მიმდინარე კვირიდან ყველაზე ხმაური თემა _ მოსმენები კვლავ გააქტიურდება. დეპუტატებმა ორი კანონპროექტი უკვე წარმოადგინეს. ,,ვერსიამ' შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან იზორია ჩაწერა, რომელიც ყველა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის პროექტზეც ვრცლად საუბრობს. რას ფიქრობს ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში წასვლაზე, აღიძრა თუ არა ვინმეს წინააღმდეგ საქმე 315-ე მუხლით, ვინ დაამონტაჟებს ქუჩებში სათვალთვალო კამერებს, როგორ ეზრდება ძალაუფლება პოლიციას და რა რეალურ საფრთხეებს შეიცავს მოსმენების ,,გასაღების' შსს-დან გატანა? ,,ვერსიის' კითხვებს ლევან იზორიამ უპასუხა, საუბარი კი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ძალადობის პრევენციის ეროვნული გეგმით დავიწყეთ.
- ამ გეგმის განხორციელებას საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაც დასჭირდება. კონკრეტულად, რა იცვლება კანონში და, როგორც მესმის, ძალოვანების უფლებები, რაღაც ნაწილში, იზრდება კიდეც, არა?
- სულ რაღაც 2-3 კვირაში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ერთ-ერთი ჩვენი ინიციატივა გავა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულ, 126-ე მუხლს უკავშირდება. მოქმედი რედაქციით, როცა მსხვერპლმა ფიზიკური ტანჯვა განიცადა, სასჯელი მოძალადის თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს. ეს ცვლილება, სხვათა შორის, 2012 წელს შევიდა და სასჯელის სახით, მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა გათვალისწინებული. პოლიციას ფაქტზე რეაგირების ბერკეტი არ ჰქონდა - მოძალადეს ვერ აკავებდა. ახლა ეს ნორმა იცვლება და მოძალადეს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გვაქვს კიდევ ერთი ინიციატივა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, სასამართლოს გარეშე, უშუალოდ პოლიციელს შეეძლოს - ეს იდეა არასამთავრობო სექტორმა და თავად სასამართლომაც მოიწონეს, რადგან ასე ბიუროკრატია სერიოზულად მარტივდება. პოლიციელს მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ და ლეგიტიმაცია მივცეთ, რათა უფრო ადეკვატურად იმოქმედოს.
- შსს-ს ძალადობის პრევენციის ეროვნული გეგმის პრეზენტაციაზე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არ დაკონკრეტებულა - ითქვა, ქალაქში სათვალთვალო კამერები უნდა დამონტაჟდესო, მაგრამ ეს ვინ და როგორ უნდა გააკეთოს?
- მალე, სამთავრობო დონეზე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, სადაც თვითმმართველობა ერთ-ერთი აქტიური რგოლი იქნება. სწორედ თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა მოაწესრიგონ გარეგანათება და დაამონტაჟონ კამერები - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მხოლოდ პოლიციის საქმე აღარ უნდა იყოს და ამაში წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს. ყველა კეთილ საქმეს ერთობლივი მონდომება და თანხა სჭირდება.
- ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მშვენივრად ითანამშრომლეთ, თუმცა პრემიერმა, ორიოდ დღის წინ, უკანონო მოსმენებზე განაცხადა, არასამთავრობო სექტორს შსს-ს პარალიზება სურსო. ამ შეფასებას იზიარებთ?
- არსებობს საკითხები, რაზეც მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავდება. ამ შემთხვევაში, მათი კრიტიკის საფუძველი მართლაც გვაქვს. როცა საზოგადოებას რაღაც მოდელს სთავაზობ, მით უმეტეს, მოსმენების თემაზე, მის ეფექტურობაში, მინიმუმ, თავად უნდა იყო დარწმუნებული. ასევე, შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილებაც უნდა არსებობდეს, მეტი დამაჯერებლობისთვის. დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება კანონიერი მოსმენებია და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ამ დისკუსიას თვალს ვადევნებ და ერთადერთი არგუმენტი მესმის - შსს-ს ,,გასაღები' არ უნდა ჰქონდეს და მორჩა! ეს არასერიოზულია.
- ამ აზრის ლობისტებს ერთი, მაგრამ წონიანი არგუმენტი აქვთ - წინა ხელისუფლების 9-წლიანი გამოცდილება...
- წარსულში კანონი ირღვეოდა და ახლა უნდობლობას მთელ სისტემას ვუცხადებთო, ეს არგუმენტი არ არის. ამ ლოგიკით, შეიძლება, შსს-ც გავაუქმოთ. წარსულში რაც ხდებოდა, მომავალში რომ არ განმეორდეს, ამას მოდერნიზაცია, რეფორმები სჭირდება და არა სისტემაზე უარის თქმა. არასამთავრობოების მიდგომა კი ასეთია - ,,გასაღები' შსს-დან გამოვიდეს და სხვაგან, სადაც გინდათ, იქ წავიდესო.
- მათი პროექტით, ერთი ,,გასაღები' პროვაიდერებს უნდა ჰქონდეთ, მეორე - სასამართლოს. როცა ამბობთ, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, დააკონკრეტეთ, რაზე საუბრობთ, ამ ლოგიკით, ჩვენი მოსმენის ბერკეტი და პირად საუბრებზე წვდომა კერძო კომპანიებს ხომ ისედაც აქვთ?
- ეს შეთავაზება აბსოლუტური ნონსენსია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მსოფლიოში არსადაა ისეთი სისტემა, სადაც პროვაიდერთან ისეთი სტრუქტურაა მიერთებული, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოადგენს. პირველი ,,გასაღები' ყველგან აქვს აღმასრულებელს, მეორე კი ან პროვაიდერს, ან სასამართლოს და ა.შ. ასეთია ექსპერტების მიდგომაც.
- მაგალითად, საბერძნეთში ,,გასაღები' კერძო პროვაიდერებს აქვთ, თუმცა ამავე საბერძნეთში, ერთ-ერთი პროვაიდერი კომპანია სწორედ უკანონო მოსმენების გამო მილიარდებით დააჯარიმეს.
- ეს კარგი მაგალითია, რადგან სწორედ საბერძნეთში, ამ პროვაიდერებთან პირდაპირი მიერთება უშიშროების სამსახურებს აქვთ. უბრალოდ, ამ ე.წ. გასაღებს, ზოგ შემთხვევაში, პროვაიდერი ურთავს სამართალდამცავს, ზოგჯერ პირიქით. ვარიანტი, სადაც ერთი ,,გასაღები' სასამართლოს აქვს და მეორე პროვაიდერს, მსოფლიოში არ არსებობს. ამიტომ ვერ მისახელებენ არასამთავრობოები ერთ კონკრეტულ მაგალითს, რომელ ქვეყანაშია მსგავსი პრაქტიკა. გარდა ამისა, პროვაიდერისთვის ,,გასაღების' გადაცემა ინფორმაციის გაჟონვის მეტ საფრხთეს ქმნის; მეტიც, ამ ,,გასაღებით' პროვაიდერს ტექნიკურ საშუალებებთან აქვს წვდომა, რაც მეტი მანიპულირების შესაძლებლობას აძლევს. ზუსტად ეს მოხდა საბერძნეთშიც. მსგავსი საფრთხეები ოკუპაციის პირობებში უფრო იზრდება. სრული დაბეჯითებით ვამბობ, ეს მხოლოდ ეროვნულ და რეგიონულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას კი არა, ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებსაც ეხება.
- ამ პროექტისგან განსხვავებით, ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დარეგისტრირდა და, როგორც ამბობენ, არცთუ ცოტა მომხრე ჰყავს. ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის ,,გასაღების' გადაცემის იდეას როგორ აფასებთ?
- დირექტივებს არავის ვაძლევთ, უბრალოდ, არგუმენტებს ვამბობთ და უმრავლესობა თავად წყვეტს. ნამდვილად არ ღირს ექსპერიმენტების ჩატარება. ეს იდეები, მათ შორის, ვახტანგ ხმალაძისაც, ასეთია - რადგან პოლიციელს არ ვენდობით, მოდი, წავართვათ იარაღი და მასწავლებელს მივცეთო. ამ ფანტაზიებსა და ექსპერიმენტებში, მიკვირს, როგორ არ გაჩნდა იდეა, ერთი ,,გასაღები' ბარემ ჟურნალისტებისთვის გადაგვეცა. არც მარეგულირებელი კომისიაა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი - იგი ლიცენზიებისგამცემი, მაკონტროლებელი ორგანოა. ასევე, ,,გასაღები' პრინციპულად არ უნდა იყოს სასამართლოში - როგორ შეიძლება, მაკონტროლებელმა ორგანომ აღმასრულებლის ფუნქციები შეითავსოს?! სასამართლო ამ მოსმენებში ხომ ისედაც ჩართულია, როგორც ნებართვისგამცემი.
- ე.წ. ბესელია- ფოფხაძე- სესიაშვილის ვერსია მთავრობის იდეად უნდა განვიხილოთ. ამიტომ ამიხსენით, რა უფლებები და მოვალეობები ექნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს?
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შემოყვანის იდეა მუშაჯგუფში გაჩნდა, რომელშიც მთავრობაც აქტიურად მონაწილეობდა. შემდეგ ამ იდეით უმრავლესობის სამი დეპუტატი გამოვიდა, პროექტი კი იმას გულისხმობს, რომ ,,გასაღების' ამ ორი მფლობელის მიერ, ,,გასაღების' ერთდროულად ჩართვის შედეგად, კონკრეტული პირების მოსმენაა შესაძლებელი.
- რა გარანტიაა, რომ შსს ინსპექტორის ინსტიტუტს არ მართავს?
- ტექნიკურად, მისი მართვა შეუძლებელია. მექანიზმს აგიხსნით - პირის მოსმენის შესახებ მოსამართლის ბრძანება მიდის როგორც შსს-ში, ისე ინსპექტორთან. ამ უკანასკნელს იმიტომ ეგზავნება, რომ იცოდეს, შსს ვის მოსმენას აპირებს. შემდეგ, ეს ინფორმაცია მიდის პროვაიდერთან, რომელიც ამ პირს მოსმენაზე მიაერთებს. პროვაიდერი პირს მაინც ყველა ვარიანტში უსმენს - კერძო კომპანიაა და ამის უფლება აქვს. საჯაროდ ვამბობ, მოსმენების შესაძლებლობა დღეს კერძო კომპანიებსაც აქვთ. ინსპექტორი კი ანგარიშვალდებულია პარლამენტთან - ის მთელ ინსტიტუტს წარმოადგენს და არა ერთ ადამიანს, შს უწყებას რომ დაექვემდებაროს.
- თუ ინსპექტორი შსს-ს დარღვევის შესახებ გაიგებს, ამ შემთხვევაში, როგორ იქცევა, რა ბერკეტები აქვს?
- ეს თავიდანვე გამორიცხულია - შსს მოსმენას ვერ შეძლებს ინსპექტორის გარეშე - ორი გასაღების პრინციპი სწორედ ესაა.
- სხვათა შორის, ამბობენ, ამ კანონპროექტს პრეზიდენტი ისევ ვეტოს დაადებსო. ასეთ შემთხვევაში, დათმობთ და პროექტში რამეს შეცვლით?
- რამის შეცვლას მხარს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს არ დაადებს, რადგან არგუმენტები ახლა ჩვენს სასარგებლოდაა. პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო, წინა ჯერზე, მხოლოდ ვადის გაწელვის გამო დაადო.
- ბატონო ლევან, პოპულარულ 315-ე მუხლზეც გკითხავთ, რომელიც რევოლუციური გზით ხელისუფლების დამხობას ეხება. საქმე ვის წინააღმდეგ აღიძრა და გამოძიება ისევ მიმდინარეობს?
- ძალიან კარგია, ეს რომ მკითხეთ. ჩემი განცხადების მერე ამ თემაზე აღარ მისაუბრია. 315-ე მუხლით გამოძიება დაწყებულია, თუმცა ეს მუხლი იურიდიული პირის ანუ მთელი პარტიის წინააღმდეგ საქმის აღძვრას არ ითვალისწინებს. ეს ცრუ ინფორმაცია ნაციონალებმა მედიას, საზოგადოებასა და სხვათა შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ამ ფორმით მიაწოდეს. გამოძიება კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე იწყება და არაა აუცილებელი, კონკრეტული ადრესატები ჰყავდეს. სხვათა შორის, გამოძიება ახლაც მიმდინარეობს. რომ იცოდეთ, მოქალაქეებმა წერილობით მეც მომმართეს, მნიშვნელოვანი ინფორმაციები გვაქვსო და ისინი საგამოძიებო ორგანოებთან გადავამისამართე. ყველაფერი დანარჩენი კი გამოძიების დეტალებია და ამაზე ვეღარ ვისაუბრებ.
- მაშინ ირაკლი ალასანიაზე ვისაუბროთ - მის ოპოზიციაში გადასვლას და, საერთოდ, მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ?
- ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პროდასავლურ კურსს საფრთხე ემუქრება. პარალელურად, ყველამ ვნახეთ პრემიერმინისტრის ვიზიტი ბრიუსელში და სერიოზული წარმატებები, სწორედ ნატო- სთან ინტეგრაციის გზაზე. ყველას თავის შეფასება აქვს, თუმცა ირაკლი ალასანიას ამ შეფასებას არც მაშინ ვეთანხმებოდი და დღეს უფრო მეტად არ ვეთანხმები.