“ვიღაცას ეს პარტია სერიოზულად აქვს ყელში გაჩხერილი!”

“ვიღაცას ეს პარტია სერიოზულად აქვს ყელში გაჩხერილი!”

[ნინო კომახიძე, ”ვერსია”] 

4200 რეგისტრირებული წევრი, 58 რაიონული და საქალაქო, 5 - რეგიონული ორგანიზაცია და 10 საინიციატივო ჯგუფი - დღეისათვის საქართველოს რესპუბლიკური პარტია სწორედ ამ რესურსის მფლობელია. თუმცა, როგორც  ჩანს, პარტიის რიგებში “რაღაც ისე არ არის”. ჯერ “რესპუბლიკელების” ერთადერთი მაჟორიტარი და ცაგერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგიტა ახვლედიანი გადავიდა ბურჯანაძის პარტიაში. 

ამას 21 წლის განმავლობაში უცვლელი სახის, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მურმან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვა მოჰყვა. ბოლო ხანებში დავით უსუფაშვილის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომაზეც ბევრს საუბრობდნენ, ლიდერების კომენტარი კი ამაზე მხოლოდ მომღიმარი უარი იყო. 

საეჭვოა, მურმან დუმბაძე, რომელსაც ბრალად პარტიული წესდების ორი მუხლის დარღვევა დაედო, ასეთივე მომღიმარი სახეებით გაეშვათ პარტიიდან. მით უმეტეს, გარიცხვის შემდეგ ყოფილი “რესპუბლიკელის” ბრალდებებიც გამკვეთრდა და განცხადებებიც უფრო თამამი გახდა. თუკი დუმბაძე აქამდე მხოლოდ ბათუმის კომიტეტის ხელმძღვანელს, ირაკლი ჩავლეიშვილს საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებათა ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდა, ახლა იგივე ბრალდებას მთელ პარტიას უყენებს. 

დუმბაძე არც 23 მარტს ჩანიშნული აქციის ჩაშლას აპირებს, მეტიც, მიიჩნევს, რომ მისი გარიცხვა ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და მალე მთელი პარტია დაიშლება. იგი “ვერსიასთან” იმ 9-საათიანი სხდომის დეტალებზეც საუბრობს, რომლის შედეგად მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების ფონზე მიიღეს და აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, ამ სხდომის ოქმსაც მოითხოვს: 

“23 მარტს, 3 საათზე, ბათუმში, თავისუფლების მოედანზე, აქცია მაინც შედგება. ვიცოდი, ამ ყველაფერს შედეგად ჩემი გარიცხვა მოჰყვებოდა და ეს შეგნებულად გავაკეთე. პარტიის მთავარი სტრუქტურული ერთეული აჭარა იყო, ჩემმა გარიცხვამ კი, შესაძლოა, სხვა რეგიონებშიც ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს, რაც პარტიის დაშლას ნიშნავს. 

ჩემი ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას სხვა რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარეებიც აპირებენ, მათ გვარებს ჯერ ვერ დაგისახელებთ. დანამდვილებით ვიცი, გადაწყვეტილებას ყველა ერთდრულად მიიღებს. ამ საკითხის გამო ლიდერებში უთანხმოებაც მოხდა. სამწუხაროდ, სხდომის ოქმი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ საუბარი 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მათ განსხვავებული აზრი ჰქონდათ, რასაც სხდომის ხანგრძლივობაც ადასტურებს... ვინც ამბობს, რომ დიდი საფასურის გადახდის ხარჯზე ოშკი უნდა გადარჩეს, საქართველოს ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობისა და თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებს ატარებს. 

სხვათა შორის, პარტიული დისციპლინა ირაკლი ჩავლეიშვილმაც არაერთხელ დაარღვია - იგი რესპუბლიკური პარტიის საფრაქციო გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წასულა, ასე რომ, პარტიიდან სწორედ იგი უნდა გარიცხულიყო. მაინტერესებს, რატომ არიან ასეთი ლოიალურნი ჩავლეიშვილისადმი. აქედან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ რესპუბლიკური პარტია ნაციონალური მოძრაობისა და თურქეთის მთავრობის ინტერესების გამტარებელი გამოდის". 

ორმაგ აგენტად შერაცხული ირაკლი ჩავლეიშვილი არქეოლოგი და ისტორიკოსია, რომელმაც ორჯერ პირადად ინახულა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ძეგლები, მათზე დოკუმენტური ფილმიც აქვს გადაღებული და ამ აჟიოტაჟისა და ბრალდებების მიუხედავად, კვლავ მზადაა, მათი აღდგენის სანაცვლოდ, მძიმე დათმობაზე წავიდეს. არ აპირებს პოსტზე დუმბაძის ჩანაცვლებას და მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოში სიტუაციას გააკონტროლებს, რადგან ვინც პარტიიდან წავა, ეს პიროვნული და არა იდეოლოგიური ნიშნით მოხდება. ასეთი კი, როგორც თავად ირწმუნება, არცთუ ბევრია: 

“გასაკვირია, რომ სხვა ქვეყნის აგენტიც ვარ. ეს თავისთავად, აბსურდული ბრალდებაა. საქართველოში პოლიტიკური კულტურის დაბალი დონეა და როცა მოწინააღმდეგეს არგუმენტი არ აქვს, ამ ტერმინოლოგიას იყენებს. ვადასტურებ, რომ ხელშეკრულება, რომელიც თურქეთ-საქართველოს შორის უნდა დაიდოს, ძალიან დიდი საფასურია, მაგრამ უნდა გადავიხადოთ, რათა ჩვენი უნიკალური საუნჯე გადავარჩინოთ. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ის კომენტარი, რაც მურმანმა, სამწუხაროდ, საჯაროდ და არა კამერულ სიტუაციაში, პოლიტიკურად უფრო დახურულ სივრცეში გააკეთა. 

პროცესების კატალიზატორი ის მიტინგია, რომლის წინააღმდეგიც ბათუმის კომიტეტია, რადგან მიგვაჩნია, რომ რელიგიური საკითხებით ქულების მოპოვება პოლიტიკური პარტიების საქმე არაა. ალბათ, წევრთა გარკვეული ნაწილი პარტიას დატოვებს, მაგრამ ეს ერთ პირთან დაახლოებულთა ნაკრებია და არა იდეოლოგიური ნიშნით შეკავშირებული ხალხი. ბათუმისა და ქობულეთის ორგანიზაციები თავის პოზიციას ინარჩუნებენ, ეჭვი მეპარება, ხულოს ორგანიზაციიდან მოხდეს ხალხის მასობრივი გადინება. ნებისმიერ შემთხვევაში, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიან. 

რაც შეეხება ჩემს მიერ აჭარის რეგიონის ხელმღვანელობას, პარტიის შექმნიდან მის სათავეებთან ვიყავი. ბოლო 7 წელია, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ და თანამდებობიდან გათავისუფლებასა და ახალგაზრდა, წარმატებული ადამიანის დანიშვნას ვითხოვ. მინდა გითხრათ, რომ გაზაფხულზე არჩევნები დაინიშნება და ის ხალხი, ვინც პარტიაში დარჩება, როგორ ბათუმის, ისე სხვა ქალაქებისა და რაიონების კომიტეტებში სხვადასხვა თანამდებობებზე აირჩევა. ასევე მოხდება რეგიონის ხელმძღვანელი პირის არჩევაც”.      

მაგრამ პარტიის პრობლემები პრობლემებად რჩება, მოარული ხმები - ხმებად. ამ ხმებს კიდევ უფრო მეტად ის ამყარებს, რომ ამ ხმაურის შემდეგ ლიდერების პოზიცია გაუგებარია, რადგან `რესპუბლიკელები~ მხოლოდ წერილობითი საჯარო განცხადებით შემოიფარგლნენ, რაც შექნილ სიტუაციაში, ბუნებრივია, არასაკმარისია. `ვერსია~ შეეცადა, საზოგადოებაში დაგროვილი ყველა კითხვისთვის მოეყარა თავი, რომელთა შორისაც ერთ-ერთ უმთავრესს, იშლება თუ არა საქართველოს რესპუბლიკური პარტია, მისი ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი პასუხობს:  

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია ვადამდელი ყრილობის მოწვევას,  უსუფაშვილის გადაყენებასა და თავმჯდომარედ თქვენს დანიშვნას აპირებს. ეს აზრი რეალობასთან რამდენად ახლოსაა?

- ეს ისეთი სისულელეა, უარესი არ არსებობს. პარტიის რიგგარეშე ყრილობა არ ჩატარდება, რადგან მას რიგითი ყრილობა შემოდგომაზე უწევს. ყრილობას ყოველთვის ვატარებთ და ხშირად თავმჯდომარეც იცვლება, ან არ იცვლება და რჩება. ვინც გონებას ოდნავ მაინც დაძაბავს, გაიხსენებს, რომ ამ პარტიაში ასეთი რამეები მუდმივად ხდება. 

ალბათ, თქვენც გახსოვთ, რომ მითქმა-მოთქმა დღეს არ დაწყებულა. რამდენიმე კვირის წინ, უსუფაშვილის მიერ პოსტის საკუთარი ნებით დატოვებაზეც ბევრს საუბრობდნენ. ეს საკითხი თუ დგას დღის წესრიგში?

- არ ვიცი, ყრილობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. განსხვავებით იმ, ბოდიში და, მოსიარულე პარტია-ყრილობებისგან, სულ ორი-სამი კაცი რომაა ლიდერიცა და კომიტეტის წევრიც, ეს მართლა პოლიტიკური პარტიაა. ჩვენთან ნამდვილი ყრილობები, არჩევნები და კენჭისყრები ტარდება. ასე რომ, ამ წუთას არავის შეუძლია თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის ყრილობა. მესმის, დღეს ბევრი ადამიანის ინტერესშია, უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იყოს, მაგრამ მათ ამ ოცნებებში ვერ შევუერთდები. 

საქმე მხოლოდ უსუფაშვილს არ ეხება, საუბარია, მთელი დასავლეთ საქართველოს მხარდაჭერის დაკარგვაზე, რაც თქვენი ძირითადი დასაყრდენია.   როგორც მურმან დუმბაძე აცხადებს, 23 მარტს მას ქედას, ხულოს, ხელვაჩაურის, მთიანი აჭარის კომიტეტები შეუერთდებიან.

- ზოგადად, ამ თემაზე კომენტარებს არ ვაკეთებ, რადგან მგონია, რომ აბსოლუტურად არასწორია ამაზე საჯაროდ საუბარი. მე მიყვარს მურმანი, დიდ პატივს ვცემ და ამ სისულელეში ნამდვილად არ ავყვები. არც ამ თემაზე ვაპირებ რაიმე კომენტარის გაკეთებას. 

თუმცა, დუმბაძეს კონკრეტული ბრალდებებიც აქვს, იგი ირაკლი ჩავლეიშვილს თურქეთის აგენტობასა და საქართველოს ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

- სწორედ ამიტომ გაირიცხა მურმანი ჩვენი პარტიიდან. იგი თავადაც არ უარყოფს, რომ პროცედურებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამის ნიადაგზე არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა. 

საწინააღმდეგოს აცხადებს პარტიის ყოფილი წევრი, რომლის თქმითაც, 9-საათიან სხდომაზე ერთმანეთს პარტიის ლიდერები სწორედ მისი გარიცხვის გამო დაუპირისპირდნენ.

- ეს აბსურდია. მე ამ სხდომას ვესწრებოდი და მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, მოხდა ის, რაც მოხდა და ვწუხვარ, ამის გამო. დროა, ყველამ გაიგოს, რომ ამ პარტიაში ერთი კაცის გადაწყვეტილებით არაფერი ხდება. ვინ იქნება ხელმძღვანელი აჭარაში, ამას რეგიონული ორგანაზაცია შესაბამისი პროცედურებით გადაწყვეტს. 

მაშინ პირდაპირ გკითხვათ - მომხდარის გათვალისწინებითა და 23 მარტს დანიშნული აქციის ფონზე, სადაც რამდენიმე რაიონულ კომიტეტს დაკარგავთ, იშლება თუ არა რესპუბლიკური პარტია?

- მოდით, ამას მოცემულობად ნუ მივიღებთ. ყველაფერს გვიჩვენებს  მოვლენების განვითარება პარტიაში და მის გარეთ. თავისთავად ის, რომ დიდი ხანია, ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ ვიღაცას ეს პარტია ძალიან სერიოზულად აქვს ყელში გაჩხერილი და დიდი სურვილი აქვს, მუდმივად ამ თემით იყოს აჟიტირებული. თუმცა, ეს არაა პარტია, რომელიც გუშინ შეიქმნა და დღეს დაიშლება. გასაგებია, რომ საქართველოში პარტიული სტუქტურები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები არ არსებობს, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არაა. ასე არ ხდება, რომ პარტია დარჩეს ან გაქრეს იმის  მიხედვით, რომელი წევრი სად წავა და რა სკანდალს მოაწყობს.    

მიხედავად იმისა, რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს მურმანს კონკრეტულ თემაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლაპარაკი ყველაფერზე შეიძლება.