"ოცნების" მთავრობის სამი ეკონომიკური შეცდომა

ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ყოველ დილით ლარის კურსი 1-2 პუნქტით გაუფასურებული უნდა დაგვხვდეს. ზოგისთვის ეს მოგებაა, ზოგისთვის - წაგება, ზოგისთვის კიდევ გაღატაკება. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ვინ რომელ კატეგორიაში ჯდება - მაგალითად, ვისაც დოლარი აქვს ოხრად, ის მოგებაშია, ვისაც ლარი აქვს, ის წაგებაშია, ხოლო მოსახლეობის 70 პროცენტი გაღატაკების გზაზეა. მეტიც, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არაფერი ხდება: 
"ერთ კვირაში ხდება რაღაც, უამრავი განცხადება გაკეთდა. არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, არაფერს არ ნიშნავს ცუდს, კარგად მუშაობს მთავრობა". 

ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს... თუ ყველაფერი ნორმალურია და ლარის დაცემა არაფერს ნიშნავს, მაშინ რატომ ძვირდება ცხოვრება? დიახ, ამის შესახებ გააკეთეს განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა, მაგრამ ხელისუფლებიდან ჯერ ადამიანურ ენაზე განცხადება არავის გაუკეთებია. 

მათ შორის, გაუგებარი გამოთქმებით ყველაზე მეტად ნოდარ ხადური გამოირჩევა: "ლარის კურსის შესახებ ვანგას ჰკითხეთ, ვანგას", "ლარის კურსი ჩემს კომპეტენციაში არ შედის", "ჩვენი ფისკალური პოლიტიკა არის ზომიერი" და ასე შემდეგ. საზოგადოებას რჩება შთაბეჭდილება, რომ ნოდარ ხადური ეკონომიკისა და ფინანსების გაგებაში არ არის, ის მხოლოდ პრემიების გამოწერაში ერკვევა კარგად. ეს როგორ უნდა აღიარო, მაგრამ, როგორც ჩანს, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი მართალი იყო, როცა ნოდარ ხადური ფინანსთა სამინისტროდან გამოაპანღურა. მაშინ საქმე ეხებოდა სარჩელებს, რომლებიც შეტანილი იყო ფინანსთა სამინისტროს მიერ სასამართლოში და პროცენტულად მზარდი დავალიანების მქონე ბიზნესმენებისგან მაქსიმალური თანხის ამოღებას ისახავდა მიზნად. სააკაშვილმა იმჟამინდელ ფინანსთა მინისტრს დაავალა, სარჩელები უკან გამოეხმო, მაგრამ ეს პროცესი ჭიანურდებოდა მისი მოადგილის, ნოდარ ხადურის მეცადინეობით: "დღეს ჩვენ გავაპანღურეთ ნოღაიდელის ერთ-ერთი მოადგილე, ხადური, რომელიც ბლოკავდა ამ საკითხს, მაგრამ მე გავაფრთხილე ნოღაიდელი, რომ მსგავსი რამის კიდევ ერთხელ გამეორების შემთხვევაში პირადად აგებს პასუხს". 
როგორც ჩანს, მეორედ გაპანღურების დრო ახლოვდება, სანამ მაგ ცინიკოსს არ მოვიშორებთ, ალბათ, არაფერი გვეშველება. ხადური დღეს პანიკის "აწევაში" იმ ექსპერტებს ადანაშაულებს, რომლებიც არასახარბიელო მომავალს გვიწინასწარმეტყველებენ. ვატყობ, მალე ხადური სრულიად საქართველოს მოსახლეობას დაგვადანაშაულებს არა მხოლოდ ლარის "გაუპატიურებაში", არამედ ეკონომიკის დაქცევაშიც. 

სადამდე მიგვიყვანს ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები და არის თუ არა რეალობას მოწყვეტილი თვით ბიძინა ივანიშვილიც კი? 

"ალიას" "საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი", რომან გოცირიძე ესაუბრა: 
- ინფლაცია ეხება ეროვნულ ბანკს, ხოლო დანარჩენი ეხება მთავრობას, ანუ ექსპორტი, ტურიზმი, გადაზიდვები, ინვესტიციები. თუ ვალუტა არ შემოვიდა ეკონომიკაში, ეროვნული ბანკი ხომ არ დახატავს? ლარის მასის კონტროლია მისი მოვალეობა. ამ დღეებში 80 მილიონი დოლარი გაიყიდა და ფულის მასა იმდენად შემცირდა, რომ კრიტიკულიც კია ეკონომიკისთვის. მოხდა ე.წ. დემონეტიზაცია, მეტი რა ქნას? თუ მთავრობამ არ იმუშავა, რომ ქვეყანა გახდეს შიდა თუ გარე ინვესტორებისთვის მიმზიდველი, ვინ შემოიტანს ფულს, ვინ წამოიწყებს ბიზნესს? სადაა ინვესტიციები, ან რა დახვდება აქ ინვესტორს ისეთი მიმზიდველი, რომ სხვა ქვეყანას საქართველო არჩიოს? დარეგულირებული, მთავრობის მიერ დაფინანსებული ბიზნესი? ეს ხომ უკვე გავიარეთ ერთხელ? ლარის დევალვაცია პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური კურსის ცვლილებასთან. 
ერთი რამ უკვე ნათელია. ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების განახლებით მინიმუმამდე დაიყვანა მიმოქცევაში არსებული ლარი, რაც აუცილებლად იმოქმედებს უარყოფითად ეკონომიკის ზრდაზე. უკვე ვერ ვიტყვით, რომ ფული აქვთ. გადასახადებშიც დიდი ჩამორჩენაა. ფული აქვთ პოტენციურად. უცხოური კრედიტები გამოყოფილია, მაგრამ არ იძლევიან სამუშაოების შეუსრულებლობის გამო. სამწუხაროდ, მომავალი ორი წელიწადი შეცდომების გასწორების წელი იქნება და არა ზრდის. 

- გადასახადების მხრივ რა პრობლემებია? ან რას ნიშნავს, უცხოური კრედიტები გამოყოფილია  სამუშაოებში და ვერ ასრულებენ? რატომ? რა სჭირთ? 
- ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც მუნიციპალური, ასევე სახელმწიფო მასშტაბის მშენებლობები. მართვა მოშლილია. მთავრობის მაკოორდინირებელი როლი არ ჩანს. დეფიციტია კადრებში და იდეებში. მოკლედ, ამ ხელისუფლების ბედს ლარი და ბიუჯეტი გადაწყვეტს. 

- ესენი ამბობენ, ჩვენ იგივეს ვერ გავაკეთებთ, მაშინ რეკეტი იყო, ბიზნესში ერეოდნენო და ასე შემდეგ. ივანიშვილმა, რომელმაც მილიარდები იშოვა, ამ ეკონომიკას ვერაფერი გაუგო, თუ რა უბედურებაა? ან კიდევ მცოდნე ხალხი დაილია? 
- თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხს საჭმელზე მეტად ის ადარდებს, ვის დანიშნავენ უკრაინაში მინისტრად, ძალიან ცდება. საკუთარ ვიწრო წრეში რაზეც დარდობენ და რა საკითხებზეც იხარშებიან, ჰგონიათ, ეს აინტერესებს მთელ სამყაროს. შეიცვალა ვითარება, დაკარგეს რეალობის შეგრძნება. მოკლედ, ეს მთავრობა უკვე ის თამრო აღარ არი... ეს გელა ზედელაშვილის სტილში. ახლა უცხოელი მრჩევლებია საჭირო, რამდენიმე პროფესიონალი სჭირდება პრემიერ-მინისტრს. 41-კაციანი ეკონომიკური საბჭო უკვე ღიმილისმომგვრელი გახდა. ამ ფულით ნობელის ლაურეატებს მოვიწვევდი. 

- 41 კაცი ჰყავთ და ფულს უხდიან? 
- კი, ეკონომიკური საბჭოა შექმნილი, სადაც სულ ქართველები არიან, 1 მილიონ ლარს უხდიან. 

- ეს 41 კაცი რას აკეთებს? 
- ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და ქაღალდებს ამზადებენ. 

- რატომ მაინცდამაინც 41, საარჩევნო ნომერია? ერთი ჭკვიანი არ გამოერია ამდენ ხალხში? 
- სად არის ის ცენტრი, სადაც ეკონომიკური აზრები მუშავდება? ამ როლს ასრულებს ფინანსთა სამინისტრო? ეკონომიკის სამინისტრო? ეს საბჭო? არც ერთი. ძველის ინერციით და გზადაგზა კორექციით მიდის ცხოვრება. 

- ბატონო რომან, უცხოელები რას გამოასწორებენ? ინვესტიციებს ეგენი ხომ ვერ მოიზიდავენ? კონკრეტულად მათ რა უნდა გააკეთონ? 
- ასე თუ გაგრძელდა, მესამე წელი იქნება უარესი, მეოთხე რაღაცით ძველ დროს გაგვახსენებს. ისე, შუქი ჩემთან ხანდახან ქრება. იმედია, არ მოუხშირებს. უცხოელები გონებას გამოასწორებენ. ესაა ნომერ პირველი პრობლემა - ხედვა. 

- გულახდილად მითხარით, კაცს, რომელმაც ამდენი ფული იშოვა, როგორ გაექცა ეკონომიკა ხელიდან? 
- მოკლედ, დაგროვდა ორი წლის განმავლობაში შეცდომები. წყალი რამდენიც არ უნდა აცხელო, 99 გრადუსამდე მაინც წყალია. უბრალოდ გროვდება რაოდენობრივად გრადუსები. საკმარისია, დაემატოს ერთი გრადუსი და უკვე ვიღებთ სხვა თვისობრიობას - ორთქლს. ეს ერთი გრადუსი შეიძლება ყოფილიყო სავიზო შეზღუდვები, ან გადმორიცხვები, ან ინვესტორების პაუზა, ან ბიუჯეტის დეფიციტი, ან აგრესიული შიდა გარჩევები და ასე შემდეგ. ხომ ხედავთ, ერთი კი არა, 5 გრადუსი დაგროვდა. კენტავრული ეკონომიკის ხანაში შევედით: ტანი ძველი, თავი - ახალი. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დასაწყისში ვახსენე: კონკრეტულად ვინ დარჩება ლარის კურსით მოგებული და ვინ დარჩება წაგებული? როგორც "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, მოგებულნი დარჩებიან: ექსპორტიორები, დეპოზიტორები - დეპოზიტების 60% უცხოურ ვალუტაშია განთავსებული, დანაზოგების რეალური ღირებულება გაიზრდება. 
წაგებულნი დარჩებიან: მოსახლეობა, რომელსაც გაუძვირდება იმპორტი; მსესხებლები - სესხების 60% უცხოურ ვალუტაშია, უდიდესი ნაწილი დოლარშია გაცემული და მსესხებლებს უძვირდებათ კრედიტის მომსახურების ხარჯები. ჩვენ არ ვიცით, როგორი მრჩევლები ჰყავს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეგვიძლია დავამშვიდოთ, ის არავითარ შემთხვევაში არ არის წაგებაში.