“საჯაიას ბიჭების” საიდუმლო გეგმა.ვალერი ხაბურძანიას ხუთსაათიანი საუბრის სკანდალური ჩანაწერი

“საჯაიას ბიჭების” საიდუმლო გეგმა.ვალერი ხაბურძანიას ხუთსაათიანი საუბრის სკანდალური ჩანაწერი

ჩვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ცა და დედამიწასავითაა: მას რუსეთი მოსწონს, მე კი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი სულხან-საბას, ილიას და სხვა დიდი ქართველების გზა, ანუ ევროატლანტიკური სივრცეა... ამ თემაზე, როგორც იტყვიან, მსუბუქად სხვა დროსაც გვიკამათია, მაგრამ ამჯერად საქმე ცოტა სხვანაირადაა. მოკლედ, ამბის ქრონოლოგია ასეთია: ამას წინათ, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკს, კონსტანტინე ფორჩხიძეს ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხე, რომ პროამერიკელი ირაკლი ალასანიაგარკვეულმა ტიპებმაუშიშროების მორუსეთუმო მინისტრის მოადგილედ როგორ დანიშნეს-მეთქი. ფორჩხიძემ განმარტა, ამერიკელებს პრორუსული განწყობების განეიტრალება უნდოდათო... რამდენიმე დღის წინ, “ფეისბუქში” “წერილიმივიღე: “...გარკვეული ტიპი არ ვარ მე... კარგა ხანია, “გუუგლ”-ში არ ამიკრეფია ჩემი გვარი და შენ მცირეტირაჟიან, ერთი მოექსპერტო ელემენტის გაზეთს, აბა, სად წავიკითხავდი? ჩვეულებრივი ჟურნალისტური ეთიკაა, ჩემს ნამოქმედარზე - ირაკლი ალასანიას დანიშვნა - ჩემთვის გეკითხა. გაშვებულმა პოლკოვნიკმა მაგისი რა იცის? ისე, ვანიჩკა, მარტო შენ გაზეთს კი არ უნდა კითხულობდე... მაგრამ, თქვენ და თქვენნაირებს დასავლური ღირებულებები მხოლოდ თქვენსავე სასარგებლოდ გჭირდებათ და გახსენდებათ. მე ვიცი, რითია ირაკლის მიმართ თქვენი სიყვარული განპირობებული... კიდევ ბევრი რამ ვიცი, მოთხოვნის უფლებაც მაქვს და ვალდებულიც ხარ, საპასუხო, გამოსარკვევი ინტერვიუ ჩემთანაც ჩაწერო...” რა პრობლემაა-მეთქი, მივწერე და შეხვედრა დავთქვით... მაშ ასე, 2014 წლის 29 ნოემბერი, 12 საათი, “ქორთიარდ მარიოტი”... საუბარი 5 საათს გრძელდება... მწვანე ჩაის სენდვიჩი და ყავა ცვლის... საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი მეუბნება, რომგარდასულ დღეებზეასე დეტალურად არასოდეს არავისთან ულაპარაკია. ეს, პრაქტიკულად, გენერალ ვალერი ხაბურძანიას მემუარებია, თუმცა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ექსჩინოსანი გულწრფელია თუ არა (სხვათა შორის, ხაბურძანია მოგონებების სარკასტულად დაწერას თავადაც აპირებს. ისე, თანამოსაუბრისთვის სარკაზმი არც მე დამიკლია!)... და კიდევ ერთი: შეიძლება, ვინმემ იკითხოს, “ქართული სიტყვა”, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც მკვეთრად პროდასავლურია, რუსეთისმოყვარულ ხაბურძანიას ტრიბუნას რატომ უთმობსო. პასუხი მარტივია: ჩვენ დემოკრატები ვართ! აი, სწორედ ესაა დასავლეთის ყველაზე დიდი ხიბლი! მაშ ასე, ვიწყებთ!

სტენოგრაფიული ჩანაწერი ¹3

მას შემდეგ, რაც ჩემი და უშიშროების ყოფილი მინისტრის ხუთსაათიანი საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერის მეორე ნაწილმა დღის სინათლე იხილა, რედაქციაში უცნობმა დარეკა, ესაო, ისაო, ხაბურძანია, მინიმუმ, არაგულწრფელია, როცა ამბობს, შევარდნაძემ მითხრა, ნინოს მამა, ანუ ანზორ ბურჯანაძე ჩემი ქორწილის მოწმეაო. არაგულწრფელობა რა შუაშია-მეთქი, - ვკითხე უცნობს. იმ შუაშია, რომ როცა ნანული ითხოვა, ედუარდი ბურჯანაძეს არ იცნობდაო, - ამიხსნა თანამოსაუბრემ... მკითხველისბრალდება”, ცხადია, გენერალს გავაცანი, რომელმაცთავი იმართლა”, შესაძლოა პირიქით, მაგრამ როგორც მახსოვს, პრეზიდენტმა ასე მითხრა და რა ვქნაო... მერე, სიტყვა ვალერი ჩხეიძეზე ჩამოაგდო. ალბათ, გახსოვთ, ეს უკანასკნელი რევოლუციამდე საზღვრის დაცვის შეფი იყო. ერთხანობას, როგორც ხაბურძანიამ გამახსენა, მიშაც სწყალობდა - დაზვერვის შეფად დანიშნა, მაგრამნაციონალებმამალევე აითვალწუნეს და იძულებული გახდა, საქართველოდან გაცქეულიყო. “ვარდებისხელისუფლებაში ჩემი სეხნია ჩემზე დიდხანს იყოო, - ამბობს ხაბურძანია... ახლა კი, ისევ 2003 წლის ნოემბერს, უფრო კონკრეტულად, 2 ნოემბრის არჩევნებს მივუბრუნდეთ...

 

- ბატონო ვალერი, კაცურად მითხარით, პირადად თქვენ, 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ხმა რომელ პარტიას მიეცით?

- შვილებს გეფიცები, - “მოქკავშირს”... მე, კონსტიტუციურად დეპოლიტიზირებული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ხანდახან კონსტიტუციას დარღვევამდე გვერდს ვუვლიდი და ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას ვეხმარებოდი, მაგრამ ეს ძალა დახმარების საშუალებას არ მაძლევდა და იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო, ყველაფერს უკუღმა აკეთებდა. ის ხომ იცი, გლეხი ერეკლე მეფესთან რომ მივიდა და შესჩივლა, მეფეო, ძროხა მომპარესო. რატომ მოგპარესო? - დაინტერესდა მეფე. გლეხმა, - მეძინაო. თუ გეძინა, მოგპარავდნენო, - გაეცინა ერეკლეს. მეგონა, მე რომ მეძინა, ერეკლე მეფეს ეღვიძებოდა, - მიუგო გლეხმა. ყველას ჩემი იმედი ჰქონდა, მაგრამ ჩემი მწირი შესაძლებლობებით, რომელი მეფე ერეკლე ვიყავი? ახლა, იმას რომ მოგიყვები, სამინისტროს როგორი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდა, ჩემთან ერთად იტირებ და მეტყვი, რატომ არ მიატოვე და არ წახვედიო, მაგრამ პოლიტიკაში მიამიტობა არ არსებობს.

- მიამიტობა არა, მაგრამ აი, ხომ იცოდით, სადაც მიდიოდით და მინისტრობაზე რატომ დასთანხმდით?

- კაცო, კახა თარგამაძეს და, საერთოდ, ყველას ეს დაემართა, მათ შორის, შევარდნაძესაც.

- რაეს”?

- პრეზიდენტს ის უნდა გაეკეთებინა, რასაც სააკაშვილი აკეთებდა - ჩემთვის ფოთის პორტი, რკინიგზა მოემაგრებინა. ახლა, არ მითხრათ, არ იცოდნენ, რომ იქ კორუფცია იყოო.

- ამ უწყებებისმომაგრებაიმიტომ გინდოდათ, რომ ფული გეშოვათ?

- არა, რა ფული, როცა მინისტრი მოპარული მანქანით დავდიოდი.

- რააა?

- გითხრა: მინისტრად რომ მოვედი, ამერიკელებმა 10 ათასი დოლარი მომცეს და...

- რაღა მაინცდამაინც მოპარული მანქანა იყიდეთ?

- მე რა ვიცოდი? ბიჭებს უყიდიათ, გადარტყმულ მანქანებს რომ ეძახდნენ, ოთხფარიანი ძველისძველი “მერსედესი” და მთელი მინისტრობა ამით ვიარე.

- სამაგიეროდ, ახლა დადიხართ კარგი ავტოთი...

- ახლა ამას დაწერ და ატყდება ერთი ამბავი... 2006 წლის “ჰუნდაი რეჯლაინია”, “პიკაპი”, გაზზე...

- ბატონო ვალერი, ხომ გაგიგიათ, ხარი ხართან დააბიო. ჰოდა, კორუფცია იმდენჯერ ახსენეთ, რომ თქვენი არ იყოს, მგონი, მეც გავკორუმპირებულდი - სიამოვნებით ვიჩუქებდი თქვენს მობილურს...

- ბიჭო, სამი წელი, “სისტემაში” ვმუშაობდი, სადაც ვასაძე მილიონერი გახდა...

- აჰა, ყველაფერი გასაგებია!

- რა, გინდა, რომ მათხოვარი და მშიერი ვიყო, თან რევოლუციაც ჩემს კისერზე იყოს?

- მაძღარი იყავით, ბატონო, დაგიშალეთ?

- აბა, სააკაშვილისა და დღევანდელი ხელისუფლებაგამოვლილი ჟურნალისტი ჩემს კორუფციაზე როგორ ლაპარაკობ?

- კორუფცია დღესაც არის?

- შეხედე, თავდაცვის სამინისტროში რა ხდება...

- არაფერი - ჯერ ერთი, ეს ამბები მინავლდა. მეორეც, უწყებაში არსებული კორუფცია სასამართლოს არ დაუდასტურებია.

- მოიცა, რა. უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველას არასწორად გესმით. მე კი, იურისტი ვარ, ვთვლი, საკმაოდ კვალიფიციურიც და იცი, უდანაშაულობის პრეზუმფცია რას ნიშნავს? - არ შეიძლება, ადამიანი დამნაშავედ მანამ ჩაითვალოს, ვიდრე მის ბრალეულობასთან დაკავშირებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ არსებობს.

- მეც ეგ გითხარით, რომ თავდაცვის სამინისტროს საქმეზე სასამართლოს განაჩენი ჯერ არ დამდგარა...

- მოიცადე... დამნაშავედ-მეთქი... დამნაშავე სამართლებრივი სტატუსია, თორემ მე, სუბიექტს შემიძლია, ვთქვა, დამნაშავეა-მეთქი...

მოდი, ახლა, პარლამენტის კარის გაღების თემა დავამთავროთ...

- კარის გაღებამდე უშიშროებაში ჩატარებული გამოკითხვის მიზან-შედეგი უნდა გამანდოთ!

- (იღიმება) ჯგუფს, რომელიც ამ გამოკითხვას ატარებდა, ვუთხარი, რომ იკითხოთ, ხმას ვის აძლევთო, ყველა იტყვის, “მოქკავშირსო”. ამიტომ, კითხვა ასე დასვით, “მოქკავშირის” შემდეგ, არჩევნებში ხმას ვის მისცემდითო. პირველ ადგილზე “ლეიბორისტული პარტია” გავიდა.

- სამინისტროში გამოკითხვა იმ მიზნით ჩაატარეთ, რომ საკუთარი მომავალი განგესაზღვრათ?

- პირველ ადგილზე “ლეიბორისტული პარტია” გავიდა-მეთქი და ახლა ეგეც დამაბრალე, “ლეიბორისტების” მხარეს იდექიო... უბრალოდ, ხალხის აზრი მაინტერესებდა. ვანიჩკა, ვხედავდი, რომ მძიმე სიტუაცია იყო და ხალხი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მართავდა, პოლიტიკური პროცესების აზრზე არ იყო. ყველა ცდილობდა, თავისი გაეტანა და საარჩევნო სიაში თავისი კაცი ჩაესვა. სიაში ჩასმა 200 ათასი დოლარი ღირდა.

- “მოქკავშირისსიაში ჩასმაც?

- “მოქკავშირშიც”... სააკაშვილის სიაში ჩასმა 250 ათასი ღირდა. მაშინ სააკაშვილმა ორი ადგილი გაყიდა.

- გეცოდინებათ, მყიდველი ვინ იყო...

- ნუ... რომ დავასახელო, ეს ხალხი უხერხულობაში უნდა ჩავაყენო...

- ახლაც პოლიტიკაში არიან?

- არა... გადახედე “ნაციონალების” 2003 წლის საპარლამენტო სიის 14 გამსვლელ ადგილს და ორ გვარს აღმოაჩენ, რომელსაც “ნაციონალებთან” ადრე კავშირი არ ჰქონდა.

- ორივე ბიზნესმენია?

- ერთი ბიზნესმენია, ერთი კი, - ახალგაზრდა სახე... ასეთივე ამბავი იყო “ლეიბორისტული” პარტიის სიაშიც... მოკლედ, ადგილს ყველა ყიდდა.

- “მოქკავშირშიადგილებით ვინ ვაჭრობდა?

- სიის შედგენაში სამი ადამიანი მონაწილეობდა - ვიტალი ხაზარაძე, ავთო ჯორბენაძე და მაია ცაცანაშვილი. თავისი ხაზი ჰქონდა ვაჟა ლორთქიფანიძეს.

- “ნაციონალებისსიას ვინ ადგენდა?

- თვითონ მიშა და ირაკლი ოქრუაშვილი.

- “ლეიბორისტებში”?

- ისეთ რაღაცებს მეკითხები, რომ დეტალებში ჩაძიება არ მევალებოდა...

- მოკლედ, უშიშროების გამოკითხვაშილეიბორისტებიდაწინაურდნენ. მერე?

- მივედი და პრეზიდენტს ვუთხარი, ბატონო ედუარდ, ეს სია ვერ გავა-მეთქი. რა ვქნათო? ასეთი ვარიანტი შევთავაზე: ჩვენს, ანუ საჯაიას ბიჭებს შორის ყველაზე ქარიზმატული და ჟვანია-სააკაშვილის გუნდის აქტიური სიტყვიერი მოწინააღმდეგე სულხან მოლაშვილი იყო. წინასწარი მოლაპარაკებით, სულხანი კონტროლის პალატის თავმჯდომარეობიდან გადადგებოდა და “მოქკავშირის” პარალელურ სიას შევადგენდით.

- პარალელურ სიას .. საჯაიას ბიჭები შეადგენდით?

- დიახ... პრაქტიკულად, ლადო ჭანტურიასაც საჯაიას ბიჭად მიიჩნევდნენ. სხვათა შორის, როცა საჯაია გარდაიცვალა, შევარდნაძემ უშიშროების საბჭოს მდივნობა შესთავაზა, მაგრამ ლადომ უარი თქვა. არადა, ის შევარდნაძის მემკვიდრედ იკვეთებოდა და როცა 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, შევარდნაძესთან მოვიდა და უთხრა, შედეგები უნდა გავაუქმოთო, შევარდნაძე ძალიან გაბრაზდა. ლადომ იფრთხილა და აქტიურ რაღაცებში არ ჩაერთო, თუმცა ვფიქრობ, პროცესებზე დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო.

- მაინც, როგორ?

- უშიშროების საბჭოს მდივნობაზე რომ დასთანხმებოდა, პროცესები სხვანაირად წავიდოდა. ისე, თედო ჯაფარიძესთან კომუნიკაცია, პრაქტიკულად, არ მქონდა...

- ახლა გამახსენდა: რევოლუციონერებმა თედო ჯაფარიძე საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს. აი, ხომ ხედავთ, როგორი ობიექტური ვარ და მხოლოდ თქვენიცოდვებიარ მახსოვს!..

- მოკლედ, შევარდნაძეს ვუთხარი, ასე გავაკეთებთ და ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფიც გვერდით დაგვიდგება-მეთქი.

- მაინც, ვინ ბიზნესმენები?

- ახლაც მაჟორიტარები არიან და გვარებს ნუ ჩამომათვლევინებ. შევარდნაძემ მომისმინა და... დუმილი... სამი-ოთხი წუთი მოვიცადე და მივხვდი, სხვა თემაზე უნდა გადავსულიყავი... პრეზიდენტისგან რომ გამოვედი, ბიჭებმა მკითხეს, აბა, რა ქენიო. არაფერი მიპასუხა, ეს იმას ნიშნავს, მიდით, ბიჭებოო, და უნდა გავრისკოთ, მაგრამ თუ არ გამოვიდა, ჩვენი თავები დაგორდება-მეთქი. ეს არ მოეწონათ და დავიშალეთ... საერთოდ, სულხან მოლაშვილი შევარდნაძეს ყოველ დღე ურეკავდა. პრეზიდენტი მეც მირეკავდა, მაგრამ ჩვენი საუბარი 15 წუთზე მეტს არ გრძელდებოდა. კვირის ბოლოს ვხვდებოდი და უფრო ვრცელ მოხსენებას ვაკეთებდი. სულხანი კი, ალბათ, თავისი ენაწყლიანობიდან გამომდინარე, უფრო დიდხანს ელაპარაკებოდა. ახლა, არ მკითხო, ეს საიდან იციო. “ვე-ჩე” (სამთავრობო სატელეფონო კავშირი) ჩემს დაქვემდებარებაში იყო და წმინდა ტექნიკურად ვიცი, ვინ ვის როდის ურეკავდა და რამდენ ხანს ელაპარაკებოდა.

- “ვე-ჩე”- უსმენდით?

- რა სისულელეა! უბრალოდ, დროს ვაკონტროლებდით და ჟურნალში ვიწერდით, პრეზიდენტთან ვინ რეკავდა და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. პრეზიდენტმა სულხანს არც მეორე დღეს დაურეკა, არც მესამე და ასე გავიდა შვიდი დღე. მეშვიდე დღეს, სულხანმა მოირბინა და მითხრა, დავიღუპეთ, შევარდნაძე აღარ მელაპარაკება, ალბათ, ჩათვალა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულებას ვაწყობთ, არავითარი სია და გადადგომაო. მოკლედ, ეს ამბავი ჩაიშალა... მერვე დღეს, შევარდნაძემ სულხანს დაურეკა და ჩვეულებრივ ისაუბრეს, მაგრამ სულხანს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩვენს გეგმას განხორციელება არ ეწერა. ეს 2003 წლის ივნისში მოხდა...

- ბატონო ვალერი, თუ არა შეთქმულება, ამ გეგმას რა მიზანი ჰქონდა?

- შევარდნაძეს ვთავაზობდი, რომ სათავეში ერთ პოლიტიკურ ძალასაც არ ჩადგომოდა. ვუთხარი კიდეც, ყველა ძალა, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს, თქვენთან მოვა, რადგან პრეზიდენტობის წელიწადნახევრიანი ვადა გაქვთ დარჩენილი და თქვენნაირ პიროვნებასთან კონფრონტაციაში ვერავინ იქნება-მეთქი. შევარდნაძემ მითხრა, აი, მამალაძე მჭირდებაო. ხომ გახსოვთ, ისიც ოდიოზური გახადეს სააკაშვილისტებმა. სიმართლე გითხრა, ლევანთან არც ცუდი ურთიერთობა მქონდა და არც - კარგი, მაგრამ შევარდნაძეს მივუგე, ბატონო ედუარდ, ქვემო ქართლი ისეთი რეგიონია, გუბერნატორად ვინც უნდა დანიშნოთ, ხელისუფლების კაცი იქნება, რადგან სხვანაირად თავს ვერ დაიჭერს-მეთქი...

 

 

მცირე არალირიკული გადახვევა

უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ყურადღება თუ მიაქციეთ, .. საჯაიას ბიჭები არაერთხელ ახსენა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და გენერალს ჩავეკითხე, თქვენი აზრით, უშიშროების საბჭოს მდივნის გარდაცვალებაცვარდების რევოლუციისსცენარში ხომ არ ჯდებოდა-მეთქი. არაო, - იუარა თანამოსაუბრემ და, პრინციპში, გახსნილად მითხრა, რომ ნუგზარ საჯაიამ სიცოცხლე, მართლაც, თვითმკვლელობით დაასრულა და მკვლელობის ვერსია უსაფუძვლოა. “ეს ამბავი რომ მოხდა, პირველი მე მივედი. საჯაია ხროტინებდა... მეგონა, რაღაცას მეტყოდა, მაგრამ... იარაღიც ვნახე... საჯაია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი იყო და თავი იმ ბინძური თავდასხმების ფონზე მოიკლა, რომელიც მასზე კიტოვანის მხრიდან მიზანმიმართულად განხორციელდა”, - განმიმარტა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა დამიზანმიმართული ბინძური პროვოკაციისკონტექსტში ერთი ჟურნალისტიც ახსენა, რომლის ვინაობასაც, კოლეგიალობიდან გამომდინარე, არ გავამხელ, თუმცა ეს ჟურნალისტი, ხაბურძანიას სიტყვებით რომ გითხრათ, “ნაციონალებისდროს დაწინაურებული იყო.

- ბატონო ვალერი, ბოლოს და ბოლოს, 22 ნოემბერს, პარლამენტის კარი ვინ გააღო?

- ...მომიტინგეებმა პოლიციის ორი კორდონი გამოარღვიეს, ესე იგი, ისეთი ძლიერი ვიყავი, რომ შინაგან ჯარს ვუბრძანე და კორდონები გახსნა? შს მინისტრი რომ ხარ და ამბობ, ამას გავაკეთებო, ხომ უნდა გააკეთო? მე რომ გეუბნები, ვერ ვიზამთ-მეთქი, ეს ღალატი არაა. მოკლედ, კობას ვეუბნები, ხრეშით დატვირთული დიდი მანქანები მოჰყავთ და ავტობუსებს გაგითრევენ-მეთქი... ჩემს სამინისტროში, მართვის პულტთან ვზივარ... მოვლენების ეპიცენტრში ვარ და შენ კი მეუბნები, კობას რატომ არ დაყვებოდიო. კობას რატომ უნდა გავყოლოდი? ყველას თავის ფუნქცია ჰქონდა. მე შტაბში ვიჯექი...

- პარალელურად, რევოლუციისტვინს”, ეროსი კიწმარიშვილს ეკონტაქტებოდით, არა?

- არა, ეროსისთვის ვიღას ეცალა? იმ პირობებზე, რაც ეროსის ჰქონდა, ხელისუფლება არ წავიდა.

- რა პირობები ჰქონდა, ცხონებულს?

- მილიონნახევრიანი ვალის დაფარვის საშუალების მიცემას და “ო-ერ-ტე”-ს არხს ითხოვდა, რომლის გადაცემაზეც, ექსპერიმენტის სახით, პრეზიდენტმა რეზოლუცია დაადო. ამის სანაცვლოდ, ეროსი ხელისუფლებას შედარებით ნეიტრალიტეტისა და პროცესებში პოლიტიკური არჩარევის გარანტიას აძლევდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ პრეზიდენტთან ბადრი პატარკაციშვილი მივიდა და უთხრა, ეროსის განადგურების შანსიაო. როგორო? - დაინტერესდა პრეზიდენტი. დიდი ვალი აქვს, რომელსაც ყველა მევალე ერთდროულად მოსთხოვს, ბანკებს გავაფრთხილებთ, რომ სესხი არ მისცენ, “ო-ერ-ტე”-ს არხს კი, სხვა ფირმის მეშვეობით, მე ვიყიდი და ეროსი განადგურდებაო. ყველაფერი ეს კიწმარიშვილმა გაიგო.

- როგორ?

- ელემენტარულად - აუქციონზე “ო-ერ-ტე”-ს არხს ფასი ბადრისთან აფილირებულმა ფირმამ აუწია. მოკლედ, ეროსი ფულის თემაშიც გადააგდეს... სხვათა შორის, ერთადერთი კაცი, ვინც მხარს მიჭერდა, ზაზა შენგელია იყო, რომელმაც იცოდა, “რუსთავი 2”-ს რაც შეეძლო, მაგრამ ამ თემაში ავთო ჯორბენაძე არ გვრევდა - ფულის თემა სწორედ ავთოს მიჰყავდა. პრეზიდენტს ვუთხარი, ეს ტელევიზია დაგვღუპავს-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, ეს მე არ მეხება, ავთოს უთხარი. ავთომ კი განმიცხადა, ვერავის ვერაფერს ვთხოვ, “მოქკავშირს” იმის ფულიც არ აქვს, რომ სტადიონი დავიქირაოთო...

- ესე იგი, ფულოსნებს ფული მიშასთან მიჰქონდათ?

- არა, ფულს ყველა პოსტშევარდნაძისტული ეპოქისთვის ინახავდა... მერე კი, ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ფული ყველამ მიშასთან მიიტანა...

მოკლედ, გავაგრძელო კარის გახსნის თემა: კანცელარიასთან, ჭიშკარზე, კობა ჰყავთ, პრაქტიკულად, მიმწყვდეული და აკრული... ჟვანია შემეფეთა... იქ არც სააკაშვილი მინახავს და არც - ნინო. ჟვანია, როგორც გითხარი, მოვატყუე, რომ სროლის ბრძანება იყო გაცემული... სხვთა შორის, ბოლო წერტილი ის იყო, კობა ნარჩემაშვილის გულუას ბატალიონი მომიტინგეების მხარეს რომ გადავიდა... ზურაბ ჟვანიას სისხლის ეშინოდა და მითხრა, რა ვქნათო... წინა დღეს, ანუ 21 ნოემბერს, მე და სულხან პაპაშვილმა ზურა მანქანაში ჩავისვით, მთელი ქალაქი შემოვიარეთ და ვილაპარაკეთ.

- რაზე?

- ვუთხარი, ზურა, თოვლზე შენი, ეროსი კიწმარიშვილისა და სააკაშვილის სისხლიანი სახეები წარმოდგენილი მაქვს-მეთქი.

- “ვარდების რევოლუციისდროს კი არ თოვდა, წვიმდა...

- უკვე ციოდა და დღე-დღეზე მოთოვდა... ზურამ მკითხა, ამას ვინ იზამსო. მივუგე, არიან ჯუფები, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებ-მეთქი.

- ისევ მოატყუეთ?

- არა. რეალურად, არსებობდნენ ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფები, რომლებიც ამბობდნენ, ამათ დედას ვუტირებთო.

- დააკონკრეტეთ, ბატონო გენერალო!

- რომ დავაკონკრეტო, ერთი ამბავი უნდა ატყდეს და არ მინდა, თვითონ ხომ იციან, ვინც არიან? სხვათა შორის, ერთი ადამიანი პარლამენტში ავტომატითაც გამოჩნდა და ვუთხარი, რას აკეთებ, ხალხი ჩაგქოლავს-მეთქი.

- ეს ავტომატიანიმოქკავშირელიიყო?

- ნუ... ჰო... ავტომატი დამალული ჰქონდა და გაიძახოდა, ჩვენ ხელისუფლება ვართო... ვკითხე, თუ ასეთი კაი ბიჭები ხართ, აქამდე სად იყავით-მეთქი... პარლამენტი რომ აიღეს, ირაკლი ბათიაშვილი პარლამენტის ფანტანთან შემხვდა... სხვათა შორის, ირაკლი, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები არ გაიქცნენ. მერე, ირაკლი მენაღარიშვილიც მოვიდა... დანარჩენები კი გაიქცნენ... ზოგ დეპუტატს პალტო დარჩა, ზოგს კი, ფეხსაცმელი გასძვრა... აი, ასე გარბოდნენ. ჰოდა, ბათიაშვილის თანმხლებმა ერთმა პირმა მითხრა, რა ქენით, ესენი ვინ შემოუშვითო.

- ბოლოს და ბოლოს, მეტყვით, რევოლუციონერებს პარლამენტის კარი ვინ გაუღო?

- მაგას გიყვები... მოკლედ, კობა ნარჩემაშვილი კანცელარიის ქვედა ჭიშკართან, აი, ფანტანი რომაა, იქ, ჭიშკართან მიმწყვდეულია. რაციით ეს რომ გადმომცეს, კაბინეტიდან გავიქეცი...

- ამ დროს პრეზიდენტი სადაა?

- პარლამენტში... ხალხმა რომ დამინახა, დაიბნა. ზოგმა ტაშიც დამიკრა... ზურა ჟვანიას ლაპარაკი გავუბი... კობა გაფითრებულია და ხმას არ იღებს. თუ ამას უარყოფს, არ ვიცი... ზურა მეუბნება, ვატყობთ, სიტუაციას ვეღარ ვმართავთ, ხალხი მოდის და არ ვიცი, პროცესები როგორ განვითარდებაო. შევთავაზე, კორიდორი გავაკეთოთ და რამდენიმე აქტივისტი მომეცი-მეთქი... უცებ, ჩემი თანაკურსელი დავინახე, საწყალი, მერე გარდაიცვალა. თვალი სხვა ნაცნობსაც მოვკარი. ზურამაც თავის ბიჭებს დაუძახა და კორიდორი გავაკეთეთ. ეს გადაღებულიცაა...

- კორიდორი რად გინდოდათ?

- მომიტინგეებსა და სახელმწიფოს შეიარაღებულ პირებს ერთმანეთთან შეხება რომ არ ჰქონოდათ... ამის შემდეგ, პარლამენტში, შევარდნაძესთან გავიქეცი, რადგან სისხლისღვრა, შეიძლება, წუთი-წუთზე დაწყებულიყო და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო... შევარდნაძე პარლამენტის ე.წ. საპრეზიდენტო ფლიგელში, თავის ოთახში იმყოფებოდა. ამ ოთახში ნამყოფი არ ვიყავი, რადგან მანამდე პრეზიდენტი თითქმის არ იყენებდა... შევარდნაძე სიტყვას ასწორებს, გვერდით ავთო ჯორბენაძე უზის... გაფითრებული ვარ. ახლა, არ მითხრა, უშიშროების მინისტრი როგორ გაფითრდიო, მეც ადამიანი ვარ!

- ვიცი, რომ ადამიანი ხართ, მაგრამ რამ გაგაფითრათ?

- ვიცი, რომ სისხლი დაიღვრება და, როგორც ადამიანი, დავიღუპები... ვუთხარი, ბატონო ედუარდ, საქმე ცუდადაა-მეთქი. კარგი, ერთი, შენ ასე ნუ იციო, - მომიგო. სხვათა შორის, ერთი დღით ადრე, თათბირზე, პრეზიდენტმა მე, უშიშროების მინისტრს სიტყვა არ მომცა და მერე გამახსენე, ამასაც მოგიყვები...

- კი ბატონო, გაგახსენებთ, აბა, რას ვიზამ?!

- პრეზიდენტს ვუთხარი, რაკი რაციაში ბიჭების ხმა არ მესმის, ესე იგი, კანცელარია უკვე აღებულია და რამდენიმე წუთში აქაც შემოიჭრებიან. შინაგანი ჯარი ხალხს ვერ აჩერებს, კობა ალყაშია-მეთქი. რა ვქნათო? - მკითხა. ალბათ, საგანგებო განცხადება უნდა გააკეთოთ. მათი მიზანი პარლამენტის სხდომის ჩაშლაა და თუკი სხდომას გადადებთ, მერე რაღაცას მოვიფიქრებთ-მეთქი. ნუ იცი, კაცო, შენ მასეო, - მიპასუხა პრეზიდენტმა და ავთოს მიუბრუნდა, - ავთო, ეს ეკონომიკური ზრდა 11, 1 პროცენტი რომ გიწერია, მართლა ასე იყოო? კიო, დაეთანხმა ჯორბენაძე. შევარდნაძემ იხუმრა, მეტობით რომ დავამრგვალო და 12 ჩავწერო, რა უჭირსო. ჯორბენაძემაც გაიცინა... შევარდნაძე ოთახიდან გავიდა. ყველაფერ ამას სოფო შევარდნაძე იღებდა, მაგრამ არ ვიცი, ის მომენტი, ხელი რომ გავიქნიე, გადაღებული აქვს თუ არა...

დარბაზში გამოაცხადეს, საქართველოს პრეზიდენტიო... ჰიმნი... ჰაი-ჰუი და შევარდნაძე ტრიბუნაზე ავიდა.

- თქვენ ოთახში დარჩით?

- არა, მეც დარბაზში შევედი. სამოქალაქო ფორმაში ვიყავი - მახსოვს, შავი “როლინგი” და პიჯაკი მეცვა.

- იარაღი არ გქონდათ?

- რა თქმა უნდა, მქონდა... სამთავრობო ლოჟაში დავდექი... პრეზიდენტმა სიტყვა დაიწყო თუ არა, რაციაში გავიგე, უშიშროების სამინისტროსთან ჩხუბია, სამინისტროში შესვლას ლამობენო. პარლამენტის ყველა ლაბარინთი ვიცი და მაშინვე გავიქეცი... რას ვხედავ: ხალხის მასა უკვე პარლამენტის კორიდორშია შემოჭრილი. ეს რომ დავინახე, მივხვდი, რომ უშიშროების სამინისტროსთან მისვლას აზრი აღარ ჰქონდა და უკან შემოვბრუნდი. მართალია, მანამდე უამრავი ხალხი დამყვებოდა, მაგრამ დაცვის უფროსისა და ერთი-ორი თანამშრომლის, მაგალითად, კახა კობახიძის მეტი აღარავინ იყო...

ზემოთ, ფოიეში ასეთი სურათი დავინახე: მგონი, სანოძე ვიღაცას მხრებზე ადგა და პარლამენტის კარს აწვება, მაგრამ რომ ვერ გახსნა, კარის კაუჭს კბილი ჩაავლო და ჩამოქაჩა. ამასობაში, ჟურნალისტები მომცვივდნენ, ბატონო ვალერი, რა ხდება, რას მოიმოქმედებთო. რა უნდა გამეკეთებინა? - კარი გაანგრიეს და ხალხის ტალღამ მეც, ჩემს ორ თანმხლებთან ერთად, დარბაზში შემიყოლა, სადაც ჩემს გვერდით დათო მუმლაძე აღმოჩნდა. ვანიჩკა, ხომ იცი, ვარდი სწორედ მაგის იდეა იყო... მუმლაძესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა და უცებ “დაითესა”. ამ დროს ირაკლი ოქრუაშვილი დავინახე და ვკითხე, ირაკლი, რას აკეთებთ-მეთქი. დარბაზში მხოლოდ სამი დეპუტატია დარჩენილი - ლაშა ნაცვლიშვილი, გია გეწაძე და ახალგაზრდა გოგონა... მომიტინგეები მაგიდებზე მაიმუნებივით დახტიან.

- ბატონო ვალერი, თქვენი აზრით, შევარდნაძე დარბაზიდან უნდა გაეყვანათ?

- ვფიქრობ, - არა.

- ესე იგი, ისევ ღალატთან მივდივართ?

- როცა სულხანს...

- პაპაშვილს?

- დიახ... როცა სულხანს ამაზე ვკითხე, მიპასუხა, პრეზიდენტის დარბაზიდან გაყვანის გადაწყვეტილება პირადმა დაცვამ ავტომატურად მიიღოო.

- რომ არ გაეყვანათ, რა მოხდებოდა?

- რომ არ გაეყვანათ, დარბაზში, დაძაბულობის მოსახსნელად, შეიარაღებულ ხალხს შევიყვანდით, დავსხდებოდით, ლიდერები, რომელთაც მომიტინგეების გაყვანას მოვთხოვდით, კონფრონტაციაზე ვეღარ წამოვიდოდნენ და იმის შანსი, რომ ლაპარაკი დაგვეწყო, არსებობდა.

- ეს სახელმწიფო გადატრიალება იყო?

- სახელმწიფო გადატრიალება მაშინ მოხდა, როცა პრეზიდენტი გადადგა. პარლამენტის შენობის აღება კრიმინალური დანაშაულია და ამაზე, შეიძლება, რაღაც სამართლებრივი პროცესები დაწყებულიყო...

- წეღან რომ მითხარით, გამახსენეო, აი, გახსენებთ: 21 ნოემბრის თათბირზე სიტყვა რატომ არ მოგცეს?

- ამ თათბირზე ვმსჯელობდით, თუ როგორ უნდა მოხვედრილიყვნენ დეპუტატები პარლამენტის დარბაზში, აქედან შევაძვრინოთ თუ იქიდანო. ყველას ეშინოდა - შეიძლება, არ მოსულიყვნენ და სხდომა ჩაშლილიყო. ბოლოს, გადაწყდა, კანცელარიაში ზედა მხრიდან მოვიდოდნენ, მერე, კანცელარიის ეზოს გავლით, სამთავრობო დაცვის სამსახურთან მივიდოდნენ და პარლამენტში შეიპარებოდნენ.

- უკეთესი არ იქნებოდა, სხდომა რომ ჩაშლილიყო?

- უკეთესი ბევრი რამ იქნებოდა და მეც ამას ვამბობდი, მაგრამ ვინ მიჯერებდა?! დამავიწყდა მეთქვა: პრეზიდენტი ოთახიდან რომ გადიოდა, მითხრა: ახლა სხდომას გავხსნი და ყველაფერი არალეგიტიმური იქნება, ჩვენ კი, ლეგიტიმურები ვიქნებითო და გავიდა...

 

 

მცირე ლირიკული გადახვევა

უშიშროების ყოფილმა მინისტრმა თხრობა შეწყვიტა და შემომთავაზა, მწვანე ჩაი გავიმეოროთო. ვიუარე, ჩაი მაინცდამაინც არ მიყვარს, წეღანაც, იხტიბარი არ გაგიტეხეთ და ამიტომ დავლიე, ჩემთვის ყავა მოატანინეთ-მეთქი... კარგიო და სასტუმროს მოსამსახურეს უხმო. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ყავასთან ერთად, გენერლის ხარჯზე, ბუტერბროდსაც გეახელით... უშიშროების მინისტრყოფილმა ლუკმას მწვანე ჩაი მიაყოლა და თხრობა განაგრძო:

- პარლამენტში რომ წამოვედი, კანცელარიასთან მიშა დ ნინო მისულან. ზურას უთქვამს, ვალერი წასულია, პასუხს ველოდებითო. მიშას დაუწყვია, რა პასუხი, რის პასუხი, მიდი, მიაწექითო და თავისი ჯგუფი წინ გაუშვია. ამ ჯგუფში “ქორები” ახალაიები და სანოძე იყვნენ, თან ვანიჩკა, ხომ გითხარი, რომ ამ ხალხს იარაღი ჰქონდა დარიგებული... მოკლედ, მიშამ ნინო, როგორც თვითონ თქვა, პაკი-პუკით წინ გაიგდო.

- ისე, ცხონებულ შევარდაძეს არც ნინომ უღალატა?

- ნინოს მე ნუ შემაფასებინებთ... თავისას თვითონ იტყვის... საერთოდ, ცალმხრივი ღალატი არ არსებობს. მე, მაგალითად ბოლო წამამდე შევარდნაძის გვერდით ვიდექი და ეს თვითონაც იცოდა...

- ნეტავ, ბატონი ედუარდი ცოცხალი იყოს, ვკითხავდი... 

- მოკლედ, პარლამენტის დარბაზში ირაკლი ოქრუაშვილი დავინახე, რომელიც გამოექანა და გადამეხვია. მეორე მხრიდან ელდარ შენგელაია მეცა და მკოცნის. ვუთხარი, თავი დამანებეთ-მეთქი. ლაშა ნაცვლიშვილი და გია გეწაძეც მოვიდნენ... როგორც იქნა, დარბაზიდან გამოვედი და ირაკლი მენაღარიშვილი დამხვდა. სხვათა შორის, ეს კადრები “მზემ” გადაიღო. მენაღარიშვილს ვუთხარი, ბატონო ირაკლი, ხედავთ, რა ხდება? - ყველაფერი ეს თქვენი უსახო პოლიტიკის ბრალია, ხმას რომ არ იღებდით და აქეთ-იქით დამოგზაურობდით-მეთქი. მენაღარიშვილი ბავშვივით იდგა და მისმენდა. გვერდით მარიკა ვერულაშვილი მედგა.

- მარიკამტრის ბანაკისწარმომადგენელი იყო და თქვენს გვერდით როგორ გაჩნდა?

- მარიკასთან სტუდენტობიდან ვმეგობრობ...

- ამ დროს, ყასიდადაც არ გაინტერესებთ, შევარდნაძე სად წაიყვანეს, არა?

- ეს მე არ უნდა მცოდნოდა.

- უშიშროების მინისტრი იყავით, დაგავიწყდათ?

- არა, მაგრამ ეს სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის მოვალეობა იყო... პრეზიდენტი ჯერ ქალაქიდან გაიყვანეს, მერე, დააბრუნეს და კრწანისში მიიყვანეს... ამ დროს, სულხანმა დამირეკა, საღამოს, კრწანისში თათბირი იქნებაო... სულხანის ბრძანებითვე, პარლამენტიდან მთელი დაცვა გაიყვანეს... ჩემთან, კაბინეტში ავედი...

ვანიჩკა, ისევ ჩხუბის ამბავს უნდა მივუბრუნდე...

- რომელი ჩხუბის?

- რაციაში რომ გავიგე, კანცელარიასთან ჩხუბიაო. ამდენი წელია, რაღაცებს ეკითხებიან, მაგრამ ერთხელ არ უთქვამს, მთლად მასეც არ ყოფილა და ვალერის კარი არ გაუღიაო.

- უკაცრავად, ვისზე ლაპარაკობთ?

- კობა ნარჩემაშვილზე. შს მინისტრი სახელმწიფო კანცელარიის წინ სახელმწიფოს გადამტრიალებელ სააკაშვილს ხვდება. მიშას ხელები აწეული აქვს და ამბობს: გამატარეთ, მშვიდობიანი მომიტინგე ვარ! კობა პასუხობს: ბიჭო, ხელები ჩასწიე. მიშა: - ვინ არის შენი ბიჭო, ხელები შენ თვითონ ჩასწიე (სააკაშვილის სიტყვებს ვალერი ხაბურძანია ექსპრეზიდენტის ინტონაციით წარმოსთქვამს - ..). შეძიძგილავება... მოდის დავით მუმლაძე, რომელსაც ვარდები მოაქვს და კობას დაცვას აძლევს... კობა გვერდზე გადის და... მერე სად არის?

- სად?

- მანქანაში ჩაჯდა და სამინისტროში წავიდა.

- აბა, რა უნდა ექნა?

- მე რაღას მთხოვთ, რა მექნა?

- ბატონო ვალერი, ყველაფერი ძალიან მარტივადაა: “ნაციონალებმაკობა ნარჩემაშვილი დაიჭირეს, თქვენ კი, თანამდებობა მოგცეს!

- როდის დაიჭირეს?

- დროს რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია: დაიჭირეს და მორჩა!

- რას ჰქვია, რა მნიშვნელობა აქვს? მხოლოდ ფაქტი კი არ უნდა შეაფასოთ, არამედ, ამ ფაქტამდე უნდა მიხვიდეთ. გეკითხებით, კობას შეეძლო თუ არა, რომ სააკაშვილი დაეჭირა?

- იმ არეულობაში როგორ დაიჭერდა?

- მეც მაგას ვამბობ, რომ არ შეეძლო...

- აგაშენათ ღმერთმა... ნარჩემაშვილის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ მის სასარგებლოდ თუნდაც ის მეტყველებს, რომ რევოლუციონერთა ხელისუფლებაში თანამდებობა არ მიიღო.

- აი, მაქამდეც მივალ... ვანიჩკა, მართალი არ ხარ.

- რატომ?

- არ იცი, რა მოხდა და ამიტომ...

მოკლედ, დაბნელდა და ისევ სულხან პაპაშვილი მირეკავს, კრწანისში მოდი, შევარდნაძესთან თათბირი უნდა ჩატარდესო. ვკითხე, ნარჩემაშვილი სადაა-მეთქი. დაურეკეს და ისიც მოდისო... თათბირზე თევზაძეც მოვიდა... ნარჩემაშვილი და თევზაძე პრეზიდენტის გვერდით სხედან. მე კი, ფეხზე ვდგავარ... პრეზიდენტი ამბობს, საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს და ჩაიწერეთო... ორივე იწერს. ამ დროს თევზაძეს ვკითხე, დათო, რას იწერ, ტანკების გამომყვანი ხარ-მეთქი? არაო.

- ეს დიალოგი პრეზიდენტს ესმოდა?

- არა... თევზაძემ დამიკონკრეტა, პარლამენტში თანხმობის გარეშე, არაფრის გამკეთებელი ვარო. აბა, ამ კაცს რატომ არ ეუბნები-მეთქი... ამასობაში ავთო ჯორბენაძეც გამოჩნდა, რომელსაც პრეზიდენტმა უთხრა, ავთო, გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა წადით და ჩამოყალიბდითო. ავთომ ამბავი მოიტანა, კანცელარია და უშიშროების სამინისტროც აღებულიაო, თუმცა ჩემთან კაციშვილი არ შესულა და ერთი დოკუმენტიც არ აუღია. ახლა, არ მითხრა, რატომო.

- ცხადია, გკითხავთ...

- გადავწყვიტეთ, შსს-ში წავსულიყავით.

- თუკი უშიშროების სამინისტროს შენობაში სიმშვიდე იყო, სამსახურში რატომ არ წახვედით?

- იქაურობა ალყაშია და ეს ხალხი იქ რომ მიმეყვანა, მომიტინგეები შემოცვივდებოდნენ... მოკლედ, წავედით შსს-ში.

- წახვედით თქვენ, თევზაძე...

- არა, თევზაძე არ წამოვიდა და თქვა, ჯარის გამომყვანი არ ვარ და პარლამენტის თანხმობის გარეშე, კონსტიტუციას არ დავარღვევო. სხვათა შორის, ყოველთვის ასეთი არგუმენტები ჰქონდა და პანკისშიც ძლივს წავიყვანე, პანკისში.

- პარლამენტი აღარ არსებობდა და რა თანხმობას ელოდა?

- ჰოდა, ამ კაცს არგუმენტი აქვს და რას ვუზამ? თან თევზაძეა... სხვათა შორის, უშიშროების საბჭოზე, პანკისის საკითხის განხილვისას, ერთმანეთს დავაყარეთ და შევარდნაძე გვაშველებდა...

- რის ნიადაგზე დააყარეთ?

- მაშინაც გაიძახოდა, პარლამენტის თანხმობა, პარლამენტის თანხმობაო...

მოკლედ, შსს-ში მე, კობა, ავთოს მოადგილე აკაკი ზოიძე, პოლიციის ქალაქის სამმართველოს უფროსი ლევან მაისურაძე და კიდევ ერთი ვიღაც წავედით. ავთომ თქვა, თქვენ წადით და მეც მოვალო...

 

 

ისევ მცირე არალირიკული გადახვევა

ვიდრე იმას მეტყვის, თუ რაზე უნდა ეთათბირათ შსს-ში თავმოყრილ, პრაქტიკულად, დამხობილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ვალერი ხაბურძანია ერთ ამბავს მიყვება, თუმცა კატეგორიულად მთხოვს, რომ ამის შესახებ არამცთუ გაზეთში დავწერო, არამედ, ოჯახის წევრებსაც არ ვუთხრა... ვპირდები, რომც მომკლან, სიტყვას არ დავძრავ-მეთქი...

- ბატონო ვალერი, რაზე უნდა გეთათბირათ?

- როგორ გაგვეთავისუფლებინა პარლამენტის შენობა. კობამ თქვა, გულუას ბატალიონით სპეცოპერაციას ჩავატარებ და ამისთვის ნახევარი საათი დამჭირდებაო. ვკითხე, როგორ ფიქრობ, მსხვერპლი არ იქნება-მეთქი. კი, მსხვერპლი დიდი იქნებაო. კობა უკვე მექანიკური ადამიანი იყო და მესმის - ძირითადი დარტყმა მასზე მოდიოდა.

- თქვენ და კობა მეგობრები იყავით?

- დიახ... სამსახურეობრივი წინააღმდეგობა გვქონდა, მაგრამ ერთმანეთის მტრები არ ვიყავით... კობამ თქვა, მსხვერპლი კი დიდი იქნება, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანიაო. შევეკამათე, იქ ვიყავით და ვერ დავიცავით და ახლა როგორ გავათავისუფლებთ, ან როგორ წარმოგიდგენია, სპეცრაზმი პარლამენტში ვერტმფრენებით ჩავა-მეთქი?

- ამ თათბირზე მიშას, ნინოსა და ჟვანიას დაჭერაზე სიტყვაც არ დაგისველებიათ?

- მათი დაჭერის გეგმა იმ თათბირზე განვიხილეთ, რომელზეც შევარდნაძემ სიტყვა არ მომცა.

- რევოლუციის ლიდერების დაჭერა თქვენი გეგმა იყო?

- არა. ნუგზარ გაბრიჩიძემ პრეზიდენტს უთხრა, ბატონო ედუარდ, თუ თქვენი ნება იქნება, სამივეზე სანქცია გაცემული მაქვს და დავიჭერო. პროტოკოლით, გაბრიჩიძის წინ ვიჯექი ხოლმე, მაგრამ ამ თათბირს პარტიული ბოსებიც ესწრებოდნენ და გენერალური პროკურორის გვერდით აღმოვჩნდი. ხელი ვკარი, ბატონო ნუგზარ, რას ჰქვია, თუ სანქცია გაქვთ გაცემული, თანხმობას პრეზიდენტს რატომ სთხოვთ, გარდა ამისა, ხომ იცით, ამ სანქციის შემსრულებლები არ ვართ, თან ქმარი პირველი მოადგილე გყავთ და ცოლზე სანქცია როგორ გასცა-მეთქი?

- ანუ, სანქცია გაცემული არ იყო?

- დიახ, არ იყო... რა სანქცია, როცა კობამ სააკაშვილს შსს-ს 30-კაციანი დაცვაც ვერ მოუხსნა.

- სააკაშვილს დაცვა კანონით ეკუთვნოდა და როგორ, რის საფუძველზე მოუხსნიდა?

- კაცი კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან გავიდა და შეიარაღებულ გადამტრიალებლად იქცა... იმას კი არ ვამბობ, კობა არასწორად მოიქცა-მეთქი, მაგრამ ჩემგან რომ ითხოვ...

- ბატონო ვალერი, დავიჯერო, ვერ ხვდებით, თქვენგან რას ვითხოვ?

- რას?

- იმის ეშმაკი გამხადა, “ვარდების ხელისუფლებაშიროგორ მოხვდით და მეტი არაფერი მინდა!

- მანამდეც მივალ... იმაში, რაც აქამდე გიამბე, რამე მინუსი მონახე?

- თქვენივე მონათხრობით, “ნაციონალებისმიმართ, რბილად რომ ვთქვა, ლოიალურად ყოფილხართ განწყობილი...

- ლოიალობა სიტუაციის მიმართ მქონდა, რადგან ხელისუფლების შესაძლებლობები ვიცოდი...

- მართალია, მიმტკიცებთ, რომ პოლიტიკაში რომანტიზმი არმოსულა”, მაგრამ ჯერ კიდევ ივნისში, როცასაჯაიას ბიჭებისგეგმა ჩავარდა, რატომ არ გადადექით?

- ხელისუფლებაში ვარ, გარკვეული გავლენა და რუსეთთან ურთიერთობა დალაგებული მაქვს, ამერიკელებთანაც, ალასანიას მეშვეობით, რაღაცის დალაგებას ჯერ კიდევ ვცდილობ...

- ესე იგი, ალასანიას იყენებდით!

- რა თქმა უნდა...

- აი, ხომ ვამბობ, ეს ალასანია კაიტიპია”-მეთქი...

- რატომ?

- იმიტომ, რომ მის გარეშე ამერიკელები არ გელაპარაკებოდნენ!

- როგორ არ მელაპარაკებოდნენ, მაგრამ ირაკლი ალასანიას გარდა, თედო ჯაფარიძეც დამესხა.

- ალასანია თავდამსხმელს არ ჰგავს და არც თქვენ ჩანხართ ისეთი, ვინმეს თავდასხმის ნება რომ მისცეთ!

- ალასანიას აშშ-ში თავისი ლობი ჰყავს.

- ძალიანაც კარგი, თუ ჰყავს. ამაში ცუდი და დასაძრახი რა არის?! აბა, ლობი, თქვენსავით, რუსეთში ხომ არ ეყოლება?

- ეს ლობი, ძმაო, ქვეყნისთვის უნდა გამოიყენო. რაც დღეს ღარიბაშვილ-ალასანიას შორის ხდება, მეც ეს მჭირდა: ამერიკელებთან ყველა წრეს ალასანია კეტავდა...

ხუთსაათიანი საუბრისას, უშიშროების მინისტრყოფილი ალასანია-ამერიკელების თემას კიდევ არაერთხელ მიუბრუნდება და ბევრ სხვა კულუარულ დეტალსაც გამოამზეურებს, თუმცა ყველაფერ ამას, მათ შორის, იმასაც, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს შსს-ში გამართულ ღამეულ თათბირზე, “ქართული სიტყვისშემდეგ ნომერში წაიკითხავთ. მანამდე კი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: “ქართული სიტყვისსარედაქციო პოლიტიკა პროდასავლური და, მაშასადამე, დემოკრატიულია! ამიტომაც, თუკი ბატონი ხაბურძანიას მიერ დასახელებულ პირებს სურვილი გაუჩნდებათ, ტრიბუნას მათაც სიამოვნებით დავუთმობთ!

ასე რომ, მომავალ ოთხშაბათამდე... ერთი კვირა მალე გავა!