ჯერჯერობით რუსეთის ფედერაცია უკრაინის მიმართულებითაა კონცენტრირებული და ეგრეთ წოდებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს აგულიანებს კიევისთვის, რაც შეიძლება, მეტი პრობლემის შექმნის მიზნით. ისიც ფაქტია, რომ დასავლეთი უკრაინის უკვე დარღვეული მთლიანობის მხარდაჭერას მხოლოდ შეშფოთებებითა და მოწოდებებით გააგრძელებს. მეორე მხრით, ადრე თუ გვიან, რფ სამხრეთ კავკასიისთვის და კონკრეტულად საქართველოსთვისაც მოიცლის. ეს ტენდენცია ნაწილობრივ მიანიშნა გასულ კვირას პუტინ-ერდოღანის შეთანხმებამ ამჯერად ეკონომიკურ საკითხზე, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილებაში თურქეთი აქტიურად ჩაერთო. რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს ჩრდილოეთიდან და რა შემთხვევაში აამოქმედებს რუსეთი საქართველოს დესუვერენიზაციის კარგა ხნის წინათ მომზადებულ გეგმას? – თემას თავდაცვის ექსმინისტრთან, დავით თევზაძესთან ერთად განვიხილავთ.
– რით შეიძლება, დასრულდეს უკრაინასთან თუ უკრაინის გამო სამხედრო ჭიდილი და რა საფრთხე გვემუქრება ჩვენ, ამ რეალობიდან გამომდინარე?
– უკრაინა რუსეთისთვის იყო ბუფერი „ნატოსთან“ და, ბუნებრივია, ის ამ ბუფერის შენარჩუნებას შეეცდებოდა. გამომდინარე სამხედრო-სტრატეგიული ხედვიდან, რაზეც ძირითადად იგება სამხედრო პოლიტიკა, არავისთვის უნდა ყოფილიყო სიახლე, რომ რუსეთი რაღაც ნაბიჯებს გადადგამდა, თუკი აღმოჩნდებოდა, რომ მას ეს ბუფერი ხელიდან ეცლება.
– როგორც ჩვენ ვასრულებთ ერთგვარი ბუფერის როლს რუსეთისთვის „ნატოსთან“, თურქეთთან მეზობლობით?
– სამხრეთ კავკასია ცუდი ბუფერია, იმიტომ რომ ტერიტორიაა მცირე, თუმცა რუსეთისთვის სამხრეთ კავკასია ერთგვარი საყრდენია იმისთვის, რომ მას არ მოსწყდეს ჩრდილო კავკასია. სამხრეთ კავკასიას რუსეთი განიხილავს ზონად, რომელზეც დამოკიდებულია ჩრდილო კავკასიაში განვითარებული მოვლენების მიმართულებები. ჩრდილო კავკასია არის ის საყრდენი, რაზეც დგას რუსული სახელმწიფოებრიობა. თუ მას ჩრდილო კავკასია მოსწყდა, გაიყოლებს მთელ რეგიონს აზოვისა და კასპიის ზღვებს შორის. მეტიც, იქ ძალიან ძლიერი დემოგრაფიული ცვლილებები მოხდა ბოლო წლებში: რუსული ეთნოსი, ფაქტობრივად, განიდევნა რეგიონიდან. ამიტომ, ბუნებრივია, რუსეთს ეს პრობლემა აწუხებს, რადგან, თუ ჩრდილოეთ კავკასიამ მოახერხა და თავი გაითავისუფლა, მაშინ ეს პროცესი შეიძლება, გაგრძელდეს ვოლგისპირეთში და ასე შემდეგ. ეთნიკურად ეს რეგიონები ერთმანეთზეა მიბმული, რელიგიურად ვოლგისპირეთი ძირითადად მუსლიმანურია, ამიტომ რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს იქნება ბიძგი მისი შემდგომი დეზინტეგრაციისთვის. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აღიქვამს. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც ასეთი პრობლემა უდგება, ეძებს მოგვარების გზებს. რუსეთმა მიიჩნია, ყოველ შემთხვევაში, სამხედრო ხედვით, ეს ფიქრთა ბუნებრივი დენაა, რომ, თუ სამხრეთ კავკასიაში არ ექნა სანდო საყრდენი, ის ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემას ვერ მოაგვარებს.
– აქვე გავიხსენოთ, რომ სწორედ სამხრეთ კავკასიის შემოერთების შემდეგ დაიკავა რუსეთის იმპერიამ ჩრდილო კავკასია, მათ შორის, ქართველების აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით.
– ბუნებრივია. ეს ვითარება იყო ერთხელ ამ ორასი წლის წინათ: რუსეთი თავიდან არ აპირებდა სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ძალების შემოყვანას, მაგრამ ყირიმის ომმა ის აიძულა, რომ კავკასიის ფრონტი მისთვის პრიორიტეტული გამხდარიყო, რითაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან პრობლემები შეუქმნა ოსმალეთის იმპერიას და შემდეგ ადვილად მოახერხა თავისი ამოცანების განხორციელება ყირიმში. დღესაც დაახალოებით იგივე სქემა იკვეთება. რუსეთს ერთგვარი ფსიქოლოგიური სიმშვიდის მომენტს უქმნიდა სამხრეთ კავკასიაში მისი ბაზების არსებობა, მაგრამ რაღაც პერიოდიდან ბაზების მთლიანად გაყვანა მოუწია.
– სომხეთში ხომ აქვს?
– სომხეთის ბაზა იზოლირებულია, მას სჭირდება საყრდენი, რადგან იზოლირებული ბაზა განწირულია დასატოვებლად, ვინაიდან რაღაც პერიოდში შეუძლებელი გახდება მისი უზრუნველყოფა. ამიტომ რუსეთს უნდა მოეძებნა რაღაც ნაბიჯები, რომ მოეგვარებინა ეს პრობლემა. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ ამის მოგვარებას ეცდებოდა ომის გარეშე, ამიტომ ჩაერთო რუსეთი აქტიურად ვარდების რევოლუციის „გადალაგების“ პროცესში. ის მიიჩნევდა, რომ ხელისუფლების ცვლილება მას რეალურ შედეგს მოუტანდა და საქართველო ამოვარდებოდა მისი მტრების ნუსხიდან. წესით, მას ასეთი მოლოდინი უნდა ჰქონოდა, რადგან, თუ გახსოვთ, იყო ლაპარაკი ხელის გაწოდებაზე, ანტიტერორისტული ერთობლივი ცენტრის შექმნაზე. რუსეთს ეს უქმნიდა ილუზიას, რომ დალაგდებოდა ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა და მაშინ მას უნდა ეპოვა სამხედრო გამოსავალი, რომ მიეღო საყრდენი წერტილები სამხრეთ კავკასიაში. და 2008 წლის ომი სრულად ჯდება ამ სქემაში. ჩვენ არ ვიცით, რამდენად გააზრებულად იღებდა ამაში მონაწილეობას ხელისუფლება…
– უნებლიეთ რომ მიიღო მონაწილეობა, ფაქტია შედეგით.
– შეიძლება, მთლად უნებლიეთაც არა… თუ დავაკვირდებით წინააღმდეგობების ხასიათს, თუ დაველაპარაკებით მეთაურებს, რომ წინააღმდეგობისთვის მზად იყვნენ და უცებ მიიღეს განკარგულება, რომ დაეტოვებინათ პოზიციები.
– უპრეცედენტო რამ მოხდა, იდეზერტირა უმაღლესმა სამხედრო ხელისუფლებამ და არა ჯარმა, რაც, ძირითადად, პირიქით ხდება ხოლმე.
– ცალსახა დირექტივა მიიღო ჯარმა, რომ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ წინააღმდეგობა წყდება. აი, ეს არის ყველაზე საინტერესო. ერთი სიტყვით, 2008 წლის ომის შედეგად რუსეთმა გაიჩინა საყრდენები სამხრეთ კავკასიაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ბაზების სახით. ეს არის ის საყრდენები, რომლებზეც შეიძლება, აიგოს რუსეთის უსაფრთხოების არქიტექტურა კავკასიაში. შემდეგი ნაბიჯი უკვე ჩანს – ეს იქნება მყარი კომუნიკაციის შექმნის მცდელობა აფხაზეთისა და ცხინვალის ბაზებს შორის.
– რას გულისხმობთ? გზის გაჭრას აფხაზეთიდან ცხინვალისკენ?
– უპირველესად, უნდა შეიკრას ხაზი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის, თუ ეს კომუნიკაცია არ შედგა, ეს ორი ბაზაც ჰაერში რჩება გამოკიდებული.
– ტექნიკურად, როგორ მოხდება ეს?
– ჯერ ერთი, გზა, როგორც ასეთი, არსებობს და საზღვრის გადმოწევის პრეცედენტებიც. იცით, რომ ჩვენი საზღვარი არ არის დემარკირებული რუსეთის მონაკვეთზე. მეტიც, 2008 წლის ომმა რუსეთს მისცა ის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ საზღვრებს არ ცნობს კავკასიაში. ყოველ შემთხვევაში, მისთვის აქ საზღვრის გადაწევ-გადმოწევა შესაძლებელია. ასე რომ, ეს სივრცე ასეთი ცვლილებისთვის შემზადებულია, უბრალოდ იმაზეა საუბარი, როდის დასჭირდებათ ამის გაკეთება. ამის შემდეგ შეიძლება უკვე ხაზის შეკვრა გიუმრის ბაზასთან და ამ ბაზების განლაგება კრავს „სამკუთხედს“.
– აზერბაიჯანს არ ემუქრება საფრთხე?
– ასეთ შემთხვევაში, რუსეთისთვის არ არის პრობლემა აზერბაიჯანი..
– რადგან, თუ ჩვენთან კეტავს სივრცეს, აზერბაიჯანს ავტომატურად მიიღებს?
– რუსეთისთვის პრობლემაა არაკონტროლირებადი ნაკადების გადაადგილება სამხრეთიდან ჩრდილო კავკასიისკენ. როგორც ჩანს, ეს ნაკადები არსებობდა და იყენებდა დერეფანს: თურქეთი – საქართველო-ჩრდილო კავკასია. ამის მიმანიშნებელია, თუნდაც, ლაფანყურის მოვლენები. ქართველები ამას ხელს ვერ ან არ უშლიდნენ. 2008 წლის შემდეგ რუსეთისთვის ლოგიკური იყო ძალებისა და რესურსების კონცენტრირება შუა აზიის მიმართულებით, ვინაიდან შუა აზია არის რეგიონი, საიდანაც, როდესაც ავღანეთში დასრულდება „ნატოს“ მისია, უნდა გადაიღვაროს თალიბანის ენერგია.
– ტყუილად კი არ მისცა რუსეთმა გზა „ნატოს“ თავისი ტერიტორიის გავლით.
– ავღანეთი მართლაც სერიოზული პრობლემაა მისთვის და უახლოეს ათწლეულში ამ პრობლემის წინაშე აუცილებლად დადგება, ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ მას შემდეგ, რაც კავკასიის ფლანგზე მან თავისი ფორპოსტები ძალიან მნიშვნელოვან ადგილებში ჩააყენა – აფხაზეთსა და შიდა ქართლში, ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩრდილო კავკასია მეტნაკლებად ეკონტროლებინა და საკუთარი ძალები და რესურსები გადაეწია შუა აზიისკენ.
აქაც ჯერ მშვიდობიანი სცენარით დაიწყო – ევრაზიული სივრცის შექმნით, თუმცა ამის შიგნითაც მიდის გარკვეული მზადება, როგორ შეიძლება, მოახერხოს ეფექტიანი თავდაცვა. უკვე 2000-ანებიდან ჩანდა, რომ რუსეთი საფრთხეებს აღიქვამდა უფრო აღმოსავლეთიდან, ვიდრე დასავლეთიდან, იმიტომ რომ მას „ნატო“ არასდროს მიაჩნდა რეალურ საფრთხედ. როგორც აღმოჩნდა, „ნატო“ მართლაც არ არის საფრთხე, თუმცა უკრაინის მოვლენებმა ყველაფერი შეატრიალა და რუსეთს დაუდგა აუცილებლობა, შეექმნა…
– ახალი ბუფერი უკრაინის ნაწილის სახით?
– ბუფერს ვეღარ შექმნის. რუკა რომ წარმოვიდგინოთ, უკრაინა ერთგვარად შეჭრილია რუსეთში და ვინაიდან რუსეთი ევროპას საფრთხედ არ აღიქვამდა, მისი თავდაცვითი ინფრასტრუქტურა აწყობილი იყო იმაზე, რომ უკრაინა არის ბუფერი. როგორც ჩანს, უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანება კარგა ხნით გადაიდო, ვინაიდან საკუთარი აგრესიული მიდგომით რუსეთმა სტრატეგიული უპირატესობა უკვე მოიპოვა. შევხედოთ მოვლენებს რუსეთის თვალით – მას სჭირდება ისეთი პლაცდარმი, რომელიც უკრაინიდან სირთულეების შექმნის ნებისმიერ მცდელობას გააჩერებს ან საფრთხეს შეუქმნის. როდესაც უკრაინაში ეს პროცესები დაიწყო, რამდენიმე ადამიანი ვისხედით რუკასთან და პირველი ის ვთქვით, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, დაიკავებდა ყირიმს. და დაიკავა კიდეც. ანუ სამხედრო-სტრატეგიული კუთხით, ეს იყო ბუნებრივი ნაბიჯი და ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა მოხდებოდა.
– მაგრამ არ ჰყოფნის მარტო ყირიმი.
– მართალია, ყირიმი დიდი ბაზაა, მთლიანად ნახევარკუნძულია ბაზა, მაგრამ მასაც სჭირდება საკომუნიკაციო ხაზი, ანუ მიწოდება უნდა იყოს მყარი, ვიდრე ეს შეიძლება, იყოს ჰაერით და ზღვით მიწოდება. ამდენად, ბუნებრივია, რომ რუსეთს სჭირდება სახმელეთო დერეფანი. და ის, რაც ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში ჯერჯერობით ემსახურება იმას, რომ ეს დერეფანი შედგეს და ამ ვითარებამ რუსეთი ისევ სამხრეთ კავკასიისკენ შემოატრიალა. ანუ 2008 წელს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში თავისი საქმე გაკეთებული ეგონა და რესურსების მიმართვას აპირებდა შუა აზიისკენ, რათა შეექმნა ბუფერი იმ საფრთხისთვის, რაც შესაძლოა, წამოვიდეს ავღანეთიდან. მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო საინტერესო მოვლენები: თუ რუსეთმა და ევროპამ ვერ მოილაპარაკეს უკრაინის შესახებ.
– ანუ, თუ რუსეთმა და დასავლეთმა ვერ გაიყვეს უკრაინა?
– ეს ტერმინი არ მინდა, გამოვიყენო. რუსეთს უნდა, რომ მიიღოს ყირიმამდე მისასვლელი გარანტირებული სახმელეთო გზა და ეს შესაძლებელია, გაუყოფელი უკრაინის მოდელშიც და უკრაინის გაყოფის შემთხვევაშიც. ამ დერეფანს ემსახურება ნოვოროსიის იდეა. ხოლო თუ ამის რეალიზაცია გაჭირდა, მაშინ მას აუცილებლად დასჭირდება, რომ ხელახლა გადაიაზროს კავკასიაში ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც განიხილავს, როგორც თავის ფარს და ამ შემთხვევაში შეიძლება, რეალურად დადგეს საქართველოს გაყოფის საკითხი. ანუ ფაქტია, რომ აფხაზეთი-ცხინვალი-გიუმრის ბაზები მოითხოვს საყრდენ წერტილად ბათუმს. მაგრამ არავინ იცის, როდის დადგება ეს მომენტი.
– ბათუმზე ხომ თურქეთს აქვს თავისი ინტერესები?
– თურქეთთან რუსეთი ყოველთვის მონახავს საერთო ენას.
– რთულად ვიჯერებ, რომ ყარსის ხელშეკრულებით გარანტირებული ბათუმი თურქეთმა დაუთმოს რუსეთს.
– ჯერ ერთი, ყარსის შეთანხმება ვადიანია. მეორე – კავკასიაში დადგება გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილების საკითხი და აქ რეალურად იქნება ორი მოთამაშე: რუსეთი და თურქეთი, შესაბამისად, დიდი ანგარიშით, რუსეთი და თურქეთი უფრო მონახავენ საერთო ენას, ვიდრე თურქეთი და ევროპა ან ვიდრე რუსეთი და ევროპა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ჩანს. ამის დასტურია რუსეთ-თურქეთის წინა კვირის შეთანხმება გაზსადენის შესახებ, რომელიც არა მხოლოდ იმითაა ცუდი, რომ ევროპას უკარგავს გაზის პირდაპირი მიწოდების საშუალებას, არამედ იმიტომაც, რომ გარკვეულწილად, ჩვენი მილსადენი, რჩება თამაშგარე მდგომარეობაში. და მაშინ ჩვენ ხელახლა ვდგებით იმ დილემის წინაშე, თუ რა ფუნქცია გვაქვს ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. ანუ ფუნქცია ხელახლა გვიხდება საძებარი და ყველა პრობლემა, რომელიც გვაწუხებს, აქტუალდება.
– ამბობთ, საზღვარი გადმოიწევა აფხაზეთისა და ცხინვალის ბაზების დასაკავშირებლადო, მაგრამ იქ ხომ მოსახლეობა ცხოვრობს, ისინი სად მიდიან?
– რჩებიან თავიანთ ადგილებზე, მაგრამ ჩნდება ახალი კონფიგურაცია, რომელშიც მათ მოუწევთ ცხოვრება.