"წლის ბოლომდე დარჩა ზუსტად 7 დღე. ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად საჭიროა ზუსტად 819 მილიონი ლარის დახარჯვა. რომც გადაერიცხოს წლის ბოლომდე ეს თანხა შესაბამის ორგანიზაციებს, ამით გზები აშენდება თუ სკოლები? ამ დღეებში შემოვიდა დაგვიანებული უცხოური კრედიტებისა და გრანტების ნაწილი, რომლებიც წლის პირველ ნახევარში უნდა შემოსულიყო და მოხმარებოდა რეალურ საქმეს. 30-31 დეკემბერს, ალბათ, სხვა თანხებიც შეიძლება გადმოირიცხოს. თუ მთავრობა მოისურვებს ბიუჯეტის ქაღალდზე "შესრულებას", მერე არ თქვას, ლარი იმიტომ გაუფასურდა, რომ რუსეთში ცუდადაა საქმეო".
ეს განცხადება "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელს, რომან გოცირიძეს ეკუთვნის. როგორც ბატონი რომანი ამბობს "ალიასთან" საუბარში, ჩვენ ხელისუფლება უნდა გავაფრთხილოთ, რომ ლარს პატივი სცეს და თანხები არ გადარიცხონ ბოლო ორ დღეში, რათა მერე ეს ფული ვალუტის საყიდლადვე არ შემოატრიალონ სავალუტო ბაზარზე. ზუსტად ასევ მოხდა შარშან.
რა მოხდა შარშან და ამჯერად რასთან გვაქვს საქმე? რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ლარის კურსის შესანარჩუნებლად?
"ალიასთან" ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე საუბრობს:
- ამას ჰქვია არაორგანიზებულობა, სამინისტროების მხრიდან გულგრილობა, საქმის არგაკეთება. განსაკუთრებული დანაშაული ჩაიდინეს იმ სამინისტროების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ტენდერებს აცხადებდნენ. როგორც მე ვიცი, ყველაზე დიდი დანაშაული მოდის ინფრასტრუქტურის სამინისტროზე. აი, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო ლარის კურსის ვარდნაზე, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ. თავის დროზე არ ჩატარდა ტენდერები... ვიმეორებ, არ ჩატარდა და არა, ვერ ჩატარდა, იმიტომ რომ ობიექტურ ტენდერებზე დღეს საუბარი არასერიოზული ადამიანისგან თუ შეიძლება. კონკურსებში რომ გაამარჯვებინონ, საკუთარი წრიდან ეძებენ ადამიანებს და ამის გამო არ ჩაატარეს. უამრავი პროექტი დარჩა განუხორციელებელი.
- ბატონო დემურ, ახლა რომ თითქმის მილიარდი ლარი გადაურიცხონ სამინისტროებს, რა მოხდება?
- რა თქმა უნდა, ფულის მასა ისევ ლარის კურსს დააწვება და დაიწყება ისევ ქაოსი. ლარმა უკვე მოსინჯა 2-ლარიანი ნიშნული, ახლა ამ ნიშნულსაც გაანგრევს. ამ ყველაფერს ხელს შეუწყობენ მხარჯველი უწყებები.
- როგორც რომან გოცირიძე ამბობს, შარშანაც დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო, მაგრამ შედარებით იოლად გადავრჩით. თუ შეიძლება, ამიხსენით, ამ ფულის შემოტრიალება რანაირად შეიძლება სავალუტო ბაზარზე?
- ეს მარტივი რაღაცაა, სახელმწიფო უწყებები იღებენ ტენდერებისთვის ფულს, ვერ ხარჯავენ, ამ ფულს ხსნიან, გარბიან და ახურდავებენ დოლარებში. ამის შემდეგ დოლარზე იქმნება მოთხოვნა, იქმნება დეფიციტი, ლარი უფასურდება და ისინი რჩებიან მოგებაში. ეს დამოკიდებულია, რამდენად მარიფათიანი ხარ, რომ სახელმწიფოს ხარჯზე კარგად იცხოვრო, საქართველო ხომ მარიფათიანი ხალხის სახელმწიფოა? დღეს ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკი სასაცილოა, ვინც ამაზე ლაპარაკობს, არანორმალურად მიაჩნიათ.
- კი, მართლა მარიფათიანი უნდა იყო, რომ საბაჟოზე ვიღაცას მობილური ტელეფონები ჩამოართვა, წაიღო და თანამშრომლებს აჩუქო, ამას მოფიქრება არ უნდა?
- (იცინის) აბა, კაცო, ძალიან ნიჭიერი უნდა იყო, ეს რომ მოიფიქრო. ასეთ მაზალო ქვეყანაში ვცხოვრობთ.
- ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი წლის შემდეგ ლარი ისევ დაიწყებს რყევას?
- მე ვფიქრობ, ახალი წლის დღეებში, უბრალოდ, ერიდებიან ხალხის გაღიზიანებას, თორემ ეროვნული ბანკიც მშვენივრად თაღლითობს... არ მოვერიდები ამ სიტყვებს, მართლა თაღლითობს და მთავრობის სისუსტეებით ძალიან კარგად სარგებლობს. ახალი წლის შემდეგ ხელისუფლება ლარს სირბილით რომ გამოეკიდოს, მაინც ვერ დააკავებს, ის უცებ გაანგრევს 2-ლარიან ნიშნულს, შემდეგ რა მოხდება, ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო პოლიტიკაზე. აქ ჩვენ უკვე ვაწყდებით ფულის მასის პრობლემას და არა ლარის კურსის პრობლემას.
- რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ, ეს ფული მაინც ხომ უნდა გაუშვას მიმოქცევაში? თუნდაც თავი დავანებოთ სავალუტო ბაზარზე მანიპულაციებს.
- თუ მონეტარული პოლიტიკა დაქვემდებარებული არ იქნა სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მიზნებისადმი, ვერანაირი ხრიკები შედეგს ვერ გამოიღებს. წლებია, საქართველოში ცენტრალური მაკროეკონომიკური პრობლემა გადაჭრილი არ არის. სად გაგონილა, ვალუტა 7,5%-ით მყარდებოდეს რამდენიმე საათში, როცა ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ შეცვლილა?! რომელი ქვეყნის ეროვნული ბანკი ბედავს იმას, რასაც ესენი ბედავენ? კი, ბატონო, გაბედეს, გაუვიდათ და ახლა უფრო მეტს გაბედავენ!