მესამე წელი ბიძინას წელთაღრიცხვით

მესამე წელი ბიძინას წელთაღრიცხვით

“პირველი წელიწადი იქნება რთული. მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი”, - ეს განცხადება ივანიშვილმა 2012 წლის 24 დეკემბერს გააკეთა და, აქედან გამომდინარე, სულ რაღაც ერთ კვირაში დაიწყება მესამე წელიწადი ბიძინას წელთაღრიცხვით, ასე რომ, ალბათ, შედეგებიც უნდა შევაჯამოთ და სამომავლო პერსპექტივებზეც ვიმსჯელოთ.

ეს რეპლიკა ეკონომიკის ზრდის ტემპს ეხებოდა, თუმცა მისი მრავალჯერ ციტირების შემდეგ, საზოგადოების აღქმაში ქვეყნის ცხოვრების უკლებრივ ყველა ასპექტს დაუკავშირდა და მას იხსენებენ ყოველთვის, როდესაც ახალი ხელისუფლება შეცდომებს უშვებს. რაც შეეხება ფრაზას “მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი”, ქართული შავი იუმორის (შავ)მარგალიტად იქცა. თუმცა ვიდრე “ოთხწლედის” დასკვნით ეტაპამდე მივალთ, ალბათ, ერთმანეთს პირველი და მეორე წელიწადი უნდა შევადაროთ, რისკენაც თავად ივანიშვილმა გვიბიძგა.

ამის გაკეთება არც ისე იოლი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ განხილულ პერიოდში ეკონომიკური მაჩვენებლები ნაწილობრივ გაუმჯობესდა, პარალელურად მკვეთრად მოიმატა იმედგაცრუებამ და ნიჰილიზმმა საზოგადოებაში და, ვინაიდან საქართველოში განწყობა მკაცრად დომინირებს ნებისმიერ სტატისტიკაზე, მოქალაქეთა უმრავლესობა საუბარს მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ლამის პირად შეურაცხყოფად აღიქვამს. “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტში, ამომრჩეველმა შეიძლება დაახლოებით ასეთი მიდგომა გაიზიაროს: “კი, მეორე წელიწადი ნამდვილად სჯობდა პირველს, ისევე, როგორც დახვრეტა სჯობს ჩამოხრჩობას”. საერთოდ, ის პირველი წელიწადი უკავშირდებოდა ფაქტობრივ ორხელისუფლებიანობას, დესტაბილიზაციის მოლოდინსა და საბოტაჟს, ეს უნიკალური პერიოდი იყო და მასთან შედარება ნებისმიერ შემთხვევაში პირობითი და არაკორექტული იქნება.

დრო, რომელიც საზოგადოებამ “ქართულ ოცნებას” ძველი რეჟიმის დემონტაჟისთვის გამოუყო, აშკარად ამოიწურა. რა თქმა უნდა, დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯისა და აღმასრულებელი სტრუქტურებიდან “მეხუთე ნაციონალური კოლონის” გაძევების ლოზუნგები კვლავინდებურად აქტუალურია (და კიდევ საკმაო ხანს იქნება), მაგრამ ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია მხოლოდ წარსულით იცხოვროს - მას სურს, იხილოს საფუძვლიანი რეფორმები და იგრძნოს ზემოთ ნახსენები “უკეთესობა”.

ამ რეფორმების დაწყება თუნდაც ფარდობითი სტაბილიზაციისა და სახელისუფლო სტრუქტურებში პოზიციების გამყარების გარეშე, “ქართულ ოცნებას” არ შეეძლო, რადგან ეს, დიდი ალბათობით, მთელი სისტემის ჩამოშლით და, შესაძლოა, სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციით დასრულებულიყო. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ “ნაციონალებს” ეს პრობლემა არ ჰქონდიათ, რადგან “მოქალაქეთა კავშირს” მათთვის რამდენადმე შესამჩნევი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ძველი მაღალჩინოსნებისა და პარტიული ფუნქციონერების დიდი ნაწილი უპრობლემოდ შეერწყა ახალ რეჟიმს, ნაწილმა გაცლა ამჯობინა, ხოლო მცირე ჯგუფებისა და ცალკეული პირების წინააღმდეგობას არაორგანიზებული და, შესაბამისად, არაეფექტიანი ხასიათი ჰქონდა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, სააკაშვილის ხელისუფლებამ რეფორმები სასათბურე პირობებში დაიწყო, მით უმეტეს, რომ დასავლელი პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა. საბოლოოდ, პროცესი არაადამიანური რეჟიმის შექმნით დაგვირგვინდა, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა, მთავარი აქ სხვა რამ არის - თუ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, საარჩევნო პროგრამის შესაბამისად, შეეცდებოდა, დაუყონებლივ დაეწყო (მაგალითად) ურჩხულის მსგავსი შსს-ს დემონტაჟი, საკონსტიტუციო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლების სისტემის (და ა. შ.) რეფორმები _ ეს, სავარაუდოდ, დიდი ქაოსით და “ნაციონალების” რევანშით დაგვირგინდებოდა. ასეთი მასშტაბური ცვლილებების განხორციელებისთვის ხელისუფლება, მარტივად რომ ვთქვათ, ფეხზე მყარად უნდა იდგეს და “ცივი სამოქალაქო ომის” რეჟიმში არ ცხოვრობდეს.

მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, დრო, რომელიც ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას” სახელისუფლო სტრუქტურების ათვისებისთვის და “ნაციონალების” იზოლაციისთვის გამოუყო, ამოიწურა. შესაბამისად, გაიზარდა უკმაყოფილებაც. დღეს ივანიშვილის თანმიმდევრული მხარდამჭერებიც კი მთავრობის საქმიანობაზე საუბრისას ხშირად ასეთ დასკვნამდე მიდიან: “არაფერს აშავებენ, მაგრამ არც არაფერს აკეთებენ”, ოპონენტები კი ცდილობენ, დაუმტიკონ, რომ ვითარება გაცილებით დრამატულია. სერიოზული წარმატება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა აღიარებს, არის მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით - სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, საყოველთაო დაზღვევის შემოღება, აგრეთვე, რუსეთის ბაზრის გახნა და ახალი ომის დაწყების საფრთხის შემცირება. ყველა სხვა სფეროში სიტუაცია ან საკამათოა, ან ხელისუფლებისთვის ნეგატიური. ამასთანავე, მას საზოგადოებასთან ურთიერთობა უჭირს და ვერ ახერხებს, რეალურ მიღწევად წარმოაჩინოს (მაგალითად) დადებითი ტენდენციები სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკაში. ასე თუ გაგრძელდა, “ივანიშვილის ოთხწლედი” დასრულდება კრახით და მომავალ არჩევნებზე ძნელად თუ მოიძებნება მოქალაქე, რომელიც ხმას მისცემს “ქართულ ოცნებას” მხოლოდ იმიტომ, რომ ის “ნაციონალური მოძრაობა” არ არის. მმართველი პარტია მივიდა მიჯნამდე, რომლის იქით უმოქმედობა, რეიტინგის თვალსაზრისით, გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე საკამათო რეფორმები და ბიძინა ივანიშვილს ეს, სავარაუდოდ, კარგად ესმის.

შესაძლებელია თუ არა რადიკალური რეფორმების, პირობითი “მესამე წელიწადის” დაწყება მთავრობის დღევანდელი შემადგენლობით? _ ალბათ, მაინც არა და ამას მთელი რიგი მიზეზები განაპირობებს. ნოდარ ხადური, შესაძლოა, კარგად ერკვევა ფინანსებში, მაგრამ მისი იმიჯი უიმედოდ შელახულია და ამ ეტაპზე აღდგენას არ ექვემდებარება. ალექსანდრე ჭიკაიძე პირნათლად ასრულებს პრემიერის დავალებებს, ინარჩუნებს სტაბილურობას სისტემის შიგნით და შეძლებისამებრ ცდილობს, გააუმჯობესოს ის, მაგრამ იმ რეფორმისთვის, რომელსაც “ოცნების” საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს, უწყებას სხვა ხელმძღვანელი დასჭირდება – თამამი რეფორმატორი სტრატეგიული ხედვის უნარით, რომელიც ამ მანკიერ სისტემას არ აღუზრდია. მთელ რიგ ასპექტებში შსს კვლავინდებურად რჩება სააკაშვილის დროინდელ “ძაღლობად”; ვითარება ზოგიერთ რეგიონში, გადაჭარბების გარეშე, ტრაგიკულია. იმას, რასაც ბოლო წლის განმავლობაში განათლებისა და კულტურის სამინისტროები აკეთებენ, ყველაზე ხშირად აღწერენ, როგორც “გაურკვევლობას” ან “გაუგებრობას”. საუბარი ცალკეულ მინისტრებზე საკმაოდ დიდხანს შეიძლება, თუმცა მთავარი პრობლემა, ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილშია _ რამდენადაც სასარგებლო იყო ის ბიძინა ივანიშვილისთვის მაშინ, როდესაც ახალი ხელისუფლება აძლიერებდა პოზიციებს აღმასრულებელ სტრუქტურებში, იმდენად უსარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ახალ ეტაპზე. ის, ასე თუ ისე, ეფექტიანად მოქმედებდა მაშინ, როდესაც საქმე “ნაციონალების” გავლენის შეზღუდვას, “ვერტიკალის გამყარებას” ეხებოდა (ზოგი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება), მაგრამ დროთა განმავლობაში კომენტატორების დიდი ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომ ღარიბაშვილი ზედმეტად ამბიციურია და რაღაც ეტაპზე ზრუნვამ საკუთარ რეიტინგზე მის მოქმედებაზე სერიოზული გავლენის მოხდენა დაიწყო (შესაძლოა, აქედან მოდის გაბედული ნაბიჯების შიშიც, პრინციპით “სჯობს საერთოდ არ გავაკეთოთ, ვიდრე გავაფუჭოთ”; შესაბამისად, ჩნდება მთავრობის უმოქმედობის განცდა). ამას ემატება საეჭვო საკადრო პოლიტიკა, რომელსაც ხშირად ახასიათებენ, როგორც ნეპოტისტურს, ხოლო პრემიერის ფავორიტებს კლანური მმართველობისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროსა და ელიტური კორუფციის დამკვიდრებაში ადანაშაულებენ. 

მარტივად რომ ვთქვათ, ძველი შენობის (ან რეჟიმის) დანგრევისთვის საჭიროა ერთი ბრიგადა შესაბამისი ტექნიკითა და კვალიფიკაციით, ხოლო ახლის აშენებისთვის სასურველია, გამოიყენო სხვა. ღარიბაშვილის მთავრობის ცალკეული წარმომადგენლები დისკრედიტებულნი არიან, ხოლო თვით პრემიერმინისტრი, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის 100%-იან ერთგულებას ინარჩუნებს, სულ უფრო ხშირად ვერ უმკლავდება თავის ამბიციებს, აღქმის სტერეოტიპებსა თუ იმპულსურ ხასიათს. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ახლო მომავალში (მაქსიმუმ 6 თვე) ივანიშვილი მას წასვლას ურჩევს, ხოლო მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას საფუძვლიანად გადაახალისებს.

სასურველია, ყურადღებით დავაკვირდეთ, ვინ ინიშნება ან უახლოეს პერიოდში ვინ დაინიშნება მეორე ეშელონის საკვანძო თანამდებობებზე (მოადგილეები, ზოგიერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და ა.შ.) და ვისთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს კადრები. სინამდვილეში (ზოგი აქ გამოიყენებდა სიტყვას “შესაძლოა”, თუმცა არა უშავს, ასე იყოს) პროცესი უკვე დაწყებულია და ეს ერთგვარი “საკადრო ავანგარდია”, რომელსაც სამინისტროებში ახალი მინისტრების მოსვლა მოჰყვება.

რაც შეეხება პრემიერმინისტრის კანდიდატურას, კულუარული საუბრები ამ თემაზე, როგორც წესი, ასეთი დასკვნით სრულდება (მას პირობითად შეიძლება “ალბათობის რეიტინგი” ვუწოდოთ): სერგეენკო – 40%, კვირიკაშვილი – 40%, სხვა – 10%, ღარიბაშვილის დარჩენა – 10%. თუმცა, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის მოტივები და გეგმები საკმაოდ ძნელი ამოსაცნობია (ამ კონტექსტში შეგვიძლია, მარგველაშვილთან დაკავშირებული ეპოპეა გავიხსენოთ) და მას არ უყვარს მსგავსი ტიპის წინმსწრები დისკუსიები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ამ თემაზე საჯარო საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

“მომეცით ოთხი წელი!” _ ხშირად ამბობდა 1933-ში ადოლფ ჰიტლერი; სწორედ აქედან წამოვიდა გერმანული ოთხწლედები და 1936-ში შექმნილი “ოთხწლიანი გეგმის სამმართველო”, რომელსაც სათავეში გერინგი ჩაუდგა. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ისტორიას კარგად იცნობენ, ერიდებიან საუბარს არა მხოლოდ ხუთწლიან (კომუნისტური ხუთწლედი), არამედ ოთხწლიან (ნაცისტური ოთხწლედი) პროგრამებზე, რადგან ეს შეიძლება უსიამოვნო ასოციაციებს დაუკავშირდეს. მაგრამ აქ მთავარია სხვა რამ: საქართველოს მოსახლეობა გადაიღალა “გადადებული ჯილდოს” იდეაზე დაფუძნებული პროპაგანდისგან, რომელსაც სააკაშვილი ჰიტლერსა და მუსოლინიზე აქტიურად იყენებდა. უმრავლესობა აღარ აპირებს, შეეგუოს გაჭირვებას და უსამართლობას იმის იმედით, რომ 4 თუ 14 წლის შემდეგ ამისთვის დასაჩუქრდება. ხალხს სურს, რეალური ცვლილებები იხილოს და ეს სავსებით ბუნებრივია.

ნეპოტიზმი, კლანურობა, კორუფცია, სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურება, ჩინოვნიკების უმოქმედობა და გულგრილობა შეურაცხყოფს იმ ადამიანების ღირსებას, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბერს საღამოს მზად იყვნენ, შიშველი ხელებით დაეცვათ არჩევნების შედეგები სააკაშვილის შეიარაღებული ზონდერებისგან (სააკაშვილმა ეს იცოდა და სწორედ ამ ხალხის შემართების შეეშინდა). მათ არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ საქართველოში დღევანდელის მსგავსი სიტუაცია შექმნილიყო და ივანიშვილი ვალდებულია (და ამასთანავე _ იძულებული) ეს განწყობა გაითვალისწინოს. ასე რომ, მესამე წელიწადი ბიძინას წელთაღრიცხვით, დიდი ალბათობით, არცთუ დალხენილი, მაგრამ საინტერესო ცვლილებებით დატვირთული იქნება.