პუტინი დასავლეთს „ცინიკურ“ ქმედებაში ადანაშაულებს

პუტინი დასავლეთს „ცინიკურ“ ქმედებაში ადანაშაულებს

„ცინიკური“ და „აგრესიული“ - ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის ქმედება 4 დეკემბერს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას. საერთოდ, პუტინის გამოსვლაში ხშირად ჟღერდა დასავლეთის, უწინარეს ყოვლისა, შეერთებული შტატების მიმართ კრიტიკა და მოსკოვის პოლიტიკური კურსის აპოლოგია, რაც, უდავოდ, მოსალოდნელიც იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფონზე. გთავაზობთ გამოსვლის იმ ნაწილის მიმოხილვას, რომელიც უკრაინას, საერთაშრისო ურთიერთობებსა და სანქციებს დაეთმო.

რუსეთის პრეზიდენტს მოვლენებით დატვირთულ წელიწადზე საუბარი მოუწია ყოველწლიურ მოხსენებაში, რომლითაც ის კრემლში, პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე, გამოვიდა და რომელიც რუსეთში პირდაპირი ტელეეთერით იხილეს. 

„წელს ერთად გამოვიარეთ არაერთი განსაცდელი, რაც ძალუძს მხოლოდ მოწიფულ, ერთსულოვან ერს, მართლაც სუვერენულსა და ძლიერ სახელმწიფოს. რუსეთმა საქმით დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი თანამემამულეების დაცვა, შეუძლია ღირსეულად დაიცვას სიმართლე და სამართლიანობა. ჩვენმა ქვეყანამ ეს გააკეთა თქვენი წყალობით, რუსეთის მოქალაქენო!“

პუტინის ამ მიმართვას მალევე მოჰყვა ყირიმის თემა - თემა უკრაინის რეგიონისა, რომლის ანექსიაც რუსეთმა წელს მარტში განახორციელა. პუტინმა ამაღლებული სტილი და მრავლისმეტყველი მეტაფორა გამოიყენა ყირიმის მიერთების მნიშვნელობის ხაზგასასმელად:

„რუსეთისათვის ყირიმს, ძველ კორსუნს, ხერსონს, სევასტოპოლს - უზარმაზარი ცივილიზატორული და საკრალური მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც ტაძრის მთას იერუსალიმში მათთვის, ვინც ისლამსა და იუდაიზმს მისდევს. სწორედ ასეთი იქნება ჩვენი მიდგომაც აწ და მარადის!“

იერუსალიმთან ყირიმის შედარებას რუსი კანონმდებლების მქუხარე ტაში მოჰყვა... თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც ცნობილია, არ მიიჩნევს მოსკოვის არგუმენტებს საკმარისად ყირიმის რუსეთთან მიერთების მხარდასაჭერად. შესაბამისად, რუსეთს დაუწესეს სანქციები, რომელთა მიზეზებსაც - ყირიმთან ერთად - აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მოქმედება მიეკუთვნება.

„სანქციებს რაც შეეხება, ეს არ არის აშშ-ის ან მისი მოკავშირეების, უბრალოდ, ნერვიული რეაქცია ჩვენს პოზიციაზე უკრაინის მოვლენებთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და არც ე.წ. ყირიმის გაზაფხულთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი რომ არც ყოფილიყო, - მსურს, ეს ხაზგასმით აღვნიშნო, პატივცემულო კოლეგებო, - ეს ყველაფერი რომ არც ყოფილიყო, რაიმე სხვა საბაბს მოიგონებდნენ, რათა შეეკავებინათ რუსეთის მზარდი შესაძლებლობები, გავლენა მოეხდინათ მასზე და, უფრო მეტიც, გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესებისათვის. შეკავების პოლიტიკა გუშინ არ მოუფიქრებიათ. მას მრავალი, მრავალი წელია ატარებენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, შეიძლება ითქვას, მუდმივად: ათწლეულები, თუ ასწლეულები არა“.

პუტინმა კიდევ არაერთი ბრალდება წაუყენა დასავლეთს: გააკრიტიკა შეერთებული შტატები და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე მუშაობისათვის; განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ ერევა რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების საქმეებში; „ცინიზმი“ უწოდა უკრაინაში იანუკოვიჩის მმართველობის დამხობისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის მოქმედების მხარდაჭერას საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის არგუმენტებით.

„ის, რასაც ახლა ვხედავთ უკრაინაში, - ტრაგედიას სამხრეთ-აღმოსავლეთში, - მთლიანად ადასტურებს ჩვენი პოზიციის მართებულობას“, - ასეთი დასკვნა გამოაქვს ვლადიმირ პუტინს.

ზოგადად, რუსეთის პრეზიდენტს, თუ მისი წლევანდელი ანგარიშით ვიმსჯელებთ, ჩანს, ეჭვი არ ეპარება მეზობლების მიმართ რუსეთის პოზიციის მართებულობაში. რუსეთი იმთავითვე ხელს უწყობდა უკრაინას და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა მოძმე რესპუბლიკებს სუვერენიტეტის მოპოვებაში და ამ მხრივ მოსკოვის პოზიციაში არაფერი შეცვლილაო, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიეური ანგარიშით გამოსვლისას.

რუსეთის პრეზიდეტს არ უხსენებია საქართველო ან ოკუპირებული რეგიონები.