კობა სუბელიანის დღემდე უცნობი კომპრომატები

კობა სუბელიანის დღემდე უცნობი კომპრომატები

თავის დროზე დეპუტატებმა პარლამენტში მისული პრეზიდენტის ცნობისწადილი ელიტური კორუფციის არსებობა-არარსებობის შესახებ დაუკმაყოფიებელი დატოვეს, თუმცა ეს „შეცდომა“ ზოგიერთმა საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების სტუმრობისას გამოასწორა - არა მხოლოდ ამხილა და  დაასახელა კორუმპირებულები, არამედ, სასწარფო წესით მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და მინისტრების „გადააყენებაც“ მოითხოვა. მაგალითად, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ორ მინისტრზე სკმაოდ სერიოზული კომპრომატები აქვს და მიაჩნია, რომ იმპიჩმენტი არ კმარა, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეც უნდა აღიძრას.


ბატონო დიმიტრი, როგორ აფასებთ პარლამენტში მინისტრების მიერ წარმოდგენილ ანგარიშსა და მათთან გამართულ დებატებს?

- პარლამენტში ასეთი რამ პირველად მოხდა: ფორმატი ითვალისწინებს მათთვის ნებისმიერი შეკითხვის დასმას და ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხის მოთხოვნას. არსებული კონიუნქტურიდან გამომდინარე, თავს ვერ დავდებ, რომ ესა თუ ის შეკითხვა, რომელიც ისმება პარლამენტში, აბსოლუტურად უცხო და მოულოდნელია რომელიმე მინისტრისთვის. მე, როგორც უპარტიო დეპუტატი, შევეცადე, მიმეღო სანდო წყაროებიდან ისეთი ინფორმაციები, რომლებიც ჯერ არაა ცნობილი, მედიით გაშუქებული და საზოგადოების მხრიდან შეფასებული.

 

კერძოდ?

- მოგეხსენებათ, რომ დევნილთა კომპენსაციის გაცემის თემა ძალზე აქტუალურია. დამიკავშირდა მეტად მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციაში მუშაობდა და უშუალოდ მას მიადგა ზიანი ოკუპაციისგან – მისი სახლ-კარი მიწასთან გასწორდა ფრონეს ხეობაში. ეს ადამიანი მათ შორის იყო, ვისაც უნდა მიეღო ხელისუფლებისგან დახმარება საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915 განკარგულების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელებას“. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია, რომელიც ხელმოწერილია იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გეგა მგალობლიშვილის მიერ და რომელიც ითვალისწინებდა საკომპენსაციო თანხის გაცემას იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული რეაბილიტირებული, ან ახლადაშენებული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე. თითეულ ოჯახზე უნდა დარიცხულიყო 10 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. ეს მცირედი სეგმენტია დახმარებების საერთო სერიიდან. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, სულ გამოიყო 10 მილიონ 190 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარებში. ამ თანხიდან 190 ათასი დოლარი უნდა წარმართულიყო შესაბამისი საბანკო მომსახურეობის ასანაზღაურებლად. ქურთის, ერედვის, თიღვის, ახალგორის მუნიციპალიტეტებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის უნდა წარედგინათ იმ ოჯახების სია, რომლებიც თანახმანი იყვნენ მიეღოთ საკომპენსაციო თანხები ფართების ნაცვლად. ასეთი სიები შედგა.

 

ამ თანხიდან რამდენი იყო გამოყოფილი თითეულ ოჯახზე?

- 16 620 ლარი, რაც იმხანად 10 ათასი დოლარის ექვივალენტი იყო. ხელთ ჩამივარდა თიღვის მოსახლეობის 24-კაციანი სია. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ქალბატონი ზაირა მარანელი, რომელმაც ჩემთან კომუნიკაციის გზით, ფარდა ახადა ამ, მართლაც, მაფიოზურ მოქმედებას კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ პრემიერის ზემოხსენებული განკარგულების გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მარტიაშვილი, 2009 წლის 3 სექტემბრის 01/01-25/4245 წერილით, სააქციო საზოგადოება „სახალხო ბანკის“ გენერალურ დირექტორს სთხოვს, ლტოლვილთათვის პირადი ანგარიშების გახსნასა და მათთვის საკომპენსაციო თანხების ჩარიცხვას - თითოეულ ოჯახზე 16 620 ლარის ოდენობით. იქვე, ის მოითხოვს, რომ ჩარიცხული თანხების გაცემა ბანკმა აწარმოოს მხოლოდ სამინისტროდან დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.

 

2009 წლის 7 სექტემბერს ეს თანხა, მართლაც, დაირიცხა „ლიბერთი ბანკში“, თუმცა უსაფუძვლოდ იქნა დაბლოკილი 4 თვით - ამავე წლის 14 დეკემბერს სამინისტრომ თანხები ანგარიშიდან მთლიანად მოხსნა. 2010 წლის 26 ნოემბერს, ამ 24 ოჯახს თიღვის გამგეობიდან აცნობეს, რომ დევნილების თანხები კვლავ დაირიცხა “ლიბერთი ბანკში”. იანვარში, ოღონდ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, სამინისტრომ კვლავ დაადო თანხებს ყადაღა, ლტოლვილებს რომ არ ესარგებლათ და თანხები ისევ უკან გაიწვიეს. მთლიანი თანხიდან, ანუ 10 მილიონიდან ამ ტრანზაქციებისთვის, ანუ საბანკო მოქმედების განხორციელების საფასურად გათვალისწინებულ იქნა 190 ათასი ამერიკული დოლარი. გარდა იმისა, რომ ბანკმა მიიღო და 4 თვეს ატრიალა თანხა, ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო მომსახურეობის ღირებულება. ეს კი ორჯერ განმეორდა. ეს არის ერთი უმცირესი ნაწილი იმ ოპერაციებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდა 2008 წლიდან.

 

ვინ შეჭამა, ვის ჯიბეში წავიდა ეს თანხები?

- რა თქმა უნდა, მინისტრის. დასაბუთებულია, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა წინასწარი შეთანხმებით, ბანკისა და სამინისტროს შორის უკანონო გარიგების შედეგად. ეს სქემა სუბელიანს მოვახსენე - 11 წუთი და 30 წამი ვისაუბრე პარლამენტში, დოკუმენტურად დავასაბუთე ელიტური კორუფციის არსებობის ფაქტები ორ უწყებაში - ლტოლვილთა და განსახლების და ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროში. ვთქვი, არ ვარ სახელმწიფო ბრალმდებელი, რომ ამ ორ მინისტრს დავდო ბრალი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ორ უწყებაში არსებული მნიშვნელოვანი ფინანსური დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილია პარლამენტში, მიუთითებს იმაზე, რომ მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხით უნდა დავიწყოთ ამ თემის გაშუქება-მეთქი, მაგრამ ბატონ სუბელიანს არაფერი უთქვამს, ვინაიდან, არ ჰქონდა სათქმელი. მქონდა, ასევე, ფაქტები, რომლებიც იმაზე მეტყველებდა, რომ სუბელიანი ორმაგი სტანდარტით უდგებოდა ამ პრობლემას.

 

რა იგულისხმებაორმაგ სტანდარტში”, ბატონო დიმიტრი?

ის, რომ გამოვუქვეყნე მას რამდენიმე დევნილის გვარი, ვისაც კომპენსაციაც და ბინაც აქვს მიღებული სახელმწიფოს ხარჯზე, თანაც, არა პერიფერიაში, არამედ, ქალაქის ცენტრში, მაგალითად, ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის გამზირებზე და ათონის ქუჩაზე. ესენი არიან ვინმე იგორ ხუბეჟოვი, კოტე და იგორ ფუხაევები. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს თბილისში ბინები აქვთ, 2009 წლის 10 მარტს, აღნიშნული განკარგულების გამოსვლისთანავე, უპრობლემოდ დაერიცხათ საკომპენსაციო თანხები და რამდენიმე საათში მოხსნეს თავიანთი ანგარიშებიდან. ვკითხე ბატონ სუბელიანს, თუკი ამ დევნილებისთვის (რომელთა ვინაობაც ცალკე მსჯელობის საგანია) შესაძლებელია, რომ სახელმწიფოს მათთვის კომპენსაციები მიეცა და ბინებიც შეეძინა თბილისში, სოფელ თიღვის 24 ოჯახისთვის რატომაა აუხდენელი მიიღოს ის კუთვნილი კომპენსაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ანუ მთავრობის განკარგულებით უნდა მიეღო-მეთქი. ამ კითხვაზე მინისტრმა პასუხი არ გამცა. მეტიც, ჩემი გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნასთან არ გამოვიდა უმრავლესობის ლიდერი ბატონი ცისკარიშვილი.

 

ეს არის ყველაზე განსაკუთრებული შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებაში გამომდინარე იქედან, რომ არავინ ელოდა, დეპუტატი ამ ინფორმაციას მოიძიებდა და დებატებზე წარადგენდა. ქალბატონ ზაირას დიდი მადლობა, რომ უშედეგოდ, მაგრამ გააფთრებით იცავს თავის უფლებებს უკვე რამდენიმე წელია. და იცით, რამდენია ასეთი? კომპენსაციის მოლოდინში დარჩენილია 25 ათასი ოჯახი. მინისტრმა დებატებზე განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპენსაციებს აღარ გადაიხდის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფართით დააკმაყოფილებენ მათ. ეს მხოლოდ ადამიანების უფლებების დარღვევა კი არა, კარგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედებაა, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ კობა სუბელიანს არ უნდა დაეკისროს. და საერთოდ, ვინ ჰკითხავს კობა სუბელიანს რაიმეს, ეს არის მთელი მთავრობის და, პირველ რიგში, პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი.

 

ბატონმა პრეზიდენტმა, რომელმაც მიიღო ინფორმაცია, რომ ვიღაც მწერალმა, ბურჭულაძემ გააკეთა ეპატაჟური განცხადება ქურდებთან დაკავშირებით, ეს იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ ჰაერში მოუსწრო ამ განცხადებას და თვითმფრინავიდან გადმოსცა თავისი აზრი და განწყობა. მან ხომ ჩემი განცხადებაც მოისმინა? შეუძლებელია, პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს არ გადაემოწმებინათ დეპუტატ ლორთქიფანიძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, მაგრამ პასუხი, სამწუხაროდ, არავინ გაგვცა, მათ შორის, არც - პრეზიდენტმა, იმ პრეზიდენტმა, რომელმაც პარლამენტში მობრძანებისას დეპუტატ ჩახვაძეს მოსთხოვა, დაესახელებინა ელიტური კორუფციის ფაქტები და მაგალითები.

 

მაშინ, როცა იდება კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მაღალი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ამ ორ - ლტოლვილების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჰყვავის ელიტური კორუფცია და ამის მგალითები სახეზეა, ამაზე რეაქცია არ უნდა გქონდეს? ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სოფლის დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ აქციებში, მხოლოდ ერთ რაიონზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის ტერიტორიული ორგანოში შემავალ 17 სოფელზე არარსებულ მოსახლეობაზე გაწერილი აქვს 34 ათასი ლარი. და ამ საკითხზე ბატონმა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის არ არის ამის შესახებ ცნობილი, გაერკვევა და შემდეგ გაგვცემს პასუხს. ეს ადამიანი არის იურისტი, იყო ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არის პოლიციის პოლკოვნიკი და ვინ, თუ არა მან, იცის ფინანსური დანაშაულის მაკავლიფიცირებელი ყველა იმ დანაშაულის, რომელიც, შესაძლოა არსებობდეს მისდამი რწმუნებულ სამინისტროში?

 

იცით, რა მიკვირს? ფრაქციის სახელით გამოსული დეპუტატი ამისთანა მნიშვნელოვან ფაქტებს დებს და, არც „მაესტრომ“ და არც „კავკასიამ“ აღნიშნული ინფორმაცია არ გაუშვა. საჭიროა, განგაშის ზარების ჩამორეკვა, ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ არსებობს უტყუარი ფაქტები, თუ როგორ კეთდება ფული. ეს არის ხალხის დახმარებისთვის გამოყოფილი ფული. პრეზიდენტს რა უნდა ვუსაყვედურო, როდესაც ამას დათო აქუბარდია არ უშვებს?! ან „მაესტრო“, რომელიც არ ვიცი უკვე, ვისია. რატომ გახდა ეს ფაქტი გამონაკლისი? სიმართლეს თუ ემსახურებიან, ბოლომდე ემსახურონ.

 

პარლამენტის ოპოზიციურმა უმცირესობამ რამდენიმე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, მოითხოვა მათი გადაყენება, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. ხომ ისედაც ცხადი ყო, რომ აბსურდულ მოთხოვნასთან გვქონდა საქმე და უმცირესობა, ანუ 11-81 წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდა. მაშინ, რა საჭირო იყო ამ მძაფრსიუჟეტიანი შოუს დადგმა?

- სრულიად ლოგიკური კითხვაა. “ქრისტიან-დემოკრატები” ამას იმით ხსნიან, რომ წარმოებული დებატების ფონზე, ვალდებულნი იყვნენ, დაეყენებინათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და იმპიჩმენტი, ანუ უნდობლობა აღეძრათ ამ მინისტრების მიმართ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. ისინი ფორმალურად მოიქცნენ სწორად, თუმცა ჩვენი პოზიცია არ ითვალისწინებდა მხოლოდ იმპიჩმენტის საკითხს, არამედ, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად, სამართლებრივი პასუხისმგებლობის თემის განსაზღვრას უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.

 

გილაურთან წარსადგენი ანგარიში მოვუმზადე ბატონ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი შეკითხვით: გაუჩნდა თუ არა პრეზიდენტს შეკითხვები საკუთარი მინისტრების მიმართ ელიტური კორუფციის ფაქტების არსებობასთან დაკავშირებით? გააკეთებს თუ არა პრეზიდენტი განცხადებებს მათი მისამართით? ანუ, პრეზიდენტი ქურდების ხსენებაზე გამოხატავს აღშფოთებას. თუკი ვამბობთ, რომ პრეზიდენტი წარმატებულია კანონიერ ქურდებთან მიმართებაში, თანამედროვე ქურდები, ელიტური კორუფციის სუბიექტები არ არიან კანონიერი ქურდები? ანუ, ამ ქურდებთან სხვა დამოკიდებულება და სხვა სტანდარტი აქვს? ჩემთვის ვიღაცის იმპიჩმენტის საკითხი არის მეასეხარისხოვანი. რა თქმა უნდა, ეს სპექტაკლია და შოუა, როდესაც საუბარია იმაზე, რომ უმცირესობა საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლებას უყენებს საკითხს იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამას ფორმალური მნიშვნელობა გააჩნია, იმპიჩმენტის საკითხი რომ არ დააყენო, ესეც კითხვას გააჩენს. ჩემთვის ამ ფორმალიზმის უკან დგას კონკრეტული შეკითხვა პრეზიდენტის მიმმართ, რასაც აქვს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური დატვირთვა. იმ მომენტიდან, როცა კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით, დავისახე მიზნად, პრეზიდენტისთვის რადაც უნდა დამჯდომოდა, მომეძიებინა და დამელაგებინა საზოგადოების სამსჯავროზე ელიტური კორუფციის მაგალითები. ვთვლი, რომ ჩემთვის, ამ შემთხვევაში, ზნეობრივი ვალდებულების თვალსაზრისით, პროგრამა მინიმუმი შესრულებულია.

 

და რა იქნება პროგრამა მაქსიმუმი?

- ჩემთვის პროგრამა მაქსიმუმი იქნება ამ ხელისუფლების დემონტაჟი.

 

ბატონო დიმიტრი, ლამის კვარტალში ერთხელ ლაპარაკობდნენ კვეზერელი-სუბელიანი-ხაჩიძის შესაძლო გადაყენების შესახებ, მაგრამ მათ რატომღაც ვერ იმეტებს სააკაშვილი. რატომ?

- იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ამ მინისტრების ხელით ხორციელდება ის შავბნელი საქმეები, რომელზეც შემდეგ გვიწევს ხოლმე საუბარი. ეს მარტივი პრინციპია.

 

ბოლოს, რა იქნება ამ დებატების შედეგი?

- დებატების შედეგებზე დიდ გავლენას იქონიებს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების აზრი. დებატი დებატისთვის არ არის მნიშვნელოვანი. მან, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივმა კვლევამ, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით უნდა მოიტანოს კონკრეტული შედეგები: კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს და გამოკვეთოს, სად გვიჭირს ყველაზე მეტად და სად - ყველაზე ნაკლებად.