დავით ზურაბიშვილი ნაციონალებისა და რესპუბლიკელების ალიანსს პრინციპულად გამორიცხავს
ლარის გაუფასურებამ ბოლო დღეების სხვა მოვლენები გადაფარა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება. სამთავრობო ცვლილებები, ე.წ. მოსმენების კანონის წინააღმდეგ დაანონსებული აქციები, მსოფლიო პრესის უარყოფითი შეფასება, დაძაბულობა კოალიციაში და ქვეყნის განვითარების პროსამთავრობო პარტიების განსხვავებული ხედვა _ ამ თემებზე ,,ვერსიას' რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი ესაუბრა.
- ბატონო დავით, მართალია, თქვენი პირდაპირი კომპეტენცია არაა, მაგრამ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთან, საუბარს ლარის გაუფასურებით დავიწყებ...
- თავადაც თქვით, რომ ეს ჩემი უშუალო საქმე არაა და ვერც ექსპერტულ დასკვნას შემოგთავაზებთ. ნებისმიერი ადამიანი და მათ შორის, მეც, გეტყვით, რომ ეს ცუდია. ის კი, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ კურსის ვარდნის შესაჩერებლად, ცალკე სამსჯელო თემაა. დოლარის კურსი, რა თქმა უნდა, ისედაც მომატებულია, მაგრამ იმის მიხვედრას, რომ ეს ამბები მხოლოდ ზოგადი ტენდენციის ბრალი არაა, დიდი ექსპერტობა არ სჭირდება. რაღაც ღონისძიებები მართლაც უნდა გატარდეს, თუმცა კონკრეტულად რა, ფინანსისტი არ ვარ და ვერ მოგახსენებთ.
- ამ დღეებში, ლარის გარდა, ბრიტანული გამოცემა ,,ეკონომისტის' შეფასებებიც აქტუალური იყო. სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეფორმატორი ქვეყანა ჩრდილოვანი მმართველობის ადგილად აქცია. გამოცემას თინა ხიდაშელის ციტატაც მოჰყავს, რომ არა ივანიშვილის ჩარევა, მოვლენები გაცილებით უარესად განვითარდებოდაო. ამ შეფასებებს იზიარებთ?
- ვითარება თქვენ უფრო მუქარად დახატეთ, თუმცა სტატია საკმაოდ კრიტიკულია და მახსოვს, ადრე ეს გამოცემა სააკაშვილის ხელისუფლებაზეც კრიტიკულად წერდა. შეფასებების ნაწილს ვეთანხმები, ნაწილს არა. სრულად ვეთანხმები, რომ რეფორმები გასატარებელი და დასაჩქარებელია, ამის შესახებ ორიოდ დღის წინ ჩვენმა პარტიამ თავადაც განაცხადა. საერთოდ, როცა საერთაშორისო პრესაში საქართველოზე კრიტიკული სტატიები ქვეყნდება, ყოველთვის ყურადღებით უნდა შევისწავლოთ და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანოთ. რეფორმების ტემპი რომ დასაჩქარებელი და სისტემა სტრუქტურულად შესაცვლელია, ამაზე რესპუბლიკელებმა კონფერენციაც ჩავატარეთ. აუცილებელი და სასწრაფოა მასშტაბური რეფორმები შს სამინისტროსა და პროკურატურაში. პარლამენტშიც კონკრეტული გეგმებითა და ინიციატივებით გამოსვლას ვაპირებთ. ამ ორ წელში, ყველა არჩევნები გავიარეთ და დროა, ბევრი რამ სტრუქტურის დონეზე შეიცვალოს. სფეროები, სადაც რეფორმები, მეტ-ნაკლებად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობაა, თუმცა პრობლემები იქაცაა.
- ნახევარი ,,ოცნება' იმაზე ალაპარაკდა, სტატიას შეკვეთის სუნი ასდისო. თქვენი აზრით, სტატია ნაციონალებმა დაუკვეთეს?
- ასეთი შეფასება პრინციპულად არასწორია. პოლიტიკოსი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს! ეს პრობლემებისგან თავისარიდების მცდელობაა და სხვა არაფერი. როცა ხელისუფლებაში ხარ, მეორეხარისხოვანია, მსგავს სტატიებში ვინმე თანხას იხდის თუ არა. მოვლენებს უფრო სერიოზულად და თავშეკავებულად უნდა გამოეხმაურო და არ უნდა იძახო, ნაციონალური მოძრაობა მსოფლიოს თავის ჭკუაზე ატრიალებსო. ასეთი დამოკიდებულება ჭკვიანური არაა და ყველა ხელისუფლებისთვის წამგებიანია, როცა პოლიტიკურ ოპოზიციას წარმოუდგენელ შესაძლებლობებს მიაწერს.
- ბატონო დათო, მოსმენების კანონზე თქვენი პარტიის აზრი საყოველთაოდ ცნობილია. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დანონსებულ აქციებს მხარს დაუჭერთ და შეუერთდებით?
- ყველამ იცის, რომ მიღებულ კანონს არ ვეთანხმებით - ტექნიკური აღჭურვილობა ანუ ე.წ. გასაღები შსს-ში არ უნდა იყოს, რაც ცენტრალურ საკითხად რჩება, ყველაფერი დანარჩენი კი შეთანხმების საგანია. ე.წ. შავი ყუთი ან შსს-ში უნდა იყოს, ან არა, სადღაც ზღურბლზე ვერ დავდგამთ, აქ შუალედური გადაწყვეტილება არ არსებობს. ეს კანონი უნდა შეიცვალოს... არასამთავრობოებს, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ, თუმცა მიტინგზე გავალ თუ არა, ეს მეორეხარისხოვანი მგონია.
- ე.წ. მოსმენების კანონი კოალიციაში განხეთქილების ვაშლად იქცა - უმრავლესობის შიგნით დაძაბულობას არ გრძნობთ?
- კოალიცია დღესაც აღარაა ისეთი, როგორიც თავიდან იყო. ბიძინა ივანიშვილი და თავისუფალი დემოკრატები უკვე გავიდნენ ბლოკიდან. ჩვენ კოალიციის ძირითადი პრინციპების ერთგულნი ვრჩებით. ჩვენი პარტიისთვის ,,ოცნებაში' ყოფნა მიზანი კი არა, ინსტრუმენტია იმ დაპირებებისა და ამოცანების შესასრულებლად, რაც ამომრჩევლის წინაშე ერთად ვიკისრეთ.
- კოალიცია რესპუბლიკელებისთვის ხელისუფლებაში ყოფნის ინსტრუმენტიც ხომ არის? ყოველ შემთხვევაში, თქვენი მისამართით ყველაზე ხშირად სწორედ ეს ბრალდება ისმის.
- არ შეიძლება, ხელისუფლებაში ყოფნა თვითმიზანი იყოს. ვინც წარმოიდგენს, მთელი ცხოვრება ხელისუფლებაში იქნება, ძალიან მწარე ბედი ელის.
- დავით საგანელიძემ თქვენ, ირაკლი ალასანია, პრეზიდენტი და ნაციონალები ერთ ,,ბანაკში' დაგინახათ. ასეთი შეფასებების მერე კოალიციაში თავს უხერხულად არ გრძნობთ?
- ეს განცხადება არ მომისმენია, თუმცა ჩვენი დაჯგუფება ფანტასტიკის სფეროა, უფრო სწორად, ფანტასტიკაც აღარაა. უამრავი სისულელე მსმენია ცხოვრებაში, რას ვიზამთ! საერთოდ, შეთქმულების თეორიებისა არ მჯერა და ეს აბსურდად მიმაჩნია. ნაციონალებთან ყოველგვარი ალიანსი პრინციპულად გამორიცხულია, ალასანიას პარტიასთან, იმის მიუხედავად, რომ კოალიციაში აღარაა, კარგი ურთიერთობა გვაქვს. პრეზიდენტს კი, როგორც ინსტიტუციას, პატივს ვცემთ.
- შესაბამისად, არ დაეთანხმებით კიდევ ერთ შესაძლო შეზღუდვას - პრეზიდენტისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევას?
- საერთოდ, ამის ინიცირება და გაკეთება, არ მგონია, ჭკვიანური იყოს. მაშინ რად გვინდა პრეზიდენტი?! ჯერჯერობით ვერ ვხედავ, მის ვეტოს რამე სერიოზული რეფორმა შეეფერხებინა.
- ესე იგი, ვეტო ვეტოსთვის არსებობს?
- დემოკრატიას ერთი ,,ნაკლი' აქვს - გადაწყვეტილება სწრაფად არ მიიღება. ასე მხოლოდ დიქტატორები იქცევიან. კარგ გადაწყვეტილებებს კი ნელ-ნელა, აზრთა სხვადასხვაობისა და ინტერესთა გადაკვეთის შედეგად იღებენ. თუ დემოკრატია გვინდა, ესეც უნდა ავიტანოთ. ნაციონალებს ყველას აზრი ცალ ფეხზე რომ ეკიდათ, მათ წინააღმდეგ უკმაყოფილების დიდი მუხტი ამიტომაც დაგროვდა. ვეტოს უფლების შეზღუდვაზე პარტიაში არ გვიმსჯელია, მაგრამ პირადად ჩემს აზრს გეტყვით - არ მგონია, ეს მოხდეს, მით უმეტეს, როცა პრეზიდენტი ვერ იტყვის, საკითხს ვეტო დავადე და ყველაფერი დანარჩენი ფეხებზე მკიდიაო. მან შენიშვნებიც უნდა წარმოადგინოს.
- შენიშვნები ირაკლი ალასანიას მისამართით ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა - ცუდ მენეჯერად შერაცხა და განაცხადა, სამეგრელოს არჩევენების წაგებაზე კითხვები ისევ პასუხგაუცემელიაო. თქვენც გგონიათ, რომ ალასანია, შესაძლოა, დაიჭირონ?
- ასე შორს ნამდვილად არ მივდივარ. საერთოდ, იმაზე საუბარი, 2 წლის წინ ვინ რა ქნა და თავი რით გამოიჩინა, არ მგონია, ახლა სწორი იყოს, თან არჩევნების მერე თავად ბიძინამ არ დანიშნა ალასანია მინისტრად? თუ ნაციონალებმა სენაკსა და ხობში არჩევნები მოიგეს, იმიტომ ვერ არიან ეს ნაციონალი დეპუტატები ახლა ,,ოცნების' უმრავლესობაში?! არ მგონია, ამ თემის წამოწევა სამართლიანი იყოს, თუმცა ივანიშვილს თავისი შეფასებები აქვს. მართალია, თავისი გავლენითა და ავტორიტეტით, რიგითი მოქალაქე არაა, მაგრამ არც ბერკეტი გააჩნია და არც საიდუმლო პოლიცია ან ,,მხედრიონივით' ფორმირება ჰყავს, რომ, თუ ვინმე არ დაემორჩილა, თავი გაუტეხოს ან გადააყენოს. ვინც გავლენის ქვეშ ექცევა, ეს უფრო მის პრობლემად მიმაჩნია და არა - ივანიშვილის.
- ივანიშვილის გავლენის ქვეშ თქვენ არ ხართ?
- რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ და მისი მადლიერიც ვარ, თუნდაც სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის გამო. ბევრ რამეში ვეთანხმებით და არც ადამიანის დაფასება გვეშლება, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ვერ დავეთანხმებით. მისი მოსაზრებები საინტერესო და ანგარიშგასაწევია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი შეუმცდარია.
- ცვლილებებია სხვადასხვა სახელისუფო შტოებსა და პარტია ,,ოცნებაში' - ზვიად ჯანყარაშვილი პოსტს უკვე მეორედ ჩამოშორდა, თანამდებობა რამდენიმე სხვა ჩინოვნიკმაც დატოვა. ეს ძვრები რაზე მიუთითებს ან მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს ელით?
- ჯერ ერთი, ჯანყარაშვილს სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავა - პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო და პარტიაში ვის დანიშნავენ და მოხსნიან, მხოლოდ მათი საქმეა. სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, მინისტრებზეც, ჩვენი აზრი გვაქვს, თუმცა ამაზე საუბარი არაკორექტულად მიმაჩნია. ამ საკითხებს მომავალში დავაყენებთ და ეს მთავრობა გადაჭრის თუ სხვა, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
P.S. 8 დეკემებრს, როგორც პარტიულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი, რესპუბლიკელები ,,ქართულ ოცნებას' თვისობრივ ცვლილებებს სთავაზობენ. ,,ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაცია აუცილებელი პირობაა, რომ ხელისუფლება იყოს ეფექტური და ქვეყანას ევროპული არჩევნის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს', - ითქვა რესპუბლიკური პარტიის კონფერენციაზე.