რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის მოწვევა

რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის მოწვევა

საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო დამკვირვებლები ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდებიან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართ კითხვის ნიშნები არ დარჩეს. ეს ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მსგავსი მისიის მოწვევა დამკვიდრებულ პრაქტიკას არ წარმოადგენს.

ხელისუფლების განცხადებით, საერთაშორისო მონიტორებს სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ყველა პირობა შეექმნებათ. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, როგორც შიდა, ისე გარე აქტორების მხრიდან. საპარლამენტო ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის თქმით, ეს არის პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც ოპოზიციის მიერ, წინა არჩევნების შემდეგ დაისვა. მაჭავარიანი იხსენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როდესაც ეუთო/ოდირის დადებითი შეფასების მიუხედავად, ორგანიზაცია თავდასხმის ობიექტი გახდა.

თქვენ გახსოვთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში წინა არჩევნებზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული. მას მერე, ჩვენ მოგვიწია ეუთო/ოდირის რეპუტაციის დაცვა, სწორედ ამიტომ არ ვიწვევდით, რომ არავინ ანგარიში არ გაუწია მის დასკვნას. თუმცა, მაინც რომ გამოვრიცხოთ და დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი, ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა“, - აცხადებს მაჭავარიანი.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია ხაზს უსვამს ამ ნაბიჯის პოზიტიურ როლს:

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, ეს მნიშვნელოვნად პოზიტიურ როლს ითამაშებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისა და მისი ლეგიტიმაციის პროცესში“, -აცხადებს გაბუნია.

ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება საერთაშორისო მისიის მოწვევის მიმართ არაერთგვაროვანია. ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, მიესალმებიან საერთაშორისო მონიტორების ჩამოსვლას, თუმცა აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რადგან მათი აზრით, უფრო ადრე უნდა მოეწვიათ. პარტიალელოსპოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის თქმით, „ეუთო/ოდირის მოკლევადიანი მისია თუ ჩამოვა, ეს მისასალმებელი იქნება“.

განსხვავებული პოზიცია აქვთნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებს, არადა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა ხელისუფლების მხრიდანფსევდოილუზიისშექმნის მცდელობაა, რადგან მისი აზრით, ოპოზიციის არმონაწილეობის გამო, საარჩევნო უბნებზე დესტრუქციული ქმედებები არ იქნება.

მთავრობის ოფიციალურ მიმართვას ეუთო/ოდირი ჯერ არ გამოხმაურებია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ზეწოლის მიუხედავად, ორგანიზაცია საქართველოში მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. ავტორიტეტული ინსტიტუციის შეფასება კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ რეაგირებს მასზე ოპოზიციის გარკვეული ნაწილი.                                                        

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აღნიშნავს, რომ პროცესის განვითარების ალბათობა 50/50-ზეა, თუმცა ორივე შემთხვევაში, სადამკვირვებლო მისია ჩამოვა თუ არა,   საქართველოს დემოკრატიისთვის ეს პოზიტიური მესიჯი იქნება.

პრემიერის გადაწყვეტილება გახმოვანდა მას შემდეგ, რაც პარტიების რეგისტრაცია დასრულდა და კამპანიები დაიწყო. შესაბამისად, გაკეთდა ის არატრადიციული მიწვევა, რომელიც ასევე, ეუთო/ოდირისთვის არის არატრადიციული, რაც ნიშნავს ადგილობრივი არჩევნებზე დაკვირვებას ნებისმიერ ქვეყანაში“, - განაცხადა გია აბაშიძემ.                                               

მისივე თქმით, საქართველო ამით აჩვენებს, რომ ღიაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობისთვის. „თუ ჩამოვლენ, ეს იქნება დამატებითი გარანტია, რომ ჩვენი პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს. თუ არ ჩამოვლენ, ესე იგი, არ დაინახეს ისეთი რისკები, რომლებიც საგანგებო ჩარევას საჭიროებს. ორივე შემთხვევაში, ქართული დემოკრატიისთვის ეს იქნება პოზიტიური მესიჯი. ხელისუფლებას აქვს სიმტკიცე და თავდაჯერებულობა, რომ საერთაშორისო პარტნიორების თვალწინ წარმოჩინდეს, როგორც სახელმწიფო, რომელსაც არ ეშინია კრიტიკის და მზად არის თანამშრომლობისთვის“, - ამბობს აბაშიძე.                                                                      

მისი თქმით, ეუთო/ოდირის პრიორიტეტებში შედის მხოლოდ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი, ამიტომაც ადგილობრივ არჩევნებზე მისიის გამოგზავნა ნაკლებად სტანდარტული პრაქტიკაა.                  

ჩამოვლენ თუ არა მათი წარმომადგენლები, მცირე თუ დიდი დელეგაციებით, ეს მათზეა დამოკიდებული, თუმცა გონივრული ვადა ნამდვილად აქვთ. შეუძლიათ, მცირე ნაწილი მაინც გამოაგზავნონ, რომლებიც შეხვდებიან პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს“, - განმარტა აბაშიძემ.

ანალიტიკოსის შესაფასებია, ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დაკვირვების და შემოწმების არ ეშინია. აბაშიძის თქმით, ოპოზიცია ეცდება მისიასთან საკუთარი არგუმენტების წარდგენას, თუმცა საბოლოო დასკვნა მხოლოდ ერთ მხარეს არ დაეყრდნობა.                                                                                                          

ოპოზიცია, რა თქმა უნდა, გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ თავისი პრეტენზიები დააფიქსიროს. ეს ბუნებრივია, მაგრამ დამკვირვებლები ყოველთვის აფასებენ მთლიან სურათს და არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებს. ამიტომაც, მათი დასკვნები ბევრად უფრო დაბალანსებული და ობიექტური იქნება“, - აცხადებს ანალიტიკოსი.