არაბული ბუნტი და ფერადი რევოლუციები

არაბული ბუნტი და ფერადი რევოლუციები

2010-2011 წლების არაბული ბუნტი ელვისებური სისწრაფით და მასშტაბურობით გავრცელდა. პროტესტი, რომელიც 2010 წლის დეკემბერში ტუნისის პროვინციულ ქალაქ სიდი ბუზიდან დაიწყო, მასშტაბურ აჯანყებაში გადაიზარდა, რომელმაც წალეკა ორი პრეზიდენტი, მოიცვა სივრცე მაროკოდან ერაყის ქურთისტანამდე, გააცოცხლა ირანის ოპოზიცია და დღემდე ბობოქრობს ბაჰრეინში, ლიბიაში, იემენსა და სხვა ადგილებში

 

ეს საოცარი რეგიონალური ფენომენი შესაძლო პრეცედენტების ძიებისკენ გიბიძგებს, გახსენდება მაგალითად 1848 წლის უდიდესი რევოლუციური ტალღა ევროპაში მისი „ერების გაზაფხულით“, 1989 წელი და მომდევნო პერიოდში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის გათავისუფლება. ასევე გიჩნდება სურვილი ახსნა მათი კავშირი საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან, რომლებსაც „არაბული გაზაფხულის“ აქტივისტები იყენებდნენ (facebook ან twitter რევოლუცია).

 

თუმცა მსგავსი პარალელები და შედარებითი დეტალები შეზღუდული ხასიათისაა. 1989 წლის მოვლენები აღმოსავლეთ-ევროპაში უნიკალურია იმით, რომ მათ 1917 წლის რევოლუციის „მიღწევები“ უარყვეს და უახლოესი ორი წლის განმავლობაში მსგავსი რევოლუციების მთელი სერია შობეს: სისტემის აფეთქება (ცენტრალიზებული ეკონომიკა), იმპერიის დაცემა (ვარშავის ხელშეკრულება), სახელმწიფოს ნგრევა (საბჭოთა კავშირი) და გლობალური იდეოლოგიის დაცემა (საბჭოთა კომუნიზმი).

 

ახალმა ტექნოლოგიებმა გარკვეულწილად 1848 წლის ბეჭდური პრესის როლი ითამაშა. ისინი აბსოლუტურად ადეკვატურად გამოიყენეს ტუნისსა და ეგვიპტეში, მათ მოვლენების განვითარებაზე ყველგან მოახდინეს გავლენა, მაგრამ ინსტრუმენტებისადმი ზედმეტ ყურადღებას შეიძლება სასიამოვნოდ მცდარი წარმოდგენა მოჰყვეს, თითქოს ახლო -ღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ-აფრიკის მოვლენები – საშუალო კლასის რევოლუციაა, რომლის არსი „ისტორიულ გამონაკლისში“ კორექტივების შეტანა და „მათი“ „ჩვენ“ დარად გადაქცევაა.

 

ფერადი სტანდარტები

არაბული აჯანყების გასაგებად, წარსულ გამოცდილებასთან ნებისმიერი პარალელის გავლება საჭიროა ფრთხილად და მოვლენების სირთულის (და დაუსრულებელი ხასიათის) გათვალისწინებით. მაშინ, როგორც ჩანს, შესაძლებელი გახდება მისი სიღრმისა და შესაძლო პერსპექტივის ანალიზი ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ პრიზმაში, იმ რევოლუციებისა რომელთაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს ევროპისა და შუა აზიის ზოგიერთ რეჟიმს 2000 წლის დასაწყისსა და შუა წლებში.

 

„ფერადი რევოლუციების“ კატეგორიაში მოქცეულმა საპროტესტო ციკლმა ან რეჟიმების ცვლამ (გარდაქმნებისთვის მებრძოლებმა სიმბოლოს სახით აირჩიეს ფერი ან ყვავილი) ქვეყნების მთელი ჯგუფი მოიცვა: სერბეთი (2000), საქართველო (2003), უკრაინა (2004), ყირგიზეთი (2005). ანალოგიური შედეგის მიღწევის სხვა მცდელობები – ბელორუსში, აზერბაიჯანში, ლიბანში (2005 წლის საეჭვო „კედარის რევოლუცია“) და ბირმაში (2007 წლის „ზაფრანის ტალღა“) ზოგჯერ ამ ერთიანი ნაკადის ნაწილად განიხილება.

 

თითოეული ნაციონალური გამოცდილება უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო ნიშნებიც აქვთ. ჯერ ერთი, ფერადი რევოლუციები ნახევრად ავტორიტარულ რეჟიმებში ფალსიფიცირებული არჩევნების საპასუხოდ ჩნდება, როდესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდა ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ მასებამდე იმის მიტანა, რასაც გონივრულ ლოზუნგებთან  შემოქმედებითი არაძალადობრივი ქმედებების შეთავსება ჰქვია. „ოტპორი“ (წინააღმდეგობა) სერბეთში, „კმარა“ საქართველოში და „პორა“ უკრაინაში ამ ქვეყნებში ანტი-ავტორიტარული აჯანყებების ყველაზე თვალშისაცემი ნაწილი იყო. 2004 წელს ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ მობილიზაციის მიზნით ჩამოყალიბებული მოძრაობა Kefaya (კმარა) წინამორბედების პირდაპირი ანალოგია გახდა.

 

მეორეც – მართალია სახალხო მობილიზაცია მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, თუმცა ფერად რევლუციებს ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, რომლებსაც უკვე ეკავათ მაღალი პოლიტიკური თანამდებობები. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს და ორი წლით ადრე, ვიდრე სათავეში ჩაუდგებოდა „ვარდების რევოლუციას“, ქვეყნის მმართველი პარტიის წევრი იყო. ვიქტორ იუშჩენკო „ნარინჯისფერ რევოლუციამდე“ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყო, ყურმანბექ ბაკიევი კი - ყირგიზეთის.

 

ამ თვალსაზრისით, რევოლუციები მოიცავს კონკურენციას ელიტებს შიგნით: რადიკალური ფრთა აცნობიერებს, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, ხოლო სახალხო მობილიზაცია ცენტრალურ მოედნებზე ცვლილებების განხორციელებისთვის აუცილებელია.

 

მესამეც – ფერად რევოლუციებს არაძალადობრივი ხასიათი გამოარჩევდა, განსხვავებით რუსეთის და საფრანგეთის „კლასიკური“ რევოლუციებისგან. ამით  ოპოზიცია იდეალურობის შარავანდედს იძენს იმ კორუმპირებული პოლიტიკური რეჟიმების ფონზე, რომლებიც ხელისუფლებაში დარჩენას არჩევნების ფალსიფიკაციისა და ძალის გამოყენების გზით ცდილობდნენ. ეს ასევე დაკავშირებულია „რევოლუციონერების“ სურვილთან, განახორციელონ პოლიტიკური რეფორმები, რომელთა ნაწილიც მათმა წინამორბედებმა გამოაცხადეს, მაგრამ ვერ შესძლეს განხორციელება: დემოკრატიზაცია, საბაზრო რეფორმები, ასევე უფრო სერიოზული ინტეგრაცია დასავლეთთან.

 

მეოთხეც – ფერადმა რევოლუციებმა აჩვენა, რომ რეპრესიულ სახელმწიფოს არა აქვს მასობრივი სახალხო აჯანყებების შეკავების უნარი. როდესაც ქუჩებში ათობით-ათასი ადამიანი გამოდის და როდესაც სახელმწიფოს უშიშროების ძალებში უკმაყოფილების განცდა აჭარბებს ლოიალურობას (მაგალითად, თუკი ჯარების გამოყენების დროს რიგითები ცეცხლის გახსნაზე უარს ამბობენ) ძალთა ბალანსი დემონსტრანტების სასარგებლოდ სწრაფად იცვლება. ასე მოხდა 2000 წელს სერბეთში, როდესაც სერბეთის სპეცდანიშნულების პოლიციურმა დანაყოფებმა, სახელწოდებით „წითელი ბერეტები“, უარი თქვეს ბელგრადში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაზე და სლობოდან მილოშევიჩი დაცვის გარეშე დარჩა.

 

თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენება ასევე შეიძლება სისუსტის ნიშნად და მისი დამხობის პრელუდიად იქცეს. 2010 წლის აპრილში ყირგიზეთში ყურმანბექ ბაკიევმა, რომელიც თავად ხელისუფლებაში 2005 წლის სახალხო აჯანყების ტალღაზე მოვიდა, პოლიციას ბიშკეკში მიმდინარე ათი ათასიანი დემონსტრაციის  წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა უბრძანა. 86 ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაიჭრა, მაგრამ ამან ხალხი კიდევ უფრო განარისხა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს და ბაკიევი მეორე დღეს გაიქცა.

 

სხვაობები

ამ მოვლენების კვალი ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციებში აშკარად შეიმჩნევა, მათ შორისაა რეპრესიის უუნარობა, შეაჩეროს საპროტესტო ტალღა, საკუთარ სასახლეში იზოლირებული დიდი ხნის დიქტატორებისადმი არმიის ერთგულების ცვლა ახალგაზრდა დემონსტრანტებისადმი სიმპათიაზე, უარი ხელკეტების გამოყენებასა და ქუჩაში დაპატიმრებებზე.

 

მაგრამ სხვაობები ფერად რევოლუციებსა და არაბულ აჯანყებას შორის ყურადსაღებია. ჯერ ერთი, არ ღირს ახალგაზრდა განათლებული ადამიანების როლის ზედმეტად შეფასება: ბოლოდროინდელი აჯანყებების მამოძრავებელი ძალა – ახალგაზრდების რისხვა უიმედო სოციალური პირობების და სამუშაოზე მოწყობის შესაძლებლობის წინააღმდეგ – საეჭვოა ერთი და იგივე რამ იყოს, მეორეც - ძველი არაბული ოპოზიციური ელიტა მრავალწლიანი დევნის შემდეგ მარგინალიზდება, სცენიდან მიდის და სახალხო აფეთქებას მოუმზადებლები ხვდება. მესამეც - პროტესტის მოტივები განსხვავებულია.

 

საქართველოსა და უკრაინაში ხალხი საბჭოთა ეპოქის გადმონაშთებს ებრძოდა. დაბერებულ მმართველებს პოლიტიკური სისტემის რეფორმირებისა და ეკონომიკის მოდერნიზების უნარი არ აქვთ. იუგოსლავიაში ახალგაზრდებს მეტი თავისუფლება გააჩნდათ, ვიდრე საბჭოთა კომუნიზმის ქვეყნებში. 2000 წლისთვის, ტიტოს გარდაცვალებიდან ორი ათწლეულის და ქვეყნის დანგრევიდან ათი წლის შემდეგ, სერბეთის მომდევნო ახალგაზრდა თაობამ დაინახა ის, თუ როგორ მიიწევდნენ წინ პოლონეთი და უნგრეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

 

მათი ქართველი და უკრაინელი კოლეგები ანალოგიურად უყურებდნენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას, მათთან კი ძლივს დაიწყო დასავლური ტიპის დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაზე „გადასვლა“. მშვიდობიანი რევოლუცია გახდა შესაძლებლობა გამიჯვნისა უფროს თაობასთან, რომელმაც მოდერნიზაციისა და ვესტერნიზაციის საქმეში მარცხი განიცადა.

 

მათგან განსხვავებით არაბული სამყაროს მამოძრავებელი ძალა ცვლილებების მხრივ  უპერსპექტივობის განცდა და გამოუვალი სიტუაცია გახდა. ამ გამოუვალი მდგომარეობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია harraga ალჟირსა და ტუნისში (პოტენციური მიგრანტების ოცნება ევროპის ნაპირებისთვის ნავებით მიეღწიათ), თუმცა ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის დამხობამ, როგორც ჩანს ვერ მოუღო ბოლო ტუნისიდან სასოწარკვეთილი ახალგაზრდების გადინებას.

 

მეოთხეც - თვალშისაცემია საერთაშორისო ასპექტის არარსებობა. დასავლეთის წარმატებებით შთაგონებული ფერადი რევოლუციების მონაწილეები დანგრეულ საბჭოთა იმპერიას აუჯანყდნენ და სურდათ „ახალ მსოფლიო წესრიგთან“ მიერთება. დასავლეთი მათ ახალისებდა, მხარს უჭერდა და აფინანსებდა კიდეც აჯანყებას სერბეთში, ნაკლები დოზით – საქართველოსა და უკრაინაში.

 

არაბულ აჯანყებებში დასავლეთი არ არის. ნაწილობრივ ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ დასავლური სახელმწიფოები არაბულ რეჟიმებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობენ, თუმცა ეს რეგიონში პოსტ-კოლონიალისტური პოლიტიკის მხოლოდ ერთი შემადგენელია, რომელიც მთლიანად მოიცავს დასავლეთის ეკონომიკურ სისტემებზე დამოკიდებულ ნავთობის ეკონომიკას, მნიშვნელოვან ფინანსურ კორუფციას, ასევე - პოლიტიკას პალესტინის მიმართ, რომელსაც არც ერთი დემოკრატიული არაბული სისტემა მხარს არ დაუჭერს. ამ თვალსაზრისით, დასავლური სახელმწიფოებისთვის გონივრული იქნებოდა ახალი მიდგომის შემუშავება, რომელიც არაბულ დემოკრატიასთან პრინციპულ სოლიდარობაზე იქნება დაფუძნებული.

 

გაკვეთილები

ფერადი რევოლუციების შედეგები კარგი გაკვეთილია არაბული აჯანყებებისთვის, რომელთა წინაშეც გაცილებით ღრმა სოციალურ-პოლიტიკური პრობლემებია, ვიდრე ის, რასაც მაგალითად სერბეთი და უკრაინა აწყდება.

 

ჯერ ერთი, ძველი დიქტატორის დამხობა არ ნიშნავს სისტემის ცვლილებას. არსებობს ორი მოდელი. უკრაინაში პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განსაკუთრებულ ცვლილებებს ვერ მიაღწია, თუ არ ჩავთვლით თავისუფალი არჩევნების შენარჩუნებას. შედეგად, 2010 წლის თებერვალში ხელისუფლებაში მისი მეტოქე ვიქტორ იანუკოვიჩი დაბრუნდა და სამოქალაქო უფლებების შელახვაც დაიწყო. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ცენტრალიზებული სახელმწიფო, მმართველი პარტია პარლამენტს სრულად აკონტროლებს, ხოლო მასობრივი ინფრომაციის საშუალებები იმაზე ნაკლებად თავისუფლია, ვიდრე გარდაქმნებამდე იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ”ვარდების რევოლუციის” საბოლოო შედეგი ძალიან ჰგავს არაბული აჯანყებების საწყისს პოზიციებს.

 

მეორეც – ქმედებათა შემდგომი შეცვლის ან მათი სტიმულირებისთვის მამოძრავებელ ძალად შეიძლება იქცეს ის, რომ ტუნისსა და ეგვიპტეში (და სხვა ქვეყნებში) ცვლილების მხარდამჭერ ძალებს წინ დიდი გზა აქვთ გასავლელი იმისთვის, რომ ბუნტი რევოლუციად აქციონ. ახალგაზრდული მოძრაობები, „კმარა“ და „პორა“ საბოლოო ჯამში ახალ პოლიტიკურ ძალად ვერ ჩამოყალიბდნენ – „კმარა“ საქართველოში ახალ მმართველ პარტიად გადაიქცა, ხოლო „პორა“ რომელიც თავიდან იუშჩენკოს პარტიასთან იყო დაკავაშირებული, უშედეგოდ ცდილობდა 2006 წლის საპარლამენტო არჩევნების გაპროტესტებას.

 

არაბული აჯანყებების სოციალური შემადგენელი მას გაცილებით რადიკალურს ხდის, ვიდრე ფერადი რევოლუციები იყო, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება უამრავი გაურკვევლობა და ზოგიერთი მათგანი ხელმძღვანელობის არ არსებობას უკავშირდება. როგორ იმოქმედებს არაბი ახალგაზრდობა – განაგრძობს დიქტატორების დამხობას და ამავდროულად ვაკუუმის შევსების შესაძლებლობას სხვებს მისცემს, თუ წავა ახალი ინსტიტუტების და ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის გზით? ნებისმიერი ისტორიული პარალელის გავლება მხოლოდ ამ ზღვრამდე შეიძლება. მომავალი განსაზღვრული არ არის, ის ქაიროს, ტუნისის, ბენგაზის და სანას ქუჩებში იქმნება.