„თუ ეს ომი გაჩერდა, ამერიკის შემდეგი სამიზნე ჩინეთი იქნება“

„თუ ეს ომი გაჩერდა, ამერიკის შემდეგი სამიზნე ჩინეთი იქნება“

ვლადიმერ პუტინი მზადაა, შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ ნებისმიერ ადგილას. ამ ინფორმაცის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ავრცელებს, რომლის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტს პირადად ესაუბრა. ფიცოს განცხადებით, ორივე მხარე ხვდება, რომ აუცილებელია შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ისინი მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ, ომი გაგრძელდება.

მხარეები ერთმანეთთან შესახვედრად მზად არ არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ომი გაგრძელდება. ამ დრომდე, ომის დასრულების შესაძლო ვადების პროგნოზირება რთულია, მათ შორის ისიც, როგორ და რა პირობით დასრულდება ომი. რუსეთ-უკრაინის ომის სამწლიან ისტორიაში პირველად, რუსეთმა სამთავრობო ობიექტებს შეუტია. ნაწილობრივ დაიწვა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობა. რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. პოლონეთში, უკრაინის საზღვრიდან 32 კილომეტრში, დრონი ჩამოვარდა. შესაბამისად, პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ცაში მოიერიშე თვითმფრინავები ააფრინა და საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში პოლონური და მოკავშირეების საბრძოლო თვითმფრინავები მოქმედებდნენ.

პარალელურად, რთული ვითარებაა ფრონტის ხაზზე. უკრაინის პრეზიდენტი კი ითხოვს, რომ სანქციების მეშვეობით, რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს, რადგან მისი თქმით, რუსეთი ომის გაჭიანურებას აგრძელებს და ცდილობს, დიპლომატია ფარსად აქციოს. რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე და ვის ინტერესში შედის ომის გაგრძელება? ამ საკითხებთან დაკავშირებით, for.ge პოლიტიკის დოქტორს, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას ესაუბრა.

 - როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ თუ არა ომის დასრულებას უახლოეს მომავალში?

ირაკლი გოგავა: - ამ კონფლიქტში არის ძალიან ბევრი ცვლადი ვითარება, შესაბამისად, როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, ამაზე პასუხი არ იცის არავინ - არც ტრამპმა და არც პუტინმა. ძალიან ბევრი ცვლადი პროცესია და ძალიან ბევრი მონაწილე ჰყავს. შემიძლია, ჩამოვთვალო მონაწილეები, რომლებსაც სურთ, რომ ეს ომი გაგრძელდეს და აქტორები, რომლებსაც არ სურთ ომის დასრულება.

ჩემი აზრით, პირველი, ვინც არის დაინტერესებული, რომ ეს ომი გაჩერდეს, უკრაინელი ხალხია, მაგრამ მათ ხმის ამოღების უფლება არ აქვთ იმიტომ, რომ დღეს უკრაინა სამხედრო ბანაკია. ასევე, ომის დამთავრებით დაინტერესებულია რუსი ხალხი, რომლებსაც დისკომფორტი აქვთ, არ უნდათ ომი, მაგრამ თავისი სახელმწიფოს პოზიციას, რა თქმა უნდა, მხარს უჭერენ.

კომბრადორული საზოგადოება გაიზარდა ჩვენს ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში და პირად დისკომფორტად აღიქვამს დიდი ქალაქების საშუალო ფენა ომს, რადგან ცხოვრების ჩვეული წესი დაკარგეს. მესამე აქტორი, ვისაც სურს ომის დამთავრება, ტრამპის გუნდია. ჩემი აზრით, ტრამპის გუნდს ნამდვილად სურს ამ ომის შეჩერება.

- მაგრამ ვერ ასრულებს ომს, რომელიც მემკვიდრეობით ერგო ბაიდენისგან...

- ეს არის გლობალისტების ომი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ტრამპმა და ეს გლობალისტები კიდევ მას ებრძვიან. ასევე, ებრძვიან ყველა იმ ძალას, რომელიც ტრამპის უკან დგას. ჩემი აზრით, ეროპაში რამდენიმე სახელმწიფოს სურს ომის შეჩერება და ესენი არიან სამხრეთის სახელმწიფოები: უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრო-უნგრეთის ბირთვი, ავსტრია, ბულგარეთი, იტალია, ესპანეთი, ანუ სამხრეთის ლიგა.

- რაც შეეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც არ სურთ ომის შეჩერება, ამის მიზეზი რა არის? ომის მიზანი ხომ რუსეთის ჩამოშლა იყო, რასაც ვერ მიაღწიეს. ამ ომის ფონზე, გაძლიერდა რუსეთი და რატომ არ სურთ ომის შეჩერება?

- პირველი და ყველაზე დაინტერესებული ომის გაგრძელებასა და რუსეთის კიდევ უფრო დასუსტებაში არის ნორტიკული დიდი ბრიტანეთის ლიგა - სკანდინავიური ქვეყნები, დანია, გერმანიის დღევანდელი ელიტა, საფრანგეთი. ჩემი აზრით, ომის გაგრძელება აწყობს, თუმცა ამისთვის იღწვისო, ვერ ვიტყვი და ეს არის ჩინეთი. იმიტომ, რომ ჩინეთს კარგად ესმის, თუ ეს ომი გაჩერდა, ამერიკის შემდეგი სამიზნე ჩინეთი იქნება. ასევე, თურქეთი არ არის დაინტერესებული ომის სწრაფი შეჩერებით იმიტომ, რომ ამაზე ფულს აკეთებენ. ამერიკის სამხედროები და სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მილიარდებს აკეთებენ. ბიზნესია და მათაც არ სურთ ამ ომის დასრულდება.

საბანკო სექტორი, ფედერალური სარეზერვო სისტემა, ანუ გლობალისტების მთავარი ორგანო - მათაც არ სურთ ომის შეჩერება იმიტომ, რომ ევროპას კრედიტებს აძლევენ. ახლახან, 150 მილიარდი მისცეს, მათთვის ეს დამატებითი შემოსავალია. 5 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის სამრეწველო ქარხნები აშენდა, ბოლო ორი წლის განმვალობაში, ევროპაში, ანუ მილიტარიზაცია იწყება. ეს ამერიკისთვის, ერთგვარად, კარგიც არის იმიტომ, რომ კონკურენტს იშორებს. რაც უფრო მეტს დახარჯავს ევროპა სამხედრო საქმეზე, ნაკლებ ინვესტიციას ჩადებს ბიზნესში, ამერიკისთვის მით უფრო კარგია. კონკურენტები არიან და ამიტომაც დაადო ტარიფები ტრამპმა.

- რაც ჩამოვთვალეთ, ძალიან ცოტა აქტორი და სუბიექტია, ვისაც აწყობს ომის გაჩერება, მეტია, ვისაც სურს ომის გაგრძელება, რაც ნიშნავს, რომ ომი გაგრძელდება?

- არის კიდევ რუსეთის დღევანდელი ელიტა, რომელიც რაზეც შეიძლება დაითანხმონ, ეს არის მდინარე დნეპრის გასწვრივ პოზიციების დაკავება. დანარჩენი ყველაფერი, რუსეთის პატრიოტული ნაწილისთვის მიუღებელი იქნება და კრემლს ჩაუთვლიან წარუმატებლობად. ამ სამი წლის განმავლობაში, ომის ტემპი ნელია და ისინი არ არიან კმაყოფილნი, რადგან იძახიან, რომ კიევი რუსული ქალაქია, მთელი უკრაინა უნდა ავიღოთ - ასეთი მოწოდებებიც არის.

ჯერჯერობით, ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია თავის საწადელს. დიდი ბრიტანეთის ინტერესია რუსეთის ჩამოშლა, მაგრამ რუსეთმა გაუძლო ამას. ეკონომიკურად და პოლიტიკურად მომზადებულები არიან. კონსოლიდაცია არის რუსულ საზოგადოებაში, მაგრამ ომი რომ გაჩერდეს, ევროპისთვის იქნება დამღუპველი. შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ალბათ, მაინც ამერიკის პოზიციას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმიტომ, რომ აშშ-ს ნათლად ესმის, რაც უფრო დრო გადის, ჩინეთი უფრო და უფრო რთული დასამარცხებელი და შესაკავებელი იქნება. ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ექვს თვეში უნდა დასრულდეს ომი, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დონბასის დანარჩენ ტერიტორიას დაიპყროს და შემდეგ, კიდევ ერთხელ იქნება სერიოზული მსჯელობა. ტრამპი სთხოვს პუტინს, რომ ზელენსკის პირადად შეხვდეს.

- რატომ არის დღეს ეს შეხვედრა საჭირო, როცა ომის დასრულებისთვის არც ერთი მხარე არ არის მზად?

- ეს შეხვედრა, ალბათ, საჭიროა იმისათვის, რომ ზელენსკიმ პირადი უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. ეს საფრთხე არსებობს, მას უკრაინული პატრიოტული ძალები საფრთხეს შეუქმნიან, თუ ხელი მოაწერა იმას, რაც მათ არ მოეწონათ. სხვათა შორის, ბრიტანულ „ტაიმში“, ინტერვიუში, „პრავი სექტორის“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ზელენსკი ხელს მოაწერს ტერიტორიების გასხვისებას, ის პოლიტიკურად და ფიზიკურად იქნება ლიკვიდირებული. ფაქტობრივად, ბრიტანელებმა გააფრთხილეს ზელენსკი. ცუგ-ცვანგშია ყველა, მაგრამ ამერიკისთვის ჩინური განზომილების წამ-ზომი ჩართულია და ეგზისტენციალური საფრთხეა,

რუსეთი საფრთხე არ არის ამერიკისთვის. თუმცა, ურჩევნია, რომ რუსეთი გააკონტროლოს და მისი სიმდიდრეები კონტროლქვეშ აიყვანოს, როგორც 90-იანი წლებში, ელცინის დროს იყო, მაგრამ ვერ ხერხდება. ეს ევროპელი ლიდერები და ქვეყნები სვავებივით იყვნენ ჩასაფრებულები, რომ რუსეთი თუ წაიბორწიკებდა, ყველას თავისი წილი უნდა მიეღო, მაგრამ გაუძლო ამ რუსეთმა, ტრამპიც ამას ხედავს და აღიარებს. ამიტომაც, სხვათა შორის, არასწორი ანალიტიკური დასკვნების გამო, პენტაგონის სამხედრო დაზვერვის უფროსი გაანთავისუფლა.