კახეთში დიდი პროვოკაცია იგეგმება?!

კახეთში დიდი პროვოკაცია იგეგმება?!

ვინ დგას ლეკების უკან და რატომ ავლებს პარალელს მამუკა არეშიძე 90-იან წლებთან

„რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი“, _ ამ ლოზუნგით ყვარლის რაიონის სოფელ სარუსოში მცხოვრები ლეკები იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც ავარო-კახეთის გზის მშენებლობას აპროტესტებდნენ. ვინ დგას ორი დაპირისპირებული მხარის უკან და მზადდება თუ არა კახეთში პროვოკაცია? _ ,,ვერსიის' კითხვებს კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე პასუხობს.

- იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, რომლებმაც ყვარელში აქცია გამართეს, ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობას ჰგავდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ავარო- კახეთის გზის მშენებლობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია - კარგად ესმის, ეს რა პრობლემებსა და გამოწვევებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ყვარელში დაპირისპირება ერთგვარ სპექტაკლს ჰგავდა, რომლის მონაწილეებმაც არ იცოდნენ, მარიონეტის როლში რომ იყვნენ. 

- ეს სპექტაკლი ვინ დადგა და, საერთოდ, საქართველოში ეთნიკურ ნიადაგზე მორიგი კონფლიქტის გაღვივება ვის აწყობს? 
- რთული სათქმელია. ფაქტია, აქციის მონაწილეებმა ავარო- კახეთის გზის მნიშვნელობაზე არაფერი იციან - აქციაზე მოწოდებები გვესმოდა, პუტინის ტანკებს საქართველოში არ შემოვუშვებთო, არადა, თბილისიდან 15 კილომეტრში პუტინის ტანკები რომ უკვე დგას, მათთვის თითქოს არაფერს ნიშნავს. ყვარელში უამრავი ახლობელი მყავს და აქციის მონაწილეების ვინაობა ვკითხე, მაგრამ ადგილობრივი ერთიც არ აღმოჩნდა. ყველა თბილისელი იყო, ამიტომ ორი ვერსია მაქვს: ან ეს აქცია საქართველოში ,,მოღვაწე' პრორუსულმა ორგანიზაციებმა დაგეგმეს, ან არასამთავრობო ორგანიზაციის უკან პოლიტიკური ძალები დგას, რომლებსაც საკითხის გაბუქება და პროვოკაცია აწყობთ. 

- მაინც რომელი ძალა? 
- შეიძლება, ნაციონალებიც ყოფილიყვნენ... 

- ორივე მხარეს ნაციონალები ხომ არ იქნებოდნენ? 
- ტექნოლოგიის საკითხია, ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო. მსგავსი მეთოდები პოლიტიკაში აპრობირებულია და ამ საქმეში ნაციონალები პიონერები არ არიან. თავად ვარ მომსწრე, როცა საკუთარი ხელით დამწვარი მანქანის გამო პოლიტიკური სკანდალი ატეხეს... 

- მაშინ, როცა მორიგი ეთნიკური კონფლიქტის გაღვივების საშიშროება დგას და აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამეორებასაც პროგნოზირებენ, ხელისუფლება რას აკეთებს? 
- ეს პერიოდი 90-იანი წლების დასაწყისში ერთხელ უკვე გავიარეთ, როცა არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, ზვიად გამსახურდიას გუნდმა საქმე პოლიტიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანა. მაშინაც ქართველებსა და ავარელებს შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყო, რის გამოც დაღესტანთან ურთიერთობაც გამწვავდა. სწორედ ამ დღიდან მიეკერა ზვიად გამსახურდიას მთავრობას ნაციონალისტური იარლიყი. იგივე მოვლენების განვითარება დღეს არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას. ვინც ამ პროცესების უკან დგას, ყველა დეტალი კარგად უნდა გაიაზროს და შემდეგ იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კახეთის რეგიონში აფხაზეთი მონაგონი იქნება. ბუნებრივია, ნებისმიერი გზა, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციას ზრდის, მისასალმებელია. გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები და ადგილობრივებისთვის შემოსავლის წყაროც, მაგრამ ამ გზას, პირველ რიგში, პოლიტიკური დატვირთვა ექნება, რომელიც საქართველოს განვითარებას ხელს სერიოზულად შეუშლის. სხვათა შორის, ავარო- კახეთის გზა პირველი კი არა, მეხუთეა, რომლის მშენებლობასაც რუსეთი სამხრეთ მეზობელს არ უთანხმებს. აქედან ერთ-ერთი ყარაჩაი- ჩერქეზეთიდან მიმავალი გზა, რომელიც აფხაზეთში კოდორის ხეობის გავლით გადადის და რომლის სიგრძეც 270 კილომეტრია. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს მამისონის უღელტეხილამდე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და მასზე რუსებმა სამ მილიარდ რუბლზე მეტი დახარჯეს ანუ დღეს პირდაპირ შოვის თავზე რუსი მესაზღვრეები დგანან. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, მათ შორის, გრიგოლ ვაშაძეს მაშინ ხმა არ ამოუღიათ და არც ის გაუპროტესტებიათ, ქართველ მესაზღვრეებს რუსებმა 20 კილომეტრით რომ დაახევინეს უკან. 

- ესე იგი, რუსები ნაციონალებთან შეთანხმებულნი იყვნენ? 
- რუსებმა წინა ხელისუფლებაც ფაქტის წინაშე დააყენეს... კიდევ ერთი გზა როკის გვირაბთან აშენდა, მეოთხე გზა კი, პირდაპირ შატილამდე მოდის. მოკლედ, 2004 წლიდან ცნობილია, რომ რუსეთი ინფრასტრუქტურას პოლიტიკური მიზნებისთვის აშენებს. 

- რუსეთი პოლიტიკურ მიზნებს დიდი ხანია არ მალავს და მალე .. სამხრეთ ოსეთსაც, ალბათ, თავის ნაწილად გამოაცხადებს... 
- ნებისმიერი მოქალაქე რომ გამოვიდეს და მთავრობას საყვედური უთხრას, გავიგებ და გავიზიარებ, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას ამ თემაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. ნაციონალებმა ყველაფერი გააკეთეს, ,,სამხრეთ ოსეთის' ავტონომიური ოლქის გეოპოლიტიკური სივრცე აღდგენილიყო. მეტიც, დაგებულ ხაფანგში თავი შეგნებულად გაყვეს და საბოლოოდ, ომში დამარცხდნენ. კი ბატონო, მეც ვფიქრობ, ხელისუფლება ამ კუთხით პროაქტიური უნდა იყოს, მაგრამ რა მემკვიდრეობა დაუტოვეს ნაციონალებმა? ერთადერთი გზა დასავლეთზე აპელირება რჩება, მაგრამ სამწუხაროდ, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ ყოველგვარი ინიციატივის საშუალება დაკარგა. პირადად მე, ხელისუფლებას იმის გამოც ვსაყვედურობ, რომ სოხუმსა და ცხინვალში კულუარულად არ მუშაობს. 

- პაატა ზაქარეიშვილი მინისტრად დანიშვნის დღიდან ამტკიცებს, რომ აფხაზებსა და ოსებთან კომუნიკაცია აღადგინა. თქვენ განსხვავებული ინფორმაცია გაქვთ? 
- მხოლოდ ზაქარეიშვილი, რომელსაც 22-კაციანი სამინისტრო აბარია, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამისთვის ხელისუფლების ნებაა საჭირო. მთავარია, ქვეყანაში ისეთი კლიმატი შეიქმნას, როცა სრულიად საქართველო ქვეყნის გადარჩენასა და შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იქნება ორიენტირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიღუპებით. კონფლიქტურ რეგიონებში ხელისუფლების პოლიტიკა არაპროდუქტიულია... 

- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, მოსკოვში იმყოფებოდით. რა მისიით ჩახვედით? 
- მოსკოვში, ოქტომბერში, შვეიცარიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ქართულ- რუსული საერთაშორისო დიალოგის ფარგლებში ვიყავი... 

- რა თქვეს რუსებმა? 
- რუსეთი საკითხს ასე აყენებს - აფხაზეთსა და ცხინვალს ნუ შევეხებით, დანარჩენზე ვილაპარაკოთო. 

- საქართველო- რუსეთის ურთიერთობაში ეს ,,დანარჩენი' რა არის? 
- სწორედ ესაა საკითხავი. ხომ გაგიგიათ, წყლის წვეთმა ქვა გახვრიტაო... ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დღის წესრიგში ისევ უნდა დადგეს. მართალია, დღეს მოლაპარაკებები მხოლოდ ფრენისა და ღვინის დონეზე არ მიდის, მაგრამ, თუ საქართველოში ნატო- ს საწვრთნელი ბაზების მშენებლობა დაიწყება, 2006 წლის მოვლენების განმეორების საშიშროება დადგება. 

- ნატო- საწვრთნელი ბაზების მშენებლობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის და არ მგონია, ეს პროცესი შეფერხდეს... 
- ეს მომავლის საკითხია, რადგან ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მხოლოდ ქაღალდის დონეზე არსებობს. მაშინ, როცა საქმე საქმეზე რეალურად მიდგება, შესაბამისი გადაწყვეტილებები და კონტრღონისძიებების მიშველება დასჭირდება. 

- რას გულისხმობთ, ბატონო მამუკა? 
- ამას ვერ ვიტყვი, რადგან გაზეთს, მოყვარესთან ერთად, სხვებიც კითხულობენ... რუსეთს ეკონომიკურად მძიმე დღეები უდგას და, სამწუხაროდ, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს რუსების მენტალიტეტზე არასწორი წარმოდგენა აქვთ - ფიქრობენ, იქ მალე სოციალური ბუნტი დაიწყება, მაგრამ ასე არ მოხდება. რუსები საუკუნეებია ამ მდგომარეობაში არიან და ფსიქოლოგიურადაც მზად არიან, ეკონომიკურ ზეწოლას ბოლომდე გაუძლონ, თუმცა რუსეთი, როგორც სახელმწიფო, მის გარშემო არსებულ პოლიტიკურ- კონომიკურ მდგომარეობას ვერ გაუძლებს. 

- ერთი სიტყვით, რუსეთის დაშლის იმედად უნდა ვიყოთ? 
- არა, რუსეთი ისეთ კონდიციამდე უნდა მივიდეს, იძულებული გახდეს, დასავლეთის ნათქვამი შეისმინოს. ამის პერსპექტივა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი გაჯიუტებულია, ბზარები უკვე იგრძნობა. ამ ბზარების გაფართოების პროცესში კი საქართველოს სიბრძნე და სიდინჯე მართებს.