2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 8 090 000 000 ლარით განისაზღვრა. ,,ვერსია' უკვე წერდა, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი, თავდაპირველთან შედარებით, 160 000 000 ლარით გაიზარდა. საინტერესოა, რა თანხაა გამოყოფილი პრეზიდენტის რწმუნებულების _ გუბერნატორების ადმინისტრაციებისთვის, როგორ და რა პრინციპით შეადგინეს ბიუჯეტი თვითმმართველ ერთეულებში...
სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 900 000 ლარია გამოყოფილი. საერთოდ, ბიუჯეტის პროექტში ამ ტიპის ჩამონათვალი 1996 წლიდან ჩნდება, რაც ნიშნავს, რომ საქართველო სამეგრელოდ, გურიად, იმერეთად და ასე შემდეგ, დაყოფილი არ არის. უფრო კონკრეტულად კი, სამეგრელოს გუბერნატორი აღარ არსებობს და ოფიციალურად, ამ ჩამონათვალში ნახსენები რაიონების სახელმწიფო რწმუნებულია. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, 2015 წლის ბიუჯეტში 700 000 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლას, სამტრედიის, საჩხერეს, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში, 2015 წლის ბიუჯეტში 800 000 ლარია გათვალისწინებული. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 800 000 ლარი გამოყვეს. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, მომავალი წლის ბიუჯეტიდან 650 000 ლარით დაფინანსდება. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, გაისად 650 000 ლარით ფინანსდება. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 1 000 000 ლარით დაფინანსდება. ქვემო ქართლი ერთადერთი მხარეა, რომელიც მომავალ წელს მილიონ ლარს მიიღებს. სახელმწიფო რწმუნებულის _ გუბერნატორის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში გაისად 700 000 ლარით დაფინანსდება.
რა პრინციპით შედგა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი
პრეზიდენტის რწმუნებულების ადმინისტრაციების დაფინანსების პარალელურად, საინტერესოა, რა ვითარებაა ახლადარჩეულ თვითმმართველობებში? როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებს შესაბამისი საკრებულოები ამტკიცებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა ,,ვერსიას' განუცხადა, რომ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა და საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში, ადგილობრივი ბიუჯეტები უკვე შეადგინეს. ,,ვერსია' ადრეც წერდა, რომ ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის' შესაბამისად, გორის, ახალციხის, მცხეთის, ამბროლაურის, თელავის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად, შეიქმნა მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორი თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ახლადარჩეულ თვითმმართველობებში ბიუჯეტები 2014 წლის 20 ივნისამდე უნდა წარედგინათ დასამტკიცებლად. მართალია, მთავრობის ეს დადგენილება მხოლოდ 2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტს ეხებოდა, მაგრამ რეგიონებში 2015 წლის ბიუჯეტებიც სწორედ ამ პრინციპით შედგა. ზემოხსენებული კოდექსის 152-ე მუხლის მეორე პუნქტი ახალ მუნიციპალიტეტებს შორის გადასახდელების გადანაწილებას გულისხმობს და ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/ მერიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები შემდეგი პრინციპით გადანაწილდება: ა) ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/ მერიის შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხის განსაზღვრისას, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/ მერიის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების შრომის საშუალო ანაზღაურება უნდა გამრავლდეს ახალი მუნიციპალიტეტის ზღვრულ საშტატო რაოდენობაზე. მიღებული თანხა ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/ მერიის შრომის ანაზღაურების ერთი თვის ფონდი იქნება და თითოეული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არაუმეტეს ექვსი თვის შრომის ანაზღაურება უნდა იყოს გათვალისწინებული; ბ) იმ შემთხვევაში, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ, საკრებულოსა და გამგეობის/ მერიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების ფარგლებში, ფინანსური ვალდებულებაა აღებული, შესაბამისი თანხა გათვალისწინებული უნდა იყოს იმ ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც ,,ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის' შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება გადაეცემა; გ) შრომის ანაზღაურების გარდა, საკრებულოსა და გამგეობის/ მერიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯების განსაზღვრისას, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საკრებულოსა და გამგეობის/ მერიისთვის გათვალისწინებულ თანხას, მუნიციპალიტეტის გაუქმების დღის მდგომარეობით გაწეული საკასო ხარჯი, ასევე, ამ პუნქტის ,,ბ' ქვეპუნქტში მითითებული თანხა აკლდება და დარჩენილი თანხა ახალ მუნიციპალიტეტებს შორის, ზღვრული საშტატო რაოდენობის პროპორციის გათვალისწინებით იყოფა. კოდექსით, ახალ მუნიციპალიტეტებს შორის შემოსულობების გადანაწილება ხორციელდება იმავე პროპორციით, რომლითაც საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დაგეგმილი გადასახდელები გადანაწილდება.
რაც შეეხება გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების გამიჯვნას, ახალ მუნიციპალიტეტებში ქონების გადასახადი იმიჯნება ფაქტობრივი მდებარეობის მიხედვით და მის გამიჯვნას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს; ახალ მუნიციპალიტეტებში სხვა გადასახადები იმიჯნება თანაბრად; რენტიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად უნდა აისახოს ახალი მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემის შემოსავლებში; ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანად აისახება ახალი მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ქალაქის შემოსავლებში; არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები იმიჯნება თანაბრად; ჯარიმები, სანქციები და საურავებიდან მიღებული შემოსავლები იმიჯნება თანაბრად; გრანტების გარდა, ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გათანაბრებითი ტრანსფერების გაანგარიშების დროს არ გათვალისწინდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა ,,ვერსიასთან' საუბრისას აღნიშნა, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ ის თანხაა გაწერილი, რაც პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურებისთვისაა საჭირო. თანამშრომელთა რაოდენობა 20-30-ზე მეტი არ არის. რაც შეეხება საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს, თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, ისინი უკვე შესაბამის საკრებულოებშია წარდგენილი. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტებიც დეკემბრის ბოლოს დამტკიცდება, როდესაც პარლამენტში, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საბოლოოდ კენჭს უყრიან.