შსს-ს წარმომადგენლებმა ბათუმის 13-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გააცნეს

შსს-ს წარმომადგენლებმა ბათუმის 13-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გააცნეს

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებს და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ხვდებიან. საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად ბათუმის 13-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებს სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიგლა მოსიძე, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნანა ხალითბა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის მოადგილე ეკატერინე კენჭაძე, ამავე სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ინგა ზარანდია, მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები თეონა შანთაძე და მარიამ სტეფნაძე, "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი" -ს იურისტი ნანა ბერიძე ესაუბრნენ.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ბათუმის სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კლიპის და სოციალური რგოლების ჩვენება გაიმართა, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.