევს... რაც შეეხება, რუსულ სპეცსამსახურებს, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი, სრული შემადგენლობით, საქართველოს სიყვარულის გამო რუსულ ციხეში ვისხედით. 

- ამბობენ, რომ ციხეში დიდხანს არ ყოფილხართ და ძმის წინააღმდეგ ჩვენება მიეცით... 
- რაც უნდათ, ის თქვან! ვინც ამას ამბობს, გამაგებინეთ, კაცო, რუსეთის ინტერესით რუსულ ციხეში რატომ ჩამსვამდნენ? საკანში 1095 დღე გავატარე! ელიზბარ ჯაველიძის კრიტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ის ტიპური საბჭოთა მოვლენაა. ძველბიჭ- პროფესორ- კომუნისტი ელიზბარ ჯაველიძე! ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ადამიანებს, მაგრამ ისინი სულ რომ შუაზე გასკდნენ, საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტზე გავლენას ვერასოდეს მოახდენენ. ასეთი 10%-ის საზოგადოებაში არსებობა კი ბუნებრივი მოვლენაა. თუ, როგორც თავად ამტკიცებენ, მთელი საქართველო მათ მსგავსად ფიქრობს, რატომ ვერ იმარჯვებენ არჩევნებში და როგორ აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტში 150 დასავლური კურსის მიმდევარი დეპუტატი? ილუზიებში ნუ არიან! 

- ბევრი პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამო აღმოჩნდა. თქვენ თუ შეძლებთ დამოუკიდებლად იგივე მაჩვენებლით პარლამენტში შესვლას? 
- არჩევნებში ვინ რა შედეგს მიიღებს, ამის თქმა მხოლოდ არჩევნების შემდეგაა გამართლებული. ვისაც საქართველოს ევროპასთან დაახლოება არ უნდა, ის არჩევნებს ვერასოდეს მოიგებს, თუმცა შესაძლოა, ერთი ან ხუთი დეპუტატი გაიყვანოს. 

- ბიძინა ივანიშვილის დღესაც გჯერათ? 
- ბიძინა ივანიშვილი ბევრ საკითხში მართლაც, რესპუბლიკური პარტიის პოზიციაზეა. ის იდეურად ლიბერალურ პარტიებთან ახლოსაა, მაგრამ იდეების გარდა, სხვა საკითხებიც ხომ არსებობს?! ის სხვა პარტიას ხელმძღვანელობს. 

- ადასტურებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ,,ქართული ოცნების' საქმიანობაში დღესაც ერევა? 
- ეს პარტია მისი შექმნილია, შესაბამისად, ავტორიტეტიც აქვს. თანაც პარტიის ხელმძღვანელობას მას კანონი არ უკრძალავს. ისე, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში ისე არ არის ჩართული, როგორც აბრალებენ. უმჯობესი იქნება, პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. 

- რატომ ? 
- სხვებისგან განსხვავებით, საკითხი გაცილებით კარგად ესმის და ამიტომ. ლიბერალურ საკითხებში ის მთელ კოალიციაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადამიანია. სხვა მხრივ, როგორ შეიძლება მე და ბიძინა ივანიშვილს ერთი აზრი გვქონდეს, ის მილიარდერია, მე - პროფესორი. განსხვავებული ხალხი ვართ, მე ხელფასზე დამოკიდებული კაცი ვარ, ის - დივიდენდებზე. ბუნებრივია, მისი ხედვაც სრულიად განსხვავებულია. 

- ერთი მილიონი თქვენც კი მიიღეთ, მაგრამ რაზე გიკამათიათ ბიძინა ივანიშვილთან, მხოლოდ ფინანსურ საკითხზე? 
- მხოლოდ ისეთ საკითხებზე, სადაც ჩვენი ხედვები განსხვავებული ბუნებრივად უნდა იყოს. კოალიციაში იმის გამო ვართ და არა პარტიაში, რომ სხვადასხვა აზრის ქონის საშუალება გვაქვს.