ზაზა ხატიაშვილი:

ზაზა ხატიაშვილი: "ქვეყანა ჩიხში შევიდა და საშინელებები მოხდა"

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მთავრობა პროკურატურის რეფორმირებასაც იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნაც დაავალა. 
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილსაც შესთავაზეს, თუმცა, ის პროკურატურის რეფორმირების სამუშაო ჯგუფში მუშაობის შეთავაზებას არ იღებს. 
"პროკურატურის რეფორმაზე საუბარი არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. მე ვნახე 2015 წლის ბიუჯეტი, აქაც არაფერია ჩადებული დაზარალებული მოქალაქეებისათვის წართმეულ ქონების ანაზღაურებაზე. ბიუჯეტი არის დეფიციტური, აქედან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენა მომავალ წელს არის გამორიცხული. პროკურატურის რეფორმაზე პრემიერ-მინისტრი იმიტომ საუბრობს, თავი უნდა გადაირჩინოს. თავისი რეპუტაციისთვის იბრძვის". - გვითხრა ხატიაშვილმა. 

"კვირის ქრონიკა" "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა: 

- უარს იმიტომ ვამბობ, რომ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს მთავარ პროკურორს, რაც ნიშნავს მთავარი პროკურორის მთავრობის სტრუქტურაში გადასვლას. თუმცა, გადაწყვეტილ უარს არ ვამბობ. თუ იქნება პოლიტიკური ნება, რომ ჯგუფში იყვნენ ჩემი თანამოაზრეები, რომლებიც გამორიცხავენ მთავარი პროკურორის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის მიერ და მთავარ პროკურატურას გადაიყვანენ საპარლამენტო კონტროლში, ასეთ შემთხვევაში მივიღებ მონაწილეობას. თუ ამის პოლიტიკური ნება არ იქნება, არ მივიღებ მონაწილეობას. 

- ვის მოიაზრებთ თქვენს თანამოაზრეებად, კონკრეტულ ადამიანებს? 
- ყველას, ვინ იქნება მომხრე, რომ ეს ფეოდალური ცვლილება, რომელიც გულისხმობს მთავარი პროკურორის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას, შეიცვალოს. ჩვენ, ყველა ვხედავთ, რომ ადვოკატებს არ აძლევენ საქმის მასალებს, მაშინ, როდესაც მთავრობის სხდომაზე, სისხლის სამართლის საქმეებს იხილავენ. სად ხდება, რომ ადვოკატს არ აძლევდნენ სისხლის სამართლის საქმეებს და პარლამენტარი დავით საგანელიძე იხილავდეს მას?! ასეთ ქვეყანა მე ვიცი მარტო რუსეთი და ბელორუსი. ასეთი რამ სააკაშვილის რეჟიმის დროს არ მომხდარა. ეს არის ქვეყნის ფეოდალიზმისკენ წაყვანა. რომელიმე ქვეყანაში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, მთელი პროკურატურა გადაყვებოდა ამას. 

- თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დანიშნოს მთავარი პროკურორი? 
- არავინ არ უნდა დანიშნოს (შეგახსენებთ, რომ კანონში ცვლილებამდე, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მთავარ პროკურორს პრეზიდენტი ნიშნავდა. - დ.ლ.)! უბრალოდ, პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილება უნდა შევიდეს  და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ გადავიდეს მთავარი პროკურორი. მინდა ერთი რამ გაგახსენოთ - ბოლოს, ცვლილება რომ განხორციელდა, რომლის თანახმადაც მთავარი პროკურორი პრემიერ-მინისტრს უნდა დაენიშნა, მაშინ მე ამას ვაპროტესტებდი, პარლამენტის წინ აქციაც მქონდა გამართული, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო. მე ვამბობდი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თავში ჩაგვარტყამენ, ისეთი რამეები მოხდება-მეთქი ამის შედეგად. გავიდა წელიწად-ნახევარი და რასაც მე მაშინ ვამბობდი, რომ ეს ცუდი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის-მეთქი, იგივე დაწერა ეუთოს დემოკრატიულმა ინსტიტუტმაც ახლახან. ეუთოს დემოკრატიულმა ინსტიტუტმა რომ დაწერა, ამაზე რეაქცია აქვთ და "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე როცა ვამბობდი, ამაზე არც ერთი ადამიანი არ გამომეხმაურა. ახლა მე ამ ადამიანებთან ერთად როგორ დავჯდები და პროკურატურის რეფორმებზე როგორ ვილაპარაკებ?! მე ჩემი პრინციპები მაქვს და ამ პრინციპებით მოვდივარ მთელი ცხოვრება. პოლიტიკური ქულები უნდათ დაიწერონ? და ეს მაშინ, როცა ქვეყანა ჩიხში შევიდა და საშინელებები მოხდა. ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, ამიტომ ვჩხუბობდი ამდენს. 

- როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრმა პროკურატურის რეფორმირება? 
- ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად მიიღო. საერთაშორისო საზოგადოებამ ნახა ტელევიზიით ბატონი საგანელიძე, რომელიც ამბობდა, რომ მან ნახა სისხლის სამართლის საქმეები. შოკში არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ვისაც ველაპარაკე - ეს რა მოხდა, ეს რა გვესმისო. თუ პრემიერ-მინისტრს უნდოდა, რომ კარგი კანონი მიეღო წელიწად-ნახევრის წინ არ უნდა მიეღო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. როცა იღებ გადაწყვეტილებას და იურიდიული საზოგადოება გეუბნება, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ ამას მაინც აკეთებ, არ უნდა გააკეთო. ახლა მოდიან და ამბობენ, ბატონო ზაზა, ამ საკითხს რომ აპროტესტებდით, მაშინ უნდა მოვსულიყავით და მხარი დაგვეჭირა თქვენთვისო. წელიწად-ნახევრის წინ პარლამენტთან პრემიერისთვის მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლების მინიჭებას რომ ვაპროტესტებდი, მაშინ "თავისუფალმა დემოკრატებმა", ალასანიას გუნდის წევრებმა ისე ჩამიარეს, გამარჯობა არ მითხრეს. მაშინ ერთ ნავში ისხდნენ ხომ?! როცა დრო გავიდა და სახელმწიფოს რისხვა უშუალოდ შეეხოთ, მაშინ დაინახა ალასანიამ პრემიერ-მინისტრში მთავარი პროკურორი. 

- ხომ არ არის პროკურატურის რეფორმაზე საუბარი ხალხის თვალის ახვევის მორიგი მცდელობა? იმ ხალხის, რომლებიც დღემდე უშედეგოდ ელიან სამართლიანობის აღდგენას? 
- პროკურატურის რეფორმაზე საუბარი არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. მე ვნახე 2015 წლის ბიუჯეტი, სადაც არაფერია ჩადებულ დაზარალებული მოქალაქეებისთვის წართმეული ქონების ანაზღაურებაზე. ბიუჯეტი არის დეფიციტური, აქედან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენა მომავალ წელს არის გამორიცხული. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვიღაცის ჯინი მჭირს... 
პროკურატურის რეფორმაზე პრემიერ-მინისტრი იმიტომ საუბრობს, თავი უნდა გადაირჩინოს. განა მართლა პროკურატურის რეფორმირებისთვის, არამედ თავისი რეპუტაციისთვის იბრძვის. 
იმედი მაქვს, ამაზე ამოიღებენ ხმას და საზოგადოებისთვის ნაცნობი წრეები განცხადებებს გააკეთებენ. ბევრთან ერთად ვიდექი და ვაპროტესტებდი სააკაშვილის რეჟიმს, თუ მაშინ საშინელება იყო, რაც იმ დროს ხდებოდა, ახლა იგივე ხალხი იმ ყველაფერს, არსებული ხელისუფლების პირობებში ტაშს უკრავენ. მეცოდებიან ასეთი უფლებადამცველები და ორგანიზაციები.