,,თუ არაფერი შეიცვალა, ,,ოცნებამ' ცესკო დააკომპლექტა და არჩევნები ასე ჩაატარა, დიდი პოლიტიკური ქაოსი გველის'

,,თუ არაფერი შეიცვალა, ,,ოცნებამ' ცესკო დააკომპლექტა და არჩევნები ასე ჩაატარა, დიდი პოლიტიკური ქაოსი გველის'

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ,,ვერსიას'' იმ უნივერსალურ სქემაზე უამბობს, რაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ნებისმიერ ხელისუფლებას არჩევნებში, დაახლოებით, 40%-იან ფორას აძლევს. რა მექანიზმით უსამმაგდება 20%-იან მთავრობებს რეიტინგი და რატომ გველის ამ საარჩევნო სისტემითა და ცესკო-ს დაკომპლექტების წესით, დიდი ქაოსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? _ ,,ვერსია'' „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის'' ლიდერთან, ზურაბ ხარატიშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.    

-
ცოტა ხნის წინ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დავით უსუფაშვილს შეხვდით. რა შესთავაზეთ პარლამენტის თავმჯდომარეს? 
- ინტერპარტიულმა ჯგუფმა მოამზადა წინადადება, რომელიც დეპუტატების არჩევის წესს ეხება - მაჟორიტარული არჩევის წესი საერთოდ უნდა გაუქმდეს და საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ამოსავალი წერტილი ისაა, რომ თითოეული სუბიექტი რამდენ ხმასაც მიიღებს, ამის პროპორციულიად ექნება მანდატების რაოდენობა. ეს მარტივი და სამართლიანი წესია. თუმცა, ცხადია, ამ სისტემის შემოღებას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, რაც საკმაოდ რთული საკითხია. 

- ეს წესი არც ერთ მოქმედ ხელისუფლებას აწყობს. რა პოზიცია ჰქონდა უსუფაშვილს? 
- რა თქმა უნდა, ეს არავის აწყობს. პოლიტიკურად, მაჟორიტარები პარლამენტში, როგორც წესი, ნაკლებად აქტიურობენ და ამავე დროს, ხელისუფლების ,,ხმების ბეღელსაც' წარმოადგენენ. ეს სისტემა ჯერ კიდევ მოქალაქეთა კავშირის დროს ჩამოყალიბდა და ყველა შემდეგმა ხელისუფალმა მის ,,სიკეთეებს' გემო სწრაფად გაუგო. ეს ხელისუფლებას იმაზე მეტ მანდატს აძლევს, ვიდრე მიღებული ხმების რაოდენობით ეკუთვნის. რაც შეეხება უსუფაშვილს, შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, საუბარი მხოლოდ საკუთარი პარტიის და არა მთელი ხელისუფლების სახელით შეეძლო, თუმცა ეს მისთვის საინტერესო და მისაღები წინადადება აღმოჩნდა. აქ საკითხავია, ვინ აქცევს ჩვენს ინიციატივის საკანონმდებლო წინადადებად და როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. შემდეგი შეხვედრა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფთან გვექნება. შევხვდებით საპარლამენტო პარტიებსაც, არასამთავრობო სექტორსაც, რადგან მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. 

- საინტერესოა ცესკო- ში არსებული მდგომარეობა: სულ 13 წევრია, აქედან მხოლოდ 6 ზეპარტიული, პარტიულების უმეტესობა ,,ოცნებისაა', ზეპარტიულებს კი ,,ოცნების' სახელისუფლო ვერტიკალიდან ისევ პრეზიდენტი ამტკიცებს. ამ ვითარებას რა ჰქვია? 
- ცესკო- ს დაკომპლექტების წესი თუ არ შეიცვალა, თავად ხედავთ, როგორ მიდის ყველაფერი. პარტიულებიდან ,,ოცნებას' 4 წევრი ჰყავს, თითო კაცი - ნაციონალებს, ნინო ბურჯანაძესა და ირაკლი ალასანიას. თუნდაც ამ შემადგენლობიდან გამომდინარე, ხელისუფლებას დიდი ფორა აქვს. ცოტა ხანში, კიდევ 4 ზეპარტიული წევრი შეიცვლება, მათ ვადა გასდით და ახალ, პარლამენტისთვის მისაღებ წევრებს პრეზიდენტი წარადგენს. მოკლედ, ,,ოცნებისთვის' ცესკო- ს უმრავლესობის დაკომპლექტება ძალიან ადვილია. ცესკო არჩევნების ადმინისტრაციული ორგანოა, თორემ რეალურად, არჩევნებს საუბნო საარჩევნო კომისიები ატარებენ, ცენტრალურ და საოლქო კომისიებს კი ორგანიზაციული ფუნქცია აქვთ. ჩემი აზრით, ამომრჩეველს უნდა მიეცეს საარჩევნო უბანზე წამყვანი როლი და არჩევნებიც შემთხვევითი წესით შერჩეულმა რიგითმა ამომრჩევლებმა უნდა ჩაატარონ. ასეთ სამ კაცს კი უბანზე ცესკო- დან წარგზავნილი მდივანი დაეხმარება, რომელიც ტექნიკურ საკითხებს მოაწესრიგებს. სხვა საკითხია, ეს რამდენად მისაღები იქნება ხელისუფლებისა და იმ პარტიებისთვის, ვისაც ცესკო- ში წევრი ჰყავს. 

- დღეს, როცა ცესკო- თავმჯდომარე აღარ ხართ, აგვიხსენით, ტექნიკურად, რა სქემით იგებენ არჩევნებს ხელისუფლებები? 
- საარჩევნო სისტემა ასეთია: თუ ხელისუფლების რეიტინგი, რეალურად, სუფთა 20%-ია, ადმინისტრაციული რესურსით, უბანსა და ოლქებში ზეგავლენით, ყველაზე დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსებით, ამ მაჩვენებელს თავისუფლად იორმაგებს. ეს უკვე 40% გამოდის, რასაც მაჟორიტარული სისტემა ემატება და ამით, კიდევ, მინიმუმ, 20-25%-ს იბევებენ. ამ სქემით, 60-65%-იან რეიტინგზე ასვლა ძალიან ადვილია. 

- სისტემა ნაციონალების დროსაც ხომ ასეთი იყო? 
- პირდაპირ რომ ვთქვათ, ნაციონალების დროსაც და მაგათ წინაც. სისტემა ირღვევა ერთადერთ შემთხვევაში: თუ ხელისუფლების რეიტინგი რეალურ 20%-ზე ქვემოთაა და 50%-ზე მეტი ოპოზიციის ერთიან ფლანგს, ერთ ოპოზიციურ სუბიექტს მიაქვს. ეს სქემა 2012 წელს გათამაშდა. ნაციონალების სუფთა რეიტინგი 20%-ზე მეტი არ იყო, ადმინისტრაციული რესურსითა და ა.შ. 40%-მდე ავიდნენ და ამაზე გაჩერდნენ, ერთიანმა ოპოზიციურმა ფლანგმა, ,,ქართული ოცნების' სახით, კი 50% წაიღო. არის მეორე სცენარიც - თუ ოპოზიციური ფრონტი გაყოფილია, ხელისუფლებას კი რეიტინგი მაინც 20%-ზე დაბალი აქვს, მაშინ 2003 წლის სცენარი თამაშდება - სკამებს არ თმობენ და რევოლუცია იწყება. ახლაც იგივე სცენარი რომ გათამაშდეს და ყველაფერი თუნდაც უსისხლოდ დასრულდეს, ქვეყანა რამდენიმე წლით უკან დაიხევს. 

- მაშინ 2016 წელს რა იქნება, როცა ერთიანი ოპოზიციური ფრონტი არ არსებობს, პირიქით, რამდენიმე მსხვილი ოპოზიციური პარტია იკვეთება, ვთქვათ, ნაციონალები, ალასანია, ბურჯანაძე... 
- ეს სისტემა თუ არ შევცვალეთ, ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგება. თუ ,,ოცნების' რეიტინგი 20%-ს ჩამოსცდა, ახალ 50%-იან ჯეკ-პოტს, ამ ვითარებაში, ვერც ერთი ოპოზიციური ძალა ვერ მოხსნის, როგორც ჩანს, ხმები გაიყოფა, რაც უკვე რევოლუციური სცენარია. იმის დანახვის გონი ყველას უნდა ეყოს, რომ ეს სისტემა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას ვერ უზრუნველყოფს. ეს ერთხელ უკვე მოხდა, მთელი 50% ერთმა ძალამ აიღო ოპოზიციიდან და წინა მთავრობამ დათმო - გასაკვირი ისაა, საერთოდ ასეთი პრეცედენტი რომ იყო, მაგრამ 2016 წელს ამის გამეორების შანსი ნულის ტოლია: ხმები გაიყოფა და ქაოსისკენ წავალთ. თანაც, მმართველი კოალიციის რეიტინგი სწრაფად იკლებს და ეს დაკლებული რეიტინგი სხვა პარტიას არ ემატება. თუ ზაფხულში მოქალაქეთა 35%-ს არ მოსწონდა არც ერთი პარტია, დარწმუნებული ვარ, ახლა ეს მაჩვენებელი 40, 50%-ის ფარგლებში იქნება. ესეც კრიზისისა და ქაოსის ნიშანია, რადგან ეს სეგმენტი შეიძლება, ვიღაც ახალმა, ავანტიურისტმა ძალამ წაიყვანოს და ის 50%-იანი ჯეკ-პოტიც მანვე მოხსნას. მოკლედ, ეს ძალიან მარტივი და თავის დროზე, Kჭვიანურად მოფიქრებული სისტემაა, ოღონდ ერთი ნაკლი აქვს: თუ ხელისუფლება ვითარებას ვერ მართავს, ქაოსისკენ მივდივართ. ეს სისტემა შევარდნაძის დროს ჩამოყალიბდა და მაშინ ხელისუფლების ცვლილებას რევოლუცია დასჭირდა. გასაძვრომი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ სისტემა შეიცვალოს. თუ ცვლილებები არ მოხდა, ,,ოცნებამ' მთელი ცესკო დააკომპლექტა და არჩევნები ასე ჩაატარა, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ, არცთუ მცირე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. პოლიტიკური რესურსი ,,ოცნებას' კი არა, არც ერთ ხელისუფლებას არ ეყოფა. ასე რომ, თუ არაფერი შეიცვალა, დიდი ალბათობით, 2016 წელს, მაქსიმალური დაძაბულობის დროს, ქვეყანა შესაძლოა, პოლიტიკურ ქაოსში აღმოჩნდეს.