„ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები ისევ რჩება სახელმწიფოს პრიორიტეტად”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ამასთან, მინისტრმა საზოგადოებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებიც გააცნო. როგორც სერგეენკო ამბობს, თებერვლის საქართველოს ბრიტანულ-ამერიკული კომპანია ..გილდეას“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომელთაც დაასკვნეს, რომ ჩვენს ქვეყანაში იმ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, რომელიც C ჰეპატიტის, როგორც დაავადების ელიმინაციას, ანუ აღმოფხვრას ითვალისწინებს.
დავით სერგეენკო: - ის, რომ ეს პროექტი საქართველოში ხორციელდება, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ამ მხრივ კი, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესია აღსანიშნავი - ბოლო ორ წელში საყოველთაო ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულებაში უფასო მკურნალობის პროგრამები ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქნა აღიარებული. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქართველი მედიკოსების სამედიცინო და კლინიკური მართვის გამოცდილებაც გაითვალისწინეს. ამასთან, საქართველოში ათი წელია, შიდსის ელიმინაციის პროექტი წარმატებით ხორციელდება. ამიტომაც გადაწყდა, რომ მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, საქართველო ვერაგ დაავადებას - C ჰეპატიტს მსოფლიოში ძვირადღირებული მედიკამენტით აღმოფხვრის. კონტრაქტზე ხელმოწერა კი, 2015 წლის იანვარ-თებერვალშია დაგეგმილი.
- ბატონო დავით, საქართველოში C ჰეპატიტით რამდენი ადამიანია დაავადებული?
- ჩვენი ვარაუდით, დაავადებულთა რიცხვი 150 ათასს შეადგენს. მომავალი წლის თებერვალში, ამ მიმართულებით ორთვიანი კვლევის ჩატარებას ვგეგმავთ. პასიურ ფაზაში გადასული ავადმყოფები მკურნალობას არ საჭიროებენ. სასჯელაღსრულების სისტემაში, პროექტის ფარგლებში, 5 000 პატიმარს სკრინინგი ჩავუტარეთ და ათასი დაავადებულიდან ოთხასს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდა, ორასამდე პაციენტთან კი, სრული განკურნება დადასტურდა.
კომპანიის მიერ შემოთავაზებული უახლესი თაობის მედიკამენტები წარმოუდგენლად ეფექტურია, ანუ ეს საცდელი კი არა, ,,ეფ-ბი-აი”-ს მიერ გამოცდილი და აპრობირებული პრეპარატია. ,,სოფუსბუვირი“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანოების მიერაც აღიარებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ პრეპარატით მკურნალობის ერთი კურსი 84 ათასი ამერიკული დოლარი ღირს. მომდევნო თაობის პრეპარატი ,,ჰევრონი“ კი, გაცილებით ძვირია და 100 ათას დოლარს აღემატება. კომპანია ,,გილეარდის“ გადაწყვეტილებით, ეგვიპტემ, სადაც ავადობის მაჩვენებელმა მოსახლეობის 40 პროცენტი შეადგინა, მედიკამენტი ასჯერ ფასდაკლებით მიიღო. ვიდრე კონტრაქტზე ხელს არ მოვაწერთ, ზუსტ თანხას ვერ დავასახელებ, თუ რა ეღირება ჩვენთან დიაგნოსტიკა, მკურნალობა და წამალი, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
რას აკეთებს სახელმწიფო შშმ პირებისა და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ბავშვებისთვის
ზემოთქმულის გარდა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თვალშისაცემი შედეგი შშმ პირთა და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ბავშვების მიმართ განხორციელებულ პროექტშიც აქვს... ალბათ, გახსოვთ: საბჭოთა სისტემა ბავშვთა სახლებით ამაყობდა. ტერმინი - ,,უპატრონო ბავშვთა სახლი” საზოგადოების ნაწილში დღესაც აქტუალურია. სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობისას ქვეყანამ ბევრი კრიზისი გადაიტანა, რასაც, პირველ რიგში, ბავშვები შეეწირნენ. სამოქალაქო, სამამულო ომები, რეპრესიები, ადამიანური ტრაგედიები, ცხოვრების დაბალი დონე - აი, მიზეზები, რომელთა შედეგადაც ოჯახს მოწყვეტილი ათასობით ბავშვი უზარმაზარ სახლებში, გვერდი-გვერდ საწოლებში იწვნენ, ერთნაირი ზომის ტანსაცმელს ატარებდნენ, ერთ დიდ ქვაბში მოხარშულ წვნიანს შეექცეოდნენ და, სტუმრის მოლოდინში, ფანჯრებს თვალს არ აცილებდნენ - იქნებ, მომსვლელი დედა იყო, მამა, ან კეთილი დეიდა-ბიძია, რომელიც ამ უსახო ერთფეროვნებისგან დაიხსნიდა მათ. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც, წარმატებული რეფორმების წყალობით, დიდი ინსტიტუციები დაანგრია და 2000 წელს საფუძველი ბავშვთა ზრუნვის ახალ სისტემას ჩაუყარა. ,,ქართული სიტყვა“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსს, ამირან დათეშიძეს ესაუბრა:
- ბავშვზე ზრუნვის რეფორმის განხორციელებაში, სახელმწიფოსთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ. ამ რეფორმის არსი დეინსტიტუციონალიზაციაში მდგომარეობდა, რადგან დიდ ინსტიტუციებში ბავშვების აღზრდისა და სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბების პირობები, ერთის მხრივ, კორუფციული გარემოსა და, მეორეს მხრივ, მძიმე ეკონომიური პირობების გამო, არ არსებობდა. ასევე, პასუხისმგებლობა მოხსნილი ჰქოდათ მშობლებს, რომელთაც ერჩივნათ, რომ შვილების აღზრდა სახელმწიფოსთვის მიენდოთ. რეფორმის პირობებში, ბავშვების ნაწილი ოჯახებს დაუბრუნდა, ასევე, დაიწყო ოჯახების გაძლიერებაზე ზრუნვა.
დეინსტიტუციონალიზაციის პარალელურად, ალტერნატიული სერვისებიც გაჩნდა - მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მინდობით აღზრდა, თუმცა რეინტეგრაციაზე მუშაობა დღემდე მიმდინარეობს... საერთოდ, ბავშვი ოჯახში უნდა იზრდებოდეს, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ხდება ის ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე. ინტერნატებში მყოფი ხუთი ათასამდე ბავშვი მცირე საოჯახო ტიპის ორმოცზე მეტ სახლში განთავსდა. შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები კი კოჯორში, სენაკსა და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლებში გადანაწილდნენ.
მარტყოფში მოზრდილები დაბინავდნენ. ექვსი წლიდან თვრამეტ წლამდე ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან ყველა სერვისით, რაც მათ ღირსეული ცხოვრების საშუალებას აძლევს.
წელსვე ავამოქმედეთ ახალი პროექტი: ე.წ. ქუჩის ბავშვების თავშესაფარი. ესენი საკმაოდ რთული კატეგორიის ბავშვები არიან, გარდატეხის ასაკში მყოფნი მწვავედ, თავისებურად განიცდიან ოჯახურ კრიზისს, ზოგი ქუჩაში მუშაობს, რასაც ოჯახი ახალისებს. საკმაოდ ჭრელი ფენაა, მაგრამ ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და მოვალენი ვართ, ყველა მათგანს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ.
იძულების მეთოდებს არ ვიყენებთ, ვცდილობთ, ისინი დავაინტერესოთ, შევთავაზოთ განათლების, რეაბილიტაციის ფორმები კვების, თავშესაფრის, მშვიდი გარემოს უზრუნველყოფით. თუკი ბავშვი დღის ცენტრში სისტემატურად დადის, შემდეგ კი, კრიზისულში გადადის, თუკი დაინტერესდება და ოცდაოთხი საათის განმავლობაში დარჩება და ქცევაც სტაბილური აქვს, ტრანზიტულ ცენტრში მოხვდება, სადაც ერთი წლის განმავლობაში, ფსიქოლოგებისა და სხვა სპეციალისტების ჩარევით, მუშაობა ან ოჯახში დაბრუნებაზე მიდის, ან მინდობით აღზრდაში გადასასვლელად. ანაზღაურების შემთხვევაში, ორი მიმართულებაა დამუშავებული: ნათესაური და არანათესაური. პირველ შემთხვევაში, ჯანმრთელ ბავშვზე, მინდობითი აღზრდის ფარგლებში, სახელმწიფო ოჯახს ყოველთვიურად 200 ლარს გამოუყოფს, შშმ ბავშვზე - 300 ლარს. არანათესაური ვარიანტის დროს, თვეში 450-დან 600 ლარია.
- ღირსეულ ცხოვრებას მიჩვეული ბავშვები, 18 წელი რომ შეუსრულდებათ, ცხოვრების პირისპირ აღმოჩნდებიან ქვეყანაში, სადაც არცთუ იოლია სამსახურის პოვნა და საკუთარი თავის გატანა. ამ დროს პასუხისმგებლობას სახელმწიფოც იხსნის...
- ბავშვები, რომელთა ინტეგრაციაც ვერ მოხერხდა, რთული ცხოვრებისეული ამოცანის წინაშე დგებიან. ამიტომ, უნდა ეცადონ, ვიდრე სახელმწიფო ზრუნვაში არიან, ის სერვისები, რასაც დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ, მაქსიმალურად აითვისონ და ცხოვრებისთვის მოემზადონ. განათლების სამინისტროსთან ერთად, 18 წელს ზემოთ ახალგაზრდების დასაქმებასა და ცხოვრების მოწყობის კონცეფციაზე ვმუშაობთ და პროგრამებიც უკვე გვაქვს, მაგალითად, ,,ბავშვთა სოფელი“ გერმანული დონორი ორგანიზაციის ,,ქინდერ დორფ“-ის პროექტია, სადაც 18 წელს ზემოთ ახალგაზრდებს დროებით საცხოვრებელს სთავაზობენ - ქირას უხდიან...
ჩვენ ძალიან მძიმე ეტაპები გავიარეთ, ვიდრე ინსტიტუციებს დავანგრევდით, წინააღმდეგობა გვქონდა მომსახურე პერსონალისგან, რომელსაც სამუშაოს დაკარგვის ეშინოდა, თავად ბავშვებისგანაც, რომელთაც ელემენტარული უნარ-ჩვევები არ ჰქონდათ. საბოლოოდ, იმას მივაღწიეთ, რომ ბავშვების ცხოვრების დონე ღირსეულია, განათლებისა და განვითარების ხარისხიც მატულობს - რამდენიმემ ეროვნული გამოცდებიც ჩააბარა.
მოკლედ, სისტემა იხვეწება, მაგრამ ყოველივე ამის მერე სახელმწიფოს მუდმივ კმაყოფაზე ვერავინ იქნება. იმაზე, რომ პროექტი წარმატებულია, საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ. ჩვენი პარტნიორები მსოფლიოში ცნობილი ისეთი ორგანიზაციები არიან, როგორიცაა “გაეროს ფონდი“, ,,იუსაიდი“ “სეივ ზე ჩილდრენ“-ი, ,,აშშ-ის სოციალური განვითარების სააგენტო“, ,,ვორდ დვიჟენი“, “საქართველოს კარიტასი“, ,,ჩვენი სახლი“.
გარდა ამისა, კიდევ ერთი საინტერესო პროექტი ავამოქმედეთ იმ ბავშვებისთვის, ვისაც არსებული სერვისები არ შეეხოთ - ჩვენი სოციალური აგენტები, საქართველოს მასშტაბით, თავიანთ თემებში კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ოჯახებზე მონაცემებს აგროვებენ. ბავშვები სიღარიბის პროგრამით დახმარებას შეიძლება, იღებენ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ამიტომ ,,იუნისეფის“ პროექტის ფარგლებში, გადავცემთ ტანსაცმელს, ელექტროტექნიკას, ჭურჭელსა და სხვა ნივთებს. წელს ხუთას ოჯახს დავეხმარეთ, მომავალ წელს კი, ჩვენი ზრუნვის ქვეშ ათასი ოჯახი იქნება.
- 2013 წელი შშმ უფლებების წლად გამოცხადდა. გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენცია ამბობს, რომ მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შშმ პირთა უფლებას, ისარგებლონ ჯანმრთელობის დაცვის მაქსიმალურად მისაღწევი სტანდარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. კონვენციის მოთხოვნები საქართველოში სრულდება?
- გაერო-ს კონვენციის რატიფიცირება 2013 წლის ბოლოს მოხდა, კონვენციის პირობების შესასრულებლად მთავრობამ სხვადასხვა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, სამწლიანი - 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმა შეადგინა. ასევე, გაწერილია აქტივობები, პასუხისმგებელი უწყებები, ვადები და ინდიკატორები, რომელთა განხორციელებაზეც პასუხისმგებელი საკოორდინაციო საბჭოა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
გარკვეული აქტივობები განხორციელდა, თუმცა სრულყოფილი სტატისტიკა არ გვაქვს, საამისოდ საყოველთაო აღწერის პროცესში ვართ ჩართულნი - გრაფაში შეტანილია სპეციალური კითხვები, რომელთა მიხედვითაც, შეზღუდვის ტიპებისა და რაოდენობის აღრიცხვის საშუალება მოგვეცემა. საქართველოში, დღეისთვის, მონაცემთა ბაზაში, პენსიის რაოდენობის მიხედვით, 120 ათასი შშმ პირია. აქედან 9 ათასი ბავშვია. საზოგადოებაში შშმ პირების მიმართ ჩამოყალიბებულია სტიგმა, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არ აწუხებს, მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებსაც უჭირთ შშმ პირთა სოციუმთან ინტეგრაცია. მედია-საშუალებების, საინფორმაციო კამპანიების სწორი მიმართულებით გაშუქება აუცილებლად მოიტანს პოზიტივებს. არ უარვყოფ, რომ ბოლო დროს შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციის საფრთხეები დაფიქსირდა.
- შშმ პირები ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილნი არიან?
- სახელმწიფოს პროგრამების ფარგლებში, ძვირადღირებული ტექნიკური საშუალებები ყველასთვის ხელმისაწვდომია.
- სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში შშმ პირთათვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კანონით რეგულირდება?
- 2014 წლის იანვარში, გამოვიდა სახელმწიფო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო თუ კერძო უწყებაში, მშენებარე და ძველ ნაგებობებში, ხელმძღვანელობა ვალდებულია, ინფრასტრუქტურა შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს მოვალეობა აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ... საერთოდ, კანონს მიღმა საზოგადოებრივი შეგნება, ცნობიერება და სამოქალაქო პოზიციაც დგას.
- რამდენად უზრუნველყოფენ სადაზღვევო პაკეტები შშმ პირებს? ხშირად ისმის საყვედური, რომ შშმ პირებს მედიკამენტები არ მიეწოდებათ...
- დამეთანხმებით, ჯანდაცვის კუთხით ქვეყანაში განსხვავებული რეალობა იყო, ახლა კი, გაუმჯობესების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა სახელმწიფო ყველას ყველაფერს ვერ დაუკმაყოფილებს და მოქალაქეთა პასუხისმგებლობაც უნდა ამაღლდეს, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად შშმ პირებს ეხება.