როგორ აპირებენ კუს ტბის გაყოფას გიგი უგულავა და კახა ბენდუქიძე?

როგორ აპირებენ კუს ტბის გაყოფას გიგი უგულავა და კახა ბენდუქიძე?

კუს ტბის შესაძლო გაყიდვის შესახებ საუბარი აქტიურად მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც მისი დირექტორი, ბესო ხარძიანი ნარკოტიკების უკანონო შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს. საერთოდ, კუს ტბის მიმართ ინტერესი შევარდნაძის დროიდან თითქმის ყველა ქართველ ბიზნესმენს ჰქონდა და არამხოლოდ მათ. ამ ადგილს თვალი ბევრმა დაადგა, რადგან თბილისის ცენტრში, ინფრასტრუქტურის კარგად გამართვის შემთხვევაში, ის საკმაოდ სოლიდური შემოსავლის წყარო იქნებოდა.

თავიდანვე იყო ჩანაფიქრი, რომ ეს ტერიტორია ბომონდის თავშეყრის ადგილი ყოფილიყო, აგრეთვე იმ ხალხის, ვინც სამსახურის გამო ზაფხულში დასასვენებლად ვერსად მიდიოდა. როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერი გავლენის წყალობით, აქამდე ბესო ხარძიანს და მის მეგობრებს ეს ტერიტორია ვერ წაართვეს. ამჯერად კი მისი დაკავებით, ვერავინ იტყვის, რამდენად ადვილად შეიძლება მისი მეგობრებისთვის ამ ადგილის გამოძალვა, მაგრამ როცა მთავარი მოთამაშე დაპატიმრებულია, გზა ხომ ხსნილია?

“ვერსიის” კომპეტენტური წყარო აცხადებს, რომ კუს ტბის გამო შევარდნაძის დროს დიდი გარჩევები იყო 1 - 2%-იან წილზეც კი. იკვეთებოდა ჯონი გიგანისა და გია უდესიანის გვარები, რომლებიც ხშირად იყვნენ სამიზნე, როცა კუს ტბაზე მიმდინარეობდა საუბარი. ამბობენ, რომ ბესო ხარძიანს “ყურში ესხდნენ” და აიყვანეს კიდეც.

წყაროს მტკიცებით, კუს ტბის მომავალი ორი მიმართულებით განვითარდება. მას ან წლების მანძილზე მისით დაინტერესებული კახა ბენდუქიძე "გადაიფორმებს", ან გიგი უგულავა გაიტანს სატენდეროდ. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ტენდერში "უცხო" პირი არასდროს იმარჯვებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც კუს ტბის ინფრასტრუქტურის გასამართად და მისი ექსპლოატაციისათვის ფულს ჩადებს. საუბარია 60 მილიონ დოლარზე. ამ ფარული ინვესტორის ვინაობისა და რეალური მოტივაციის შესახებ კი არც ეკონომიკის სამინისტროში იციან რამე და არც მერიაში. ერთი კი უდავოა, რომ მოხმობილი ინვესტორი მხოლოდ ახლა გამოჩნდა, რაც ხარძიანი დააკავეს და თანაც საკმაოდ სოლიდური თანხით. აშკარაა, რომ ხარძიანის დაკავებამდე ბევრად უფრო ადრე გადაწყდა კუს ტბის ბედი და ისიც, ზემო ეშელონებში.
დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად “ვერსიამ” გადაწყვიტა, კუს ტბა მოენახულებინა.

ხალხი კანტი-კუნტად მოძრაობდა და არც გაგვკვირვებია, რადგან ცივა და ბუნგალოებში დასასხდომად აქ ბოლო დროს ნაკლებად იკრიბება. დახურული კაფეებიც არ არიან განებივრებული თბილისელების სტუმრობით. ჩვენი მიზანი იყო, ვინმე მაინც გვენახა, ვინც კუს ტბის მომავალზე მეტ-ნაკლებად ინფორმირებული იქნებოდა, მაგრამ იმედი გაგვიცრუვდა. როგორც კი ბუნგალოს თანამშრომლებმა გაიგეს, ჟურნალისტები ვიყავით, კეთროვანებივით მოგვიხურეს კარი, არაფერზე პასუხი არ გაუციათ. თვით “უწყინარ” კითხვაზეც კი არ სურდათ პასუხის გაცემა. ჩვენი მცდელობა ამაო მაინც არ გამოდგა, ერთი თანამშრომელი დავითანხმეთ, ესაუბრა. ოღონდ, იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით.

ქალბატონმა დალიმ, რომელიც აქ ცოტა ხნის წინ მოსულა სამუშაოდ, იცოდა, კუს ტბის დირექტორის დაკავების ამბავი. თუმცა გვითხრა, რომ მანამდე ის აქ არასდროს უნახავს. ამბობს, რომ კუს ტბის მფლობელს სახეზე არ იცნობდა, მაგრამ ყველა მასზე ლაპარაკობდა.

ქალბატონმა ასევე გვითხრა, რაც ხარძიანი დაიჭირეს, უცხოური მარკის ავტომობილებით გაურკვეველი ხალხი ამოდის და ტერიტორიას მუდმივად ათვალიერებენო. მისი აზრით, ეს ხშირი დათვალიერება კუს ტბის მომავალ ბედს უნდა უკავშირდებოდეს.

“ხარძიანს არ ვიცნობდი, მაგრამ, სანამ დაიჭერდნენ, მასთან ძალიან ბევრი სტუმარი მოდიოდა ხოლმე. ბუნებრივია, ჩვენ არც მათი ვინაობა ვიცოდით და არც საუბრის თემა. ხშირად თავის ე. წ. ადმინისტრაციაში იკრიბებოდნენ. განსაკუთრებით კი, ზაფხულობით. არც ჩვენ გვეძინა და არც იმათ, მთელი ღამე ვემსახურებოდით ხოლმე.
რამდენადაც ვიცი, აქ არსებული ბუნგალოები და კაფეები, სარეკლამო ბანერები თუ სტადიონები, რომელიც, ძირითადად, ზაფხულში ქირავდება ხოლმე, მთლიანად ხარძიანს არ ეკუთვნოდა. როგორც ამბობენ, მას ძმაკაცები ესხდნენ წილში. არცაა გასაკვირი. არა მგონია, ერთ კაცს იმდენი ფული ჰქონდეს, ამხელა ობიექტს რომ გასწვდეს. ამიტომ ამბობენ, რომ ვიღაც სვანები იყვნენ წილში, მაგრამ სახეზე არავის არ ვიცნობ და რა გითხრათ.

აქ რომ მუშაობა დავიწყე, მითხრეს, კუს ტბა უგულავას ეკუთვნისო. მერე მითხრეს, უგულავასი პირდაპირი გზით კი არ არის, დირექტორის მეგობარია და ლობირებსო.
ახლა უკვე დავიბენი, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ვისია ეს ადგილი, მართლა აღარ ვიცი, მაგრამ გვეუბნებიან, თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ, უფროსი თანამშრომლებისგან ბევრ კითხვებს ვერ იტანსო. ყველაფრით მხოლოდ მაშინ დავინტერესდი, როცა მითხრეს, ჩვენი ბედი როგორი იქნება, ჯერ კიდევ გაურკვეველიაო”, - განაცხადა ქალბატონმა

ჩვენთან საუბრისას და დასძინა, რომ, მისი აზრით, ჯერ არავის სცალია კუს ტბისთვის მთავრობაში, თანაც ასე სასწრაფოდ, მისი დირექტორის დაკავებისთანავე, ობიექტს მეპატრონეს არ გამოუჩენენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ხალხის თვალში კარგად გამოჩნდნენ და ბევრი ეჭვი არ აღძრან. კუს ტბის თანამშრომელი ასევე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ახალი ხელმძღვანელი მოსვლისთანავე თავის სასურველ კადრებს მოიყვანს და ძველების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.ამიტომ იმის შიშით, რომ სამსახური არ დაკარგონ, გაურბიან ყველაფერზე საუბარს. მისივე აზრით, კუს ტბა სეზონზე საკმაოდ მომგებიანია და ზაფხულში ბუნგალოები უცხოელებითაა გადაჭედილი.

“ზაფხულში ფასიანი პლაჟებითა და სათამაშო მოედნებით მიღებული შემოსავალი ეყოფა იმ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რაც გასაკეთებელია. როგორც ჩანს, არც ძველი დირექტორი იყო დიდად დაინტერესებული კუს ტბის აყვავებით და ხშირად იჯარით გასცემდა ფართებს, რომ უშრომელი ფული მოსვლოდა”, _ აცხადებს ქალბატონი დალი.

მისივე მითითებით, ამ მიზნით ადმინისტრაცია 2010 წლის ბოლოსთვის 100 კვადრატულ მეტრ მიწას ყიდდა, მაგრამ მერე ვეღარ გაიგო, რა ბედი ეწია ამ ტერიტორიას.
ქალბატონი დალის ნათქვამი გადავამოწმეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მიწის ამ რაოდენობის ფართობს ხარძიანი მართლაც ჰყიდდა, მაგრამ არა ფარული გზით, არამედ ოფიციალურად და თანაც, არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის მერიის დახმარებით. მერიის საიტზე, გასაყიდ ობიექტებს შორის დღემდე განთავსებულია ამ მიწის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია. თუმცა, არსად წერია, რომ ამ მიწას თავად კუს ტბის ადმინისტრაცია ჰყიდდა. როგორც ჩანს, თუ კუს ტბას ერთიანად არ გაყიდიან, მას ნაწილ-ნაწილ გაყიდვა ემუქრება. სამწუხაროდ, კუს ტბის ადმინისტრაცია ამაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს და არც ოფიციალურ ტელეფონზე პასუხობს.

“ვერსია” ქალაქ თბილისის მერიის პრეს-ცენტრს დაუკავშირდა. ნანუკა ზაქარეიშვილმა კომპეტენტურ პირებთან გაგვირკვია, რა პოზიცია ჰქონდა მერიას საქმესთან დაკავშირებით და განგვიცხადა, რომ კუს ტბა კერძო საკუთრებაა და მერიას მასთან დაკავშირებით არანაირი გეგმები არ აქვს.