ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი განათლების მინისტრს კორუფციაში ამხელს!

ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი განათლების მინისტრს კორუფციაში ამხელს!

კარგა ხანია, დოლიძის ქუჩა მდებარე ისტორიულ 61- სკოლას სარემონტო სამუშაოები უტარდება, რასაც საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ლილუაშვილ აპროტესტებს და არ გამორიცხავს, რომ მალე სკოლის ადგილას სასტუმრო, ან ქარვასლა აშენდეს. ეწირება თუ არა 61- სკოლ კორუფციულ გარიგებას? - ქართულ სიტყვას გიორგი ლილუაშვილი ესაუბრა:

- არავინ იცის, 61-ე სკოლის სარემონტო სამუშაოები როდის დასრულდება, ან სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისევ სკოლა იქნება, სასტუმრო თუ ქარვასლა. იმის ნაცვლად, რომ ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ, საუკუნენახევრიანი სკოლის დემონტაჟი ხდება. არადა, აქ მრავალი გამოჩენილი ადამიანი აღიზარდა.

- ბატონო გიორგი, განათლების სამინისტროს მონაცემებით, სკოლა ავარიულია და, შესაბამისად, საძირკვლის გამაგრება აუცილებელი....

- გგონიათ, რომ მართლაც, საძირკვლის გასამაგრებლად სამუშაოები მიმდინარეობს? ყველაფერ ამას ჩავუღრმავდი და ბევრი საეჭვო დეტალი აღმოვაჩინე.

- მაინც?

- მაგალითად, ის, რომ განათლების სამინისტროს ახალი სკოლის პროექტი აქამდე არ წარმოუდგენია, ეჭვს ბადებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოარული ხმა, სკოლის ნაცვლად ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება იგეგმება, საფუძველს მოკლებული არაა. პირველი კლასიკური გიმნაზია, სამოქალაქო ომმა ნანგრევებად აქცია, მაგრამ მალევე გაარემონტეს. 61-ე სკოლას კი, საშველი აქამდე არ დაადგა. მისი გამაგრება, ნუთუ, ასეთი ძნელია? სკოლასთან ახლოს 16-სართულიანი შენობა დგას, რომელიც გაამაგრეს, ოთხსართულიანი სკოლის შეკეთება კი, ჭიანურდება.

- როგორც მახსოვს, მინისტრ თამარ სანიკიძე 61- სკოლის მოსწავლეებს დაპირდა, რომ შენობას მალე შეაკეთებდნენ...

- დიახ, სანიკიძემ პირობა დადო. დავით ნარმანიაც ამტკიცებს, რომ ამ ადგილას ისევ სკოლა შენდება. განათლების მინისტრი და ქალაქის მერიც მოსწავლეებს და მათ მშობლებს დაპირდნენ, რომ სკოლას უმოკლეს დროში გაარემონტებდნენ და მოსწავლეებს უკან დააბრუნებდნენ, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ სკოლის საძირკველში, თურმე, წყალია ჩამდგარი და განაცხადეს, ამის გამო შენობის გამაგრება შეუძლებელიაო, მაგრამ ეს აბსურდია.

პირდაპირ გეტყვით: განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე და დედაქალაქის მერია საჯარო სკოლების შენობებს ერთობლივად ყიდიან, მიწის გამოთავისუფლებულ ნაკვეთებს კი, კომერციული მიზნებისთვის ასხვისებენ.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან 47 მილიონი ლარი აქვს მითვისებული. არადა, ეს თანხა საჯარო სკოლების რემონტს უნდა მოხმარებოდა. ამ კორუფციულ სქემაში არც საკრებულოსა და მერიის მაღალჩინოსანთა მონაწილეობაა გამორიცხული.

სახელმწიფო თანხების გაფლანგვის კვალი გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობის პერიოდსაც მოიცავს. სკოლების სასწრაფო დემონტაჟი სწორედ დანაშაულის კვალის დაფარვას ემსახურება. არქიტექტორ დარეჯან გიგაურის ესკიზურ ნახაზებს გავეცანი, მაგრამ ეს საკმარისი, ასე ვთქვათ, არგუმენტი არაა. სკოლის პროექტზე ტენდერი არ გამოცხადებულა და განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, სკოლის დემონტაჟი დაიწყო და ესეც მის კორუფციულ მიზნებს ემსახურება. სამინისტრო გასასამართლებლად სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნას იშველიებს, სადაც წერია, რომ სკოლის დემონტაჟი აუცილებელიაო, თუმცა ეს სრული სიცრუეა.

- ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია?

- დასკვნა რეალობასთან ახლოს უნდა იდგეს. იქ კი არაა მითითებული, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს სკოლის დემონტაჟის გამო ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე აკადემიკოსების სახლს, რომელიც 61-ე სკოლის შენობას ემიჯნება.

- ყველაფერ ამას მშობლები რატომ არ აპროტესტებენ?

- უკმაყოფილებას მშობლებიც გამოთქვამენ, მაგრამ ჩუმად. სხვათა შორის, ამ თემას ტელევიზიებიც არ აშუქებენ - ეტყობა, ყველა თამარ სანიკიძის ლობისტობითაა დაკავებული. არადა, ჰაერზე კი არ ვლაპარაკობ, უტყუარი დოკუმენტები მაქვს.

- მაინც, რა დოკუმენტები?

- 61-ე სკოლის შენობა აუქციონზე ჯერ 9 000 ლარად გაიტანეს, შემდეგ - 142 000 ლარად და ეჭვს სწორედ ეს აჩენს. სკოლის შენობა შპს „რიონმა“ იყიდა, რომლის მფლობელიც სკოლის დირექტორის, შორენა ღუდუშაურის კარის მეზობელი ალექსანდრე გოგოლაძეა. როგორც ჩანს, გარკვეული ფინანსური ინტერესები მასაც აქვს. უფრო მეტიც: როგორც გითხარით, შენობა 142 000 ლარად გაიყიდა, თუმცა ეს თანხა სკოლის ანგარიშზე დღემდე არ დამჯდარა. ამასთან, სკოლის ქონება ისე გაიყიდა, რომ მისი ფინანსური აღწერა არც მომხდარა. სხვათა შორს, 61-ე სკოლის რემონტზე, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 500 000 ლარი დაიხარჯა.

- ამ დარღვევებზე თბილისის მერიას, ან განათლების სამინისტროს აცნობეთ?

- დიახ, მაგრამ მათგან რეაგირება არ ყოფილა...

ამ საკითხის გამო უსიამოვნებაც შემემთხვა: როცა სკოლის დირექტორ  ღუდუშაურსა და მე-7 მუსიკალური სკოლის პედკოლექტივს შევხვდი, ჩემთან უცნობი პიროვნება, ვინმე ალექსანდრე გოგოლაძე მოვიდა, მე და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი მოტყუებით სკოლის სარდაფში ჩაგვიყვანა და იქ ფიზიკურად გამისწორდა.

- რატომ?

- გასაგებია, რომ ჩემი აქტიურობა ბევრს არ მოსწონს. იქ მხოლოდ გოგოლაძე კი არა, მუშებთან ერთად, სკოლის სხვა მეპატრონეებიც იყვნენ... საპატრულო პოლიცია გამოვიძახეთ, მაგრამ... დღემდე არ ვიცი, რა ზომები გაატარა შსს-მ დამნაშავეების მიმართ...
- 61- სკოლის მოსწავლეები ახლა სად სწავლობენ?

- მოსწავლეები იქვე მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში გადაიყვანეს, თუმცა ეს შენობაც ამორტიზირებულია და იქ სასწავლო პროცესის სრულყოფილად ჩატარება თითქმის შეუძლებელია - კედლები დაბზარულია, შიდა კიბეები იმდენად ვიწროა, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლის. სასწავლო კორპუსის წინა მხარე შემოღობილია, რის გამოც ფეხით მოსიარულის ადგილი გადაკეტილია. მოსწავლეებსა და მშობლებს ავტომობილის სავალ გზაზე გადასვლა უწევთ. განათლების სამინისტრო კი, ჯიუტად აცხადებს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსში სასწავლო პროცესის ჩატარება საფრთხის შემცველი სულაც არაა.

- ბატონო გიორგი, გამოსავალს რაში ხედავთ?

- რაში და, - სკოლის დემონტაჟი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და სკოლის პროექტზე კონკურსი უნდა გამოცხადდეს.