“როგორ შეიძლება ასეთმა პარლამენტმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს?!”

“როგორ შეიძლება ასეთმა პარლამენტმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს?!”

დებატებს ფუნქცია უნდა ჰქონდეს, მინისტრთა კვირეული კი ეს იყო “ნაციონალების კრება”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბარშიპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. მისი შეფასებით, ამ დებატებიდან მოსახლეობის თვალში რეიტინგი აიმაღლა საპარლამენტო ოპოზიციამ, ხელისუფლებამ კი - დასავლეთის თვალში, რომელსაც აჩვენა, რომ საქართველოში დემოკრატიული პოცესები მიმდინარეობს.

 

რამაზ საყვარელიძე: ეს იყო “ნაციონალების” კრება. ტრიბუნაზე იდგნენ “ნაციონალების” მიერ დანიშნული მინისტრები და მისი მსმენელები ძირითადად “ნაციონალები” იყვნენ. ამ სამთავრობო კვირეულის შეფასებაში ეს მომენტი საკვანძოა, რადგან იმდენად დიდია “ნაციონალების” მანდატების რიცხვი ამ პარლამენტში, რომ ასეთი დებატები აზრს კარგავს.

 

დებატებს ფუნქცია უნდა ჰქონდეს. თუკი, დავუშვათ, პროკურორი და ვექილი ერთმანეთს ეკამათებიან, მერე ნაფიც მსაჯულებმა ან მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს რომელი იყო მართლი. ვიღაც მესამე უნდა არსებობდეს.

 

საპარლამენტო ოპოზიცია არ იყომესამე”?

- ეს იყო ოპოზიციისა და მთავრობის კამათი. მესამე კი მთლიანად პარლამენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს მოცემული პარლამენტი ერთპარტიულია და ის საკუთარ მინისტრებს ელაპარაკებოდა და იცავდა კიდეც. როგორ შეიძლება ასეთმა პარლამენტმა ობიექტური გადაწყვლიტილება მიიღოს?! საქმე ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს. უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომლითაც ოპოზიციის თუნდაც მცირეხმიანი რეპლიკას მეტი ჭრა ექნება და მეტი ყურადღების ღირსი გახდება. პრაქტიკულად, არც ერთ დებულებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უთქვამთ, რომ კი, ეს დამაფიქრებელია.

 

პირიქით, უმრავლესობის მხრიდან შეურაცხყოფებიც კი წამოვიდა, რომ ოპოზიცია არაადეკვატურია, არაკომპეტენტურია,”პრობლემები გაქვთ შუბლის ძარღვთანდა ..

- ჰო, მათ, ვინც გამბედა და გამოთქვა კრიტიკა...დებატებს სიმწვავე თითქოს ჰქონდა წმინდა შეჯახების თვალსაზრისით, მაგრამ ამ სიმწვავეს საზოგადოებისთვის არანაირი შედეგის მოტანა არ შეეძლო, გარდა ერთისა - საპარლამენტო ოპოზიციის რეიტინგი საზოგადოებაში ალბათ გაიზარდა.

 

ანუ, ხალხის თვალში საპარლამენტო ოპოზიცია ღირსეულად გამოჩნდა?

- არასაპარლამენტო ოპოზიციამაც კი აღნიშნა, რომ საკითხები კარგად, სწორად იყო დასმულიო. საკითხების დასმის უნარი საპარლამენტო ოპოზიციას მართლაც აქვს და წესით ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს პასუხები. ისეთი სტრატეგია, რომ პასუხი საერთოდ არ გავცეთ, ეს ხელისუფლებისათვის წამგებიანია.

 

რამე საკითხი თუ მოისმინეთ, რომელზეც პასუხი გასცა ხელისუფლებამ?

- ასეთი ბეჯითი მაყურებელი არ ვიყავი, მაგრამ როგორც წესი ვენდობი მედიას და როცა ახალ ამბებს ვუსმენდი, მსგავსი რამ არ მინახავს.

 

გილაურმა განაცხადა, რომ სიღარიბე 4-ჯერ შემცირდა, წამლები გაიაფდა, დევნილები კმაყოფილები არიან და .. რიგ მედიასაშუალებებში ამ განცხადებაზე ითქვა, რომ გილაურმა ტყუილებით პრეზიდენტსაც კი გადააჭარბაო. თქვენ როგორ თვლით?

- საპარლამენტო დებატებს მოსახლეობისთვის მაგ თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა, რომ მოსახლეობას, ოპოზიციურ პარტიას ხელი მიუწვდება იმ ინფორმაციაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. ასეთი ცალკეული გამონათქვამებით მსჯელობა ძნელია, მაგრამ როცა ოპოზიციური პარტია იძახის, რომ ცუდად არის მდგომრეობა, მას უფრო ენდობი, იმიტომ, რომ ის ჩახედულია იმ საკითხებში, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომაც დებატები მოსახლეობისათვის ინფორმატიული იყო.

 

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მთელი მინისტრთა კაბინეტი მოვიდა, ისეთებიც კი, რომლებიც თვით ნდობის გამოცხადების დროსაც არ ჩნდებიან პარლამენტში და რა იყო ამის მიზეზი?

- ხელისუფლების მხრიდან დიდი მონდომებით ჩატარდა ეს დებატები და მთელი მინისტრთა კაბინეტი მოვიდა, რაც ჩვეულებრივ არ ხდება. ეს მიუთითებს იმას, რომ მათ უთხრეს მიდითო. გამიჩნდა განცდა, რომ ეს დებატები ხელისუფლებას სჭირდებოდა, მაგრამ არა - მოსახლეობასთან ურთიერთობაში. მგონია, რომ ეს უფრო უცხოეთისთვის გათვლილი ნაბიჯი იყო. ბოლო პერიოდში დასავლეთში გახშირდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა სახარბიელო არ არის და ეს რომ გადაეფარათ, სხვადასხვა დემოკრატიული პროცესი წამოიწყეს -დიალოგი არჩევნების საკითხებზე, ეს დებატები პარლამენტში და ა.შ.

 

თუმცა, არც საარჩევნო კოდექსზე მუშაობა მიდის წინ და, როგორც თქვენ ამბობთ, არც საპარლამენტო დებატებზე გაუცია ხელისუფლებას კითხვებზე პასუხი. სად ჩანს, რომ დემოკრატიული პროცესები წინ მიდის?

- აჩვენებენ, რომ აი, კამათი მიდის, პროცესი არის. დასვლეთის რეკომენდაცია არ არის ის, რომ დაეთანხმო. დაჯექით დაილაპარაკეთ - ყველა პრობლემას დასავლეთი ამ რეკომენდაციით ჭრის. ხელისუფლებაც იტყვის - დავჯექი და ვილაპარაკეო. რას ერჩით...

 

ანუ, ხელისუფლებამ დასავლეთის თვალში ქულები ჩაიწერა?

- თავად ხელისუფლება ამ გათვლით მოქმედებდა. რეალურად, ხელისუფლებას პლუსი დაეწერა თუ არა, ამას ცხოვრება გვიჩვენებს. დასავლეთს ბევრ რამეზე რომ არ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება, ეს არაბულმა პროცესებმა აჩვენეს. გვაჩვენა, რომ ხშირად თვალს ხუჭავს ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა დახუჭოს. ალბათ მოგივიანებით ჩვენთანაც შეიძლება გადახედოს თავის პოზიციებს. თუმცა ,ამ ეტაპზე ის ალბათ მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიდინარეობს. ეს მიმდინარეობა დასავლეთმა შეიძლება ჩათვალოს პოზიტიურ მოვლენად.