ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილი: “უნარშეზღუდული ადამიანები არ არსებობენ!”

ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილი: “უნარშეზღუდული ადამიანები არ არსებობენ!”

...რედაქციაში ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა - ჯანსუღ ჩარკვიანს ილია ჭავჭავაძისეულიივერიისრეპროდუქცია და კიდევ რამდენიმე ჟურნალი მოუტანა... საუბარს შევყევით... სტუმარმაგანსაკუთრებული ჟურნალიახსენა, რომელსაც, თურმე, .. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ამზადებენ... დავინტერესდი და მაშინვე გადავწყვიტე, რომ ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილზე დავწერდი, რადგან ეს არის პიროვნება, რომელიც სტიგმას ებრძვის და ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არ არსებობენ და, საერთოდ, პირი, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელი ტერმინია! “ამ ადამიანებთან ურთიერთობამ სიყვარული და თავისუფლება მასწავლა”, - მეუბნება ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილი, რომელიცგანსაკუთრებული ჟურნალისგარდა, კიდევ რამდენიმე პროექტს ანხორციელებს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავი და ეროვნული ილიასივერიისადა გიორგი წერეთლისდროების”, ასე ვთქვათ, რეპროდუქციული გამოცემებია. სხვათა შორის, ნუგზარი პირველთაგანია, რომელმაც ეტლიანი ადამიანების დასაქმება დაიწყო და მის პროექტებში, ჯერჯერობით, 14 .. შშმ პირი მოღვაწეობს.

 

- ნუგზარ, თავისთავად, კარგი და მისასალმებელია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები დაასაქმე, მაგრამ პირდაპირ გკითხავ: ეს ემოციური გადაწყვეტილება ხომ არაა?

- ამ გადაწყვეტილებას დიდი ისტორია აქვს...

- მიამბე...

- ამ თემით 2006 წელს დავინტერესდი, მაშინ ეს საკითხი მაინცდამაინც აქტუალური არ იყო.

- ამ ადამიანებთან როგორ მოხვდი?

- გლდანში, სადღესასწაულო-გასართობი დარბაზი “მარიამი” არსებობდა, სადაც საქველმოქმედო აქცია ჩავატარე.

- საქველმოქმედო აქცია ფულის მოგების მიზნით გამართე?

- არა... კარდაკარ, ორგანიზაცია-ორგანიზაცია დავდიოდი და საჩუქრებს ასე ვაგროვებდი. აქციის წამყვანი არაჩვეულებრივი მომღერალი და პიროვნება, თამრიკო ჭოხონელიძე იყო. საერთოდ, თუკი რამე მითხოვია, ამ ადამიანს უკან არასოდეს დაუხევია... მახსოვს, ღონისძიება რომ დამთავრდა, ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც მოსკოვიდან იყო ჩამოსული, მე და გვანცა ლიპარტელიანს, რომელიც ავლაბარში მდებარე ბავშვთა “მომავლის სახლს” ხელმძღვანელობდა, გვითხრა, თქვენ ამ ბავშვების მშობლები ხართო და 500 დოლარი გვაჩუქა. გარკვეული თანხა ბილეთების გაყიდვიდანაც შემოვიდა და ამ ხუთას დოლართან ერთად, “მომავლის სახლს” გადავურიცხე...

ამის შემდეგ, თეატრს მივაგენი, სადაც სპექტაკლებს ჯანმრთელობის სხვადახვა პრობლემების მქონე (ე.წ. შშმპ და სხვა) ადამიანები დგამდნენ და მათში ის ნიჭი დავინახე, რომელსაც რეჟისორიც კარგად ხედავდა და იყენებდა კიდეც.

- ეს თეატრი დღესაც არსებობს?

- არ ვიცი...

ამასობაში, ილია ჭავჭავაძის “ივერიის” ხელახალი გამოცემა დავიწყე. ეს საქმე ძალიან მომეწონა და ხელი გიორგი წერეთლის საპოლიტიკო-სალიტერატურო გაზეთ “დროების” გამოცემასაც მივყავი. “ივერია” და “დროება” უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოიცემა და ამ პროექტში სწორედ ე.წ. შშმ პირები არიან დასაქმებულნი.

- პროექტის დაწყებისკენ ამ ადამიანების დახმარების სურვილმა გიბიძგა?

- ეს, პრინციპში, ორმაგი საქმეა: ჯერ ერთი, გაზეთი, პრაქტიკულად, განადგურების პირასაა და მალე ფიზიკურად აღარ იქნება დროის გამო, გაცვდა, ზოგმა უდიერმა მკითხველმა ხომ საერთოდ, უსინდისოდ ამოჭრა და... ამიტომ, დედნის აბსოლუტურ ასლს ვაკეთებთ - თავისი დიზაინითა თუ კორექტურებით და ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და მონასტრებს ვაბარებთ. მინდა ბევრგან ინახებოდეს ეს უნიკალური გამოცემა. ყველაფერ ამას კი, ეტლიანი ადამიანები აკეთებენ, რაშიც გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებენ.

- ნუგზარ, შენთან როგორი შშმ პირები მუშაობენ?

- ზოგს ტრავმა შეძენილი აქვს, ზოგიც ე.წ. ბე-ცე-დე კატეგორიისაა, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ: ესენი უნარშეზღუდული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები კი არ არიან, უბრალოდ, ჩვენსავით სხარტად ვერ გადაადგილდებიან და მეტი არაფერი!

- საერთო ჯამში, რამდენი შშმ პირი დაასაქმე?

- გაზეთ “დროებასა” და “ივერიაში” - ოთხი, მეორე პროექტში კი - ათი.

- ეს მეორე პროექტი რაღაა?

- რა და, - “განსაკუთრებული ჟურნალი”. ნურავინ ჩათვლის, რომ ეს ჟურნალი მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე (და არა - პირებზე. “პირი” ცოტა შეურაცხმყოფელი მგონია) წერს. უბრალოდ, “განსაკუთრებულ ჟურნალს” განსაკუთრებული ადამიანები ქმნიან და ჩვეულებრივი, საზოგადოებრივ-კულტურული გამოცემაა, თუმცა, ბუნებრივია, ისეთ თემებზეც ვწერთ, როგორიცაა, მაგალითად, ეტლიანი ადამიანების მიერ მოწყობილი სილამაზის კონკურსი, მოდების ჩვენება... სხვათა შორის, არიან უსინათლოები, რომლებიც ხატავენ, ქმნიან არაჩვეულებრივ პროზა-პოეზიას, მღერიან... და ალბათ ამის მერე არავის გაუკვირდება თუ რატომ ვუწოდებ მე ამ ადამიანებს განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, ჟურნალმაც აქედან მიიღო სახელი - “განსაკუთრებული ჟურნალი”.

- უცნაურია, უსინათლოები როგორ ხატავენ?

- წარმოსახვით, რაც შეზღუდული კი არა, განსაკუთრებული შესაძლებლობაა.

- ის, რასაც აკეთებ, პრინციპში, სტიგმასთან ბრძოლაა - საქართველოში ნაკლი სირცხვილად ითვლება და ალბათ დღესაც არიან ოჯახები, რომლებიც შშმპ შვილებს მალავენ. ნუგზარ, მუშაობა არ გიჭირს?

- ამ პრობლემას ჩემს შორეულ ნათესავთან შევხვდი - მსუბუქი ცერებრალური დამბლით დაავადებულ შვილს, რომელსაც მხოლოდ გადაადგილება უჭირს, მალავს. მას იმის კომპლექსი აქვს, ასეთი შვილი როგორ გამიჩნდაო. არადა, ასეთი დაავადებით შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი იყოს შეპყრობილი. არც ისაა გამორიცხული, რომ ადამიანს ქუჩაში მანქანა დაეჯახოს და მთელი ცხოვრება ეტლში გაატაროს... ვანო, ამ ადამიანებს ჩვენზე არანაკლები ნიჭი, თავისუფლება და შესაძლებლობა აქვთ. და ამ შესაძლებლობა-ნიჭს გამოყენება უნდა - მათ შეუძლიათ, მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, საზოგადოებასა და სახელმწიფოსაც არგონ!”

- ნათესავთან ურთიერთობისას სტიგმა როგორ გადალახე?

- ჯერ ვერ გადავლახე. უბრალოდ, მხოლოდ ჩემი პატივისცემიდან გამომდინარე, დამთანხმდა, რომ მის შვილს ჩემთან ემუშავა. ამ, ასე ვთქვათ, იძულებითი შეთანხმების შემდეგ, ჩემს ნათესავს, ასე ვთქვათ, აღარ ვეკონტაქტები და მხოლოდ მედიითა თუ სოციალური ქსელით ვაჩვენებ, რომ მისი ულამაზესი შვილისნაირი ადამიანები განსაკუთრებული ნიჭის მქონენი, გმირები არიან და შეუძლიათ, ცოტა თუ ბევრი, გასამრჯელოც იშოვონ!

- ნუგზარ, პირადზე უნდა გკითხო: არსებობს ალბათობა, რომ ეტლიანი ქალბატონი შეგიყვარდეს?

- სიყვარულს წინ ვერც ეტლი დაუდგება, ვერც - ჩინეთის კედელი და ოჯახსაც დიდი სიამოვნებით შევქმნი! საერთოდ, ამ ადამიანებთან ურთიერთობისას ბარიერს ვშლი.

- მათ რა გასწავლეს?

- პირველ რიგში ის, რომ ჩემზე და ჩვენზე უკეთესები, თურმე, ბევრნი არიან! გარდა ამისა, სიყვარული, პატივისცემა, თავისუფლება მასწავლეს და ნებისყოფაც გამომიმუშავეს პასუხისმგებლობასთან ერთად. 2012 წელს, მამაჩემმა უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა და ჩემი ეტლიანი მეგობრები მეუბნებოდნენ, რითი დაგეხმაროთ, შენს გვერდით ვართ და ნუ გეშინიაო - მამხნევებდნენ და მაძლიერებდნენ. ვანო, ამ თანადგომას არაფერი შეედრებოდა და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს ე.წ. შშმ პირები ყველაზე ძლიერი ადამიანები არიან!

- მაინც, რას ფიქრობ, ამ ხალხის მიმართ არსებული სტიგმა ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია თუ, ვთქვათ, გარკვეულწილად, კომუნისტური მენტალობის ნაყოფი?

- ადამიანების კატეგორიებად დაყოფა ჩემთვის მიუღებელია, თუმცა იყო დრო, როცა გარემო მეც ასე მაფიქრებინებდა. მახსოვს, ბავშვობაში, როცა ამ ადამიანებთან ერთად ვთამაშობდი, მეზობლები და ნაცნობები გაოცებულები მიყურებდნენ. პირველი პროტესტი სწორედ მაშინ გამიჩნდა... ეს სტიგმა შეიძლება, კომუნისტურ აზროვნებას დავაბრალოთ, მაგრამ დღეს ხომ სხვა ეპოქაა?!

- აზროვნების შეცვლას წლები სჭირდება...

- სწორედ ამიტომ, ახალი პროექტის დაწყებას ვგეგმავ: მინდა, ყველა სკოლასა თუ უმაღლეს სასწვლებელში, ჩემ განსაკუთრებულ ადამიანებთან ერთად, ორ-სამ საათიანი საჯარო ლექციები ჩავატარო და ახალგაზრდებს ავუხსნა, ვასწავლო, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ეტლიან ადამიანს, მაგალითად, გზაზე გადასვლის თუ სკამზე დაჯდომის დროს, ანუ ამ საკითხთან მოსახლეობას უშუალო და პირადი შეხება უნდა ჰქონდეს, თორემ მხოლოდ მედიაში ლაპარაკით შედეგს ვერ მივაღწევთ!

სხვათა შორის, მქონია შემთხვევა, როცა ადამიანისთვის მითხოვია, რომ ეტლისთვის ხელი მოეკიდა, რათა გადაადგილებაში დავხმარებოდით, მაგრამ ვერ მომკარებია...

- ანუ, ადამიანებს შშმ პირები ეზიზღებათ?

- ასე ხმამაღლა ვერ ვიტყვი, მაგრამ თვალებში ამომიკითხავს, ეტლს ხელს როგორ მოვკიდებო... ბევრი ისეთი გულით მოსულა დასახმარებლად, რომ ჩემთვის უჯობნია! ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ადამიანს დახმარების სურვილი აქვს, მაგრამ არ იცის, როგორ მოიქცეს. ქუჩაში შეიძლება, პანდუსი იყოს, მაგრამ უნდა იცოდე, ეტლიანს როგორ დაეხმარო.

- მენტალობის შეცვლა, შენი აზრით, სახელმწიფოს პრეროგატივაა?

- თუ საზოგადოების ნება არ იქნება, სახელმწიფო ვერაფერს შეცვლის! ყველაფერს ხელისუფლებას ვერც დავაბრალებთ და ვერც დავავალებთ. ამ პრობლემების მოგვარებაში მხოლოდ ე.წ. მესამე სექტორი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი კოლეგების შრომა არ არის საკმარისი, მთელი საზოგადოება უნდა ჩავერთოთ - გავერთიანდეთ.

- ნუგზარ, დასამალი არაა, რომ ამ ადამიანებს ზოგი ფულის საშოვნელად იყენებს...

- მეც მსმენია, რომ ზოგი ამ თემით სპეკულირებს...

- ხომ არავის შემოუთავაზებია, მოდი, ფული ერთადგავაკეთოთო”?

- ჯერ ერთი, ამის შემოთავაზებას ვერავინ გამიბედავს. მეორეც, ჩემთვის ფინანსურ სარგებელს მნიშვნელობა არ აქვს. ღმერთი ყოველთვის იმდენს მომცემს, რამდენიც დამჭირდება და ამიტომ, ამ თემით ფულის შოვნას არ ვაპირებ.

- ნუგზარ, კარგად გამიგე და, საქართველოში, მგონი, ისიც ერთგვარი მოდაა, რომ ყველაფერს ეკლესიას უკავშირებენ. უწმინდესის კურთხევა რომ არ გქონდეს, ზემოხსენებულ პროექტებს არ განახორციელებდი? სიკეთე ხომ სიკეთეა?!

- გეთანხმები, მაგრამ ყველაფერი ჟურნალ “ნათლიით” დაიწყო, 2009 წელს. ეს ერთადერთი უფასო მართლმადიდებლური საგანმანათლებლო ჟურნალია და მინდოდა, აბსოლუტურად კანონიკური ყოფილიყო და, რამე შეცდომა რომ არ დაგვეშვა რელიგიური სწავლებების მხრივ. ამიტომაც ეს პროექტი მისი უწმინდესობის კურთხევით დავიწყეთ მას შემდეგ, რაც პატრიარქს შევხვდი. მერე, ილიას “ივერიის” აღდგენის იდეა გაჩნდა. ილია ჭავჭავაძე წმინდანი და უდიდესი საზოგადო მოღვაწეა. მით უმეტეს, რომ ილია მართლის ინტრონიზირება ანუ წმინდანად შერაცხვა ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის ხელით მოხდა... ამიტომაც თავს უფლება ვერ მივეცი, ამ უდიდესი ადამიანის - წმინდანის საქმე კურთხევის გარეშე გამეგრძელებინა და უწმინდესს და უნეტარესს კურთხევა ვთხოვე. სხვათა შორის, დამერწმუნეთ, მისი უწმინდესობის კურთხევით საქმის კეთება, უფრო რთულია, საპასუხისმგებლო და ამავე დროს სხვა მადლის მატარებელი, ვიდრე ისე, ასე ვთქვათ - უბრალოდ. და რაც რთულია - უკეთესია შედეგის თვალსაზრისითაც და საქვეყნო სარგებლისთვისაც. თორემ სიკეთე გულიდან მოდის და ადამიანმა შეიძლება, ისე აკეთოს, რომ მისმა მოძღვარმაც არ იცოდეს, მთავარია - მაღლა ღმერთს ეცოდინება.

- მოძღვარი გყავს?

- რა თქმა უნდა...

- როგორც ვიცი, კარატესა და ოშოს მიმდევარიც ხარ...

- ოშოსგან, დიმიტრი უზნაძეს, ფრიდრიხ ნიცშესგან, კანტისა თუ სალვადორ დალისგან მხოლოდ იმას ვიტოვებ, რაც ჩემი საქმისთვის გამომადგება. ეს ცოდნა ურთიერთობებში და საქმის კეთებაში, სხვა აზროვნებაში მეხმარება!

- ნუგზარ, გულწრფელად გეუბნები: კარგ საქმეს აკეთებ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს!