იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტს ცესკო-ს წევრობის 2 კანდიდატურა ჩაუგდო

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტს ცესკო-ს წევრობის 2 კანდიდატურა ჩაუგდო

9 დეკემბერს თბილისში იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართა. განსახილველი სამი საკითხიდან, ცენტრალური, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ცესკო- ში ზეპარტიულ წევრთა ვაკანსიაზე წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა და კენჭისყრა იყო. დღეისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი ასეთია _P6 პარტიული და 5 ზეპარტიული წევრი, რომელთაც პრეზიდენტი წარადგენს. ზეპარტიულ წევრთა უფლებამოსილების ვადა კი იწურება. ცოტას ხნის წინ, ცესკო- მ პრეზიდენტს ვაკანტურ 1 ადგილზე 3 კანდიდატურა წარუდგინა, რომელთაგან მარგველაშვილმა 2 _ ზურაბ ხრიკაძე და ლევან ტურაშვილი შეარჩია. სწორედ ამ კანდიდატურებს მოუსმინა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა და ისინი უარყოფითადაც შეაფასა. მანამდე კი კომიტეტმა მხარი დაუჭირა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. კანონპროექტი საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის ამოქმედებას 2015 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2016 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს. კომიტეტის ძირითადი სამუშაო დრო ცესკო- ს წევრობის მსურველთა მოსმენებმა წაიღო.

პროფესიით ქიმიკოს ზურაბ ხრიკაძეს, როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტად მუშაობისა და არჩევნების გაშუქების გამოცდილებაც აქვს. იგი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მედიასაშუალებებთან თანამშრომლობდა და რამდენიმე არჩევნებში ფასილიტატორიც იყო. კომიტეტის თავმჯდომარემ ორივე კანდიდატს დეპუტატებისთვის თავის წარსადგენად 5-5 წუთი გამოუყო. ხრიკაძემ პარლამენტარებს ასე მიმართა: ,,ჩემს მთავარ საზრუნავად ცესკოსადმი ნდობის გაზრდა მიმაჩნია. ბოლო წლებში, ცესკო- სადმი და ზოგადად, საარჩევნო პროცესისადმი ნდობა გაიზარდა. მზარდი დინამიკა კარგია, არჩევნების ლეგიტიმაციის მიმართ კითხვები ნელ-ნელა იხსნება. სწორედ ახლაა საუკეთესო დრო არჩევნების სისტემის რეფორმირებისთვის. მე კი ამ პროცესში არამხოლოდ პოლიტიკური სპექტრის, არამედ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას შევუწყობ ხელს. ამ კუთხით დიდი საერთაშორისო გამოცდილება და საარჩევნო განათლება მაქვს. ვფიქრობ, ამომრჩეველთა ინფორმირებულობისა და განათლების დონეც უნდა გაიზარდოს'. გამომსვლელს კი იურიდიული კომიტეტის წევრი ,,ფორუმიდან' ანი მიროტაძე ჩააცივდა და კითხვა რამდენჯერმე გაუმეორა - ცესკო- ს დაკომპლექტების წესი თუ მოგწონსო და საკუთარი აზრიც დაუფარავად გამოთქვა: საარჩევნო კომისიაში პოლიტიკურ პარტიებს წევრი საერთოდ არ უნდა ჰყავდეთ, დანარჩენ წევრებს კი პრეზიდენტი არ უნდა ნიშნავდეს, ცესკო უფრო მიუკერძოებელი უნდა იყოსო. ზურაბ ხრიკაძემ განაცხადა, რომ ცესკო- ს დაკომპლექტების წესი საზოგადოებასთან, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმების საკითხია. თუ ხელისუფლების მიზანი პარტიებს შორის შეთანხმება და არჩევნების შედეგების სანდოობის ამაღლებაა, მაშინ ცესკო სწორედ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დააკომპლექტონო. არგუმენტის გასამყარებლად კი, კანდიდატმა უნგრეთის მაგალითი მოიყვანა, სადაც არჩევნებს არათუ პოლიტპარტიების წარმომადგენლები, არამედ შსს ატარებს და ეს სისტემა ამართლებს კიდეც. ვახტანგ ხმალაძე იმით დაინტერესდა, სულ რამდენი განაცხადი შევიდა ცესკო- ს ამ ვაკანსიაზე და რა კრიტერიუმებით შეარჩია ეს ორი წევრი ჯერ საკონკურსო კომისიამ და შემდეგ პრეზიდენტმა. როგორც გაირკვა, ცესკო- ს წევრობა სულ 18 ადამიანს სურდა, აქედან ორი კი პროფესიონალიზმით, ობიექტურობითა და დამოუკიდებლობის ხარისხით შეირჩა. მეორე გამომსვლელი ლევან ტურაშვილი იყო, რომელმაც საკუთარი ხედვები კიდევ უფრო კონკრეტულად წარმოადგინა.

ტურაშვილი ,,ისფედის' დამკვირვებელი იყო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე, მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში და თანამშრომლობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 1 წლის განმავლობაში იგი შს სამინისტროში გამომძიებლადაც მუშაობდა: ,,ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ცესკოს წევრებს შორის ფუნქციების თანაბრად გადანაწილება და ელექტრონული სისტემის დანერგვა იქნება. დღეს საოლქო საარჩევნო სისტემა და ცესკო- ს სწავლებისა და რეფორმების ცენტრი რამდენიმე წევრს ექვემდებარება. დანარჩენ წევრებს სრულყოფილი ზედამხედველობის უფლება არ აქვთ, ჩვენ კი მუშაობის სათათბირო რეჟიმზე უნდა გადავიდეთ. ჩატარდება სხდომები სტრუქტურულ ერთეულებთან, ისინი მათი საქმიანობის ანგარიშებს წარმოადგენენ. ამით ცესკოს ყველა წევრის მიმართ ანგარიშვალდებულება გაიზრდება და პროცესებში ყველა თანაბრად ჩაერთვება. ცესკო- ს წევრებს შორის რეალური თანასწორობის პრინციპი უნდა დამკვიდრდეს. დიდ დროსთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული დოკუმენტების მატერიალური ფორმით მომზადება- გაგზავნა. შესაცვლელია საგრანტო პოლიტიკაც, რადგან ცესკო ერთგვარი ფონდის ფუნქციას ითავსებს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ჩანს, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციების რა პროექტები იღებენ დაფინანსებას და ვინაა საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში'. ლევან ტურაშვილმა საოლქო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაზეც ისაუბრა, რაც მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა დაიწყოს. რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად, კანდიდატი საარჩევნო უბნების მოსაწესრიგებელ ინფრასტრუქტურასაც შეეხო და განაცხადა, რომ წინა არჩევნებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მხოლოდ 600 უბანი იყო ადაპტირებული შესასვლელით. მისი თქმით, ეს პრობლემა მომავალ არჩევნებამდე უნდა აღმოიფხვრას. ეს მოხსენება ტურაშვილს არაფერში გამოადგა, ყოველ შემთხვევაში, იურიდიულ კომიტეტში, რადგან ვერც მან და ვერც ხრიკაძემ კენჭისყრით საჭირო რაოდენობის ხმები ვერ დააგროვეს. კენჭისყრის დროს ,,თბილისური კომიტეტი' კიდევ ერთხელ შერცხვა, რადგან თავმჯდომარე ხმისმიმცემ დეპუტატებს ბოლო წამამდე აგროვებდა. კენჭისყრის ჩატარებას, მინიმუმ, 5 კაცი სჭირდებოდა, თუმცა როცა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, კარგი იქნება, თუ 5-კაციან ზღვარზე კი არ ვიქნებით, მეტი ადამიანი მივიღებთ მონაწილეობასო _ როგორც ყოველთვის, აღშფოთებას არ მალავდა ხმალაძე. ჯამში, ზურაბ ხრიკაძეს მხარი 3-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ხოლო ლევან ტურაშვილმა 4 ხმა აიღო. დადებითი გადაწყვეტილებისთვის საჭირო 5 ხმა გახლდათ _ შესაბამისად, იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტს ცესკო- ში წარსადგენ წევრთა ორივე კანდიდატურა ჩაუგდო. ამის მიუხედავად, ეს კანდიდატურები 10 დეკემბერს ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე მაინც უნდა წარადგინონ და თუკი მხარს უმრავლესობა დაუჭერს, ცესკოს წევრები მაინც გახდებიან. ამ დროისთვის კი პრეზიდენტმა, უკვე წარდგენილი ორის გარდა, ცესკო- ში კიდევ 3 ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადა ღია კონკურსი.