ვინ უშლის ქუჩაში დგომას სექსმუშაკებს და რამდენ ლარს იხდიან ისინი ბიუჯეტში, ვინ გამოვიდა თბილისში "წითელი ქოლგებით" 17 დეკემბერს აქციაზე და რატომ გაჩუმდა სამღვდელოება ამ ფაქტზე, ვის ურიგებენ უფასოდ პრეზერვატივებს და ვინ იცავს სექსმუშაკების უფლებებს?
"კვირის ქრონიკას" ესაუბრება სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი "ქალები თავისუფლებისათვის", ნატა კოპალიანი:
- ჩვენი ორგანიზაცია "ქალები თავისუფლებისთვის" არის სათემო ორგანიზაცია, რომელსაც თავად ის ადამიანები მართავენ, ვინც შემდეგი პრობლემების წინაშე იმყოფებიან: აივ-ინფიცირებულები, ყოფილი პატიმრები, "ცე" ჰეპატიტით დაავადებულები, სექსმუშაკი და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები... შესაბამისად, გვყავს აქტივისტები, უამრავი გულშემატკივარი ადამიანი, რომელიც გვეხმარება ზემოჩამოთვლილი პრობლემატური ადამიანებისთვის მთელი რიგი საკითხების მოგვარებაში. აქცია "წითელი ქოლგები", წელს, 17 დეკემბერს, პირველად ჩატარდა საქართველოში, თორმეტმა აქტივისტმა თბილისში, ფილარმონიის წინ, სექსმუშაკებზე ძალადობა გავაპროტესტეთ.
- რატომ 17 დეკემბერს და რატომ წითელი ქოლგებით?
- "წითელი ქოლგების" ისტორია ვენეციიდან იწყება. 17 დეკემბერი მსოფლიოში აღინიშნება, როგორც სექსმუშაკთა ძალადობისგან დაცვის დღე. ქოლგა, როგორც პროტესტის ნიშანი, პირველად 2001 წელს ვენეციაში გამართულ სექსმუშაკების პირველ მსოფლიო კონგრესზე გამოიყენეს, სადაც ამ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებზე მსჯელობდნენ. 2005 წლიდან კი, სექსმუშაკთა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სიმბოლოდ წითელი ქოლგა მიიჩნევა.
- 17 დეკემბერს, საქართველოში, მართლმადიდებლები წმ. ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავენ, აქცია-მსვლელობას სწორედ ამ დღეს ჩატარებას საზოგადოების ან ეკლესიის მხრიდან აგრესია არ მოჰყოლია?
- ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე... მომავალ წელს, "წითელი ქოლგების" აქციას 16 დეკემბერს დავგეგმავთ...
...სექსმუშაკები, დაავადებების გადაცემა-შეძენის მაღალი რისკის ჯგუფებში მოიაზრებიან, როგორც ინფექციების გავრცელების, ასევე მიღების მხრივ. გლობალური ფონდის დაფინანსების შედეგად ტარდება პრევენციული ზომები მათი ჯანმრთელობის ზიანის შემცირებისთვის, ანუ ქალბატონებს უფასოდ უტარდებათ ტესტირება-გამოკვლევა აივ-ინფექციაზე და სქესობრივი გზით გადამდებ მთელ რიგ დაავადებებზე... გარდა ამისა, არსებობს პროგრამა "პრეზერვატივი", რაც სექსმუშაკების უფასო პრეზერვატივებით მომარაგებას უზრუნველყოფს სისტემატურად. მსოფლიომ აღიარა, რომ "სექს ვორქ"-ი არის ჩვეულებრივი სამსახური, სადაც მუშაობენ დედები, შვილები, დები... ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვინც ქუჩაში დგას და სახეს აჩენს, ძირითადად რეგიონებიდან ჩამოსული ქალები არიან... "ბავშვს რომ საჭმელი არ აქვს და სკოლაში რომ წავიდეს - ჩასაცმელი, მე კიდევ სამსახურს რომ ვერ ვშოულობ, მითხარი, სხვა რა დამრჩენიაო", ბევრს უთქვამს ჩემთვის... საქართველოში დღეს უმძიმესი სოციალური ფონია, კრიზისია... მატერიალური სიდუხჭირის გამო ბევრი ოჯახი ინგრევა. ქალი ყველაფერზე მიდის, რომ შვილი გამოკვებოს, მერწმუნეთ!
- საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, ქართველ საზოგადოებაში ამის მზაობა, ალბათ, ჯერ არ არსებობს, არც საკანონმდებლო ინიციატივა მოდის ხელისუფლებიდან...
- იცით, ლეგალიზაციაზე თავად გოგოები აცხადებენ უარს, იციან, დაწესებული გადასახადი იმდენად შეუსაბამო იქნება...
- როგორი ურთიერთობები აქვთ პოლიციასთან? ისინი ხომ არალეგალურად მუშაობენ?
- ჩვენი ძალოვნები, სექსმუშაკებს, წესით, უნდა იცავდნენ, მაგრამ კონფლიქტი ძირითადად სწორედ მათგან მოდის. ქუჩაში მომუშავე ქალბატონებს დაძაბული ურთიერთობა აქვთ პოლიციასთან...
- რას გულისხმობთ, დააკონკრეტეთ.
- გასაგებია, რომ პატრულს ბიუჯეტი აქვს შესავსები, მათთვის ადვილად ხელმისაწვდომები ეს ქალები არიან... "რატომ დგახართ? გადაადგილდით..." - ასე იწყება შელაპარაკება, რომელიც "პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის", ადმინისტრაციული, ოთხასლარიანი ჯარიმის ქვითრის გამოწერით მთავრდება. ეს ძალიან დიდი თანხაა ამ ქალებისთვის...
- ვის მიმართავენ ამ შემთხვევაში სექსმუშაკები, რა დამცავი მექანიზმები არსებობს მათთვის?
- ერთადერთი, მხოლოდ "საია" ბედავს ხოლმე ასეთი შემთხვევების დროს აღძრულ საქმეებზე ხელის მოკიდებას... ასევე, ომბუდსმენის აპარატი... არადა, წლევანდელი წელი სისასტიკითა და ძალადობის მხრივ, გამოირჩეოდა. 2014 წელს, საქართველოში, ყოფილი ქმრის, მეგობრის მიერ მოკლული 30-მდე ქალია! შედარებისთვის გეტყვით, რომ მეზობელ სომხეთში, ძალადობის ფაქტს მხოლოდ 11 ქალი ემსხვერპლა! ზოგადად, საზოგადოება ძალიან კრიტიკულია... არამარტო სექსმუშაკების მიმართ, ნარკომომხმარებლების მიმართაც, დააკვირდით... სხვათა შორის, "ლგბტ"-ს გამოსვლას საპატრიარქოსა და საზოგადოების მხრიდან, გახსოვთ, ალბათ, როგორი მწვავე რეაქცია მოჰყვა... მსგავსი არაფერი მომხდარა 17 დეკემბერს და, ჩემი აზრით, ეს უკვე კარგია!
- მაინც როგორ აპირებთ ამ ქალების დაცვას?
- ყველანი სოლიდარულები უნდა ვიყოთ. უნდა გავერთიანდეთ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ და ვამხილოთ მსგავსი ფაქტები...