2014 წლის ნოემბრის ბოლო კვირა საქართველოს უახლეს ისტორიაში, სავარაუდოდ, “გასაღების სკანდალის” სახელით შევა. ისე, ყველა, ვინც კი პოლიტიკაში მინიმალურად მაინც ერკვევა, ხვდება, რომ ყველაფერი ეს, პატივცემული თამარ ბერუჩაშვილის “საუკუნის ფრაზის” პერიფრაზს თუ გამოვიყენებთ, “ემოციური გაუგებრობა” იყო და მეტი არაფერი, თორემ რიგითი მოქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შსს მოუსმენს, სასამართლო თუ ვინმე სხვა... რაც შეეხება “ემოციურ გაუგებრობას”, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართული სიტყვის” ინტერვიუების ციკლში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “გასაღების თემა” ცალკეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მაგალითად, “რესპუბლიკელებმა” პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად და იმის სადემონსტრაციოდ გამოიყენეს, რომ კოალიციაში ყველა ერთნაირად არ ფიქრობს. ამასთან, ფორჩხიძის თქმით, “გასაღების სკანდალმა” ნათელყო, რომ “ოცნება” წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, ანუ შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფას თავს არიდებს... გარდა ამისა, ქართველი სპეცსამსახურელი ბოლო დროს გააქტიურებულ იმ ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებსაც აფასებს, რომლებიც თავს რუსეთს აფარებენ...
- ბატონო კონსტანტინე, მართალია, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ვეტოდაძლეულ კანონს პრეზიდენტმა ხელიც მოაწერა და ე.წ. მოსმენების გასაღები ისევ შსს-ს დარჩა, მაგრამ ყველაფერ ამას დიდი ხმაური უძღოდა. სხვა თუ არაფერი, დავით უსაფაშვილმა ღიად მიანიშა, რომ შსს სამოქალაქო უწყება უნდა გახდეს. ამასთან, პარლამენტის სპიკერმა და ქვეყნის მესამე პირმა “ოცნებას” საარჩევნო დაპირებაც შეახსენა, რომლის თანახმადაც, უშიშროება შსს-ს უნდა გამოეყოს და კვლავ ცალკე, დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდეს... ყველაფერი ეს სწორი მიდგომაა?
- დავით უსუფაშვილი მართალია: თუკი გვინდა, რომ ევროპული ღირებულებები გავითავისოთ და გავიშინაარსოთ, მაშინ ნამდვილი ევროპული სტრუქტურებიც უნდა ჩამოვაყალიბოთ. “ნაციონალებმა”, პრაქტიკულად, “ენ-კა-ვე-დე”-ს მოდელირება მოახდინეს და მათი ნეობოლშევიკური მმართველობაც სწორედ ამას ეფუძნებოდა.
- ამ თემებზე ადრეც გვისაუბრია, მაგრამ “ოცნებაში” ის მოსაზრებაც არსებობს, რომ ძლიერი შსს ძლიერი სახელმწიფოა, ძლიერი სახელმწიფო კი, თავის მხრივ - ძლიერი მოქალაქე...
- არც ეს მოსაზრებაა სწორი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მთავარი ადამიანი და მისი უფლებებია. დასავლეთის მთელი სახელმწიფოებრივი სისტემა სწორედ ამ უფლებებზეა, ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული - იქ ადამიანის უსაფრთხოებას მაქსიმალური ყურადღება ექცევა და თითქმის რელიგიის რანგშია აყვანილი! მოკლედ, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ სისტემა იგივეა, ანუ მხოლოდ ხელმძღვანელი პირები შეიცვალნენ, თორემ ძალოვან უწყებებში იგივე მანკიერი სისტემაა, რომელიც “ნაცმოძრაობამ” შექმნა! არადა, 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებში საუბარი პოლიციის დეპოლიტიზაციაზე, სტრუქტურების გამიჯვნასა და პოლიციიდან უსაფრთხოების სისტემის გამოყოფაზე იყო. მოვიდა დრო, რომ დაპირებები შესრულდეს, მაგრამ ჩანს, რომ საამისოდ პოლიტიკური ნება არ არსებობს!
- ბატონო კოტე, ადრე ამბობდით, “მოსმენების გასაღებს” შსს უნდა აკონტროლებდესო. ახლა კი, ვატყობ, სხვა პოზიციაზე ხართ...
- როგორ გეკადრებათ! იგივე პოზიციაზე ვარ, მაგრამ ყველაფერს “გასაღებს” ნუ უკავშირებთ...
- მე კი არ ვუკავშირებ, ამ გასაღების გამო მთელი პოლიტელიტა ერთმანეთს ლამის სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა...
- აქ მთავარი “გასაღები” კი არა სტრუქტურული ცვლილებებია. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ უშიშროების სამსახურები შსს-ს უნდა გამოეყოს. საერთოდ, უშიშროება პრევენციული ორგანოა, ანუ პრევენციას მეტ ყურადღებას უთმობს. სამართალდამცავი ორგანო, ბუნებრივია, პრევენციაზეც მუშაობს, მაგრამ მისი ძირითადი ფუნქცია მაინც ე.წ. შემდგარი დანაშაულის გამოვლენაა.
ვანო, წინა ინტერვიუებშიც გითხარით, რომ თავის დროზე უშიშროებისა და შს სამინისტროების გაერთიანებით, უშიშროება დაკნინდა - მისმა მუშაობის ხარისხმა დაიწია...
- გავიგე, რომ “ნაციონალებმა” ნეობოლშევიკური სისტემა შექმნეს, მაგრამ ამ სისტემის დანგრევის პოლიტიკური ნება დღეს რატომ არ არსებობს?
- იმიტომ, რომ ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, კომფორტულია.
- “კომფორტულობაში” ქვეყნის მართვას გულისხმობთ?
- არა.
- აბა?
- გარკვეული პოლიტიკური ძალის გავლენის გაძლიერებას.
- ესე იგი, ისევ შანტაჟთან, მოსმენა-თვალთვალსა და შიშთან მივდივართ?
- ასე გამოდის...
რაც შეეხება “გასაღებს”, ეს უბრალოდ, საბაბი იყო, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აეწიათ და, საბოლოოდ, იმ ცვლილებების საკითხი დამდგარიყო, რაზეც “ქართული ოცნება” საარჩევნო დაპირებებში საუბრობდა, თორემ “გასაღების” პრობლემის გადაწყვეტა ძალიან მარტივია. როგორი კანონიც უნდა იყოს, ვერავინ იტყვის, რომ უკანონო მოსმენების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება და ამისგან დაზღვეული ერთი ქვეყანაც არაა, მაგრამ აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად კანონში უნდა იყოს მოქცეული და სპეცსამსახურებს უკანონო მოსმენის ნაკლები საშუალება ჰქონდეთ...
“გასაღებზე” ამდენი დისკუსია საჭირო არ იყო - შეეძლოთ, კანონში ერთი სიტყვა ჩაეწერათ, შსს-სა და, საერთოდ, სპეცსამსახურს მოსმენა სასამართლოს ნებართვის გარეშე არ შეუძლიაო და ყველაფერი მორჩებოდა.
- ეს ძველ კანონშიც ხომ ეწერა?
- ძველი კანონით, მოსმენა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს ნებართვის გარეშეც შეიძლებოდა. მოკლედ, კანონში სიტყვა “გადაუდებელი” უნდა წაშლილიყო და ყველაფერი მარტივად დამთავრდებოდა, მაგრამ ე.წ. გასაღების სკანდალი, როგორც წეღან გითხარით, პოლიტიკური ტემპერატურის აწევასა და ქულების მოპოვებას ემსახურებოდა.
- მოდით, ეს თემა განავრცეთ...
- ზოგიერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მაგალითად, “რესპუბლიკელებმა”, საზოგადოებას დაანახეს, რომ ერთიანობის მიუხედავად, “ოცნებაში” ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებები არსებობს, თორემ ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს, გასაღები ვის ექნება?! კონტროლი კანონის შესრულებაზე უნდა არსებობდეს. თუ ეს კონტროლი სასამართლოს მხრიდანაა, მაშინ მასობრივ უკანონო მოსმენებზე ლაპარაკი გამოირიცხება...
- ამ “გასაღების ორომტრიალში”, მგონი, ყველას დაავიწყდა ქართული პოლიტიკის ერთი მცირე, მაგრამ საყურადღებო სეგმენტი - ე.წ. პრორუსული ფრთა...
- რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენთან პოლიტიკური ძვრები დასავლეთთან შეუთანხმებლად არ ხდება.
- ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ...
- თუნდაც იმას, რომ ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენაში დასავლეთის ხელი იგრძნობა... მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: “ქართული ოცნების” რეიტინგი ეცემა და თუკი ალასანიას გუნდი “ოცნებაში” დარჩებოდა, ცხადია, მისი რეიტინგიც დაეცემოდა...
- ალასანიას ვიღაცები მუდმივად ახსენებენ, რომ სამპროცენტიანი პარტია აქვს...
- ამას რა მნიშვნელობა აქვს? ალასანია კოალიციაში რომ დარჩენილიყო, პოლიტიკურ სივრცეში სამი ძირითადი მოთამაშე იქნებოდა: “ქართული ოცნება”, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, “ნაცმოძრაობა” და პრორუსული სეგმენტი, იგივე ნინო ბურჯანაძე და სხვები, რომლებსაც გავლენა არ აქვთ. წარმოიდგინეთ, ამ მოცემულობით 2016 წლის არჩევნებზე რა მოხდებოდა.
- რა?
- “ოცნებას” რეიტინგი აქვს დაკარგული, ხალხი “ნაცმოძრაობას” ხმას არ მისცემდა და ვიღა დარჩებოდა?
- კოტე ბატონო, ამ ვერსიაზე გაკვრით ადრეც ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ალასანიას ოპოზიციაში გადასვლით ნინო ბურჯანაძე, “ნაციონალების” არ იყოს, პოლიტიკური შეშლილობის ზღვარზეა, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ: საერთაშორისო არენაზე პროცესები “ნაცმოძრაობისთვის” საინტერესოდ ვითარდება. სხვა თუ არაფერი, “პირსისხლიანი” ზურაბ ადეიშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ანტიკორუფციულ სამსახურს ჩაიბარებს, ეკა ზღულაძე შესაძლოა, უკრაინის შს მინისტრის მოდგილედ დაინიშნოს, თავად მიხეილ სააკაშვილი კი, - ვიცე-პრემიერად. ეს იმის სიგნალი ხომ არაა, რომ “ნაცმოძრაობა” არ მომკვდარა?
- “ნაცმოძრაობა” სიკვდილის პირასაა და ალასანიას ოპოზიციაში გადასვლამ მისი სიკვდილი დააჩქარა! უკრაინაში კი, ვინ და სად დაინიშნება, თავად უკრაინელების საქმეა...
ისე, რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილმა კიდევ გაიმეორა, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო. ეს მესიჯი მხოლოდ ხელისუფლებისთვის კი არა, “ნაცმოძრაობისთვისაც” იყო, ანუ სააკაშვილმა ღიად მიანიშნა, ამბიცია აღარ მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ისევ მოვიდეო. სააკაშვილმა “ნაცმოძრაობის” რებრენდინგის გარკვეულ პროგრამაზეც მიანიშნა, ახალგაზრდებს შევხვდიო.
- რომელ ახალგაზრდებზეა ლაპარაკი?
- ქართველ ახალგაზრდებზე...
- ამ თემაზე დეტალურად საუბარი შეგიძლიათ?
- გარკვეული პირველადი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით თავს შევიკავებ. მოკლედ, “ნაცმოძრაობის” ის სახეები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან, ხვდებიან, რომ ორი წლის შემდეგ, აღარაფერი იქნებიან. დამიჯერეთ, 2016 წლისთვის “ნაცმოძრაობა” მთავარი ოპოზიციური ძალა აღარ იქნება!
- აბა, მთავარი ოპოზიცია ვინ იქნება?
- ამის შანსი ალასანიას აქვს და თუკი გეგმაზომიერ პოლიტიკას გაატარებს, არც იმას გამოვრიცხავ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს!
- ბატონო კონსტანტინე, რა ამის პასუხია და, ემზარ კვიციანისთვის 12-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ქართულ მედიაში ძველი ამბების გახსენება მოჰყვა. ასე, მაგალითად, ერთ-ერთმა გამოცემამ კვიციანის დაჭერამდე ჩაწერილი ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც, პრაქტიკულად, ნათქვამია, რომ იგორ გიორგაძე მიშას თამაშს თამაშობდა...
- ჯერ ერთი, ემზარ კვიციანს არ ვიცავ. უბრალოდ, სიმართლე უნდა დადგინდეს. მეორეც, იგორ გიორგაძისა და მიხეილ სააკაშვილის კავშირებზე ცნობილი ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” იყო - მაშინ სააკაშვილი ჩემი კი არა, გიორგაძის მიერ ნაჩუქარი “ვილისით” დადიოდა და დაცვაშიც მასთან დაახლოებული “ტიპები” ჰყავდა. მეტიც, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გიორგაძის ყოფილი მოადგილე შსს-ში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
- ვის გულისხმობთ?
- გენერალ თემურ გრძელიძეს, რომელიც თავის დროზე გიორგაძის მოადგილე იყო, “ნაციონალების” დროს კი, - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მრჩეველი.
- გიორგაძის მოადგილეობა, აპრიორი, მისი ინტერესების გამტარებლობას არ ნიშნავს...
- კარგი, გიორგაძის კადრი არ იყო, მაგრამ საბჭოთა სუკ-ის ყოფილი მაღალჩინოსანია, “ვარდების რევოლუციამდეც” მაღალი თანამდებობები ჰქონდა და რევოლუციის შემდეგაც. თუკი მიშა, როგორც თვითონ ამბობს, პროდასავლურია, მაშინ მისი პრეზიდენტობის დროს, ასეთი კატეგორიის ხალხს ძალოვან სტრუქტურებში დიდი თანამდებობა ნამდვილად არ უნდა ჰქონოდა! “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს, ძალოვან სტრუქტურებში ხელმძღვანელები “კმარელები” და “თავისუფლებისინსტიტუტელები”, ანუ მიშას ახალგაზრდული გუნდის წარმომადგენლები იყვნენ, მათი მოადგილეები, ან მრჩევლები კი, - საბჭოთა ოფიცრები.
კიდევ ერთ გვარს დაგისახელებთ, რომელიც უშიშროების კადრებს განაგებდა - პოლკოვნიკი ალეკო ნასყიდაშვილი. სხვათა შორის, მას ვუჩივლე. ასეთი ორმაგი სტანდარტი მიხეილ სააკაშვილს ახასიათებდა... მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალებმა” მიიღეს კანონი, რომლითაც საბჭოთა სტრუქტურებში ნამუშევარი ხალხის თანამდებობაზე დანიშვნა იკრძალებოდა, ეს ადამიანები მაინც მუშაობდნენ, ანუ კანონი, უბრალოდ, არ სრულდებოდა. მართალია, ეს კანონი დღესაც მოქმედებს, მაგრამ საბჭოთა სუკ-ის ოფიცრები შსს-ა და თავდაცვის სამინისტროებში ისევ მუშაობენ...
- ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას, სააკაშვილმა მეხუთე კოლონა კიდევ ერთხელ ახსენა. მართლა ვერ გავიგე: თუკი მიშა რუსეთუმე თვითონაა, აქცენტს სხვების “მეხუთე კოლონობაზე” რატომღა აკეთებს?
- სააკაშვილმა ხელი პაატა ზაქარეიშვილსა და გია ვოლსკის დაადო...
- ისე, ზაქარეიშვილმა, მართლაც, უცნაური განცხადება გააკეთა, აფხაზეთს ქართული ღვინო არ უნდა შევწიროთო...
- ზაქარეიშვილის განცხადებების კომენტირებას არ ვაპირებ, მით უმეტეს, რომ სააკაშვილი, თავის ბიძისა და წარსულიდან გამომდინარე, საბჭოთა სუკ-ის ნომენკლატურაა. ყოველ შემთხვევაში, მხრებზე “კა-გე-ბე”-ს “პაგონები” მე კი არა, მიშას ეკერა!
- წეღან კახა თარგამაძე ვახსენე, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში 2001 წლის ამბები, ანუ კოდორში ჩეჩენი მებრძოლების გადაადგილება გაიხსენა. ბატონო კოტე, ამ თემაზე “ქართულ სიტყვას” რამდენიმე თვის წინ ესაუბრეთ და აღნიშნეთ, რომ ყველაფერი ეს კახა თარგამაძის გაპრეზიდენტებას ემსახურებოდა. თარგამაძეც, პრინციპში, ანალოგიურ ამბავს ყვება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ აქცენტს ჟვანიას შესაძლო პრეზიდენტობაზე აკეთებს, ანუ სახეზეა ერთი ამბის ორი ვერსია...
- მაინტერესებს, ჟურნალისტები რუსეთში გაქცეული იმ ყოფილი მაღალჩინოსნების აზრით რატომ ინტერესდებით, რომლებიც რუსეთისადმი თავიანთ კეთილგანწყობას ღიად გამოხატავენ და ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ?
- ბატონო კოტე, ჩვენ ჟურნალისტები ვართ და არა - პოლიტიკური მხარე. ამიტომ, ტრიბუნა ყველას უნდა დავუთმოთ. ხალხი კი, თავად გადაწყვეტს, ვინ მართალია და ვინ - არა, ან რითი ამტკიცებთ, რომ მაგალითად, კახა თარგამაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს?
- კახა თარგამაძე ამბობს, ჩეჩნების კოდორში გადაადგილებაზე უშიშროების მაშინდელმა მინისტრმა, ვახტანგ ქუთათელაძემ ჩემგან შეიტყოო, მაგრამ ეს რა სისულელეა?! ასი პროცენტით ვაცხადებ, რომ ჩეჩნების გადაადგილებას შს სამინისტრო აკონტროლებდა და ამის მოწმეებიც არსებობენ! ერთ-ერთი მოწმე მეც ვარ! დიახ, გადაადგილება შსს-ს შინაგანი ჯარების სარდლისა და ტყიბულის ბატალიონის მეთაურის, დავით ღვინჯილიას მეთაურობით ხდებოდა! თარგამაძე თავს იმართლებს, პრეზიდენტი ჟვანია უნდა გამხდარიყო და მე რა შუაში ვარო, მაგრამ ჟვანია პრეზიდენტი მხოლოდ 45 დღით გახდებოდა. იცით, ამ ამბავთან დაკავშირებით სიმართლე რა არის?
- რა?
- რა და, - მაშინ ქვეყანა თარგამაძემ კი არა, უშიშროების სამინისტრომ, მინისტრმა ვახტანგ ქუთათელაძემ და ნუგზარ საჯაიამ გადაარჩინეს!..
ეს ხალხი სოფელ ურთაში მე გავაჩერე და თბილისში ტელეფონოგრამა გამოვაგზავნე. ჩემთან ერთად იყვნენ ლერი ქვარაია, მალხაზ პაჭკორია...
- ჩეჩნებს გილაევი მეთაურობდა?
- არა, ვინმე ხასანი...
- თქვენს მიერ გამოგზავნილი ტელეფონოგრამა არქივში იქნება შენახული?
- დიახ...
- ამოღება შეიძლება?
- არა...
- აბა, თქვენ რატომ უნდა დაგიჯეროთ და არა - შს ყოფილ მინისტრს?
- ჰკითხეთ გია შერვაშიძეს.
- შერვაშიძე რაღა შუაშია?
- შსს-მ ჩეჩნებს მანქანები აღარ მისცა - შერვაშიძემ “მოტეხა”...
- მანქანები რატომ აღარ მისცა?
- იმიტომ, რომ მიხვდნენ, ყველაფერი “გაიშიფრა”. ამის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკება დაიწყეს, რომ ჩეჩნების კოდორის ხეობაში ასაყვანად მანქანები გამოეყო.
- თავდაცვამ ავტოები გამოყო?
- დიახ და კადრებშიც ჩანს, რომ მანქანებს თავდაცვის სამინისტროს სანომრე ნიშნები აქვთ, ანუ ყველაფერი დავით თევზაძეს დააბრალეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია...
- მაშასადამე, ლოგიკა ასეთია: 2001 წელს სახელმწიფო შეთქმულება თქვენმა ტელეფონოგრამამ გაშიფრა...
- დიახ...
- მაშასადამე, ჯეიმს ბონდი იყავით და...
- ჯეიმს ბონდი კი არ ვიყავი, ჩემს მოვალეობას ვასრულებდი...
- კი ბატონო, მაგრამ თუკი ვიღაცებს ამხელა გეგმა ჩაუფუშეთ, თქვენი თავიდან მოცილება, თუნდაც შურისძიების მოტივით, რა გახდა?
- შურისძიება გვიან მოხდა - სამსახური დავკარგე, მაგრამ ამაზე არ ვწუწუნებ. იმას ვამბობ, რაც სიმართლეა!
- სიმართლე გასაგებია, მაგრამ თუკი იციან, რომ ამდენ ინფორმაციას ფლობთ, თავიდან რატომ არ გიცილებენ?
- დიდი თანამდებობის პირი არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომ, გამოვლენ და იტყვიან, უბრალო ოპერი იყო და მაგან რა იცისო...
- ბატონო კოტე, თქვენს მონათხრობს, ცხადია, თავიდან ბოლომდე არ ვიჯერებ და იმის გარკვევას ვცდილობ, ყველაზე მეტად მიუღებელი ვისთვის ხართ...
- ამას რა გარკვევა უნდა? მიუღებელი, რა თქმა უნდა, რუსებისთვის ვარ, თან ვთვლი, რომ ბოლო დროს საქართველოში რუსული ინტერესები გააქტიურდა! რუსული გავლენით ადამიანები ხელისუფლებაშიც არიან და ოპოზიციაშიც, მაგრამ ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ნაბიჯებს გადადგამენ პროდასავლური ძალები, ანუ პროდასავლურ კურსს როგორ დაიცავენ. თუ რუსეთმა ევრაზიულ კავშირში შესვლის სანაცვლოდ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება შემოგვთავაზა, ხელისუფლება ამაზე არ დასთანხმდება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ხალხი გადათელავს.
მოკლედ, ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა და ყველაფრის გარდამტეხი 2016 წლის არჩევნები იქნება. მანამდე კი, სიარული დანის პირზე მოგვიწევს.
- ...კახა თარგამაძეს პირადად იცნობთ?
- არა.
- არც ის იცით, მინისტრი როგორ გახდა?
- შოთა კვირაიას პროტეჟე იყო და მინისტრად მისი გადადგომის მერე დანიშნეს. სხვათა შორის, კარგ ოპერად ითვლებოდა...
საერთოდ, ხელისუფლებაში დამოუკიდებელი ადამიანების ყოფნა ხელისუფლების პლუსია. დამოკიდებულის ყოფნა კი, ძალიან ცუდია, რადგან ეს დამოკიდებულება, ადრე თუ გვიან, თავს იჩენს ხოლმე...
- ბატონო კოტე, მოდით, ისევ ჩეჩნების გადაადგილებას დავუბრუნდეთ...
- 2000 წელს, რუსეთის ხელისუფლებაში პუტინი მოვიდა და თავისი გეგმის ამუშავება დაიწყო: ცდილობდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ის კურსი გაეტარებინა, რასაც საჭიროდ თვლიდა. 2001 წლის მოვლენებიც ამ კონტექსტში ჯდება, მაგრამ მაშინ რუსეთი გლობალური ომისთვის მზად არ იყო. სხვათა შორის, თარგამაძე მართალია, როცა ამბობს, რომ აგვიტოს ომის სცენარი თავის დროზე კოდორში უნდა განვითარებულიყო, ანუ თუკი შეიარაღებული ჩეჩნები კოდორში დიდხანს დარჩებოდნენ, რუსები ხმას ამოიღებდნენ და ზუგდიდის რაიონში ცუდი პროცესები დაიწყებოდა... ბოლოს, ხელები დავით თევზაძეს შეაწმინდეს და ამის დადასტურება თავად თევზაძესაც შეუძლია.
- ბატონო კოტე, თევზაძე რა ტიპია და, საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში რა მისია აქვს?
- თევზაძე მომზადებული და ეროვნული კადრია...
ისე, იყო დრო, როცა საქართველოში თანამდებობის პირებს ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების სარდალი, ფიოდორ რეუტი ნიშნავდა. სწორედ მისი დამსახურება იყო ვარდიკო ნადიბაიძის თავდაცვის, შოთა კვირაიას კი, შს მინისტრად დანიშვნა. როგორც გითხარით, თარგამაძეს მინისტრობაზე რეკომენდაცია კვირაიამ გაუწია. მერე კი, აღმოჩნდა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი რუშაილოც მისი მეგობარია და ამას ხაზს თავად თარგამაძეც უსვამდა ხოლმე. თარგამაძეს არასოდეს დაუმალავს, რომ საქართველოში რუსული ინტერესების გატარება უნდა...
- რუსეთუმეების არგუმენტით, კეთილშობილური მიზნები არც ნატო-ს აქვს, ამის დასტურად სერბიის მოვლენები მოჰყავთ და აცხადებენ, საქართველო ნეიტრალური უნდა იყოსო...
- ხალხი მოკავშირეს თვითონ ირჩევს. შეხედეთ, როგორი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს: ჩრდილოეთიდან ამხელა მონსტრი გვადგას, აქეთ თურქეთია, იქით - ირანი და ნეიტრალური როგორ უნდა ვიყოთ? ასეთ სიტუაციაში გამოსავალი ძლიერი მოკავშირეა. ჩვენთვის ეს ძლიერი მოკავშირე კი, დასავლეთი და აშშ-ია. სხვათა შორის, იყო დრო, როცა რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული, ასევე, არსებობდა ხელშეკრულება ჩვენს უშიშროებასა და რუსულ “ეფ-ეს-ბე”-ს შორის, მაგრამ ამ ხელშეკრულებებმა არ გაამართლეს და ისევ ამ გზაზე დავდგეთ?
- არ დავდგეთ, მაგრამ ეს ნატო-ც რომ არ გვიღებს, რა ჯანდაბა ვქნათ?
- აქ საუბარი ნატო-ში მიღება-არმიღებას კი არა, ევროატლანტიკურ სივრცეზეა. ნატო-ს წევრი არც ისრაელია, მაგრამ ამის გამო ვერავინ იტყვის, რომ ისრაელი არაპროდასავლური ქვეყანაა. ნატო-ში ხვალ და ზეგ ვერ გავწევრიანდებით, მაგრამ ალიანსი ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გზაა და ეს ხალხმა რეფერენდუმითაც დაადასტურა! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეთნოკომფლიქტები ხომ რუსეთის ინსპირირებულია?! აფხაზეთში რომ ვიბრძოდი, ვიცოდი, რომ აფხაზს კი არა, რუსს ვეომებოდი! ჩვენც და აფხაზებსაც სამხედრო ტექნიკა რუსებმა მოგვცეს, თუმცა ამაზე ბევრი არ ლაპარაკობს... მთავარი პრობლემა ისაა, თავიდანვე არ ვაღიარეთ, რომ აფხაზეთში ქართულ-აფხაზური კი არა, ქართულ-რუსული კომფლიქტი იყო. ეს თავის დროზე რომ გვეთქვა, ბევრ პრობლემას ავირიდებდით!