ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული ღია მოწოდებები პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების საგანია. ქუჩაში ხალხი, საარჩევნო უბნების ბლოკირება და ხელისუფლების დამხობა - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა, რომლის განხორციელებასაც 4 ოქტომბერს აპირებენ.
ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნებიდან" გაგდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა. სააკაშვილის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ერთ-ერთ მედიასთან ისიც თქვა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გეგმას მმართველი გუნდის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ამუშავებს. "ქართული ოცნებიდან" წასულ პირებთან თანამშრომლობა აღიარა სოფო ჯაფარიძემაც.
მმართველ გუნდში ოპონენტებს აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
სახელისუფლებო პარტიაში ასევე, ამბობენ, რომ მათი გუნდის ყოფილი წევრების ნაწილი, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს გეგმავს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
"ვინ უნდა დაამხოს ბატონმა "ანიტამ", თვითონ დამხობია თავისივე პარტიაში და გარიყული - თავისი კოლექტიური "ნაცმოძრაობისგან". ერთი ჩვეულებრივი გაშიფრული აგენტია, მაგრამ მის განცხადებებში ერთი რამ გამოსჭვივის - 4 ოქტომბრის არჩევნები ყელში ადგას აგენტურის წარმომადგენლებს. არავის ექნება შესაძლებლობა, რომ რაიმე ძალადობრივი პროტესტი იქნება თუ ზოგადად ძალადობის გამოყენებით, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალოს“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.