,,პოლიტიკაში კომპრომატებით არასოდეს მიბრძოლია'

,,პოლიტიკაში კომპრომატებით არასოდეს მიბრძოლია'

მიაწოდა თუ არა პრემიერის გუნდის წინააღმდეგ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილს და რა ურთიერთობა აქვს დღეს ნიკა რურუასთან ირაკლი ალასანიას      

სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებები ,,თავისუფალი დემოკრატების' კოალიციიდან გასვლით არ დასრულებულა _ საკმაოდ მაღალი რანგის პოსტები ძირითადად, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრებმაც დატოვეს. ამ ფონზე გაჩნდა ვერსია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ირაკლი ალასანიამ პრემიერის გუნდის წინააღმდეგ კომპრომატები ყოფილ პრემიერს მიაწოდა. თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ,,ვერსიასთან' საუბრისას ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. რა მიზნები აქვს და ვის უკავშირებს პოლიტიკურ მომავალს, ,,ვერსიასთან' ,,თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი ირაკლი ალასანია განმარტავს. 

- სხვადასხვა თანამდებობაზე კონკრეტული პიროვნებების გადაადგილება ქვეყანაში არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის. ამ შემთხვევაში, მართვის სტილი უნდა შეიცვალოს. კერძოდ, ქვეყანა სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა მართონ და არა ერთმა არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა. თუ ეს მდგომარეობა თვისობრივად არ შეიცვლება, ვითარებაც არ გაჯანსაღდება. ბოლო პერიოდში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი შიდადაპირისპირების შედეგია. ისიც აშკარაა, რომ პოსტებიდან სწორედ პრემიერის გუნდი დაითხოვეს. 

- თქვენც ემხრობით ვერსიას, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს დაუპირისპირდა? 
- თანამდებობებიდან ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის ჩამოშორების რესურსი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს... ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყოფილი პრემიერი დღემდე აქტიური პოლიტიკური ფიგურაა. 

- ბიძინა ივანიშვილი ამ ბრალდებაზე გამოგეხმაურათ, რომ მას არ აქვს არც ირაკლი ღარიბაშვილზე და არც პარლამენტის თავმჯდომარეზე ზემოქმედების ბერკეტი. დაასახელეთ კონკრეტული მაგალითი, როდის მიიღეთ მისგან არაოფიციალური მითითება თანამდებობაზე ყოფნისას. 
- ვიმეორებ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ამას ადასტურებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებებსა და მის ბოლოდროინდელ გააქტიურებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. დღეს მთლიანად ,,თავისუფალი დემოკრატების' პარტიული სტრუქტურების გაძლიერებაზე ვარ ორიენტირებული. არც ისე დიდი ხნის წინ, პარტიის წევრებთან ერთად რამდენიმე რეგიონში ვიყავი, ყველა რეგიონულ წარმომადგენლობას შევხვდი... ხალხთან შეხვედრებს მომავალშიც ვაპირებთ. 

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიციაში ოფიციალურად გადასვლამდე ბიძინა ივანიშვილს პრემიერის გუნდზე კომპრომატები მიაწოდეთ. ასეა? 
- აბსურდია. ამ ინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. სხვებისგან განსხვავებით პოლიტიკაში კომპრომატებით არასოდეს მიბრძოლია. 

- ,,სხვებში' ვის იგულისხმება? 
- სხვები, ვინც პოლიტიკაში არიან... ჩემი პოლიტიკური ძალის თვითდამკვიდრების ერთადერთი მექანიზმი სიმართლე და ადამიანებთან დიალოგია. 

- თავდაცვის სამინისტროში დაწყებული გამოძიება თქვენ წინააღმდეგ გამოყენებული კომპრომატია? 
- რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები უდანაშაულოები არიან. რაც მთავარია, არამხოლოდ საქართველოში, საერთაშორისო პარტნიორებსაც უჩნდებათ კითხვა: რატომ იმყოფებიან ისინი წინასწარ პატიმრობაში, როცა მათ გასათავისუფლებლად აბსოლუტურად ყველა წინაპირობა არსებობს? დეტალებზე საუბრის პრეროგატივას ადვოკატებს დავუთმობ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - პროცედურები კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა და იმედი მაქვს, სასამართლო პროცესზე სიმართლე იზეიმებს. ამის შემდეგ კი, საქმე პროკურატურის იმ ნაწილთან მექნება, ვინც პოლიტიკური შეკვეთა მიიღო. 

- კონტრდაზვერვას პროკურორების წინააღმდეგ საქმის გამოძიება სთხოვეთ. რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენ მოთხოვნას? 
- ჯერჯერობით, პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ ველოდებით. ჩემი ინფორმაციით, ჯერ გამოძიებაც არ დაწყებულა... 
- თავდაცვის სამინისტროში დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად აქტიურად იყენებთ. პარალელურად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც ითხოვთ. დღეს გაქვთ რესურსი, მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდეთ?
- ვადამდელ არჩევნებს არ ვითხოვ. პირიქით, მიმაჩნია, რომ ყველა არჩევნები კონსტიტუციურად განსაზღვრულ ვადებში უნდა ჩატარდეს. უბრალოდ, ვერაფერს გამოვრიცხავ, შესაძლოა, ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაც დადგეს, მაგრამ ,,თავისუფალი დემოკრატები' კონსტიტუციური ვადების დაცვას ვუჭერთ მხარს. 

- პოლიტიკური პარტნიორები უკვე შერჩეული გყავთ? თქვენ მთავარ მოკავშირეებად რესპუბლიკელები და ნიკა რურუას ჯგუფი სახელდება. 
- დღეს მთლიანად დამოუკიდებელ ძალად ჩამოყალიბებაზე ვართ გადართული. რაც შეეხება სპეკულაციებს, ვიცი, ეს განცხადებები ვინც გააკეთა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს ყოფილ ნაციონალებთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა. ჩვენ ნაციონალებისა და ,,ქართული ოცნებისგან' აბსოლუტურად განსხვავებულ ძალად ვყალიბდებით. რაც შეეხება ნიკა რურუასთან დაჯგუფებას, ეს საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა. ნიკა რურუა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციაშია და, როგორც ვიცი, პოლიტიკური ამბიციები არ აქვს. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა როცა იგი მინისტრი იყო, მე - ელჩი. დღესაც ასეა, მაგრამ პოლიტიკურ ალიანსზე საუბარი არ ყოფილა.
 
- დამოუკიდებლად ბრძოლის რესურსი რამდენად გაქვთ, მით უმეტეს, საზოგადოებამ ხელისუფლებაშიც გამოგცადათ. 
- ამას მომავალი კვლევები გვიჩვენებს... არ გვაქვს ყალბი ამბიციები, მაგრამ ვიცით, საზოგადოების დიდი ნაწილი ჩვენ მიმართ სიმპათიითაა განწყობილი და მხარს გვიჭერს. ამის გამყარებას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. მაქვს შინაგანი რწმენა, რომ შემდეგ არჩევნებში გავიმარჯვებთ. დიახ, ჩვენ საზოგადოებამ ხელისუფლებაში გამოგვცადა და უმრავლესობამ იცის, რომ ყველა მიმართულებით წარმატებებს მივაღწიეთ. წარმატებული მენეჯერები ვართ და იმედი მაქვს, ამ ნდობას მომავალშიც შევინარჩუნებთ. 

- არადა, ბოლო ერთი თვეა სწორედ თქვენი მენეჯერობა დგას კითხვისნიშნის ქვეშ. 
- სწორედ ყოფილი პრემიერისა და მისი მენეჯმენტის შედეგია ის, რაც დღეს ხელისუფლებაში ხდება. მისი შეფასებები, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაზე, კარდინალურად განსხვავდება ისეთი სოლიდური სტრუქტურის შეფასებისგან, როგორიც ნატო- ა - ალიანსის შეფასებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები საუკეთესოა და ეს სხვა პარტნიორ ქვეყნებშიც უნდა გატარდეს. 

- თქვენი წასვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში კურსი შეიცვალა და დღეს ნატო- სთვის წარმატებული სტრუქტურა აღარ არის? 
- ჯერჯერობით, შეფასება რთულია, რადგან თანამდებობა მხოლოდ ერთი თვის წინ დავტოვე. ეს მცირე დროა ახალი მინისტრის საქმიანობის შესაფასებლად. მთავარი ამოცანა და მიღწევაც, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მქონდა, ბრძოლისუნარიანობის ამაღლება და ქვეყნისთვის ახალი შეიარაღების მოპოვება იყო, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიბლოკა. ჩვენი ერთობლივი მუშაობით, საქართველოსთვის სამხედრო ბაზარი გავხსენით და მივაღწიეთ შეთანხმებებს, რომლის შესრულებაც მომავალში თუ გაგრძელდა, საქართველო ბევრად დაცული ქვეყანა გახდება. ამ პროცესს მე, როგორც მთავრობიდან წასული ადამიანი, აუცილებლად გავაკონტროლებ. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემო არ არის, რაც ნებისმიერი სფეროს განვითარებას უშლის ხელს, მათ შორის, ეკონომიკასაც. როცა ინვესტორი ხვდება, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს არა სახელმწიფო ინსტიტუტები და საფინანსო სტრუქტურები, არამედ ერთი ადამიანი იღებს, არასტაბილურობის განცდა უჩნდება და ფულის დაბანდებაზე უარს ამბობს. შესაბამისად, სამუშაო ადგილებიც ნაკლები იქმნება. როგორც კი მართვის სისტემა დალაგდება, უამრავი პრობლემის გადაჭრა გაადვილდება. ,,თავისუფალი დემოკრატები' მოსახლეობას მართვის სწორედ ასეთ სტილს ვთავაზობთ. სამწუხაროდ, ხალხს პოლიტიკურ ლიდერებთან დიალოგის დეფიციტი აქვს. სწორედ ეს ხიდია აღსადგენი საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის. ,,თავისუფალ დემოკრატებს' ხალხთან მუდმივი კონტაქტი გვექნება.